
უნდა გავიდე! | გიორგი გორგაძის საქმე
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ გიორგი გორგაძეს 21 წელი ციხეში შეუსრულდა. ის ერთ-ერთია იმ რვა პირს შორის, რომელთაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება და რომელთა წინააღმდეგაც სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეს განიხილავს. მის საქმეში 25-წამიანი დამონტაჟებული ვიდეოა. კადრებში ჩანს გიორგი, რომელსაც ნაცრისფერი შარვალი და შავი ზედა აცვია, სახე ნიღბით აქვს დაფარული და რაღაცას ისვრის. კადრი ერთ ადგილზე შენელებულია, მაგრამ მაინც შეუძლებელია გარკვევა, თუ რა ნივთს ისვრის, ან ვის ესვრის, დაზიანდა თუ არა ვინმე. ერთ მომენტში გიორგი ნიღაბს იხსნის და, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მოხერხდა მისი ამოცნობაც. როგორც გიორგის დედა ტატიანა ბლაგადარნაია გვეუბნება, საქმეში წერია, რომ მისი შვილი ტუჩით და ნესტოთი იცნეს.
საქმეში არის პოლიციელების პატაკები, დაზიანებული პოლიციელების ჯანმრთელობის ცნობები, მაგრამ არ არის დაზუსტებული, ან ვის მიერ დაზიანდნენ ეს პოლიციელები და რა კავშირი აქვს მათ დაზიანებებს დაკავებულებთან.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ბევრი სამართლებრივი და ლოგიკური პრობლემაა. პირველ რიგში, არაფრით დასტურდება, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა. ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაადგენდა, თუ რას ისვრიან ბრალდებულები.
მეორე მხრივ, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ჯგუფური ძალადობა, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძალადობა შესაძლებელია მაშინ, თუ დადგინდება, რომ ეს პირები რაღაცა ტიპის მითითებებს, ან ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში, ან რაღაცა ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა აქვთ.
„შეუძლებელია ჯგუფური ძალადობა ისე, რომ ერთმანეთთან არც ვერბალური და არც არავერბალური კომუნიკაცია არ ჰქონდეთ. ეს ადამიანები არც ერთი და იგივე დროს არ იყვნენ ერთი და იმავე ადგილზე და მაინც ისინი არიან ჯგუფი“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
ის სასამართლოს პრაქტიკიდან ორ მაგალითს იხსენებს, როდესაც ჯგუფური ძალადობა არ დადგინდა. ერთი, ეს იყო 2020 წლის ივნისის საქმეში, როდესაც ე.წ. ქართული რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და 2017 წლის ბათუმის საქმე, როცა აქციის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს და ტროტუარი დააზიანეს. ორივე შემთხვევაში ჯგუფური ძალადობა არ დადგინდა, რადგან სასამართლოს განმარტებით, საქმეები ჯგუფური ძალადობისთვის საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველი კვალიფიკაცია ამიტომ მოუხსნა საქმეს და თქვა, რომ ეს ჯგუფური ძალადობა არ იყო, იმიტომ, რომ აქციის მონაწილეები ცალ-ცალკე იყვნენ მონაწილენი და ისინი ერთიან ჯგუფს არ ქმნიდნენ“, – გვიხსნის შოთა თუთბერიძე.
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ 8 პირისგან შემდგარ საქმეში პროკურატურა უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ წავიდა, მძიმე ბრალი წამოაყენა და მიზანი დაკავებულების დემონსტრაციული დასჯაა.
დაკავება
გიორგი გორგაძე 2024 წლის 4 დეკემბერს აიყვანეს სახლიდან. მის დასაკავებლად მისულ პოლიციას სახლში მხოლოდ გიორგის დედა ტატიანა ბლაგადარნაია დახვდა.
„ზუსტად იმ დღეს ტელევიზორი მქონდა ჩართული და აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეებს უვარდებიან სახლებში და მიჰყავთ, აპატიმრებენ. რატომღაც გამიელვა, ვაიმე, ახლა ჩემთან არ მოვიდნენ-მეთქი. 15 წუთში იყო ბრახუნი კარზე. თავიდან არ ვაღებდი, მერე გავაღე, ვიჭიდავეთ ზღურბლზე და ბოლოს შემოვარდნენ“, – იხსენებს გიორგის დედა.
რადგან გიორგი სახლში არ იყო, პოლიცია ტატიანას სთხოვდა, შვილთან დაერეკა, მოვიდესო, ეუბნებოდნენ. ცოტა ხანში სახლში გიორგის მამა დაბრუნდა და მერე მათ შვილსაც დაუკავშირდნენ. გიორგი, რომელმაც გაიგო, რომ მის დასაკავებლად იყვნენ მისულები, სახლში ადვოკატთან ერთად დაბრუნდა. პოლიციამ სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც გიორგი წაიყვანეს.
მესამე კურსელი გიორგი გორგაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით სწავლობდა. ცხოვრობდა მშობლებთან და დასთან ერთად, გლდანში, მესამე მიკრორაიონში.
გიორგის დედა ამბობს, რომ მის შვილს სწავლის პარალელურად თავისი ჯიბის ფული სულ ჰქონდა და მშობლებზე ფინანსურად დამოკიდებული არ იყო. ხან „გლოვოში“ მუშაობდა, ხან – „ევოლუშენში“. ბოლო პერიოდში მამას ეხმარებოდა თავის კომპანიაში, ამზადებდა გაზგაყვანილობის პროექტებს, ბეჭდავდა დასკვნებს, აკეთებდა ნახაზებს.
ფეისბუქზე გიორგის მიერ გაზიარებული პოსტები, ძირითადად, ფეხბურთს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეხება. ფეხბურთი ძალიან უყვარს და 2024 წლის ზაფხულში ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში მარტო წავიდა.
„შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ“, – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისადმი მიძღვნილი სიმღერის ამ სიტყვებით გააზიარა გიორგიმ ფოტო გერმანიის ერთ-ერთი საფეხბურთო სტადიონიდან.
როდესაც სასამართლო პროცესზე პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის არგუმენტით, გიორგიმ არ დამალა, რომ წინა წელს ქვეყნიდან იყო გასული და დასძინა, რომ გერმანიაში ქვეყნის სიყვარულმა წაიყვანა.
ამ სიტყვებს სულ იმეორებდა. დედა იხსენებს, რომ პირველად როცა წამოაყენეს „რუსული კანონის“ ინიციატივა, მაშინვე უთქვამს გიორგის, უნდა გავიდეო. „რა მიზანიც ჰქონდათ სხვა დემონსტრანტებს, იმ მიზნით იყო გასული გიორგიც. ყველა ახალგაზრდა რომ იდგა იქ, ესეც – იდგა. ითხოვნდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს“, – გვეუბნება ტატიანა ბლაგადარნაია და ამატებს, რომ გიორგიმ დედის ფაქტორიც არ გაითვალისწინა თავის დროზე – ტატიანა წარმოშობით რუსია და თბილისშია გაზრდილი – და არ ისწავლა რუსული.
„მე რუსი ვარ და რატომღაც ეგონა მასწავლებელს, რომ ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს რუსული. 10-იანებს უწერდა და ვეკითხებოდი, რაში უწერთ, ბავშვი ორ სიტყვას არ იძახის რუსულად-მეთქი. დავალებას კი ასრულებდა, წერდა, მაგრამ სინამდვილეში, რუსულად არ დამელაპარაკებოდა. ან მე თუ ვეტყოდი რამეს რუსულად, მეკითხებოდა, რა მითხარიო?... ინგლისური იცის, როგორც ქართული, მე კი ვუმეორებდი, რუსის ჩექმა რომ შემოვიდეს აქ, არ უნდა იცოდე-მეთქი?! მაგრამ მიაჩნდა, რომ არ სჭირდებოდა“, – იხსენებს გიორგის დედა.
ტატიანა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის დაკავებას პოლიტიკური მიზეზი აქვს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპი.
„რულეტკაში“ მოხვდა ჩემი შვილი. აი, უბრალოდ თითი დაადეს, ეს დავიჭიროთ, ესეც დავიჭიროთ და ჯგუფი გამოვაო“, – ამბობს დანანებით.
გიორგი ციხეში წიგნებს კითხულობს, უყურებს ფეხბურთს. ახლობლებთან კომუნიკაციისთვის, როგორც სხვებს, მასაც შეზღუდული დრო აქვს. ყოველდღე დარეკვას ვერ ახერხებს, მაგრამ ცდილობს, რომ დრო ყველას გაუნაწილოს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ციხეში ცუდად არ მექცევიანო, – ასე ამშვიდებს ახლობლებს.
„მხიარულად კი მირეკავს, ალბათ, რომ ვენატრებით, იმიტომ მხიარულობს, თორემ, მხიარულად ვინ იქნება ციხეში?!“ – ამბობს ტატიანა.
სხვა სინდისის პატიმრების მსგავსად, თავს დამნაშავედ არც ეს რვაკაციანი ჯგუფი მიიჩნევს. ბრალის სიმძიმის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მათი გამოჩენა მაინც მხიარულია ხოლმე. ცდილობენ, დარბაზში განაწილებული ახლობლები იმედიანად და მსუბუქად განაწყონ. პროცესის დაწყებამდე ერთმანეთსაც ეხუმრებიან, სასამართლოს დარბაზში მყოფ ახლობლებსაც შორიდან მხიარული მიმიკით მიმართავენ. მომღიმარი სახეებით ხვდებიან პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადებასაც. მათი შემართება ყოველ მორიგ პროცესზე მხარდამჭერებისთვის იმდენად გადამდები და იმედისმომცემია, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად „ღიმილის ბიჭებს“ უწოდებენ.
გიორგის დედა კი ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს: „თქვენ თვითონაც ხედავთ, რა ხდება და როგორც ტარდება ყველაფერი. რაც მოესურვებათ, იმას გააკეთებენ“, – დასძენს ტატიანა და შემდეგ სასამართლო სხდომას ელის.
შოთა თუთბერიძე: „როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი წაუყენო და ვერ ასახელებდე დროს, არ იცოდე, როდის მოხდა დანაშაული. როგორ შეიძლება, ვიდეო გქონდეს და არ იცოდე, როდის არის გადაღებული. მნიშვნელოვანი ამბავი კიდევ ის არის, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე ძალიან საშიში სტანდარტები შექმნა და სასამართლომაც, სამწუხაროდ, მხარი აუბა. მაგალითად, არსებობს ვიდეოების გამოთხოვის წესი, როგორ უნდა გამოითხოვო ვიდეო და კანონი ამბობს, რომ ვინაიდან ეს კომპიუტერული მონაცემია, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვას სჭირდება სასამართლო განჩინება. სამწუხაროდ, სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენიალური იდეა მოიფიქრა, იწერენ უკანონოდ, უკანონოდ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, მაგალითად, ფარული მიყურადებით, უკანონო თვალთვალის შედეგად ან მსგავსად ამისა. შემდეგ ხომ ვერ იტყვიან უკანონოდ ვაყურადებდიუთო, ამიტომ აძლევენ ვიდეოებს ან „პოსტივის“, ან „იმედს“ – ანუ სამთავრობო პროპაგანდისტებს, ანდა ყალბი ანგარიშებით ტვირთავენ ფეისბუქზე. თვითონვე გადავამოწმე ის ანგარიშები, რომლებიდანაც პოლიციელებმა გადმოიწერეს ვითომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოები და ყველა ანგარიში აღმოჩნდა ყალბი – შექმნილი მხოლოდ ამ ვიდეოების გასავრცელებლად“.