
არ გინდათ, ამ ბრძოლის იმედი გახდეთ?! | გიორგი მინდაძის საქმე
ნანი წულაია მეექვსე თვეა დილაადრიან, სამსახურში მისვლისთანავე, კალამს და ფურცელს იღებს და შვილს წერილს უწერს. ამბებს უყვება, ელაპარაკება. რამდენიმე დღეს აგროვებს თავის და სხვის დაწერილებსაც და 5 დღეში ერთხელ ციხეში აგზავნის. წერილი აუცილებლად უნდა დაკოცნოს – ხელს რომ შეახებს შვილი, დედის სითბოს იგრძნობს, – ასე სჯერა და ეს ძალას მატებს.
ნანი რუსთავში, უბნის მაღაზიას ქმართან ერთად უძღვება. ფანჯრებზე, კარზე, მაღაზიის დახლებზე ყველგან წარწერები და ბანერებია:
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება გიორგი მინდაძეს!
მაშინვე მიხვდები, რომ ნანი და მურმანი პატიმრის მშობლები არიან.
21 წლის გიორგი მინდაძეს პოლიციამ 1 დეკემბრის საღამოს, წილკანში ნათესავის სახლში სტუმრად მისულს მიაკითხა და წაიყვანა. ადგილზე არაფერი განუმარტეს.
,,მუხროვანის პოლიციას გადასცეს. გავეკიდე, განყოფილებაში არაფერი მითხრეს, მცხეთაში გამიშვეს. იქაც არაფერი იცოდნენ. მერე ისან-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მივედი. იქ კარგი, გულისხმიერი თანამშრომელი დამხვდა და გამწარებულ დედას მითხრა, დამშვიდდით, მე გაგიგებთ ყველაფერსო. ამასობაში, ჩემმა დისშვილმა ფეისბუქის ჯგუფ ,,დაიტოვეში“ მირჩია პოსტის დადება, დაწერე, შვილს რომ ეძებ და დაგეხმარებიანო. მალევე დამირეკა ვახტანგ მთიულიშვილმა. თქვენი შვილის სანახავად მივდივარ უკვე, დიღმის იზოლატორშიაო“, – იხსენებს ნანი წულაია.
ვახტანგ მთიულიშვილი გიორგი მინდაძის ადვოკატია. დაკავებიდან რამდენიმე საათში ინახულა გიორგი. ამბობს, რომ ნაცემი არ ყოფილა. თავიდანვე მხნედ იყო და უთქვამს: ამ დაჭერით ვერ შემაშინებენ. როგორც გამოვალ, ისევ რუსთაველზე დავდგები პროტესტის გამოსახატადო.
გამოძიება გიორგის 29 ნოემბრის პროევროპულ აქციაზე ფეიერვერკის სროლას ედავება. საქმე 353-ე პრიმა მუხლით აღიძრა – პოლიციელზე თავდასხმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში – 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საპროტესტო ამბებმა გიორგი 2024 წლის გაზაფხულიდან ჩაითრია. ,,აგენტების კანონის“ შემობრუნებას ვერ შეეგუა და ჯერ ეს გააპროტესტა, მერე კი ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ 28 ნოემბრის საღამოს ირაკლი კობახიძის განცხადების ჩათვლით.
დედას არასოდეს დაუშლია მისთვის აქციაზე გასვლა. შარშანდელი გაზაფხულის აქციების დარბევისას რეზინის ტყვიაც მოხვდა და წიწაკის სპრეიც – თვალებში, მაგრამ მაინც ჯიუტად ბრუნდებოდა რუსთაველზე.
ნანი თავისი ოჯახის ისტორიას ზღაპარივით ჰყვება. გიორგი მათი ბიოლოგიური შვილი არ არის, თუმცა, გიორგის გარდა, სხვა შვილი არ ჰყავთ. კარის მეზობელს, მარტოხელა დედას ძალიან უჭირდა და ნანი მას შვილის გაზრდაში ეხმარებოდა. პატარა ბავშვს სახლშიც იტოვებდა, უცვლიდა, აჭმევდა, აბანავებდა.
დედას მოგვიანებით გულის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ფულის შესაგროვებლად, მამიდასთან ერთად, თურქეთში სამუშაოდ წასვლა მოუწია. ნანი გიორგის ძიძა გახდა. ოპერაციის წინა დღეს გიორგის 32 წლის დედა გარდაეცვალა. ამის შემდეგ, ნანის აღარც გაუშვია გიორგი. მის დედად იქცა, მურმანი კი – მამად.
გიორგი ასეც ეძახის მათ: დედიკოს და მამიკოს. ფოტოებშიც სულ ხელჩაკიდებულები არიან.
,,ისევ ისეთი თბილია, როგორც – ბავშვობაში. აი, ახლაც რომ შემოვიდეს, ჩამეხუტება, მაკოცებს, მიყვარხარო, მეტყვის. რა სიყვარულიც ჩავდე, ათმაგად მიბრუნებს“, – თვალები უცრემლიანდება და ხმა ეცვლება, სათქმელის დამთავრება უჭირს ნანის. გიორგის დაკავების შემდეგ აღარაფერი ახალისებს. მამამ ამ პერიოდში ინსულტი გადაიტანა. ნანის დიაბეტი აქვს და გულის სამი სტენტირება.
გიორგი მინდაძეს დაკავებიდან 48 საათში წარუდგინეს ბრალი და მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გირაოს შეთავაზება არც მის შემთხვევაში დაკმაყოფილდა.
გიორგის იზოლატორში წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი ისე, რომ არც წაუკითხავს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებაა: ,,იქ წერია: ვიდექი რუსთაველის გამზირზე, ვისროდი რაღაცებს და ვიძალადეო“.
საყურადღებო დეტალია ისიც, რომ გიორგის წილკანში უთხრეს, მოწმის სტატუსით მიგვყავხარ პოლიციის სამმართველოშიო. საქმეში კი წერია, რომ გიორგი მინდაძე თავისი ფეხით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. ვახტანგ მთიულიშვილი ამ ფაქტს ასე ხსნის:
,,თუ ადამიანს ეტყოდნენ, რომ დაკავებული ხარ, გიორგი, ალბათ, ჩვენებას აღარც მისცემდა. ხელს არ მოუწერდა დაწერილ ჩვენებაზე. თუ გიორგი ჩვენებას არ მისცემდა, თუ მას ვინმე არ ამოიცნობდა, დაკავება ფორმალურადაც კი შეუძლებელი იქნებოდა. მტკიცებულებათა სტანდარტი შეკრეს ამით. დაკავებას მინიმალური სტანდარტი მაინც სჭირდება. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს. ამიტომ დასჭირდათ საქმეზე: ,,გამოცხადდა სამმართველოში“, ,,დაზარალებულმა ამოიცნო“, ჩვენება მოგვცა და აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დავაკავეთ“, – განმარტავს ადვოკატი.
საქმეში მტკიცებულებად შვიდწამიანი ვიდეოა, რომელშიც ჩანს, როგორ ისვრის ადამიანი ფეიერვერკს. უწყვეტი კადრი არ არის, მონტაჟია. ეს ვიდეოც Facebook-ის ერთ-ერთ ანგარიშზეა ატვირთული, პოლიციელს სამსახურში აქვს ნანახი და თავის ხელმძღვანელს პატაკით ჩააბარა. ასე იწყება გამოძიება. დაზარალებულის ჩვენებაა კიდევ საქმეში. ის ამბობს, რომ დაინახა, როგორ ესროდნენ მას ამ ფეიერვერკს. მისივე თქმით, აქციაზე პოლიციელების კორდონში უკან იდგა და ფეიერვერკიც ფეხის უკანა არეში მოხვდა. ,,თუ წინიდან ესროლეს, წინ რატომ არ მოხვდა. თუ უკნიდან ესროლეს, მაშინ როგორ გაარკვევდა ადამიანი, გიორგიმ ესროლა, თუ სხვა ვინმემ. დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვაზე თქვა, რომ ადგილზე არაერთი ფეიერვერკი გაისროლესო. ეს ნიშნავს იმას, რომ გიორგისთან ერთად ისროდა პეტრეც, პავლეც…“, – საეჭვო ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი.
ვახტანგ მთიულიშვილს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ვიდეოს ექსპერტიზა აქვს დანიშნული და ითხოვს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას, რომელიც დაადასტურებს, ვინ ჩანს ვიდეოში. სახე ნახევრად დაფარულია, პირს პირბადე უკეთია. ადვოკატი ასევე ითხოვს, ექსპერტიზამ დაადგინოს, რა უჭირავს ხელში ამ ადამიანს და რა მანძილიდან შეუძლია მას პოლიციელს ზიანი მიაყენოს. საქმეში წარმოდგენილ ვიდეოში ვერ გაარჩევ, რა მანძილი აშორებს ბრალდებულს დაზარალებულისგან.
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან პასუხები ვახტანგ მთიულიშვილს ჯერ არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ვადა გასულია. თუმცა, ეჭვი არ ეპარება, ექსპერტიზა სამართლიანად რომ ჩატარდეს, ვიდეოში დაფიქსირებული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება.
,,მთავარი არის შემდეგი: რომც ესროლა გიორგის ფეიერვერკი, ის ხვდება თუ არა ვინმეს, ამის დადასტურება საქმეში შეუძლებელია“, – აზუსტებს ადვოკატი და საქმეში მნიშვნელოვან კიდევ ერთ დეტალზე მიანიშნებს:
,,ადგილზე პოლიციელების ჯგუფს ვინც ხელმძღვანელობდა, ჩვენებაში ამბობს, თითქოს დაინახა, როგორ დაეცა მისი თანამშრომელი და როგორ დაზიანდა. სახელით და გვარით იცის, ვინ იყო ის. ამ დროს დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მისი იდენტიფიცირება აქციაზე შეუძლებელი იყო. მხოლოდ პოლიცია მეწერა მხარზე, არც სახელი და გვარი და არც სხვა რამე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ მქონიაო“, – ადვოკატს აინტერესებს, როგორ მიხვდა ხელმძღვანელი ასეულ პოლიციელში, რომ დაზარალებული პირობითად ლევანი იყო და არა გიორგი, მაგალითად.
გიორგი მინდაძის საქმეში კიდევ ერთი უზუსტობაა, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებშიც იკითხება. გიორგის დანაშაულის ჩადენას 29 ნოემბერს ედავებიან. დაზარალებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადა 1 დეკემბერს პოლიციის განყოფილებიდან ჰყავს გამოძახებული. ეს მისი სამედიცინო ბარათითაც დასტურდება. სასამართლო პროცესზე, ზეპირ ჩვენებაში, დაზარალებულს ნათქვამი აქვს, რომ ექიმებმა დახმარება იმ დღესვე აღმოუჩინეს.
,,თუ დაზიანება მიიღო, პირველ დეკემბრამდე რას ელოდებოდა. თუ 1 დეკემბერს შეამოწმეს, საიდან ვიცით, რომ ეს დაზიანება 29 ნოემბერს მიიღო და არა 30-ში, მაგალითად?“, – ინტერესდება ადვოკატი.
* * *
გიორგი მინდაძე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სურდა, რომ გამხდარიყო ყბა-სახის ქირურგი. რუსთავის კლინიკაში ოპერაციებსაც ესწრებოდა. დედა ვერც ამის გახსენებაზე იკავებს ცრემლებს.
ნანიმ ციხეში შვილთან შეხვედრაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. შუშის მიღმა ერთმანეთის დანახვა მძიმე იქნება: ,,არც მე მინდა, არც მას. რომ არ ჩაგეხუტო, ხომ მოვკვდებიო – ასე მითხრა“. ამიტომ შეხვედრების წუთებს სატელეფონო ზარში ცვლის გიორგი და თვეში საათნახევარი შეუძლია კომუნიკაციისთვის გამოიყენოს.
ორ დღეში ერთხელ ურეკავს დედას და ამოწმებს, წამლებს დროულად სვამს, თუ ავიწყდება; სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მის არყოფნაში დასჭირდათ, თუ არა. ,,ვეუბნები, ჩათვალე, უფრო მაგრად ვარ. არაფერი არ მტკივა-მეთქი“, – ამხნევებს ნანი და სიამაყით ამატებს: ,,იქიდან მომწერა: შენნაირი სულის მეგობარი არ მყოლია არავინო. ამას რომ გეტყვის შვილი, მე უფლება არ მაქვს, ცუდად ვიყო. კარგად უნდა ვიყო, რომ გიო დავინახო ბედნიერი“.
ადვოკატს საქმეზე პროგნოზის გაკეთება უჭირს. ამბობს, რომ მათთვის მთავარი დასაყრდენი საქმის მასალებია, სადაც მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მისი თქმით, დაცვის მხარე არ არის ვალდებული თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს, ბრალდების მხარეა ვალდებული, მათ დანაშაული დაუმტკიცოს. ვახტანგ მთიულიშვილი ამბობს, რომ ამ საქმეს კვალიფიკაცია ვერ შეეცვლება:
,,პოლიციელზე თავდასხმა ან გაქვს, ან არა. ან გამართლდები, ან გამტყუნდები. გულწრფელად გეუბნებით: სამართლიანად რომ იყოს ეს საქმე განხილული, გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ ექნებოდა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეც კი არ უნდა გადასულიყო“.
საქმეს არსებით ეტაპზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. პირველ ინსტანციაში საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში გამოსაცდელი ვადით დანიშნეს.
ნანი, მურმანი და გიორგი განაჩენს ელოდებიან, მანამდე კი ორივეს ერთადერთი სურვილი აქვთ – ციხის ადმინისტრაციამ გრძელვადიანი პაემნის უფლება მისცეთ.
ნანის ოფიციალურად გიორგი შვილად არასოდეს აუყვანია. სრულწლოვანების ასაკს მიღწევის შემდეგ კი ნანის მისი მეურვის სტატუსიც შეუჩერდა. დედობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე კი კანონმდებლობით ეკრძალება 24-საათიანი პაემნის უფლება. ახლა ელოდება ოფიციალურ პასუხს გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან:
,,თუ უარი მივიღე, შვილად აყვანის პროცედურა უნდა დავიწყო. რომ არ ვნახო გიო, ვერ გადავიტან“.
ფრაგმენტი გიორგი მინდაძის წერილიდან, რომელიც პატიმრების მიერ გამოცემულ გაზეთში დაიბეჭდა:
ჩემი ისტორია პატარაობიდანვე ვიცოდი, ამასთან, ბიოლოგიურ დედასთანაც მქონდა ურთიერთობა, სანამ გარდაიცვლებოდა… აქ დასრულდა ჩემი ცხოვრების პირველი ეტაპი. შემდეგ იწყება ყველაფერი საინტერესო. დაიწყო ევროპისთვის ბრძოლა. ჯერ რუსული კანონი, მერე ევროკავშირისთვის ბრძოლა. დავასკვენი, რომ ევროპაში თუ შევალთ, არა მარტო მე, არამედ საქართველო ამოისუნთქებს ეკონომიკური თვალსაზრისით. მეც ჩავები ამ ბრძოლაში და ახლა აქ ვარ. მაგრამ წამით არ მინანია რუსთაველზე გასვლა.
ვინც ჩვენი ბრძოლის იმედს ვერ ხედავთ, არ გინდათ, ამ ბრძოლის იმედი გახდეთ?! საქართველო ხომ ჩვენ ვართ და არა ,,ქართული ოცნება“?!