ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მოგზაურობა

გზა სულ არის იმოგზაურო დაბალი ბიუჯეტით

ცხოვრება რომ მოგზაურობაა და არა შეჯიბრი - ეს გამოთქმა ყველაზე ადექვატური მაშინ ხდება, როცა დაძაბულობას იხსნი, ეშვები და თავგადასავალს ნებას აძლევ “გადაგხდეს”.
თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, არც ისე ხშირად ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას მოვეშვათ და ბოლომდე მივენდოთ წამს. ყოველთვის არის  „მაგრამ“, რაც თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს. მაგალითად, ზოგიერთისთვის „მაგრამ“ ფინანსურ დაბრკოლებას წარმოადგენს, ზოგისთვის დროის ნაკლებობას, ზოგჯერ კი „მაგრამ“ პატარა შვილია, რომელთან ერთადაც არ ვიცით, რამდენად გამოგვივა მოგზაურობა. ერთი სიტყვით, დამაბრკოლებელ ფაქტორებს რა დალევს... თუმცა დღეს გაგაცნობთ ადამიანებს და მოგიყვებით ისტორიებს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ გზა სულ არის იმოგზაურო, თუნდაც დაბალი ბიუჯეტით. ამ დროს მოთხოვნებს დაბლა სწევ, ღამეს ათევ თუნდაც სადა და უბრალო საოჯახო სასატუმროში, გზად შემხვედრი მანქანის მძღოლს სთხოვ შემდეგ პუნქტამდე მიყვანას და დაგეგმილი მარშრუტიდან უყოყმანოდ უხვევ სხვა ახალი ადგილის სანახავად, რადგან ეს ადგილი ახლად გაცნობილმა უცხო ადამიანმა გიქო.

ასე ცხოვრობენ მოგზაურები, რომელთა ერთობასაც, პირობითად, დაბალბიუჯეტიან მოგზაურთა კომუნას ვარქმევ და მის ერთ-ერთ წევრს, გიდსა და გამყოლს, ნუცა ცქიმანაურს, მოგზაურობის თავისებურებებზე ველაპარაკები. მაგალითად, ნუცა მეუბნება, რომ ანბანური ჭეშმარიტებაა - დაბალბიუჯეტიანი ტურისტისთვის საუკეთესო მეგობარი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. თუ ზღვაზე მიდიხარ, მაგალითად ბათუმში, მატარებელი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულია. მთაში წასასვლელად, კი ყველაზე მოხერხებული სამარშრუტო ტაქსი ან ე.წ. «დაშეარებული» ტაქსია.

ნუცა ერთ ამგვარ ამბავსაც მიყვება სპონტანურობების ჯადოსნობაზე: «მე და ჩემი მეგობრები ექსპრომტად ვწყვეტდით ხოლმე მოგზაურობას.  წავიდოდით დიდუბეში და რა «მარშუტკაც» გადიოდა, მას მივყვებოდით. ერთხელ ასე წავედით ხაშურში. ხომ ვერ წარმოიდგენ,  რომ ხაშურში მოგზაურობა საინტერესო შეიძლება იყოს, არადა, თვითონ “მარშრუტკის” მძღოლმა გვირჩია, აქეთ წრომის ეკლესია და სხვა საინტერესო ადგილებიაო. ჩვენც ჩამოვედით ოსიაურის გადასახვევთან და მთელი ის მხარე მოვიარეთ. უკანა გზაზე, ავტოსტოპზე დავდექით და გაგვიჩერა ტრაილერმა. ასე რომ, თბილისში ტრაილერით ჩამოვედით.  ტრაილერით მგზავრობას თავისი წესები აქვს, აუცილებლად უნდა გაიხადო ფეხზე. თან ეს ისე უნდა ქნა, რომ შიგნით არაფერი დასვარო. იმიტომ, რომ კაბინა არის მძღოლის პირადი სივრცე. მერე ეს მძღოლი კარგადაც გაგვიმასპინძლდა და შკოლადებიც გვაჭამა. ეს სპონტანური მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის».

საქართველოს ბევრ მხარეში საკემპინგე ადგილები უკვე მოწყობილია. ზოგან პატარა კოტეჯებიცაა, სადაც ოჯახსაც კი შეუძლია დარჩეს, ანდა მთელი სამეგობრო შეიყაროს. ასევე, ბევრი ჰოსტელია, სადაც, თუ მაინცდამაინც არ გინდა, რომ უცხო ადამიანებთან ერთად მოხვდე, კერძო ოთახსაც გამოგინახავენ. ასე გაატარა ნუცამ ბათუმში, ერთ-ერთი ჰოსტელის კერძო ოთახში რამდენიმე დღე თავის 4 წლის შვილთან ერთად.

ჰოსტელი ყველაზე ბიუჯეტურია, AIRBNB -ზე ან Trip Advisor-ზე შესაფერისი დასარჩენი შენც შეგიძლია მოძებნო და მასში 15-20 ლარზე მეტი არ გადაიხადო. თუმცა, ნუცას თქმით, არსებობს  ხალხი, ვისაც უნდა, რომ უბრალოდ კარავში ეძინოს. საკმეპინგე ადგილებზე ეს სერვისიც აქვთ. გთავაზობენ კარვებს, სადაც არის მატრასი, საძილე ტომარა, გაზქურა - მოკლედ, მინიმალური კომფორტი.

“კემპინგი არ ნიშნავს წელში გაწყვეტას, “ანაკომის” სუპის ჭამას და ტანჯვას. ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა ინგრევა. ყველგან შეგიძლია გემრიელი საჭმელი გააკეთო და ელემენტარული კომფორტი შექმნა. მაგალითად, მე, აწუნთას ბილიკზე, ხევსურეთიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე,  ჩემი ტურისტებისთვის ბოსტნეულის სუპიც მომიხარშავს და ბლინებიც გამომიცხვია”, - მიყვება ნუცა, რომელიც თეატრალურზე სწავლობდა, მაგრამ მისი სამსახიობო კარიერა ვერ აეწყო, სამაგიეროდ, ახლა “ერთი თეატრია ხოლმე ავტობუსში”, როცა სადმე ტურისტები მიჰყავს.

ნუცას  ფეისბუქზე შეხვდებით მოგზაურობის ფოტოებს, საიდანაც შეიტყობთ, რომ  მაგალითად მისი შვილი, ალექსი, 7 თვის იყო როცა პირველად ფარავნის ტბაზე ჰყავდათ მშობლებს და იქიდან აბულის მთას აჩვენებდნენ. ეს ოჯახური ტრადიციაა - 2015 წლის შემდეგ, ნუცა და მისი ქმარი, ნინაობას სულ ფარავანზე ადიან. მომავალი წლის 1 ივნისს გეგმავენ მაქსიმეს, მეორე შვილის წაყვანასაც. 

ცოტა ხნის წინ გავარკვიე, რომ ტურისტების რამდენიმე კატეგორია არსებობს და მათ შორის არიან შუა ასაკის ადამიანები,  რომლებიც ექსტრემალურ თავგდადასავალს ეძებენ, ზურგჩანთით მოგზაურობენ და ძალიან დიდ თანხას სწორედ ამაში ხარჯავენ - ვთქვათ, მთაში, კარვებით მოგზაურობაზე.

“მივდივართ  მაგალითად აწუნთის ბილიკზე. თუ 12 კაცი მოგზაურობს, 8 ცხენი მაინც უნდა გვყავდეს. ამ ყველაფერს უნდა თავის კარვების გამშლელი და ამშლელი, ჭურჭლის მრეცხავი და ა.შ. ანუ ეს ჯგუფი სხვა ბევრ ადამიანსაც ასაქმებს. ასევე 3-ჯერადი კვება გვაქვს და ღამეს ათენებ ღია ცის ქვეშ. სწორედ ამას ვეძახით ჩვენ ათასი ვარსკვლავის სასტუმროს, რადგან ღია ცის ქვეშ წევხარ და ვარსკვლავებს აჰყურებ”, - მიყვება ნუცა და მაფრთხილებს, რომ ოღონდ ამ ძვირადღირებული ტურების ფასი ზოგჯერ 1500 დოლარიდან იწყება.

დაბალბიუჯეტიანი ტურების კომუნა კი, თაყვანს სცემს სპონტანურობას, თუმცა, ამავდროულად, სწორი დაგეგმვის ფასი სხვებზე უკეთ ესმით. დაბალი ბიუჯეტი არ ნიშნავს იმას, რომ უსიამოვნო სიურპრიზებს მოუმზადებელი შეხვდე - ცუდ ამინდს, გაფუჭებულ გზას შესწირო ჩანაფიქრები. ახალბედებს გამოცდილი მოგზაურები ინსტრუქტაჟსაც უტარებენ. მაგალითად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიახ, შატილში წასვლა 65 ლარადაც არის შესაძლებელი, მაგრამ შატილში ცუდი გზა ადის, შეიძლება სულაც ჩამოიშალოს, 100 კმ-ის რადიუსში კი დასახლებული პუნქტი სულ არ შეგხვდეს - ასეთებზე არ უნდა ვიწუწუნოთ.

საერთოდ, საწუწუნო რა არის? მთავარია ადგილობრივ ადამიანებს შეხვდე და ადგილობრივთა ამბები მოისმინო. სწორედ ამ კონცეფციით შექმნა ნუცამ მეგობრებთან ერთად მიმართულება - “ურბანული ტურები”. თუ მათ გაჰყვებით, იაფად მოივლით დუშეთს, ფოთს, სენაკს, გორსა თუ სიღნაღს და ამ  ქალაქების ისტორიას ადგილობრივი გიდებისგან გაიგებთ - რადგან მხოლოდ ადგილობრივებმა იციან საუკეთესო ამბები თავიანთ ქალაქებზე.

თუმცა, ტურიზმის სფეროში ჩახედული ადმაიანები ფიქრობენ, რომ ტურიზმს ერთი უარყოფითი აქვს - თავიდან ქვეყანა იზიდავს ყველას თავისი პირვანდელი, ნამდვილი სახით, მერე კი ის ნამდვილი სახე იკარგება და იქმნება გამოგონილი, ყალბი, ათასჯერ მოყოლისგან გაზედაპირულებული, გაცვეთილი იმიჯი. ასეა, როცა ავთენტურის შენარჩუნების ნაცვლად, ტურიზმი მხოლოდ ბიზნესად იქცევა. ასე ფიქრობს გამოცდილი მოგზაური ბაჩო ქართველიშვილიც. სათავგადასვლო მოგზაურობის კომპანია «ჯორჯიან ჰოლიდეისი», რომელიც მეგობრებთან ერთად დააარსა, ძირითადად, უცხოელ ტურისტებს ემსახურება. თავად ბაჩო კი ის ბიჭია, რომელიც სულ ველოსიპედით დადის და ოთხი შვილიც ხშირად ამ ტრანსპორტით დაჰყავს - წინ დამაგრებულ ერთ სკამში ერთი ტყუპი მოკალათებულა, უკან - კიდევ ერთ სკამში კიდევ ორი ბავშვი ზის. უსაფრთხოების ზომებიც  დაცულია, ყველა ჩაფხუტით მგზავრობს.

ბაჩო ამბობს, რომ თუ დაბრკოლებად არ ვაქცევთ უგზოობას, უტრანსპორტობას, მოგზაურობიდან საუკეთესო ამბებს შევაგროვებთ. ის სწორედ ამბების შემგროვებელი მოგზაურია. ერთხელ, თურმე, შუა პანდემიის დროს, ლიხნის გაუვალ ბილიკს დაადგა. ეს ხესვურეთიდან თუშეთში გადასასვლელი ხუთდღიანი მარშრუტია. გზად ომალოში გაჩერდა, სადაც ყველაფერი დაკეტილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბაჩოს კარავში ძილი უყვარს, 3 დღის შემდეგ მაინც დაუწყო ღია გესტ-ჰაუსს ძებნა. ასე მიაგნო სოსო ბაბუაიძის სასტუმრო სახლს, სადაც შეიფარეს, გაუმასპინძლდნენ და დააძინეს. “რეგულაციების დროს რომ არ შეეშინდათ და შემიფარეს, ეგაა აქ ყველაზე მთავარი. ასე ტკბილად არც ერთ გესთ-ჰაუსში არ მძინებია”, - იხსენებს ბაჩო.

მისთვის სათავგადასავლო ტურები არა ექსტრემალურს, არამედ არასტანდარტულს ნიშნავს. მაგალითად, ბაჩო ურჩევს დაბალბიუჯეტიან ტურისტებს, ნახონ მთავარი სანახაოებები, მაგრამ დრო დაუთმონ იმგვარ სოფლებსაც, სადაც ტურისტი თავისით ვერ მოხვდება, მაგრამ სწორედ იქ აღმოაჩენს ადგილობრივთა ნამდვილ ხასიათს. “მაგალითად, სვანეთში არის სოფელი წვირმი, რომელიც მარკირებულ ბილიკზე არ მოხვდა, მაგრამ ძალიან ლამაზი სოფელია. ასევე, მგონი საკმარისად არ აუთვისებიათ მოგზაურებს ქვემო სვანეთი, ლენტეხი. ძალიან საინტერესო მხარეა ლეჩხუმიც, სადაც, ლაილაშის აუზის გარდა, ულამაზესი ადგილებია - ოყურეში, ტვიში და უსახელოურის მიკროზონა”, - ამბობს  ბაჩო. ის დღეს ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს ადგილობრივებს და ტურისტებსაც - ისინი იმგვარ ადგილებში წაიყვანოს, სადაც თავისით ვერ წავიდოდნენ. მაგალითად, სოფელ ხიხაძირში, ზემო აჭარაში, სწორედ იქაა იაშა გაბაიძის გესთ-ჰაუსი, რომელიც ჯადოსნური ადგილია - ყველას უყვარს იმიტომ, რომ სადა და ნამდვილია.

საბოლოოდ, ვხვდები: ბაჩოსგან და ნუცასგან რასაც მოგზაურები ვსწავლობთ, არის ის, რომ შინ დასარჩენად მიზეზები არ მოვიგონოთ, მათ შორის - არც შვილები. “3 თვის იყვნენ ტყუპები, როცა სვანეთში, ქორულდის ტბებზე წავიყვანეთ. სვანეთი, გურია, აჭარა - ყველგან ვყოფილვართ ერთად. გესტჰაუსებში, ჰოსტელებში - ხან სად გვძინებია, ხან - სად. ბევრი მეგობრები გვყავს და მათთანაც ხშირად გაგვითენებია ღამე”, - მიყვება ბაჩო.. 

ვხვდები, რომ სპონტანურობისა და გზიდან გადახვევის სურვილის გარდა, ამ კომუნის მთავარი კრედოა: დაბრკოლებებს - უარი. არც მცირეწლოვანი შვილებია მიზეზი შინ რომ დარჩეთ და არც მკაფიო გეგმის, ანდა მანქანის არარსებობა. მხოლოდ ამ უსაზღვრო თავისუფლებაში გადაშვებით თუ დავუმტკიცებთ თავებს, რომ ეს ცხოვრება მოგზაურობაა და არა შეჯიბრი. მოგზაურობის გამრავალფეროვნებას კი მაშინ შევძლებთ, როდესაც მივხვდებით, რომ გზა სულ არის.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა