
მე არსად გავიქცევი | ინსაფ ალიევის საქმე
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა რვაკაციანი ჯგუფის წევრია საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქე, 34 წლის ინსაფ ალიევი. ის გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალადანაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მასაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამ ჯგუფების წევრები და მათი ადვოკატებიც, საქმის აბსურდულობის წარმოსაჩენად მუდამ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ წინასწარ დაკავებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ზოგი მათგანის შეხვედრა სულაც პირდაპირ სასამართლოს დარბაზში შედგა. ინსაფ ალიევის შემთხვევაში კი ამ არგუმენტს ემატება კიდევ ერთი – ენის ბარიერი. ინსაფი აზერბაიჯანულად საუბრობს, ქართული არც ესმის და ვერც ლაპარაკობს ქართულად, ამიტომ სასამართლო პროცესებზეც შინაარსს რომ მიჰყვეს, თარჯიმნის დახმარება სჭირდება.
ინსაფ ალიევის წინააღმდეგ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ერთ წუთზე ოდნავ მეტი ხანგრძლივობის დამონტაჟებული ვიდეო, რომელშიც ინსაფი სხვადასხვა ეპიზოდში ჩანს. ზოგი კადრი მეორდება და შენელებულია. ვიდეოში მას შავი ფერის კაპიუშონიანი ზედა აცვია. სამ ეპიზოდში ჩანს, რომ ისვრის რაღაც ნივთს, ერთ ეპიზოდში ბარიკადების უკან დგას, ასევე ერთ ეპიზოდში ბარიკადებზე დებს მაგიდას. თუმცა არცერთ მონაკვეთში არ ჩანს – კონკრეტულად რას, ან ვის აზიანებს.
საქმეს თანდართული აქვს პოლიციელთა პატაკები, რომლებშიც სამართალდამცავები ასახელებენ დაკავებულ პირებს, როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს და მათ შორის ასახელებენ ინსაფსაც.
7 აპრილის სხდომაზე, ამ მტკიცებულებების გარდა, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კიდევ ერთი მტკიცებულება სცნო დასაშვებად – დაზარალებული პოლიციელის, ალექსი ბიჭოშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დოკუმენტში მითითებულია, რომ პოლიციელს წვივის არეში ჰქონდა დაზიანება; რომ ის საავადმყოფოში ერთ საათს დაყოვნდა, ჭრილობა ბეტადინით დაამუშავებინა და გაეწერა.
ადვოკატებმა ამ მტკიცებულებას აბსურდული უწოდეს, რადგან, მათი თქმით, არაფრით დგინდება დაკავებულების, მათ შორის ინსაფის კავშირი ამ დაზიანებასთან. მეტიც, ისიც კი არ ჩანს, თუ როდის მიიღო პოლიციელმა ბიჭოშვილმა წვივის ტრავმა.
7 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვაზე, აღიარებდა თუ არა ბრალს, ინსაფმა დუმილის უფლება გამოიყენა. სწორედ დუმილი განასხვავებდა ინსაფს რვაკაციანი ჯგუფის სხვა წევრებისგან, რომელთა წერილები ამ თვეების განმავლობაში, დროდადრო, სულ ვრცელდებოდა, ხმას იმაღლებდნენ დაკავებულთა ოჯახების წევრებიც, მათ ადვოკატებთან ერთად. არაფრის ლაპარაკი – არც თავის დასაცავად, არც ბრალდების გასაქარწყლებლად – ინსაფ ალიევის შემთხვევაში სწორედ ასეთი ქცევა იკვეთებოდა, ხოლო მის ნაცვლად მისი ადვოკატი, ორხან ალიევი საუბრობდა.
2024 წლის დეკემბერში ორხან ალიევმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ინსაფი რუსთაველის გამზირზე შემთხვევით მოხვდა და აქციაში მონაწილეობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი არ ყოფილა. ამ დროს „წყლის ჭავლი შეასხეს, რის გამოც გაბრაზდა“, – თქვა ორხანმა.
თუმცა, 8 აპრილს მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ინსაფ ალიევის ინტერესების დაცვაზე უარს ამბობს და რომ შემდეგ სხდომაზე მას სხვა ადვოკატი დაიცავს. ეს, ნაწილობრივ ინსაფის მამის ჯალილ ამირხანოღლის გადაწყვეტილებაცაა, რომლის მიზეზებსაც არც მამა ასახელებს. ჯალილი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აზუსტებს, რომ ინსაფის აქციაზე შემთხვევით მოხვედრაზე ხაზგასმა, სავარაუდოდ, ადვოკატ ორხან ალიევის დაცვის სტრატეგიის ნაწილი იყო, თვითონ კი შვილის რუსთაველზე გასვლა მოქალაქეობრივი ვალის მოხდად ესახება.
„ინსაფი საქართველოს მოქალაქეა. უნდოდა, იქ თავისი სიტყვა ეთქვა, როგორც მოქალაქეს. ცუდი არაფერი ჩაუდენია, არავისზე უძალადია, ცეცხლი არაფრისთვის წაუკიდებია, არაფერი დაუზიანებია. ამ ბიჭებიდან არც ერთს საერთოდ არაფერი დაუშავებია“, – დასძენს ჯალილ ამირხანოღლი.
მისი თქმით, ინსაფი იმიტომ მოხვდა სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში, რომ სახეზე ნიღაბი არ ეკეთა და იდენტიფიცირება ადვილად შეძლეს. ჯალილი ამბობს, რომ მისი შვილი ჯგუფიდან არავის იცნობს, ქართული არ იცის და ვერც დაელაპარაკებოდა ვერავის.
ინსაფი საქართველოში დაიბადა. შემდეგ მშობლების ოჯახი რუსეთში გადასახლდა. თუმცა, როგორც მამა, ჯალილი გვიყვება, ინსაფს აღარ უნდოდა რუსეთში გაჩერება და საქართველოში დაბრუნებას მშობლებს და დასაც სთხოვდა. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ თვითონ დაბრუნდა, მშობლები და და კი რუსეთში დატოვა. საქართველოში ინსაფმა იქორწინა და დაკავებამდე მშობლიურ სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან – 3 წლის გოგონასა და 1 წლის ბიჭთან და 87 წლის ბებიასთან ერთად. ოჯახს თვითონ არჩენდა – სატვირთო მანქანაზე მუშაობდა და ასფალტი გადაჰქონდა. ონლაინმედია „მაუწყებლის“ მიერ ყარაჯალაში ჩაწერილ რეპორტაჟში ბებია ამბობს, ინსაფი როგორც პატარა ბავშვს, ისე მივლიდაო და მის მალე დაბრუნებას ნატრობს.
ინსაფ ალიევი 2024 წლის 4 დეკემბერს სამსახურში დააკავეს. ჯალილ ამირხანოღლი გვიყვება, რომ პოლიციელებმა მას დაურეკეს და ადგილსამყოფელი ჰკითხეს. ინსაფმაც უთხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა.
„მივიდნენ და წაიყვანეს. უთხრეს, რომ ფაქტები გვაქვსო, თქვენ აქციაზე იყავით თბილისშიო. ეს თვითონაც დაუდასტურა. მხოლოდ ერთი რამ სთხოვა, ასფალტის ჩამოტვირთვის საშუალება მომეცითო, მაგრამ არ დართეს უფლება. მაშინვე წაიყვანეს, მანქანაც იქვე დაატოვებინეს, უნდა წამოგვყვეო“, – იხსენებს შვილის მონათხრობს ჯალილი. ის საქართველოში შვილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა. სურდა, რომ ახალგაზრდა რძალს და შვილიშვილებს და ხანდაზმულ ბებიას არ შეშინებოდათ, მათ გვერდზე ყოფილიყო.
6 მარტის სხდომაზე, როდესაც მიმალვის საფრთხის გამო აქციაზე დაკავებულთა წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე იყო საუბარი, ინსაფ ალიევმა, თარჯიმნის საშუალებით, ისევ თავისი ოჯახის ფაქტორს გაუსვა ხაზი:
„მე არსად გავიქცევი, 3 წლის ბავშვი მყავს, ასევე მყავს მოხუცი ბებია. ყველას მე ვინახავ და შესაბამისად არსად გავიქცევი“ – თქვა მან.
7 აპრილის პროცესს მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მეუღლეს კალთაში ეჯდა მათი 1 წლის ბიჭუნაც. პროცესის განმავლობაში ინსაფი ხშირ-ხშირად იღიმოდა – ამ დროს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, თუ როგორ არ ესმოდა დარბაზში გარჩეული საქმის ნიუანსები და რა იყო მისთვის მთავარი იმ მომენტში – ხმის ამოუღებლად თვალს თავისიანებისკენ, ბავშვისკენ აპარებდა.
ინსაფ ალიევის საქმეზე შემდეგი პროცესი 23 აპრილსაა ჩანიშნული. ეს პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაიხსნება.
„მე მშვიდად ვარ, რადგან ეს ბიჭები არ არიან დამნაშავეები. მათ კრიმინალი არ ჩაუდენიათ. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი არ უნდა ჩასვან ციხეში. ეს ბიჭები ყველანი ახალგაზრდები არიან, ყველანი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ახალგაზრდებმა, ვინც დაკავებულია, ყველამ სწავლა უნდა გააგრძელოს და დანარჩენებმა, მათ შორის ინსაფმა ოჯახები უნდა გამოკვებონ. ყოველ საღამოს ინსაფის 3 წლის შვილი ტირის, მამა უნდა“, – ამბობს ინსაფის მამა ჯალილ ამირხანოღლი.
“მე მშვიდად ვარ, რადგან ეს ბიჭები არ არიან დამნაშავეები. მათ კრიმინალი არ ჩაუდენიათ. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ უნდა ჩასვან ციხეში. ეს ბიჭები ყველანი ახალგაზრდები არიან, ყველანი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“, - ინსაფის მამა