
პროტესტი არ შენელდეს. ხალხის ნაკადი არ შეწყდეს. | გიორგი კუჭუაშვილის საქმე
30 წლის კურიერს, გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ეს გადაწყვეტილება 2025 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა.
გიორგი 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს დააკავეს. ის ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდა. გამოცემა „პუბლიკასთან“ ციხიდან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული კანონი“ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და საპროტესტო აქციაზეც ამიტომ იდგა. ფიქრობს, რომ პროტესტის სხვა მონაწილეების დასაშინებლად სამაგალითოდ დასჯილია.
„უსამართლოდ ვზივარ ციხეში, ცხოვრებაში არასდროს სისხლის სამართლის მიხედვით დარღვევა არ მქონია, ყოველთვის კეთილსინდისიერი მოქალაქე ვიყავი. ცდილობენ, რომ რამოდენიმე ადამიანის დაჭერით დანარჩენებზე, ანუ მათზე, ვინც საქართველოს ბედს განიცდის, ზემოქმედება მოახდინონ. ეს რუსული კანონი პირადად მე სულ არ მეხებოდა, არც ჩემს საქმიანობას უქმნიდა საფრთხეს, მაგრამ ვხვდებოდი, საით მიდიოდა და რას გულისხმობდა, რა მიზნები ჰქონდა. ამიტომ ვიყავი აქციაზე – მჯეროდა, რომ ის ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდა“, – ამბობს გიორგი კუჭუაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას.
გიორგის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილს გულისხმობს – სასამართლოს დასკვნა ასეთია: წყლის პლასტმასის ბოთლი, რომელიც გიორგიმ ისროლა, ერთ-ერთ სპეცრაზმელს მოხვდა თვალის არეში და დააზიანა.
მართალია, ვიდეოჩანაწერების ექსპერტიზამ ვერ შეძლო გიორგის იდენტიფიცირება და მის ბრალეულობაზე ვერც დაზიანებული სპეცრაზმელი მიუთითებდა, მაგრამ გიორგის დაკავებიდან თვენახევარში საქმეში გაჩნდა მოწმე პოლიციელის ჩვენება, რომელმაც მსჯავრდებული ფოტოსურათით ამოიცნო.
ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია. გიორგი კუჭუაშვილის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს – რადგან ახლანდელი კვალიფიკაცია „დაუსაბუთებელი და უკანონოა“. გიორგის ქმედება არ იყო პოლიციელზე მიზანმიმართული თავდასხმა. მან ისროლა ნახევრად ცარიელი წყლის ბოთლი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ერთ-ერთ სპეცრაზმელს, როდესაც დამცავი ნიღაბი სახეზე არ ეკეთა.
„ეს არ არის თავდასხმა, ეს არის წინააღმდეგობა პოლიციელის მიმართ, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და პირობით მსჯავრს“, – ამბობს ცუცქირიძე და დასძენს: „როცა სპეცრაზმი მოდიოდა და ე.წ. წესრიგს ამყარებდა, გიორგი იდგა აქციაზე და მათი მოქმედების საწინააღმდეგოდ გადადგა ნაბიჯი, თორემ [ბოთლის სროლისას] არ ჰქონია მიზნად კონკრეტული პოლიციელის დაზიანება. თავდასხმაა, როცა განზრახული გაქვს, დააზიანო. ხოლო ის, რაც გიორგიმ გააკეთა, იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება“.
გიორგის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაზაფხულის აქციებზე კიდევ ერთი დაკავებულის, დავით კოლდარის საქმესთან ერთად განიხილება. ხოლო რადგან კოლდარის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში 20 მაისს გამართულ სხდომაზე პროცესის გადადება მოითხოვა, გიორგი კუჭუაშვილის საქმეზეც 12 ივნისისთვის გადაიდო მორიგი სხდომა.
ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ თუკი პროკურატურა კუჭუაშვილზეც შესთავაზებთ საპროცესო შეთანხმებას, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს გიორგისთან.
„არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა, გვინდა ვიაროთ წინ“
გიორგი კუჭუაშვილს სახლში ორი შვილი და მეუღლე ელოდებიან. თბილისამდე გიორგი, უფროსი შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ოჯახთან ერთად, 4 წლის განმავლობაში, საფრანგეთში ცხოვრობდა. ისინი ლტოლვილად ჩაბარდნენ, რათა ბავშვისთვის ემკურნალათ. მისი გამოჯანმრთელების შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდნენ. როცა გიორგი დააკავეს, ჯერ კიდევ ახალი ჩამოსულები იყვნენ. გიორგი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა ოჯახის სარჩენად.
მისი მეუღლე, ანა შველიძე იხსენებს, რომ თვითონაც იცოდა, გიორგი რომ აქტიურად დადიოდა საპროტესტო აქციებზე. შარშან, როცა აქციის მონაწილეთა დაპატიმრებების შესახებ გაიგო, ანას შეეშინდა და მეუღლეს სთხოვა, აღარ წასულიყო გასაპროტესტებლად, მაგრამ გიორგი არ გაჩერდა.
„აქციაზე დადიოდა, როგორც ყველა პატრიოტი ადამიანი. დადიოდა ჩვენი შვილების მომავლისთვის. იმ მიზნით, რომ ჩვენც ვიცხოვროთ დემორკატიულ საქართველოში. არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა, გვინდა, ვიაროთ წინ. აი, ამის გამო დადიოდა“, – ამბობს ანა ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში.
ჩვენთან საუბრისას ანა შველიძემ გიორგის დაკავების დღე გაიხსენა. 7 მაისს, შუაღამისას, გიორგიმ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ მუშაობა დაასრულა და შინ ბრუნდებოდა. სახლში მისვლა კი დააგვიანა. კარზე კაკუნი მისი ზარიდან 2 საათში გაისმა. ანას უთხრეს, რომ სამსახურიდან დაბრუნებული მისი მეუღლე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადარბაზოსთან დააკავეს.
ოჯახი არ ახმაურებდა ამ ამბავს, რადგან ეგონათ, რომ გიორგი მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა სასამართლო პროცესი გაიწელა, სხდომები რამდენჯერმე გადადო. იგივე ტენდენცია იყო ე.წ. რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას დაკავებული სხვა ადამიანების შემთხვევაშიც. უფლებადამცველების თქმით, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმეების გაჭიანურების მიზეზი ის იყო, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვერ მოესწრო მათი შეწყალება თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ეს ასეც მოხდა.
ყველა გარემოების გათვალისწინებით, ოჯახს არ აქვს მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გიორგი გათავისუფლდება. თავად გიორგის კი მაინც აქვს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო ქვს.
„ვიცი, რომ ეშინია, ხალხის ნაკადი არ შეწყდეს აქციებზე. რომ პროტესტი ძალიან არ შენელდეს – ამაზე ნერვიულობს. ამდენი პატიმარია უკვე და რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს, რაღაც შედეგი ხომ უნდა დადგეს?! – ასე ფიქრობს და ძალიან რთულია“, – გვეუბნება ანა.
გიორგი გლდანის მერვე პენიტენციურ განყოფილებაშია. უყვარს ფეხბურთი და ციხეშიც თამაშობს, სხვა პატიმრებთან ერთად. კითხულობს წიგნებს, უყურებს ტელევიზორს და წერს. „მგონი, წიგნის წერაც დაიწყო“, – ხუმრობს ანა.
„...არ ვიცი… გულგრილად როგორ უნდა შეხედო მიმდინარე მოვლენებს, გარეთ რაც ხდება, პირველ რიგში, მაგას… და მეორე ის, რომ ჩვენ, პოლიტპატიმრები, შეიძლება ვიღაცების დასაშინებლად დაგვიჭირეს… და მოვუწოდებ [მოქალაქეებს], რომ არ შეშინდნენ… არაფერი არაა… მხნედ იყვნენ… იმიტომ, რომ აქაც მხნედ ვართ და ყოველდღე ვგრძნობ გარედან მხარდაჭერას და მადლობელი ვარ ამისთვის“, – ამბობს გიორგი კუჭუაშვილი „პუბლიკასთან“.