გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
იმერეთის მღვიმეები

იმერეთის მღვიმეები – როცა გაიცნობ, შეგიყვარდება

იმერეთი - მხარე, რომელსაც ყველაზე ხშირად გზად გავივლით ხოლმე - ბევრ აღმოსაჩენ ისტორიას ინახავს. ხშირად ეს ამბები ღრმად მიწისქვეშ, ანდა ფრიალო კლდეებსა თუ ხშირი ტყეებით დაფარულ ბორცვებს შორის იმალება - იმალება იქ, სადაც იმერული მღვიმეები ურთიერთდაკავშირებულ და ვრცელ ქსელს აბამენ.

იმერეთი თავისი მღვიმეებით ერთ მთლიან სისტემას ქმნის. ამიტომ ის, რაც ცალკეული გამოქვაბული გვგონია, შეიძლება სხვა ქვაბულში გასასვლელად გამოდგეს, შეიძლება დამაკავშირებელ დარბაზებს შეიცავდეს და იქ სულაც არ სრულდებოდეს, სადაც გზა ჩაიხერგა. მეცნიერები ამ სისტემის სრული სურათის დასანახად დღესაც მუშაობენ.

ასე რომ, თუ თქვენც მოგზაურობისას საიდუმლოთა ამოხსნა გავსებთ აზარტით, საწყისი წერტილის პოვნას და შედეგ მღვიმეთა გამოკვლევას გირჩევთ. იმერეთის მღვიმეების მთავარი ხიბლი ისაა, რომ არც ერთი ჰგავს ერთმანეთს. თითოეული ნაღვენთი ფორმა უნიკალურია. ბუნება თავად ძერწავდა ამ ფორმებს, შედეგად კი ულამაზესი მიწისქვეშა სამყაროები შეიქმნა.

თუმცა, მოდი, ეს საწყისი წერტილი პრომეთე იყოს - პრომეთე იყოს ქსელის დასაწყისი, სადაც რაღაც ძალიან ძველ და ამით ძალიან იდუმალ ცოდნას დედამიწისა და ადამიანის შესახებ, მართლაც შეეხები, თუ მოინდომებ. იმერეთის ამ დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და განვითარებას უკვე 12 წელია საქართველოს ბანკი უჭერს მხარს.

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმეში საფეხმავლო ბილიკი 1420 მეტრზეა გაჭიმული. დამთვალიერებლისთვის მხოლოდ 6 დარბაზია გახსნილი, რეალურად კი ბევრად მეტი, 17-ია აღმოჩენილი. აქ სიარული მიწისქვეშეთში ჩასვლას და იქ სხვა სამყაროს აღმოჩენას ჰგავს. მიზანსცენას უცხო პლანეტელების შესახებ გადაღებული ფილმისთვის. უცნაური ადგილია - ინფორმაცია და დოკუმენტური ცნობები იდუმალების განცდას კი არ აქარწყლებს - ჩვეულებრივს კი არ ხდის, პირიქით, მისტიკას ამძაფრებს. დიდი, პრეისტორიული ისტორიის ნაწილი ხდები და ეს იმ მომენტში ცხადად, მთელი შეგრძნებით გახსოვს. ტემპერატურა +14 გრადუსს არ სცდება, მაღალი ტენიანობის გამო კი ბილიკი სველია.

პრომეთეს მღვიმე იმერეთში

მოგუდული, ზოგან კი წყლის წვეთების ხმები, გამოქვაბულის შუქზე და სიგრილე - ალბათ, ესაა შეგრძნებათა მეხსიერება, რადგან პრომეთეს ხსენებაზე განცდები სწორედ ამ სისავსით აღდგება ხოლმე.

ასაკით 60-70 მილიონი წლის პრომეთეს მღვიმე ძალიან თანამედროვეა იმ გაგებით, რომ ის არის ყოველთვის საინტერესო, აქტუალური და მიმზიდველი. სტალაქტიტების და სტალაგმიტების გასაოცარ ნაღვენთს ირეალურ განზომილებაში გადაჰყავხარ. მიიწევ წინ და გზად ხვდები «გაქვავებულ ჩანჩქერებს“, «ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს“, ჰელიქტიდებს, კალციტის ნაღვენთებს და ბუნების ძალით გამოკვეთილ ათასგვარ ქანდაკებას. პრომეთეს მღვიმეში ბუნებრივად არის სამი ფერის ნაღვენთები -  თეთრი, ყავისფერი და შავი.

პრომეთეს მღვიმის ნაღვენთები

მღვიმეში ბინადრობენ ისეთი ორგანიზმები, რომლებიც სიბნელესთან ადვილად ადაპტირდებიან - ღამურები, მტკნარი წყლის მოლუსკები, ობობები და ხოჭოები. მათ მღვიმის კლიმატის ჩამოყალიბებაშიც თავისი წვლილი შეაქვთ. ღამურას გუანოს გახრწნის შედეგად გამოიყოფა ნესტიდა სითბო, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. ამ ორგანიზმების გამოდევნის შემთხვევები კი მიკროკლიმატის შეცვლა განაპირობებს. ასე რომ, აქ მობინადრე თითოეულ ორგანიზმს თავისი, აუცილებელი ფუნქცია აქვს.

1 საათის განმავლობაში მოივლით 6 ზღაპრულ დარბაზს , რომლებსაც სახელი პირობითად ანტიკური კოლხეთის სიმბოლოების მიხედვით შეარქვეს.

პირველი არგონავტების დარბაზია, მას მოჰყვება კოლხეთის დარბაზი, სადღაც 300 მეტრში უკვე მედეას სახელობის დარბაზში გადაინაცვლებთ. დრაკონი, ცხენი, დინოზავრი, ადამიანი - ყველა ნაღვენთში რაღაც სულიერი არსება შეიძლება დაინახო.

აქაურობა ნაღვენთი ფიგურების ბუნებრივ მუზეუმს ჰგავს.

მე სწორედ მედეას დარბაზში შევხვდი ჩემთვის ყველაზე უცნაურ ნაღვენთს, რომელსაც ჰელექტიდი ეწოდება ( ჰელეოს - მზე, ჰელექტიდი - დაგრეხილი) . მისი ზრდის პროცესი ჰაერის მოძრაობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ექსცენტრიკულ წარმონაქმნს უწოდებენ - ისე იზრდება, როგორც თავად მოისურვებს - მიზიდულობის ძალას არ ცნობს. თუმცა ჰელექტიდები  პრომეთეს მღვიმის საოცრებათა მხოლოდ ნაწილია. აქ სიარულისას არასდროს დაგავიწყდებათ ინფორმაცია, რომ „ჯერ სად ხართ“ - დამთვალიერებელთათვის მხოლოდ ექვსი დარბაზია გახსნილი, 22-ი კვლავაც დაფარულია და საიდუმლოებები - გამოსამზეურებელი.

პრომეთეს ბილიკებზე სიარულისას, კლდიდან ჩამოვარდნილი თითოეული წვეთის დაცემაზე ვხდები, რომ ეს ხმა უფრო დიდი მუსიკის ნაწილია. და ასეცაა - მუსიკა მიწისქვეშა ტბის ტალღებში გრძელდება. ტალღებს ნიჩბების მოძრაობა ქმნის - პრომეთეს ტური ხომ მიწისქვეშეთიდან მდინარე ყუმისთავზე, სანაოსნო ტურით სრულდებაბევრ მღვიმეში საიდანაც შედიხარ, იქიდან გამოდიხარ, პრომეთეს ხიბლი კი ისაა, რომ მეორე მხრიდანაც შეგიძლია ნავით გამოხვიდე.

რამდენიმე წლის წინ, პრომეთეს მღვიმის შესასვლელთან მოხუცი მამაკაცის ქანდაკება დაიდგა. ის პრომეთეს მღვიმის მცველის, აწ გარდაცვლილი გიორგი ტყაბლაძის ძეგლია და ასე ის იმ მიზეზით დააფასეს, რომ 25 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ იცავდა პრომეთეს მღვიმეს. 1984 წლიდან 2007 წლამდე, როცა ეს ადგილი ყველასგან მივიწყებული იყო, გიორგი ტყაბლაძემ ყველაფერი გააკეთა უნიკალური ბუნებრივი ძეგლის სახის შესანარჩუნებლად.

"არეულობის პერიოდში, როცა ძარცვა დაიწყო და სჭირდებოდათ თუ არა, ყველაფერს იპარავდნენ, - იხსენებდა ჟორა პაპა, როგორც მას აქაურები ეძახდნენ, - მღვიმეში არავის ვუშვებდი, შესასვლელში ვიჯექი, მაგრამ მას გამოსასვლელიც აქვს და მისი უყურადღებოდ დატოვება სარისკო იყო, ამიტომ ამოვქოლე. საკუთარი სახსრებით ვიქირავე ტრაქტორი და მიწა მივაყარე“.

გიორგი ტყაბლაძის ეს ისტორია პრომეთეს სულ სხვა მნიშვნელობას სძენს. ბუნების ძეგლი ამ ამბის გამო კიდევ უფრო ახლოს მოდის ადამიანებთან. ამ კონტექსტის ცოდნა „პრომეთეს“ „სხვა თვალით“ დანახვას გაგიიოლებთ.

სათაფლიის მღვიმე

პრომეთედან  სათაფლიამდე, იმერეთის კიდევ ერთ მასშტაბურ მღვიმემდე გზა დაახლოებით 13 კილომეტრია. რატომ ერქვა სათაფლიას სათაფლია?  ბევრისთვის ბავშვობიდან გამოყოლილი კითხვაა და მარტივი პასუხი აქვს - სათაფლიას ველური ფუტკრების გამორჩეულ საცხოვრებელ არეალად იცნობდნენ. მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მეფუტკრეობას აქ საუკუნეების განმავლობაში ეწეოდა. ამ ადგილს ეს  ტკბილი სახელიც - სწორედ უამრავი თაფლის გამო შერჩა - თაობიდან თაობაში გადმოყოლილი ცოდნა ხშირად ზუსტად ასე შემორჩება ხოლმე.

სათაფლიის მღვიმე ქუთაისელ პედაგოგსა და ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს, ბუნებათმცოდნე პეტრე ჭაბუკიანს 1925 წელს ექვს მეგობართან ერთად აღმოუჩენია მაშინ, როცა ამ მიდამოებში უძველეს ნამოსახლარს ეძებდა. 1933 წელს კი უკვე დინოზავრის ნაკვალევს მიაგნეს. აქედან ორ წელიწადში სათაფლიის ნაკრძალი შეიქმნა და დღეს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიებიც, რომელიც ერთ ნაკრძალს, ერთ აღკვეთილსა და 17 ბუნების ძეგლს მართავს, სწორედ მის ბაზაზე ფუნქციონირებს.

სათაფლია ერთადერთია მსოფლიოში, სადაც, ერთსა და იმავე ადგილზე, აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ასევე მტაცებელი დინოზავრების 120 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი.

აქ 800 კვ.მ ფართობის შესწავლის შედეგად აღმოჩენილია 7 სხვადასხვა სახეობის 25 ინდივიდის დაახლოებით 252 ნაკვალევი. 300 კვ.მ ფართობზე 150 სამთითა ნატერფალია აღბეჭდილი, ეს შედარებით პატარა ზომის ცხოველებს მიეკუთვნება, სავარაუდოდ, მათი სიგრძე ორი მეტრი იყო. მათზე გაცილებით დიდი, 6 მეტრიანი ცხოველების ნაკვალევი კი ორი მეტრით მაღლაა. მეცნიერთა აზრით, ეს ნატერფალი ეკუთვნით ბალახისმჭამელ დინოზავრებს, რომელთა წონა 30 ტონა იყო. მათ თითებს საერთოდ არ ეტყობა ბრჭყალების ანაბეჭდი. გეოლოგების მოსაზრება ასეთია: მაშინ, როდესაც დინოზავრები გაბატონებული ცოცხალი არსებები იყვნენ, ხმელეთის ჩრდილო კონტური დაახლოებით ქუთაისის მიდამოებში გადიოდა, ხოლო სათაფლიას მთის ტერიტორია, სავარაუდოდ, ზღვის უბნის ნაპირი იყო. სწორედ ამ ნაპირზე გაუვლიათ სათაფლიას დინოზავრებს. წყლის მოქცევის დროს კი რბილ ზედაპირზე დატოვებული მათი ნაკვალევი ილექებოდა, უკუქცევის დროს კირქვის შრეებზე მკვრივდებოდა და ამიტომაც შენარჩუნდა ასე.

დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიის მღვიმეში

მათი კლასიფიკაცია ასეთია - «სათაფლიაზავრუსი“.  როცა 1935 წელს სათაფლია სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა, მთავარი მიზანი სწორედ ამ პალეონტოლოგიური და, ასევე, სპელეოლოგიური და ბოტანიკური ძეგლების დაცვა იყო.

სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. ეს პატარა მდინარე თურმე 30 მილიონი წლის განმავლობაში იკვლევდა გზას და ასე აფართოებდა დერეფნებს.

სათაფლიის სუბტროპიკულ ტყეში სხვადასხვა სახეობის ფრინველებსაც შეხვდებით. მთის ფერდობებზე სეირნობისას კი, მუსიკასავით  თან გამოგყვებათ კოლხური რუხი ფუტკრის ბზუილი.

სათაფლიის ტყე

ეს აქაური, მხოლოდ სათაფლიის ბუნების ხმებია. 

თეთრა მღვიმე

წვეთების ხმა, გამოქვაბული და თეთრი, ქათქათა ნაღვენთები - ჩადიხარ ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ 25 მეტრის სიგრძისა და 3,5 მეტრი სიმაღლის მღვიმეში და კიდევ ერთხელ ხდები იმერულ მღვიმეთა სისტემის ნაწილი.

თეთრა მღვიმე იმერეთში

თეთრა მღვიმეში ჰაერი სპეციფიკურია და სამკურნალო ეფექტი აქვს. სამედიცინო ჩვენება ასეთია - ამ ჰაერზე ყოფნა ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს და ჰიპერტონიას შველის. თერაპიული სეანსი თეთრა მღვიმეში  2-საათიანია. სრულფასოვანი ეფექტისთვის, ძირითადად, 10-15 დღიანი კურსის ჩატარებაა საჭირო. თეთრა მღვიმეში გიამბობენ იმასაც, რომ

საბჭოთა კავშირის წლებში აქ კოსმონავტების მოსამზადებელ-სარეაბილიტაციო სეანსებსაც ატარებდნენ.

ნავენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმეც იმ საიდუმლო ქსელის ნაწილია, იმერეთის მღვიმეების ხსენებაზე მე და ალბათ ბევრ სხვა ტურისტს რომ გვახსენდება.

ზღვის დონიდან 225 მეტრზე განთავსებული მღვიმე 27 მილიონ წელს ითვლის. აქ სულ 4 დარბაზია. ოთხივე დარბაზს თავის სახელი აქვს: პირველ დარბაზს ქართველი პალეოლოგების დარბაზს უწოდებენ, მეორე - თიხნარის დარბაზის სახელწოდებით არის ცნობილი, მესამე - „საოცრებათა დარბაზია“, მეოთხეს კი „ოქროს ჩარდახი“ ჰქვია.

იცით რა არის სტალაგნატი? სტალაგნატი სტალაქტიტის და სტალაგმიტის შეერთებით წარმოქმნილ სვეტს წარმოადგენს. ხოდა, ყველაზე დიდი სტალაგნატი სწორედ ამ საოცრებათა დარბაზშია, მისი სისქე 18 მეტრია. და ეს მართლა საოცრებაა - რადგან ამ დროს სულ ის უნდა გახსოვდეთ ხოლმე, რომ 1 სანტიმეტრი ნაღვენთის შექმნას 1 საუკუნე სჭირდება, ესე იგი, აბა, დავთვალოთ, რამდენი წელია, რაც მისი ფორმირება გრძელდება? იმდენად ბევრი, რომ თვლას აზრი ეკარგება. ისე კი, სწორედ სტალაგნატების საშუალებით ითვლიან პალეოლოგები,  რომ მღვიმის ასაკი 27 მილიონი წელია.

„ოქროს ჩარდახის“ დარბაზში ნავენახევის ყველაზე გრძელ სტალაქტიდს შეხვდებით, მისი სიგრძე 2 მეტრი და 20 სანტიმეტრია. ასაკი კი - 10 მილიონი წელი. სტალაგნატების საერთო რაოდენობა მღვიმეში 120-ია, რაც იმას ნიშნავს რომ ნაღვენთი ფორმების რაოდენობის მიხედვით, ნავენახევი საქართველოს მღვიმეებს შორის პირველ ადგილზეა. აქ ერთ კვადრატულ მეტრზე 190 სტალაგტიტი და 130 სტალაგმიტია.

ნავენახევის მღვიმეში საიდანაც ჩადიხარ, იქიდანვე უნდა ამოხვიდე. სხვა გასასვლელი არ აქვს, რადგან გასასვლელს 7 მეტრის სისქის სტალაგნატი ფარავს. სპალეოლოგები ამტკიცებენ, რომ მღვიმე კიდევ  დაახლოებით 30-32 მეტრზე გრძელდება. თუმცა, იქით გასვლა აღარავის შეუძლია. ასე რომ, შესაძლოა ნავენახევის საოცრება კიდევ უფრო შორს, კიდევ ღრმად ჩვენს წარმოსახვაში გრძელდებოდეს.

ღლიანას მღვიმე

ყველა მღვიმე თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განსხვავებაც ბევრია, მაგალითად ღლიანას მღვიმეს  სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს სიფონური ტბები და გამდინარე წყალში, მესამე სიფონთან შემჩნეული თევზებისა და ბაყაყების გუნდები. შედარებით მშრალ დერეფნებში კი ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს. ღლიანას ღამურების სახეობებია: Phinolophus ferrimeguinum, Phinolophus Euryale and Myotis bluthii (მისი გაშლილი ფრძების სიგრძე – 40-45 სმ.-ია), მათი ხმები და მღვიმის სიგრილეში გავარდნილი ექო ღლიანაში სიარულს კიდევ უფრო აზარტულს ხდის - ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება რაღაც საინტერესო ცოცხალ ორგანიზმს წააწყდე.

ღლიანას მღვიმე იმერეთში

ღლიანას მღვიმესთანაა ე.წ. „გაბზარულ ტბაც“, რომელსაც ადგილობრივები „წკვარამსაც“ უწოდებენ. ეს უმშვენიერესი ბუნების ძეგლიც ქვედაცარცულ კირქვებშია გამომუშავებული. ტბის შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე სიფონური ტბა მდებარეობს.

გაბზარული ტბაც წყალტუბოს მღვიმური სისტემის ნაწილია. აქ შესაძლოა გზა პრომეთეს მღვიმიდანაც გამოდიოდეს. ამ ვარაუდების მოსასმენად, თეორიების უკეთ გასაგებად და წარმოსახვითი გზების ასაგებად აქაურობა თავად უნდა მოინახულოთ.

გაბზარული ტბა იმერეთში

ტყიბულთან ახლოს კი მღვიმიდან გამომავალი მუხურას ჩანჩქერი ამ მღვიმეთა სისტემის მონახულებისას განცდილ საოცარ გრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს სამ საფეხურიანი ჩანჩქერი 60-70 მეტრის სიმაღლიდან გადმოედინება ფერდობზე.

მუხურას ჩანჩქერი

იმერეთის მღვიმეების მონახულება მდინარე წყალწითელას გარეშე წარმოუდგენელია. 7.5 კილომეტრიანი მონაკვეთი თავისი კანიონისებური კონტურებით, ულამაზესი კოლხური ტყით დაფარული მიწებით ყველა მნახველს ხიბლავს. წყალწითელას ლეგენდაც აქვს - გადმოცემის მიხედვით, ეს სახელი მდინარესა და მის მიდამოებს ხრესილის ომის დროს დაერქვა, როცა წყალი დაჭრილ მებრძოლთა სისხლმა სულ მთლად გააწითლა.

მდინარე წყალწითელა

სინამდვილეში კი, ადიდებისას მდინარე რეცხავს წითელი მიწის ქანებს, რომლებიც მის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერსაც ამიტომ იღებს. ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. აქ არსებული ისტორიული კულტურის ძეგლები - გელათის სამონასტრო კომპლექსი, წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი, იმერეთის მხარეს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

და თან ეს ყოველივე მხოლოდ ნაწილია, მთავარი მოგზაურობისას შეგროვებული თქვენი პირადი ამბებია. სანამ საკუთარს გადაიღებთ, ჩვენი მოგზაურობის ფოტოებით ისიამოვნეთ.

საქართველოს ბანკის ლოგო

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა