ჰკითხე შენს თავს: რა გსურს სინამდვილეში?
14.01.2018თანამედროვე სიბრძნის სამწუთიანი ვერსია
თანამედროვე ადამიანი არნახულად მდიდარ სააზროვნო არეალში ცხოვრობს, რაც ერთი მხრივ ფუფუნება, მეორე მხრივ კი, გამოწვევაა.
დღეს ჩვენთვის არა მხოლოდ ერთბაშად და მყისიერად იხსნება პლანეტაზე დაცული ყველანაირი ცოდნის, ინფორმაციის, კალკულაციის, პროგნოზისა და პროგრესის კარი, არამედ იხსნება ყველა კარიბჭე, რომლის მიღმაც ათასწლეულების განმავლობაში გამობრძმედილი ფილოსოფიური ყალიბებია. თითქოს, დღეს ყველაზე ადვილია, აირჩიო შენზე მორგებული ფილოსოფია (რადგან ყველანაირი ფილოსოფია უკვე არსებობს); ადვილია მიჰყვე შენს გზას, მაგრამ თან ეს პროცესი ყველაზე დამაბნეველიცაა. ვის აქვს დრო და ძალა, ვის ეყოფა კონცენტრაციის უნარი, ზუსტად გაარჩიოს სიმართლე ტყუილისგან, რწმენა ურწმუნოებისგან, სიბრძნე სიცრუისგან, სიზმარი ცხადისგან, სიყვარული შეჩვევისგან, გატაცება ილუზიისგან, მოწოდება აკვიატებისგან, დრო უდროობისგან, გართობა საქმისგან, რუტინა შვებულებისგან, რომი არდადეგებისგან, ადამიანური საწყისი ხელოვნური ინტელექტისგან. თითქოს, ამ დამაბრმავებელი სიჭრელის წინაშე მდგომი ადამიანი გველის კანივით გლუვ გარსში ეხვევა თავდასაცავად, შემეცნებას წყვეტს და ცხოვრობს განგრძობით რუტინაში, რომელიც ერთ, ციკლურად განმეორებად დღეს ჰგავს.
ამიტომ ნუ გვიკვირს, თუ საკუთარ მისიებსა და მიზნებში, საკუთარ კომფორტსა და ყოფით ბრძოლებში ჩაფლული ადამიანები თავისით ხშირად არ ეძებენ, მაგრამ თუ შემოხვდათ, აუცილებლად უსმენენ შთამაგონებელ ლექციებს, მომხიბვლელი ფილოსოფიური მოძღვრებების დემო-ვერსიებს და ზოგჯერ პათეტიკითა და პლაკატურობით გაჟღენთილ ქადაგებებზეც უჩუყდებათ გული. მათთვის (ანუ ჩვენთვის) ასეთი შინაარსები მინიშნებას ჰგავს იმ უნარებზე, რაც გვქონდა და დაგვავიწყდა; იმ შინაგან ცვლილებებზე, რასაც ვეღარ განვიცდით; მინიშნებას ჰგავს ძალიან ცოცხალ და ადამიანურ პროცესზე, რომელიც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე კაცობრიობისთვის გაწყდა.
სწორედ ამიტომ ისმის თანამედროვე ფილოსოფოსების კითხვა ხმის გამაძლიერებლის ეფექტით მთელ მსოფლიოში: ვინ ხარ შენ და რა გინდა სინამდვილეში? რა ფილოსოფიას ირჩევ? რა გიმაგრებს ზურგს ამ ცხოვრებაში?
სწორედ ამიტომ ჰყავთ ted.-ზე გამომსვლელ მეცნიერებსა და ვიზიონერებს მილიონობით მსმენელი. ერთ-ერთ მათგანს – აღმოსავლური ფილოსოფიის დასავლეთში გადმომტან ბრიტანელ ფილოსოფოსს, ალან უოტსს კი – მილიონობით მიმდევარი.
1975 წელს გარდაცვლილი ფილოსოფოსის მთავარ გზავნილებზე ახალ ტექსტებს წერენ, ახალ არტისტულ ნამუშევრებს ამზადებენ, ახალი თავგადასავლებისთვის იყენებენ შთაგონების წყაროდ.
ალან უოტსისთანა მოაზროვნეები გვახსენებენ, რომ არსებობს კარი, რომელიც ჩვენ წინ აღმართულა, მაგრამ დაკეტილია და რომლის გახსნაც ხელახლა აღმოგვაჩენინებს საკუთარ თავს.
„ჰკითხე შენ თავს, რა გსურს სინამდვილეში, რა არ გაძლევს მოსვენებას, რა გარემოში ისურვებდი ყოფნას? როგორ იცხოვრებდი? დაფიქრებულხარ, ზუსტად რა გინდა? როცა ადამიანი ხვდება, რისი კეთება სურს, მე მას ვეუბნები – აკეთე, რაც გიყვარს და დაივიწყე ფული. იმიტომ, რომ თუ ფულია მთავარი, მაშინ ცხოვრება უბრალოდ დროის კარგვაა. რადგან… თუ საყვარელ საქმეს არ აკეთებ, ცხოვრება მხოლოდ არსებობას ემსგავსება“, – გვეუბნება ალან უოტსი ვიდეოში, რომლის ინგლისურენოვან ვერსიასაც youtube-ზე 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ჩემთვის მომხიბვლელი სწორედ ეს რიცხვია – 7 მილიონი მსმენელი – პირდაპირ ვხედავ ადამიანთა ამ 7-მილიონიან კოლექტივს, მოფუსფუსეს საკუთარ ყოველდღიურობაში, რომლებიც იწყებენ თუ არა ფიქრს ალან უოტსის მიერ დასმულ კითხვაზე, თავიანთი თუნდაც კომფორტული დღის წესრიგიდან წამსვე ვარდებიან.
რეჟისორი გიორგი პოპიაშვილი ალან უოტსის კონცეფციაზე აგებული ქართულენოვანი ვიდეოს რეჟისორია. ვიდეოკლიპი TBC Status-ის იდეური გზავნილია და კომპანია Holmes & Watson-ის ვიზუალური ხედვით დამზადდა. გიორგი ამბობს, რომ უოტსის ფილოსოფიიდან მისთვის ყველაზე ღირებული ისაა, რასაც სწორედ ამ კლიპში გაუსვეს ხაზი: „რა ძვირფასია რაღაცის აღმოჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი; როგორი შვების მომგვრელია იმისგან გათავისუფლება, რაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად გვბოჭავს – აღზრდა, გარემო, აქტუალური ტენდენციები, – შებოჭვის მიზეზებს ხან ვაცნობიერებთ, ხანაც – ვერა, დღევანდელობა მზა ყალიბებს გვაძლევს, წინასწარ მოცემულ დინებებში გვაგდებს, მაგრამ მერე აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ცხოვრებას ვხარჯავთ იმაში, თუ როგორ ვუპასუხოთ სტანდარტებს. სწორედ გავლენების მთელი ამ სპექტრის გადაფასებას არ ვაკეთებთ. და თუ ამ ვიდეოში ამ რეალობას ვინმე დაიჭერს, თუ ამ შეკითხვას ვინმე დასვამს საკუთარ თავთან, ეს უკვე პირველი ნაბიჯი იქნება ბედნიერებისკენ“.
გიორგი პოპიაშვილმა ალან უოტსის ფილოსოფიისადმი მიძღვნილ ამ ვიდეომდე კიდევ ერთი მსგავსი ხასიათის ვიდეო გადაიღო. „მეტი დრო ცხოვრებისთვის“ – ასე ჰქვია წინა ნამუშევარს, რომელიც იმ ყველაფრისთვის დროის გამონახვის სიამოვნებაზეა, რაც გვიყვარს, რისი კეთებაც გვაბედნიერებს. „პირველ ვიდეოში ვიზუალური მეტაფორებით გამოვსახეთ ის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაზოგილი დრო, ენერგია და ყურადღება გამოიყენოს, როგორ შეიძლება დაიხარჯოს მისთვის უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე“, – ამბობს გიორგი.
ახალ ვიდეოში ალან უოტსის დოკუმენტური აუდიომასალაა გამოყენებული – ტექსტი მისი ერთ-ერთი ლექციიდან. გზავნილი კი ყველა ჩვენგანისთვისაა, ვინც ახლა ამ ტექსტს ვკითხულობთ (თუნდაც ცალი თვალით, რადგან მეტი დრო არ გვაქვს); ვინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება შედგა; ვისაც გვაკმაყოფილებს კარიერა, შემოსავალი, დაგეგმილი და დასაგეგმი შვებულებები; ანდა პირიქით – ვინც ვფორიაქობთ, თვალი ცისკენ გვიშტერდება; ვისაც გვახსოვს, რომ რაღაც კითხვა გვაწუხებს საკუთარ თავთან, მაგრამ ვერ ვიხსენებთ – მაინც რა. ვუყუროთ ამ ვიდეოს, იქნებ, ყველას გაგვახსენდეს – რა გვინდოდა საკუთარი თავისგან.