გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„გიორგი“ - პირველი შიშველი ქვიარ პროექტი

ფოტოგრაფ ლაშა (Fox) ცერცვაძის პროექტი „გიორგი“ ქართველი ქვიარ კაცების ფოტოებს აერთიანებს. მასზე ფოტოგრაფი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ქვიარ ადამიანებს მათსავე სახლებში, იმ სივრცეში იღებდა, სადაც იდენტობის დამალვას აღარავინ აიძულებს. გმირების სიშიშვლე და ფოტოების წითელი ფერი სიმბოლურია – ის ერთდროულად გამოხატავს მათ დაუცველობას, სექსუალურობას და აგრესიას.

ფოტოები პირველად თბილისში Black and White Gallery-ში გამოიფინა. მეორედ კი მათი დათვალიერება სტუმრებს „ბათუმის ფოტოდღეებზე“ შეეძლებათ. გამოფენა 31 აგვისტოს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების“ სივრცეში გაიხსნება და ის 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რატომ გადაწყვიტე შენი პირველი დიდი ფოტოპროექტი სწორედ ქვიარ თემაზე გაგეკეთებინა? რამდენად პერსონალურია ის შენთვის?

ლაშა (Fox) ცერცვაძე: მაშინ, როდესაც პროექტზე დავიწყე მუშაობა ყველაზე მეტად ქვიარების პრობლემებს ვიზიარებდი, მათი საჭიროებები კარგად მესმოდა. მჯეროდა, შემეძლო გამეკეთებინა რამე, რაც მცირედით მაინც შეცვლიდა რეალობას. მეც ქვიარი და ამ პროექტის ნაწილი ვარ – ჩემს პირად პრობლემებზეც ვლაპარაკობ.

ჩვენ გვზრდიან, გვატყუებენ, იდენტობას გვართმევენ. ჩვენგან მარტო კაცობას ითხოვენ. მთელი ცხოვრება ნამდვილი იდენტობის დაბრუნებასა თუ მოპოვებას ვცდილობთ. ტყუილში და შიშში ვცხოვრობთ. რა არის ჩვენი ნამდვილი სახე? რა იქნებოდა, რომ ის არ წაერთმიათ?

პროექტის სახელი „გიორგიც“ სიმბოლურია. ის „ტრადიციას“, „კაცობას“, „პატრიოტიზმს“ და გვარის გამგრძელებელს გამოხატავს. ზოგი მთელი ცხოვრება „გიორგი“ რჩება. ვინც თავის თავს პოულობს, ხვდება, რომ ის „გიორგი“ კი არა ლაშა, დათო, მარი, ზურა, ცოტნე, ნუკრია. ხვდება, რომ ლამაზიცაა, ნაზიც, ძლიერიც, ჭკვიანიც. სიყვარულიც შეუძლია და მარტოობაც, ტირილიც და სიცილიც.

გმირები ფოტოებზე შიშვლები არიან. რატომ აირჩიე ეს ფორმა, რისი ჩვენება გინდა მათი სიშიშვლით?

ლაშა (Fox) ცერცვაძე: ძალიან დაუცველი და ნამდვილია შიშველი. მათი ასე გადაღებით, ალბათ, დამთვალიერებელის გამოწვევა მინდოდა, შეიძლება ეპატაჟი. ან უბრალოდ ვბრაზობდი, რომ ასეთი ტაბუირებულია ეს თემა და ისეთი რამის გაკეთებაც მინდოდა, რასაც მანამდე იშვიათად აკეთებდნენ.

სიშიშვლეს ძალიან რთულად აღვიქვამთ, ამიტომ ის სხვაგვარ შინაარსს სძენს ფოტოს და გმირის ისტორიას. ალბათ, ცოტა ხანში სიშიშვლესაც შევეჩვევით. დამენანება, მაგრამ ეს საჭიროა. მერე, ალბათ,  ჩაცმულ ადამიანებს გადავიღებ. რა საჭიროა იმის კეთება რასაც შევეჩვიეთ?

რამდენად რთულია გმირების პოვნა და ამ ფორმით გადაღებაზე მათი დათანხმება?

ლაშა (Fox) ცერცვაძე: გმირების პოვნა რთულია, მით უმეტეს, როცა საკუთარ თავს ებრძვი და ცდილობ ესთეტიკურ ნორმებს გაემიჯნო. განსაკუთრებით მათ ვეძებდი, ვინც ყველგან და ყოველთვის მალავდა თავის იდენტობას. ბევრმა უარი თქვა და მესმის მათი. საქართველოში ყველაფერი რთულია, ოლიგარქის შვილობის გარდა. ალბათ, თავის მხრივ, ეგეც რთულია, „მდიდრებიც ტირიან“. ქვეყანაში, სადაც ყველა თანასწორი არ არის, ყველა იჩაგრება. რაც უფრო მცირეა ჯგუფი, მით უფრო მეტია ჩაგვრა.

მომბეზრდა წუწუნი. ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცეების შეცვლა შეიძლება, მაგრამ აღარ მჯერა, რომ ადამიანების უფლებების აღიარებას და დაცვას მე მოვესწრები. და ამ დიდი ცვლილებების მიუღწევლობას თითქოს შევეჩვიეთ, შევეგუეთ.

საბოლოოდ, ის, რაც ამ პროექტით მინდოდა, ვფიქრობ, ეგეც არ გამოვიდა. დღეს სხვანაირად გადავიღებდი. გულწრფელი თუ ვიქნები, ეს პროექტი აღარც მომწონს.

  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა