გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინდიგოს გმირები უკვდავებასა და სიკვდილზე

მალხაზ ხარბედია
სიკვდილი ესაა უარების ერთობა, აბსოლუტური უარი, რომელსაც არაფერთან მივყავართ.

 

ქეთი დევდარიანი
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჩემს ცხოვრებაში იყო ის დღე, როდესაც გავიგე, რომ სხვების მსგავსად, მეც უნდა მოვკვდე და ეს დაუშვებელი მეჩვენა. მივდიოდით მე და ბებიაჩემი, ვიღაც მოკვდა და ვკითხე, რატომ მოკვდა-მეთქი. რაღაც მიპასუხა და დააყოლა: ყველანი მოვკვდებითო. მეც-მეთქი?! კი, შენცო... უცნაურია, მაგრამ მაშინ მივხვდი, რა არის არყოფნა და მას მერე სიკვდილზე აზრი აღარ შემცვლია. გავიაზრე, რას ნიშნავს სიცარიელეში შესვლა – სამყაროს ვეღარ დავინახავ, ყველაფერი უჩემოდ მოხდება. სიკვდილს დღემდე ასეთ ტრაგედიად აღვიქვამ.

კახა თოლორდავა
მამა 2004-ში გარდაიცვალა და ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. ორი წლის განმავლობაში ვუვლიდი, მასთან ერთად ვცხოვრობდი საავადმყოფოებშიც... და როცა გარდაიცვალა – ძალიან უცნაური ამბავი კია – ვიგრძენი, რომ ორ სამყაროს შორის კარი გამოიღო და უცნაურმა სიცივემ დაუბერა. პანაშვიდებზე რომ დავიწყე 44 წლის ასაკში ტირილი, ერთი წლის განმავლობაში გაუჩერებლად ვტიროდი. ვტიროდი ყველა წვრილმანზე, მაგალითად: „ნომერი, რომელიც აკრიფეთ, დაზიანებულია", „დღეს ჩვენმა ძიუდოს ნაკრებმა იაპონელი ძიუდოისტები დაამარცხა". მოკლედ, ორი წლის განმავლობაში, რისი უფლებაც არ მქონდა, ყველაფერი გამოვუშვი. ცამეტი წელი გავიდა უკვე და არ მახსოვს არც ერთი სიზმარი, რომელშიც მამაჩემი არ იყოს. ყოველთვის იქაა, სადღაც კუთხეში ზის, ჩუმად.

რატი ონელი
მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გვაქვს ლტოლვა ყველაფრის მიმართ, რაც გახრწნის პროცესშია, რადგან ჩვენც გახრწნის პროცესში ვართ. მთელი ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა. ეს რაღაცნაირი, მცოცავი სიკვდილი გამშვიდებს კიდეც. ძალადობრივი აქტი შეიძლება ესთეტიკურად მომხიბვლელიც კი იყოს, განსაკუთრებით კინოში.

ჯენეზის ბრაიერ პი-ორიჯი
ლედი ჯეიმ მითხრა ერთხელ ერთი მარტივი რამ: შეიძლება ბოლომდე არ გჯეროდეს რეინკარნაციის, მაგრამ გაცილებით უფრო ჯანსაღია, სწორედ რეინკარნაციის იწამო იმიტომ, რომ თუ რეინკარნაციის ნაცვლად იმას ირწმუნებ, რომ სიკვდილის წინ ერთი მონანიება დაგიმკვიდრებს სამოთხეს, მერე ხომ შეგიძლია ისევ დაუბრუნდე უპასუხისმგებლობას, ძალადობას, ეგოიზმს, უტიფრობას, რადგან სულ არ დაგაინტერესებს, შენ მერე მძღნერს დატოვებ თუ არა – შენ ხომ თავი ქუდში გაქვს, მოინანიე და სამოთხე გერგო. ხოლო თუ რეინკარნაციის გჯერა, მოგიწევს, მალე ისევ დაუბრუნდე შენს დატოვებულ ქაქს და, თუ მართლა ასე მოგიწევს, მაშინ არც მოგინდება, მძღნერი დატოვო, არა?


დილა
საფლავის ქვას ზოგჯერ მარტო სახელი აწერია, ზოგჯერ მთელი ამბავი, ზოგან ფოტოა, ზოგან ძეგლი დგას, მანქანა, ანგელოზი... მალბოროს კოლოფიც მინახავს, რომ აი, მალბორო უყვარდა. თუმცა, ეგაა, რომ დღეს საფლავები ძველ დროში ჩარჩენილია, ვერ ყვებიან ამბებს თანამედროვედ, ამიტომ ძალიან ბევრი ამბავი და ბიოგრაფია ქრება. ასე გამიჩნდა ინტერაქტიული საფლავების იდეა – ანუ საფლავების, რომლებიც ისტორიებს ახალ ენაზე მოგიყვებიან. თვითონ შეძლებ, ჩატვირთო ტექსტი, ვიდეო- ან აუდიოგამოსახულება საფლავის ქვაში და სიკვდილის შემდეგაც შეძლებ, საკუთარ თავზე სხვებს მოუყვე. შენს ამბავს შენი ინფორმაციული კლონი, ჩეტბოტი მოყვება, თან ძალიან ლამაზი იქნება – წარმოიდგინე, აციმციმებული სასაფლაო – მეხსიერების არქივი. ამ პროექტზე ვფიქრობდი, როგორც ნამუშევარზე – მინდოდა, რომელიმე გამოფენაზე გამეკეთებინა. ერთ დღეს სანდრო ასათიანმა დამირეკა, ინოვაციური ბიზნესიდეების კონკურსია და მიიტანეო. მეც გადავწყვიტე, ეს ნამუშევარი გამესაღებინა, როგორც ბიზნესიდეა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს ბიზნესზე. რომ მივედი, ბიზნესგეგმა თუ გაქვსო, მკითხეს. ვუპასუხე, რომ ერთადერთი ბიზნესგეგმა არის ის, რომ ხალხი კვდება და ყველა ვარიანტში მოკვდება, ვერანაირი კრიზისი ამ ბიზნესს ვერ შეეხება-მეთქი. გავიმარჯვეთ, პრიზი მოგვცეს – „ოქროს ჩურჩხელა" მაჩუქეს, რომელიც, აღმოჩნდა, რომ საერთოდაც არაა ოქროსი, იმიტომ რომ ვერსად დავალომბარდე.

 

დიმიტრი გლუხოვსკი
სიცოცხლის გახანგრძლივება გენური ინჟინერიის ყველაზე აშკარა და წამყვანი ტრენდია. ფაქტობრივად, უკვე მივუახლოვდით იმ ზღურბლს, რომლის შემდეგაც სიბერე აღარ იარსებებს. შესაძლოა სიკვდილის დამარცხება ერთბაშად ვერ მოხერხდეს, თუმცა სიბერის დამარცხებას სრულიად მალე ვიხილავთ, მაქსიმუმ 50 წელიწადში.


The Tiger Lilles
სიკვდილი, ან, უფრო სწორად, მისი ყურება, ძალიანაც უყვართ. დღეს ყველა ფილმი სექსზე ან სიკვდილზეა. გასკდომამდე აჭამე და აყურებინე როგორ კვდება ვიღაც ეკრანზე – ხალხს მეტი არაფერი უნდა.
ჰო, მართალია, ყურება უყვართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილის არ ეშინიათ. პირიქით – ასეთი ფილმებიც ამ შიშის ნიშანია. ამით კიდევ უფრო მეტ შიშს თესავენ.

 

ანდრეი სენ-სენკოვი
ვარდისფერი უკვდევება

უფროსი მეგობარი ხუთი წლის პავლიკა
მასწავლიდა როგორ გამესრისა ნაწვიმარზე ჭიაყელები
რაკი სახეები არ ჰქონდათ
ზოგჯერ მეჩვენებოდა რომ ჰქონდათ –
ჩვილის
ასეთები ცოტანი იყვნენ და ვუშვებდით
ძალიან გაუმართლათ
თითქოს დღემდე ცოცხლები არიან
ეს ვარდისფერი ოდნავ ადამიანები.

 
ზაზა ბურჭულაძე
მე ესთეტი ვარ. იარაღით ტვინის გასხმა არ მგონია ლამაზი იყოს. ეს სიკვდილ-სიცოცხლის შეხვედრაა, ლინჩის ფილმი ხომ არა. მაინცდამაინც არც ჩამოხრჩობა მიზიდავს. არ მინდა სიკვდილს ჩაჯმული შევეგებო. ისიც მეყოფა, რაც სიცოცხლეში ჩავიჯვი. ოდესღაც მხიბლავდა ცხელ აბაზანაში მაჯის გახსნის იდეა, მაგრამ ჩაცმული არ იზამ ამას, არაა ლამაზი. მე კი სიშიშვლის მრცხვენია. ასე რომ, ალბათ ოვერდოზი. თუმცა გაზიც კარგია, გაზი! იაპონელები მაგრები არიან ამ ამბავში.

 

რობერტ სოიერი
ვფიქრობ, ადამიანებს გვექნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადიკალურად გაიზრდება ჩვენი სასიცოცხლო დრო. არ გამოვრიცხავ, რომ უკვდავებიც გავხდეთ, უკვე ამავე საუკუნეში. თუმცა ეს ძალიან ძვირი პროცესი იქნება. მალე გამოჩნდება საშუალება, რაც იქამდე შეგვინახავს, სანამ უკვდავება ძალიან არ გაიაფდება, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა იაფდება გამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ; სანამ ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი მარადიული სიცოცხლე. ცხადია, ყველა სამუდამოდ დარჩენას არ მოისურვებს, მაგრამ მთავარია, რომ ვინც მოისურვებს, მიიღებს კიდეც.

 

ბუტოს დასი „სანკაი ჯუკუ"
მთავარი თემა მაინც სიკვდილისა და სიცოცხლის ურთიერთქმედებაა. ამის შესახებ უამრავი ხელოვანი ფიქრობს და მოგვითხრობს, მაგრამ უშიო ამაგაცუ ძალიან საინტერესო და კრეატიულ მეთოდებს პოულობს საკუთარი ნააზრევის გადმოსაცემად. ამიტომ ვფიქრობ, რომ მან განსაკუთრებული სამყარო შექმნა, რომელიც არავის და არაფერს ჰგავს. როგორი ტიპის კულტურაშიც უნდა გავიზარდოთ, არსებობს გარკვეული თემები, რომლებიც ყველას გვაერთიანებს. ამიტომ საინტერესოა, იმ ზოგადსაკაცობრიო საკითხებიდან, რაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს გვაკავშირებს, რა რჩება უცვლელი, მარადიული, ჩვენთვის და თქვენთვის.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა