
გურიის მეფე. თბილისის პირველი მერი
29.01.2018 | 5 წუთიანი საკითხავი„(გურულები) საგრძნობლად განსხვავდებიან... თავიანთი ნათესავებისაგან. თუ სხვა კუთხის ქართველები უპირატესად ვაჭრები არიან – პროფესიითაც და ხასიათითაც, – გურია ხელოვანთა ქვეყანაა, ცხოვრების ხელოვანთა“, – ასე წერდა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი.
ათასცხრაასიანი წლების დასაწყისში გურია, რომელიც პოლიციური რუსეთის იმპერიის პაწაწინა ნაწილს წარმოადგენდა, ფაქტობრივად დამოუკიდებელ მიწად იქცა – მეფის მთავრობა მას ვეღარ განაგებდა. გურიის გლეხთა რევოლუციური მოძრაობა 1905 წელს ე. წ. გურიის რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. მის მსგავსად, საქართველოს სხვადასხვა ნაწილში წარმოიშვა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც გლეხთა მოძრაობის ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება – არც რუსეთის იმპერიაში და არც არსად მსოფლიოში.
და რა გამოდის? ოცნება, რომელსაც რუსული ინტელიგენციის რამდენიმე თაობა გადაჰყვა, საქართველოში ასრულდა. გურიამ რევოლუცია განახორციელა და ფაქტობრივად მოიშორა მეფის მთავრობის ზეგავლენა. თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა მთავრობა „რესპუბლიკას“, ნათლად ჩანს პოდპოლკოვნიკ როჟანოვის მიერ შედგენილ შიდა მოხმარების ჩანაწერებში, სადაც „გურიის მოძრაობას“ მთელი თავი აქვს დათმობილი. იქ მითითებულია, რომ „გურული“ ეტიმოლოგიურად ნიშნავს „მუდმივ ყაჩაღს“ (!) და რომ ქართველთა შორის გურულები ყველაზე განვითარებული და მებრძოლი ხალხია. „გურულს იარაღი ხელში და წინ მტერი, – აი, მისი საქმე“, – ასე წერდა როჟანოვამდე კარგა ხნით ადრე გიორგი წერეთელი.
მალევე გლეხთა მოძრაობის საერთო ხელმძღვანელობა ხელში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აიღო. გურიაში დაარსდა „გლეხთა კომიტეტები“, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, შეიარაღებულ შენაერთებს, სტამბებს, აშენებდნენ გზებს, სამკითხველოებსა და სკოლებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და სხვა. მოკლედ, კომიტეტები აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს.
1904 წელს კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: „არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გურულები არიან ავანგარდი რევოლუციური მოძრაობის განვითარებისა მთელ კავკასიაში. გურულებმა 1904 წლის დასაწყისიდან მიზნად დაისახეს თავიანთი სოციალ-დემოკრატიული კლასთა თანასწორუფლებიანობის იდეების ცხოვრებაში გატარება, კაპიტალიზმის განადგურება და არსებული წესწყობილების შეცვლა დაშინების, ძალმომრეობის და ტერორის სახით“. მოხსენებაში არაფერი იყო გადაჭარბებულიო, – სიამაყით აცხადებდა ცნობილი მენშევიკი გრიშა ურატაძე.
გურულები ამ შემთხვევაშიც გამოირჩეოდნენ ორიგინალურობით და საკუთარი პრეზიდენტიც კი ჰყავდათ. ეს იყო ბენია ჩხიკვიშვილი. სხვანაირად – გურიის მეფე. მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ დასავლეთ საქართველოს რკინიგზაზეც. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ. ჩხიკვიშვილი ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით დადიოდა და ყოველი შემხვედრი მოწიწებით უთმობდა გზას. იმ დროს ის ჯერ 25 წლისაც არ იყო.
ამ პიროვნებაზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე ბრძოლას შეალია, ჩვენი ისტორიოგრაფია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დიდად არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას და არც ახლა სწყალობს მაინცდამაინც. პროფესიით მასწავლებელი, ბენია ჩხიკვიშვილი, ქუთაისში გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, ავრცელებდა პარტიის არალეგალურ ფურცლებსა და ლიტერატურას. ის შესანიშნავი ორატორი ყოფილა და მის მოსასმენად ხალხი სპეციალურად იკრიბებოდა. მოღვაწეობდა ბათუმში, კახეთსა და შემდეგ გურიაში. ბათუმში ყოფნისას გამოავლინა არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი, დაგეგმა და თავად მონაწილეობდა რუსების მიერ დატყვევებული ამხანაგის გამოხსნაში, რაც განუხორციელებლად მიაჩნდა უმრავლესობას.
ისიდორე რამიშვილი იგონებდა: ერთხელ ბათუმში, ჩემი ბინის ჩხრეკისას მოულოდნელად ღიღინით მოვიდაო ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც ჯიბეები გატენილი ჰქონდა არალეგალური ლიტერატურით. დაინახა პოლიცია, მაგრამ არ დაიბნა და შეწუხებული სახით რამიშვილს შეეკითხა: „ხომ არ იცი, სად არის მღვდელი სიმონ თოთიბაძე, მამა მიკვდება უზიარებელიო“. ეს თქვა, მიტრიალდა და სწრაფად გაშორდა იქაურობას. უკან დაედევნენ – სტოი, სტოი, უყვიროდნენ, მარა რას მიეწეოდნენ, ჩიტივით მიფრინავდაო.
1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ნასაკირალთან გურულმა წითელრაზმელებმა კაზაკე-პლასტუნებს ბრძოლა გაუმართეს, დაამარცხეს და უკუაგდეს. დოკუმენტების მიხედვით, ნასაკირალის ბრძოლას ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტი, კერძოდ კი ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი და სხვები.
თურმე, უსარგებლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ბენია ჩხიკვიშვილი უარზე ყოფილა, ნასაკირალის უღელტეხილზე თავდასხმა არ მოვაწყოთო, მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილებას მაინც დაემორჩილა, თავად წავიდა ნასაკირალზე და იქ შეკრებილ რაზმელებს დავალება მისცა – ვინ სად უნდა ყოფილიყო და როგორ ემოქმედა...
1905 წლის იანვარში სადამსჯელო რაზმებმა სისხლში ჩაახშვეს გურულების გამოსვლები და გურიის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. კომიტეტის დადგენილების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტი ბენია ჩხიკვიშვილი გურიაში დარჩა. ის მაღალი ტანის კაცი იყო და თურმე ხუმრობით ამბობდა: „ამ სიმაღლის კაცი ქალაქში რაფერ დავიმალები?“ გურიის დატოვება „თავისთვის შეუძლებლად მიიჩნია და განაგრძობდა გურიაში მუშაობას, აქა-იქ მინგრეული ორგანიზაციების აღდგენას და ამ მიზნით ერთი კუთხიდან მეორეში გადადიოდა“, – აღნიშნავდა ნოე რამიშვილი. ერთი ასეთი მგზავრობის დროს, 1906 წლის 19 თებერვალს, სოფელ აკეთში ის შემთხვევით კაზაკთა პატრულს გადაეყარა. ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს და გადააგზავნეს ოზურგეთში, სადაც მაშინვე ამოიცნეს.
„გურიის რესპუბლიკის“ და მისი მთავრობის სასამართლო თბილისიდან ოდესაში გადაიტანეს, რადგან სასამართლოს წევრებს გურული ტერორისტების თავდასხმების ეშინოდათ. ამას გარდა, დაახლოებით სამოცამდე მოწმემ განცხადებით მიმართა მეფისნაცვალს, თბილისში ვერ ჩამოვალთ, რადგან მანდ ჩვენი მოკვლის საშიშროება არსებობსო. საშიშროება მართლაც არსებობდა – ტერორისტებს ოთხი მოწმე უკვე მოკლული ჰყავდათ. ასე გადაეცა საქმე ოდესის სასამართლო პალატას. ოდესაში საქმის გადატანის ერთ-ერთ მიზეზად ბენია ჩხიკვიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ასახელებენ, რის შედეგად „პროცესი დემონსტრაციად გადაიქცაო“. საბოლოოდ, ჩხიკვიშვილსა და მის თანამებრძოლებს სხვადასხვა ვადით გადასახლება მიუსაჯეს. ეს რომ კომუნისტების მმართველობის დროს მომხდარიყო, არც ერთს არ გაუშვებდნენ ცოცხალს...
1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებული ჩხიკვიშვილი შავი ზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაგზავნეს, სოხუმის დემოკრატიულმა თვითმმართველობამ კი ის ქალაქის თავად აირჩია.
ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის ერთ-ერთ გავლენიან პირად იქცა: მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და თბილისის პირველი და უკანასკნელი სახალხოდ არჩეულ მერი. როგორც აღნიშნავენ, მის დროს დედაქალაქი „საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა“.
მერად ყოფნისას ჩხიკვიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ფიროსმანის სურათების შეგროვებაში. როცა ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში ფიროსმანის ტილოებს აგროვებდა, თურმე შეხვდა ერთ მიკიტანს, რომელსაც ფიროსმანის ნახატების ძვირფასი კოლექცია აღმოაჩნდა, მაგრამ გაყიდვა არ სურდა. შევარდნაძემ საშუამდგომლოდ ბენია ჩხიკვიშვილს მიმართა, ის კი დაემუქრა მიკიტანს – დუქანს დაგიხურავო. მიკიტანსაც სხვა გზა არ ჰქონდა, ფიროსმანის ნამუშევრები გაყიდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა დუქნებს გადასახადები დაადეს, ის მიკიტანი მივიდა ჩხიკვიშვილთან და გადასახადებისაგან გათავისუფლება მოითხოვა – სურათები ხომ გამაყიდვინეო და მიაღწია კიდევაც მიზანს.
ბენია ჩხიკვიშვილი, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი, ბოლშევიკების წინააღმდეგ ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში გამართულ შეტაკებებშიც იბრძოდა, მან გამოაჩინა ადმინისტრატორის ჩინებული თვისებები და 1920 წელს ბათუმის ოლქის შემოერთებისას გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
საინტერესოა, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოში თავი მოიყარა რუსეთის ბოლშევიკურ ქაოსს გამოქცეულმა რუსული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა. ერთ-ერთი მათგანი იყო პოეტი ოსიპ მანდელშტამი, რომელიც ბათუმში ჩავიდა, მაგრამ როგორც საეჭვო პირი დააკავეს. მის გასათავისუფლებლად ტიციან ტაბიძემ და ნიკოლო მიწიშვილმა გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილს მიმართეს. ჩხიკვიშვილმა ბრძანა მანდელშტამის მიყვანა, – იგონებდა მიწიშვილი, – „შემოვიდა კბილებჩაცვენილი, მელოტი, დაბალი და ჩამომხმარი ურია, რომელსაც ფეხზე დახეული წუღები ეცვა, ტანზე წვირიანი ბლუზა და მუხლებმოგრეხილი შარვალი. სანახაობა უწვერ-ულვაშო და ბიბლიური. ახედ-დახედა ჩხიკვიშვილმა, მოგვიბრუნდა და გვითხრა ქართულად:
– მე მართლა კაცი მეგონა და ეს რა საშინელება ყოფილა, ე სახლკარდასაქცევი.... შემდეგ დასვა, თავაზიანად, დიპლომატიურად გამოარკვია, რომ ის მართლაც პოეტია და ბოდიში მოუხადა“.
ჩხიკვიშვილის ბრძანებით „მანდელშტამმა მიიღო ფული, რომელიც შემოსავდა შიშველ პოეტს და წესიერად აცხოვრებდა ერთი თვის განმავლობაში“.
1921 წლის თებერვალში ჩხიკვიშვილი აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. როცა 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლები მიმდინარეობდა, გერონტი ქიქოძე მომსწრე გახდა ერთი ამბისა: „რუს ტყვეებს შორის მძიმედ დაჭრილები ერივნენ. ერთი მათგანი რატომღაც, ერთი სახლის აივანზე დაეწვინათ სოლოლაკში. ერთი ფეხი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა. გაფითრებული ტუჩებით პაპიროსი ითხოვა. ბენია ჩხიკვიშვილმა, რომლის ვაჟკაცურ გარეგნობას და ხასიათს მაღალი ცილინდრი და თეთრი ხელთათმანები ნაკლებად შეეფერებოდა, პორტსიგარი მიაწოდა. ვიღაცამ უთხრა, პაპიროსით თბილისის გენერალ-გუბერნატორი გიმასპინძლდებაო. მომაკვდავმა ეს ცნობა გულგრილად მიიღო, მხოლოდ თამბაქო ხარბად მოსწია...“
გასაბჭოების შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა. რა თქმა უნდა, შეეძლო არც დაბრუნებულიყო, რადგან მძიმედ იყო ავად, მაგრამ თავს ვალდებულად მიიჩნევდა, ასე მოქცეულიყო. ის იმდენად ფრთხილობდა, საკუთარი ოჯახის სანახავად არც მისულა. ამიტომ მისი უმცროსი შვილი, ოთხი წლის სლავა კონსპირაციულად მიუყვანეს ბინაზე, ხოლო უფროს ვაჟებს, იმის შიშით, რომ სადმე არ წამოსცდენოდათ, მამის ჩამოსვლის ამბავი სულ არ გააგებინეს. მოგვიანებით სლავა ჩხიკვიშვილი მამასთან ქურდულ შეხვედრას ასე იხსენებდა: ვიღაც წვერებიანი კაცი მეფერებოდა, მკოცნიდა და განუწყვეტლივ იძახდა, – ჩემო შვილო, შვილო...
აჯანყებაში მონაწილეობისთვის ფარულად დაბრუნებული ჩხიკვიშვილი ბოლშევიკებმა ამ ამბიდან მალევე დააპატიმრეს, სუზდალის ციხეში ჩასვეს, ცოტა ხანში კი საქართველოში გამოამგზავრეს და სადღაც, რუსეთის ტერიტორიაზე, ნოე ხომერიკთან, გოგიტა ფაღავასთან, გიორგი წინამძღვრიშვილსა და ვასო ნოდიასთან ერთად დახვრიტეს... „როგორც ამბობენ, ისინი ვაჟკაცურად შეხვდნენ სიკვდილს“, – წერდა გერონტი ქიქოძე.
ნოე რამიშვილი პარიზში გამომავალ ჟურნალ „ბრძოლაში“ (#3, 1925) კი აღნიშნავდა: „საქართველოს ჯალათებმა ბენია ჩხიკვიშვილი დახვრიტეს, მაგრამ შეუძლებელია ხიშტით იდეის დამორჩილება, აგრეთვე 24 წლის განუწყვეტელ ბრძოლის წაშლა“.