მოგზაურობა და ეკოლოგიური მიდგომები „ჰილტონ ბათუმში“
როგორია სასტუმროს ბიზნესის მართვის ახალი მოდელი
სინათლე და გულითადი დახვედრა - ბიზნესმენ კონრად ჰილტონს საუკუნეზე მეტი ხნის წინ წარმოედგინა, რომ მთავარი, რისი გავრცელებაც სტუმართმასპინძლობის სფეროში უნდა შეძლო, ეს ორი რამ არის.
ჰილტონის სასტუმროები, სადაც არ უნდა იყოს გახსნილი, დღესაც ამ დევიზს მიჰყვება - საქმიანობს ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით და სხვადასხვაგვარი სტრატეგია, რომელსაც წლების განმავლობაში ხვეწენ და აფართოებენ, ამ პასუხისმგებლობის მაგალითია.
ასეთია, თუნდაც პროგრამა Travel with Purpose, რომელსაც ქართულად მდგრადი გარემოსდაცვითი მიდგომების გათვალისწინებით მოგზაურობა შეიძლება ვუწოდოთ. „ჰილტონ ბათუმი“ სწორედ ამ სტრატეგიით ოპერირებს და პასუხისმგებლიანი ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა - ცდილობს, სასტუმროში დარჩენის გამოცდილება სტუმრებისთვის ისე გარდაქმნას, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს და თან დადებითად შეცვალოს გარემოს დაცვის დინამიკა.
ლანა ჩხაიძე, ჰილტონ ბათუმის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჰილტონ ბათუმი გარემოს დაცვაზე 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი. სამივე მიმართულება ერთიანდება გლობალური ESG (Environmental, Social, Governance) სტრატეგიის გარშემო“.
„ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შუშის ნარჩენების შეგროვება და მათი გადამუშავება დავიწყეთ კვალიფიციურ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად. ვთანამშრომლობთ კომპანია „ტენესთანაც“ - ვაგროვებთ პლასტმასის ნარჩენებსა და ქილებს და მათ სეპარაციაზე ვზრუნავთ. ზაფხულიდან მოყოლებული ეტაპობრივად გადავდივართ დიდ დისპენსერებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ჰილტონში მოსული სტუმარი, თავის ნომერში პატარა ზომის ბოთლში მოთავსებულ შამპუნებს და ჰიგიენის სხვა საშუალებებს ვეღარ იხილავს. ამით ხელს ვუწყობთ პლასტმასის ნარჩენების შემცირებას - თავად განსაჯეთ, რამდენი ერთჯერადად გამოყენებული და რამდენიმე წუთში გადაყრილი პლასტმასის ნარჩენისგან ვიცავთ ბუნებას“, - დასძენს ლანა ჩხაიძე.
ჰილტონ ბათუმის ერთ-ერთი პრიორიტეტი ენერგორესურსების დაზოგვაცაა. სწორედ ამიტომ, სასტუმრო ლედგანათებებზე გადასვლას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფლორესცენტული ნათურა, რომელიც თავისთავად ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს, მთლიანად ლედგანათებით ჩანაცვლდება. ამ პროექტის სრულად ამუშავებას „ჰილტონ ბათუმი“ ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ დადებითი ეკოლოგიური გავლენის შესაქმნელად, ეს ცვლილებაც სოლიდურ შედეგს მოიტანს.
სასტუმრო ნომრების გარდა, გათბობა, გამწოვი სისტემა და განათება უმიზნოდ არ იხარჯება არც საკონფერენციო დარბაზებში. ენერგიის კონტროლს „ჰილტონ ბათუმი“ შენობის მართვის სპეციალური სისტემით ახორციელებს.
2023 წლის 26 იანვარს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ჰილტონ ბათუმში გაიმართა აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის და შემცირების ღონისძიება, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები და ტურიზმის დარგში მომუშავე კომპანიები ესწრებოდნენ.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური საკითხების შესახებ სოლიდარული მიდგომის შესაქმნელად. ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლება პირველი ნაბიჯია ბიზნესის მართვის ეკოლოგიური მოდელის დასანერგად. ჰილტონ ბათუმისა და სხვა სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებმა ამ დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საერთო გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვას გულისხმობს.
სასტუმროთა თანამედროვე სექტორში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა საკვების ნარჩენის დაგროვებაა. ასეა „ჰილტონ ბათუმის“ შემთხვევაშიც. თუმცა, საკითხი აქ სპეციალური პლატფორმის საშუალებით გვარდება.
„ვიყენებთ პლატფორმას, სადაც ყოველთვიურად შეგვყავს მონაცემები და გრამობით შეგვიძლია იმის გამოთვლაც კი, თუ რა ოდენობის ნარჩენი დაგვიგროვდა ერთ სტუმარზე. ეს მონაცემები აუცილებელია ნარჩენების შესამცირებლად. ასევე ვცდილობთ, არ გადავყაროთ ნარჩენები, რომელთა გამოყენება კიდევ შეგვიძლია. მაგალითად, ფორთოხლის კანისგან შეიძლება ჯემი გაკეთდეს და შეფები ასეც იქცევიან - ცდილობენ უდანაკარგოდ გამოიყენონ მაღალი ხარისხის პროდუქცია. ასეთი მიდგომა გვეხმარება თვიდან თვემდე მომხარებლის მიერ დატოვებული ნარჩენი საგრძნობლად შემცირდეს“, - ამბობს ლანა ჩხაიძე.
სასატუმროს წარმომადგენლები ცდილობენ იმასაც, რომ სხვადასხვა ფორმატისა და სიდიდის შეხვედრების დროს სტუმრებს ორგანული საკვებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო კერძების რაოდენობა დელეგაციების წევრების რეალურ რაოდენობას მიუსადაგონ.
„სასტუმროში მოსულ სტუმარს შეუძლია დღე-ღამეში 1 კგ ნარჩენი გამოიმუშაოს. კონტეინერები, შეფუთვები, აბაზანის აქსესუარები, საკვები. აუცილებელია, რომ ამ ნარჩენს მივცეთ შესაბამისი მიმართულება ისე, რომ გარემოზე არ ჰქონდეს შეუქცევადად მძიმე გავლენა. როცა კომპანია ასე იწყებს საკუთარი საქმიანობის ტრანსფორმაციას, ამით არა მარტო ფინანსური ხარჯი უმცირდება, არამედ ამცირებს ეკოლოგიურ ზიანსაც. „ჰილტონში“ გვსურს, რომ მაგალითი გავხდეთ სხვებისთვისაც - თუნდაც არაქსელური, უფრო მცირე ზომის სასტუმროებისთვისაც“, - ამბობს ლანა ჩხაიძე.
ამგვარი ცვლილებების დაგეგმვისას სოლიდარობა მართლაც უმნიშვნელოვანესია. როცა მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს ეკოლოგიურ მიზნებს ბევრი კომპანია დაუქვემდებარებს, შედეგიც მეტად ხილული იქნება - ეს შედეგია ჯანსაღი გარემო და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ჰუმანური საზოგადოება.
ფოტო: ირაკლი ძნელაძე
ტექსტი: ნინო კვირიკაშვილი