გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მოდა

ინტერვიუ ერვე ლეჟესთან

“კაბა-ბანდაჟი” - ასე ჰქვია ნაცნობ მდიდრულ სილუეტს, რომელიც ათწლეულებია უამრავ ვარსკვლავს ამშვენებს, სილუეტის გამოკვეთაში ეხმარება და ფოტოებზე მათ გრაციოზულ და სექსუალურ ფორმებს გამოწვევად და ცდუნებად ტოვებს. ამ კაბების ავტორი ერვე ლეჟეა. ორი კვირის წინ ის საქართველოში იმყოფებოდა - “მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს” ქართველი მეგობრის, სოფია ჭყონიას მოწვევით ესწრებოდა და ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს პირველად აფასებდა ახლოდან. თუმცა ორი ქართველის მოღვაწეობას პარიზიდანაც კარგად იცნობს: "Balenciaga"-ს ახლად დანიშნული შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია და Mugler-ში ანალოგიურ პოზიციაზე მყოფი დევიდ კომა მისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია. მიაჩნია, რომ ასეთი ორი ვარსკვლავი საქართველოსთანა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ვინაიდან მოდა, საბოლოო ჯამში, ბიზნესია, სადაც ურთიერთობები და კონტაქტები ბევრ რამეს წყვეტს; ზოგჯერ კი ეს ბიზნესი დაუნდობელიც ხდება, რადგან დგება მომენტი, როცა შეიძლება ყველაფერი დაკარგო. დაახლოებით ასე შეემთხვა პირადად მასაც - რამდენიმე ათეული წლის წინ დიდი შრომის შედეგად შექმნილი Herve Leger-ს ბრენდზე ყველა უფლება დაკარგა. ამ მძიმე დანაკარგს დღემდე განიცდის, თუმცა მის მიერ შექმნილი საკულტო "კაბა-ბანდაჟის" ავტორად მოდის ისტორიაში ყოველთვის თვითონ დარჩება. 

ინდიგო: არქიტექტურიდან მოდამდე როგორ მიხვედით?

ე.ლ: სინამდვილეში, სულ თავიდან ხელოვნების ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ კარგი სტუდენტი არასდროს ვყოფილვარ, ცხოვრებისგან სხვა რამ მინდოდა, ამიტომაც ჯერ თმის სტილისტობაზე გადავერთე, შემდეგ ქუდების კერვაზე გადავედი, შემდეგ კი ტანსაცმლის დიზაინერი გავხდი. 1980-იანების ბოლოს, Chloe-ეს ერთ-ერთ ჩვენებაზე თმის სტილისტად ვიყავი კულისებს მიღმა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ტანსაცმლის დიზაინი იყო ის საქმე, რისი კეთებაც ასე მინდოდა.

ინდიგო: შემდეგ უკვე სპეციალური განათლებაც მიიღეთ?

ე.ლ: არა. თვითნასწავლი ვარ. არც კი მახსოვს, როდის და რანაირად ვისწავლე კერვა, მაგრამ კაბის შეკერვა ყოველთვის შემეძლო, რაღაც მომენტში ეს თავისით მოხდა.

ინდიგო: რა ხდებოდა კულტურაში, მოდის სფეროში იმ დროს, როცა კარიერა დაიწყეთ?

ე.ლ: ტანსაცმლის დიზაინი 1980-იანებში დავიწყე და ამ დროისთვის მოდაში ყველაზე კაშკაშა სახელები იყვნენ: მაგლერი, კლოდ მონტანა, Chloe კარლ ლაგერფელდის მიერ, იტალიაში - Fendi. დიდებული პერიოდი იყო, მასშტაბური მოდის ჩვენებებით, ტოპმოდელებით, რომლებიც სწორედ იმ პერიოდში გაჩდნენ. ყველა ბედნიერი იყო, ყველა იღიმოდა, ირგვლივ მხოლოდ პოზიტივს ხედავდით, გექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა ადამიანი ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს. 1990-იანებში ყველაფერი შეიცვალა, წინა პლანზე გადმოინაცვლა მეტი ფულის შოვნის ამბიციამ, გაჩნდა ლოგოების კულტი, ნელ-ნელა მარკეტინგის მნიშვნელობაც გაიზარდა და ყველაფერი შეიცვალა.

ინდიგო: ქალის სხეულის თქვენებური აღქმა, სილუეტი, ხაზები და ამ ყველაფრის კაბებში ასახვის უნარი, რა გამოცდილების საფუძველზე, რა გატაცებებისა და ინტერესების მიხედვით შექმენით ეს ყველაფერი?

ე.ლ: ინსტიქტურია. ვიღებ ქსოვილს ხელში და მას კაბად ვაქცევ. ალბათ, ღმერთისგან ბოძებული საჩუქარია, რომელსაც ვერ ისწავლი, უბრალოდ უნდა შეგეძლოს, ძალიან ინსტიქტურია. თუ ფეხსაცმელზე მიწევს მუშაობა, ქუსლი გამომყავს - მთავარია, ხელით ვიმუშავო, ვიგრძნო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, ვაკეთებდე ისეთ საქმეს, რომელსაც ხელების მაქსიმალური დატვირთვა ჭირდება. ხელსაქმე როცაა, მერე ყველაფერი თავისით გამომდის. ხატვაც შემიძლია, თუმცა ეს ჩემთვის საკმაოდ "ბრტყელი" პროცესია - მუშაობა სამ განზომილებაში მირჩევნია.

ინდიგო: როგორ გაჩნდა ლეგენდარული და საკულტო "კაბა-ბანდაჟი", რომელსაც სიუზი მენკესმა მეტსახელად "1990-იანების რეცეპტი" უწოდა?

ე.ლ: სიუზი მენკესმა მართლაც ასე შეარქვა ამ კაბას, პრეისტორია კი ასეთი იყო: მცირე ზომის კოლექციის ჩვენება მქონდა და ფინალისთვის რამე განსაკუთრებული მჭირდებოდა, რამე გამორჩეული. ქარხანაში ყუთში მოთავსებულ ლიურექსის სარტყელებს მოვკარი თვალი, ძალიან კაშკაშებდა. რომ ვიკითხე, ნიმუშების ყუთია, აღარ გვჭირდება, გადასაგდებია და თუ რამეში გამოგადგებათ, შეგიძლიათ წაიღოთო. მეც ავიღე და ხის მანეკენზე სათითაოდ ერთმანეთის გასწვრივ მივამაგრე სარტყელები, თან ვკერავდი - ასე გაჩნდა "კაბა-ბანდაჟიც", რეალურად, ნაგვისგან. შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავხვეწე დიზაინი: თავდაპირველად ელვა-შესაკრავზე უარს ვამბობდი, ამიტომაც კაბას ჩაიცვამდით, მაგრამ მისი გახდა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ესეც გამოვასწორე და წარმატებაც მალე მოვიდა.

ინდიგო: ის ნამდვილად განსხვავებული იყო, ვინაიდან თქვენი სახელის ხსენებისთანავე, პირველი ასოციაცის სახით "კაბა-ბანდაჟი" ჩნდება.

ე.ლ: დიახ და მე ძალიან ამაყი ვარ ამის გამო. ის მე გამოვიგონე!

ინდიგო: შორიდან ადევნებთ თუ არა თვალ-ყურს, როგორ ვითარდება თქვენი ყოფილი ბრენდი?

ე.ლ. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ვიცი, რომ მისგან აუტანლად ვულგარული რამ დატოვეს. ვულგარულობას კი მე არასდროს ვესწრაფვოდი. ჩემი კაბებით მე საკუთარი სტილი შევქმენი და ეს სტილი ახლა კიდევ უფრო მეტად მომწონს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა