გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გლდანი – „უარყოფითად დამუხტული სხეული“


ქართულ მითოლოგიაში, კერძოდ კი სვანურ ფოლკლორში, ნადირობის ქალღმერთი დალი ცენტრალური ფიგურაა. ლეგენდა გვიყვება, როგორ შეიფარებს დალი ტყეში უპატრონოდ მიტოვებულ ჩვილს და მას სვანურ დიალექტზე იავნანას, ანუ „დალის ნანას“, უმღერებს:

ნანილა სულას, ნანილა გულას                                ნანა სულო, ნანა გულო,
ისგუ დედა გვეში დუდუს აჯჴიდე                               დედა სავსე ძუძუს მოგიტანს.
ისგუ სახლათ, ოქვრა სახლათ;                                შენი არტახები, ოქროსარტახები,
ისგუ კამრაი დეცე კამრაი.                                       შენი კამარა ცის კამარა. 
ისგუ აკვან უჟუნშ გვეში.                                           შენი აკვანი ძილით სავსე
ნანილა სულას, ნანილა გულას.                             ნანა სულო, ნანა გულო.

გურამ მაცხონაშვილს თავის სადებიუტო რომანში „გლდანი“ სწორედ ეს სვანური ფოლკლორი შემოაქვს და მას თბილისის გარეუბანში ნერგავს. ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე დედისგან, ანუ ლანასგან, მიტოვებულ ოქროსფერ თმაში გახვეულ ჩვილს, ამიკოს, მაწანწალა ძაღლი ყურშა პოულობს. ეს ამბავი ლანას, იგივე დალის, შვილთან დაბრუნებით და სწორედ ამ სვანური „ნანათი“ სრულდება.

გლდანი არ არის უბრალოდ მორიგი „ურბანული რომანი“. საერთოდ საკითხავია, ეს, ამ ბოლო დროს ერთგვარად მოდური, ჟანრობრივი მიკუთვნებულობა გვეუბნება თუ არა რამეს რომანის შინაარსზე, თუ უბრალოდ მორიგ პლაკატურ ეტიკეტად რჩება. რომანი საერთოდ არ იკითხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ტრადიციებში. ის ერთგვარი ავანგარდია, გამორჩეულად ძლიერი და კომპლექსური ტექსტია.

რომანი თხრობის სხვადასხვა სტილის მთელ პანორამას შლის და ავტორი ამ პანორამის ყველა ხაზზე ერთმნიშვნელოვნად თავდაჯერებულია. დინამიური თხრობის სტილში, ხშირად გვხვდება უეცარი პაუზები და წყვეტები. მაცხონაშვილი არ გვიყვება ამბებს ქრონოლოგიურად. თითქოს მთხრობელი მომავალს განსჭვრეტს და კვაზი-წინასწარმეტყველური სტილით მოგვითხრობს ამბებს. ის უხვად იყენებს რიტორიკულ ფიგურებს, როგორიცაა მაგალითად გამეორების ხერხი და თხრობის სტილი მანტრების თუ ლოცვების შეუსვენებელ ბუტბუტს ემსგავსება.

ერთხელ, ჭექა-ქუხილი იქნება და ამას სამი ლეკვი ეყო-
ლება. [...]ძლიერად გაწვიმდება და იქუხებს და იქუხებს. მაშინ
ამ ქალაქში ისედაც სულ ქუხილის ხმები იქნება, მაგრამ
ეგ მიხვდება, რომ ეს სხვა ქუხილია და ანერვიულებული
ჩაავლებს ამ თავის ლეკვებს კისერში და ატარებს და ატა-
რებს. გადაარბენინებს მინდორს, გადმოიყვანს მერე უკან.
დასვამს ძირს, იქუხებს, ისევ აიყვანს. გაირბენს, გაარბენი-
ნებს. გაჩერდება, დასვამს. იქუხებს კიდევ და გაანათებს.
თან სველდება. სველდება ისე, რომ მძიმე გახდება უფრო
და ძლივს დაათრევს ამ თავის თავს და ამ სამ ლეკვსაც
ძლივს დაათრევს. მერე იქუხებს, თუ იქუხებს. აი, ქუხილი
ეგ იქნება და რომ დაავლებს ამათ და მოწყდება ადგილი-
დან, გადაირბენს მთელ მდელოს და იმ მდელოს მერე ყვე-
ლა კორპუსს და მირბის, მიყავს ესენი და რომ ჩაეყრება
თხრილში და წაართმევს წყალი ჯერ ერთს და მერე იმ ორ-
საც და რომ ვეღარ დაეწევა იმათ ვერცერთს და დაეწევა
კი არა, რომ ვერც დაინახავს საერთოდ იმათ, იქნება გიჟი-
ვით და იტირებს და იტირებს მერე სულ მთელი ღამე.

რომანის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი ლანა/დალი სვანეთიდან ჩამოდის თბილისში და ამიკოზე ორსული გლდანში ქირაობს ბინას. ლანა, ერთგვარი მაქცია, ან სულაც ნიმფა, სვანური თქმულებებისა არ იყოს, გლდანელი მამაკაცების გულის მოგების უამრავ ხერხს ფლობს. სვანეთში კარგ მონადირეზე ამბობენ თურმე, „დალი ჰყავსო“. ლანა სექსმუშაკიცაა, მკურნალიც და იდუმალებით მოცული ქალიც  მისი მეზობლებს ეშინიათ.

ამიკოს გაუჩინარების შემდეგ, ერთადერთი შვილის კვალს მიჰყვება. ლანა სექსუალურ ფერხულში ებმება  ის ხან გლდანის I მიკროელ მეთევზე აარონს ევლინება ქალთევზას სახით, ხან ამიკოს პარიკმახერ არტურას „აცდუნებს“, ხანაც საშაურმეს მფლობელ გიორგის სტუმრობს, თითქოს მეხსიერებაში ამიკოს გაცოცხლებას ცდილობს.

ლანა გლდანის მაღალსართულიანი, საბჭოთა პროექტის კორპუსის ფანჯრებთან ივარცხნის ოქროსფერ თმას და მრავალგვარ არსებად ტრანსფორმირებული ევლინება ღამღამობით ქალაქს.

ამიკოსა და ბადრის პერსონაჟებს ავტორი გამორჩეულად ფაქიზი ენით, ზომიერებითა  და სიზუსტით გვიხატავს. ყველაფერი გლდანის ფალავნების კლუბში   გლდანის მანეჟში  ერთად თავდადებული ვარჯიშით იწყება. ისმის მწვრთნელის სიტყვები  „ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსა, საქმარედ გამზადებულსა“. ამას პირველი წასვლა მოჰყვება გლდანის აზიურ ბორდელში და ერთმანეთისკენ მიმართული უმწეო მზერები. ავტორი ამ ორი, ერთი შეხედვით ძლიერი, სხეულის სიმბიოზს პირველ რიგში მათი სისუსტისა და სიფაქიზის სკრუპულოზური აღწერით ქმნის. შემდეგ ამიკო გლდანის ვირტუალურ ლაბირინთში უჩინარდება.

რომანის ურბანისტულ ხაზს ავტორი მისი ისტორიის და დოკუმენტური მასალების შესწავლით ავითარებს. ახმეტელის თეატრში იეჰოვას მოწმეებს 1999 წელს სასტიკად უსწორდება ბასილ მკალავიშვილის მრევლი. ეს ერთგვარი პოგრომი გლდანელების მეხსიერებას ჯერ კიდევ შემორჩა. ამიკოს და ლანას არ დავიწყებიათ მათი დასისხლიანებული და კბილებჩამტვრეული მეზობელი ქალის სახე.

გლდანის ისტორიას ჩვენ მისი პრე-ურბანისტული ხანიდან ვეცნობით. გლდანი, როგორც ერთი დიდი საძოვარი. საბჭოთა კავშირის 70-იანი წლები და თბილისის ეს გარეუბანი, როგორც მრავალ-ფუნქციური დასახლება, თავისი თეატრით, ბაზრით, მეტროთი, ეკლესიებით და ბოლოს დისნეი-ლენდით. ავტორს რომანში ამ გარეუბნის სოციალური სტრუქტურაც არ რჩება ყურადღების მიღმა. ის თითქოს ფრთხილად შემოგვაპარებს ხოლმე ამბებს, რომლის სათავეებიც სწორედ სოციალურ უთანასწორობასა და უკიდეგანო სიდუხჭირეშია. ბავშვები აქ ცხოველებზე ძალადობენ და ახალი სიცოცხლეების შემქმნელებად, პატარა ღმერთებად გვევლინებიან. მკვდარი კატისა და ლეკვის სხეულების „სკოჩით“ ერთმანეთზე დაკავშირებით, ისინი ახალ, გლდანელ ჰიბრიდს ქმნიან. გლდანი სექტების თუ პრე-ქრისტიანული პრაქტიკების სავანეცაა. დაუვიწყარია რომანში აღწერილი ჭიაკოკონობის სცენა და მის ყველა „მიკროში“ აბრდღვიალებული კოცონები.

გლდანი ფარავს ყველა მოთხოვნას ყველა სერვისზე.
აქ შეგიძლია ილოცო, ისეირნო, ივაჭრო, ინადირო, იბოზო,
იქირაო, შეიმეცნო. მაგრამ პაემნები მაინც სხვაგან ინიშ-
ნება. აქ მცხოვრები ბიჭები მალავენ გლდანს, როგორც სი-
ღარიბეს, როგორც ხეიბარ მოხუც დედას, ახალ გოგოსთან
ჯერ რომ არ გამოიჩინება. გეგონება არ იცოდნენ, რომ იმ
გოგოებსაც ჰყავთ ეგეთი ხეიბარი მოხუცი დედები. 

ინტერტექსტუალური ხაზებით, გამორჩეული ესთეტიკით და იუმორით დატვირთულ ტექსტს კიდევ ერთ ჟანრობრივ შრეს სძენს ფანტასტიკური ლიტერატურის სტილისტიკური ნიშნები, რაც ტექსტს მთელი თავისი პერსონაჟებით, ერთი ვირტუალური სისტემის ნაწილად, ვირუსად აქცევს.

რომანის კრიტიკისას აღნიშნავდნენ, რომ ავტორმა საბოლოოდ არ იცის, საით წაიყვანოს თხრობა და პერსონაჟები. მაგალითისთვის ტექსტის მეორე ნაწილის, ერთი შეხედვით დაქსაქსულ და ფრანგმენტულ სტილზე მიუთითებდნენ. სინამდვილეში კი, ავტორი რომანით შესანიშნავად კრავს წრეს, რომლის პირველ კონტურებს ის დასაწყისშივე ხაზავს. რომანში ბოლომდე იშლება ის კომპლექსური კონცეფტი, რომელიც მკითხველს სხვადასხვა შრეში ამოგზაურებს და ყველგან განსხვავებულ აღმოჩენას უმზადებს. გლდანი კი ბოლოს ის ადგილია, საიდანაც საერთო აჯანყება იწყება  რევოლუცია სისტემის წინააღმდეგ.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა