გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის" #4

"გენიალური წიგნები მოკლედ ზარმაცებისთვის" მინი-პროექტია, რომლის  სტუმრები იმ ემოციებს და იდეებს გვიზიარებენ, რომელიც ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას გაუჩნდათ.ავტორებისა და ნაწარმოებების  რიგითობა, რა თქმა უნდა, პირობითია.

რუბრიკის მასპინძელი გიორგი ჭეიშვილია, მეოთხე ავტორი - გიორგი კეკელიძე.

#1 ამირანიანი

ვფიქრობ, „ამირანიანი“ მშვენიერია მაგალითია იმისა, თუ როგორ უწესებდნენ ადამიანები საზღვრებს საკუთარ თავს. ბუნებრივია, ამ საზღვრების გადაკვეთის უფლება არც პერსონაჟებს ჰქონდათ - ამ ზღვრის გადალახვა ხომ ღმერთთან შერკინების სურვილია...

ადამიანებს, პერსონაჟის დონეზეც კი, არ აწყობდათ არსება, რომელიც საკუთარ ჰუბრისში, ქართულად რომ ვთქვათ - გაბუდაყებაში, გაჯიუტებული და ბედნიერი იქნებოდა.მისთვის აუცილებელი ატრიბუტები უნდა ყოფილიყო - ჯაჭვები და პალო, რითაც, საბოლოოდ, ჩვეულებრივ ადამიანებზე უბედური იქნებოდა.

ადამიანები ვერ იტანენ და არ სურთ განსხვავებულები საკუთარ წრეში, მიუხედავად იმისა, რომ  საწყის ეტაპზე, ასეთი ადამიანები ყოველთვის ყველას სიმპატიას იწვევენ.

#2 ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“

ვაჟა-ფშაველას - „ალუდა ქეთელაურში“ შემოდის პერსონაჟი, რომელსაც კონფლიქტი აქვს არა იმდენად ცალკეულ ადამიანებთან, რამდენადაც სისტემასთან და საკუთარ თავთან. ეს ალბათ ალუდას უმთვრესი მოცემულობაა.

ალუდა იმ ტიპის ინტუიციას ეყრდნობა, რომელიც დღესაც კი, ჩვენთვის გაუაზრებელია და დროითი თვალსაზრისით ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ეს ბიბლიური ,,გიყვარდეს მტერი შენის’’ უმაღლესი გაგებაა

ალუდა ქეთელაური ბედნიერი არ არის. მან ერთი მხრივ იცის, რომ მყარ ტრადიციას არღვევს, ის ცნობს ამ ტრადიციის ძალას, მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლების აჯანყება საკუთარ თავში სხვა მხარეს მიაქანებს.

ამ ტიპის „ამოვარდნები“ ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია.

#3 შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“

ასეთი საინტერესო ამოვარდნაა ავთანდილის წასვლა. რეალურად, თანამედროვე მკითხველისთვის, დღეს გაუგებარია, რომვთქვათ, რომელიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ადგეს და რაღაცის საძებრად 3 წლით გადაიკარგოს.

სინამდვილეში, ეს გადაკარგვა უცხოს შეცნობის სურვილია, რომელიც, ბუნებრივია, რადიკალიზმს და ყოველდღიურობიდან ამოვარდნას მოითხოვს. ამისკენ ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ვერცერთ მოქალაქეს, რადგან ლიტერატურა არ არის სამოქალაქო კოდექსი; შესაბამისად, ლიტერატურა იწერება ადამიანებზე, რომლებიც ცდებიან და ცოტათი განზე დგანან კლასიკური ადამიანებისგან. ისინი არ არიან მისაბაძი პერსონაჟები და ვერც ავთანდილი იქნება მისაბაძი - არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი სამი წლის განმავლობაში დაუდასტურებელი მოვლენის საძებრად იყოს წასული.

თუმცა...

თუკი ადამიანმა ვერ შეიცნო უცხო და გაუგებარი, იქ დარჩება, სადაც იყო და არის.

#4 ჰომეროსი - „ოდისეა“

თუ ძებნასა და მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ოდისევსი და „ოდისეა“, როგორც ადამიანების უკან დაბრუნების სურვილთან დაკავშირებული კლასიკური ტექსტი.

ნაწარმოებიგულისხმობს ერთ განმსაზღვრელ მითოლოგემას კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ და აქვთ წინასწარ განზრახული სურვილი - დაბრუნდნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გზად არაერთხელ შეიძლება შესთავაზონ უკვდავება.

ეს ძალიან უცნაური ამბავია. ყოველდღიური განცდის დონეზე ადამიანებისთვის უკვდავება შესაძლოა უმთავრესი საჩუქარი იყოს, თუმცა როცა საქმე სერიოზულადაა, აღმოჩნდება, რომ იმ ადგილას დაბრუნება, სადაც შენ საკუთარ თავს გაეცანი, უკვდავებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

 

#5 „მიწა თავისას მოითხოვს“

თემატურად ეს ზღაპარი ძალიან ახლოსაა „ოდისეასთან“ და შეიძლება ითქვას, მეტად რადიკალურიც კია. ძალიან მიყვარს ეს ტექსტი, იმიტომ, რომ ფილოსოფიური თვალსაზრისით ნამდვილად არ ჩამორჩება „ოდისეას“ ამ შემადგენელს.

ტექსტის გმირი შეგნებულად მიდის უკვდავების საძებრად და მიაგნებს მას - ერთ ვარიანტში უკვდავების ვაშლს, მეორეში კი - წყაროს. შეჭამს ან დალევს და გახდება უკვდავი, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით, რომელიც თავიდანვე დათქმულია - არასდროს უნდა დაბრუნდეს უკან. გადის ათასობით წელი და ოდისევსისგან განსხვავებით, მან ზუსტად იცის, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, ის გარემო, სადაც დაბრუნდება არაფრით ემსგავსება ადგილს, სადაც გაიზარდა.

აი, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენი გმირი მაინც ბრუნდება...

ეს ძალიან უცნაურია, ესეც ადამიანობიდან ამოვარდნის ამბავია, შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ პერსონაჟს, რომელიცსაკუთარ თავთან დაბრუნების სურვილით, უარს ამბობს უკვდავებაზე.

#6 მარკ ტვენი - „ჰეკლბერი ფინი“

ამ გმირებისგან განსხვავებით, ჰეკლბერი ფინი მიდის და მისთვის სულერთია, დაბრუნდება თუ არა უკან.

„მობი დიკთან“ ერთად, ეს ნაწარმოები ახალი ტიპის „ოდისეა“, შესაბამისად, ამერიკული ლიტერატურის დასაწყისი და შესაძლოა, თანამედროვე გაგებით, ამერიკელი ადამიანის გაჩენის დასაწყისიცაა.

ამავდროულად, ამ ყველაფერს ეხმიანება სხვა დროს დაწერილი მოთხრობა - ედუარდ ჰეილის - „უსამშობლო კაცი“. ამ მოთხრობაში გვხვდება მოცემულობა, რომ სამშობლოს მიღმა თავს არ გრძნობ რაღაცით ნაკლებად, ვიდრე სამშობლოში. მეტიც, შენი თითოეული ნაბიჯი ახალ სამშობლოში შესვლას გულისხმობს.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, „ჰეკლბერი ფინი“ საეტაპო მნიშვნელობის ტექსტია.

 

#7 „ეთერიანი“

მე ძალიან მომწონს „ეთერიანის“ ერთი ვერსია, რომელიც ასევე ადამიანობიდან ამოვარდნას გულისხმობს. ვერსია, სადაც მურმანს ცოლად მოჰყავს მკბენარებგაუშორებელი ეთერი. ძალიან ემოციური და ერთი შეხედვით არარაციონალურ განცდებზე დაფუძნებული ამბავია,თუმცა განცდებზე საუბრისას შეიძლება სიტყვა რაციონალური არ იყოს ცოლი, მითუმეტეს ამგვარ პერსონაჟს, სილამაზის გამო მოჰყავდა. თუმცა ამ შემთხვევაში სილამაზედაკარგული ეთერის შერთვა შეიძლება ძალიან ბევრ წიაღსვლას გვკარნახობდეს.

ზოგადად, ამ ტექსტში ბევრი ამოვარდნაა, მათ შორის ისეთი კლასიკური და დღეს უკვე ტრივიალური, როგორც ხელმწიფის მიერ გლეხის ქალის შეყვარება. დღეს ეს უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, მაგრამ, თავის დროზე, ესეც გაუგონარი ამბავი იყო.

მაგრამ, ფაქტი, რომ კონკურენციის გამო, ფეტვშეყრილი და მკბენარებდასეული ქალი ცოლად მოიყვანო, ბუნებრივია, რაღაც სხვას გულისხმობს... ეს ლიტერატურის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოზირია.

#8 სერვანტესი - „დონ კიხოტი“

„დონ კიხოტი“ - ალბათ ყველაზე უფრო დიდი რომანი ადამიანზე, რომელიც შეიძლება დასცინოდეს საკუთარ წარსულს, მაგრამ, მისი სრული ტყვე იყოს, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი.

აქ ვხვდებით პერსონაჟს, რომელიც ცდილობს გასცდეს ადამიანობას, როგორც მამარდაშვილი ამბობს, საკუთარი თავი ამ ადამიანობის კიდესთან მაინც დააყენოს.

#9 ო’ჰენრი - „ჰიმნი და პოლიციელი“

ახალ თარგმანში ამ მოთხრობას მგონი „პოლიციელი და საგალობელი“ ჰქვია. ეს მოთხრობა არის ერთგვარი მანიფესტი მოსაზრებისა,რომ ადამიანი ვერასდროს გახდება ბედნიერი.

ო’ჰენრისთან ვხვდებით ადამიანს, რომელიც ცდილობს მოხვდეს ციხეში და ამას ვერაფრით ახერხებს, ხოლო როდესაც გადაწყვეტს, რომ მან გამოსავალს მიაგნო და ციხეში მოხვედრაც გადაიფიქრა - დაიჭერენ.

ეს მოთხრობა იმაზეა, რომ ბედნიერება სულ ახლოს, ხელის გაწვდენაზეა, უბრალოდ, ჩვენ ხელი ყოველთვის სხვა მისამართით გვაქვს გაწვდილი.

 

#10 ტექსტი, რომელიც არ ყოფილა ჩაფიქრებული მხატვრულ ლიტერატურად...

ეს ტექსტი ჩემთვის ძალიან დიდ ემოციურ მუხტს უკავშირდება; ვარძიის კომპლექსის ერთ-ერთ კედელზე ამოტვიფრულია ფრაზა - „თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის, რა ლამაზი იყავი ბიჭო!“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა