
იდეოლოგიური ოპტიმიზმის შესახებ
05.09.2017 | 5 წუთიანი საკითხავი
რამდენიმე თვის წინ, კლაუდია რანკინეს, ამერიკელი პოეტის, პოემაში „მოქალაქე“ წავაწყდი ასეთ ცნებას – ჯონჰენრიზმი.
ეს ტერმინი 1970-იან წლებში, ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა, შერმან ჯეიმსმა გამოიყენა. იგი იკვლევდა განსხვავებებს თეთრკანიანი და შავკანიანი ადამიანების დაავადებებს შორის.
ჯეიმსის ერთ-ერთმა ინტერვიუერმა, შავკანიანმა კაცმა, რომელიც ღარიბ ოჯახში დაიბადა და არასრული ზოგადი განათლება მიიღო, 40 წლის ასაკში მოახერხა, ოჯახის სარჩენად საკმარისი მიწა ჰქონოდა. მაგრამ ამ დროს უკვე პიპერტენზიით, ართრიტითა და კუჭის წყლულით იყო დასნეულებული.
ამ კაცს ჯონ ჰენრი მარტინი ერქვა – ამერიკული ფოლკლორის გმირის სახელი, რომელიც, თქმულების თანახმად, გაეჯიბრა ფოლადის საწრთობ ძრავს და თავისი ძალისხმევით დაჯაბნა კიდეც. დაჯაბნა და ქანცგამწყვეტი შრომის შედეგად მოკვდა.
სახელობითი დამთხვევის გამო, ჯეიმსმა ჯონჰენრიზმი უწოდა მდგომარეობას, რომელშიც აფროამერიკელები სოციალური და რასობრივი უთანასწორობით გამოწვეულ წარუმატებლობებს ქანცგამწყვეტი შრომით პასუხობდნენ.
ჯეიმსი შავკანიან ამერიკელებში ჯონჰენრიზმის მაჩვენებელს სპეციალური კითხვარით ზომავდა. „როცა საქმე კარგად არ მიმდის, ნიშნავს, რომ მეტი უნდა ვიმუშაო“; „მე შემეძლო, ჩემი ცხოვრება ისეთი ყოფილიყო, როგორიც მინდოდა, მაგრამ საკმარისად არ მოვინდომე“ – ჯეიმსის თქმით, რაც უფრო ეთანხმება ადამიანი ამ მოსაზრებებს, მით უფრო მაღალია მასში ჯონჰენრიზმის მაჩვენებელი.
და რაც უფრო მაღალია ჯონჰენრიზმი, მით მწვავეა, მაგალითად, ჰიპერტენზია – აფროამერიკელებში ფართოდ გავრცელებული დაავადება.
დღეს უფრო ფართოდ და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივ პოლიტიკად ქცეულ ნეოლიბერალურ ჯონჰენრიზმზე, რომელიც ადამიანებს აჯერებს, რომ მათი წარუმატებლობის მიზეზი მონდომების, თავდადებული შრომის ნაკლებობაა.
მსგავსი იდეოლოგიური ოპტიმიზმი, რომ თუ მოინდომებ, სიღარიბეს თავს დააღწევ, არის სახელმწიფოს ანტისოციალური პოლიტიკის გამართლება: ამერიკული ოცნება.
რა დავუპირისპიროთ ასეთ იდეოლოგიურ ოპტიმიზმს? ცხადია, პესიმიზმი არ გამოგვადგება: უმოქმედობას კვებავს და ამართლებს. ჩვენ გვჭირდება მებრძოლი იმედი, რომ სხვაგვარი ცხოვრება შესაძლებელია.
ეს იმედი იქმნება მაშინ, როცა ვახერხებთ ორგანიზებას; როცა ერთობლივი ძალისხმევით ვპოულობთ ადგილს განუხორციელებელსა და შესაძლებელს შორის.