გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ინტერვიუ ირაკლი კიზირიასთან

STAUB TBILISI DATE - კვირა, 11 სექტემბერი, 11:00 / ვიტამინი კუბები / Vitamin Cubes

2000-იან წლებში პროფესიად დიჯეიობის არჩევა უჩვეულო გადაწყვეტილება იქნებოდა.

 სანამ  საქართველოდან წავიდოდი, ვმუშაობდი არქიტექტორად. მუსიკა  ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, მუსიკალური განათლებაც მაქვს, შვიდწლედი დავამთავრე, მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ ეს მეორე პროფესია გახდებოდა. ეს თავისთავად მოხდა, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რა მედიუმით ვაკეთებ რაღაცას, მთავარია სათქმელი მქონდეს.

საქართველოდან რატომ წახვედი?

2002 წელს წავედი კიოლნში. საკუთარი თავის პოვნა მინდოდა. ჩარჩოებში მოქცევა და დაწესებულ გზებზე სიარული არ მინდოდა, მე თვითონ უნდა ამერჩია, რა გზით მევლო და იმ პერიოდში ნამდვილად არ მქონდა აქ ბევრი გზა.

მე რომ წავედი, აქ მაშინ ჩამოყალიბებული ელექტრონული სცენა არც არსებობდა. ირაკლი ჩარკვიანის, Mother on Monday-ს და სხვების კონცერტებზე დავიოდი, ამ მუსიკაზე გავიზარდე, არაქართულ  მუსიკას მაშინ სხვანაირად  ვუსმენდით: მეგობრებს ჩამოჰქონდათ კასეტები, მაგრამ თან ყველას არ აძლევდნენ, შენი ინტელექტით და თუ რაღაც სხვა თვისებებით უნდა დაგემსახურებინა ამ კასეტის მოპოვება. ელექტრონულ მუსიკას და მის მიმართულებებს - ტექნოს, ჰაუსს საფუძვლიანად გერმანიაში გავეცანი. წასვლამდე რაც ვიცოდი ეს უფრო  ექსპერიმენტული ელექტრონიკა, ავანგარდი იყო. კი, MTV-ზე გადიოდა Jeff Mills, მაგრამ აქ არ იყო ის სიტუაცია, რომ ვიღაც წასულიყო, ეს მუსიკა დაეკრა და ფართი მოეწყო. კიოლნში რომ ჩავედი, აღმოვაჩინე რომ  ელექტრონული მუსიკა იქაური ახალგაზრდების ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ჩემი გზა უნდა მეპოვაო ამბობ, როგორი აღმოჩნდა ეს გზა? როგორ მიხვედი მსმენელობიდან დიჯეობამდე?

თავიდან ფირფიტებს ვყიდულობდი, ვუსმენდი და ვაგროვებდი, მერე ნელ-ნელა მეგობრების დაბადების დღეებზე დავიწყე დაკვრა, მერე ცოტა უფრო დიდი წრეში, თან ნელ-ნელა მეგობრებიც გავიჩინე, ყოველ შაბათ-კვირას რაღაც party-ს აწყობდნენ, იქ მივდიოდი, ვუსმენდი, ვუკრავდი და ასე მიჰყვა ნელ-ნელა. კიოლნში არიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დიჯეები,  რომლებიც არ არიან საერთაშორისოდ ცნობილები, მაგრამ მიმაჩნია რომ ლოკალურ რეზიდენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, მთელ ატმოსფეროს ლოკალური არტისტები ქმნიან, რადგან სტუმარი დიჯეი 2-3 დაუკრავს და მიდის, ამ დიჯეებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

[[{"fid":"1770","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":"ირაკლი კიზირია","field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","attributes":{"title":"ირაკლი კიზირია","height":"493","width":"740","style":"display: block; margin-left: auto; margin-right: auto;","class":"media-element file-default"}}]]

უცხო ქვეყანაში ჩასულმა, ახალგაზრდა უცნობმა არტისტმა როგორ იპოვე შენი ადგილი ლოკალურ სცენაზე? აუცილებელია ამ დროს ვინმეს მხარდაჭერა თუ მარტო ხარ ამ თავგადასავალში?

ცოცხალი პროცესია, ჩემს შემთხვევაში არც კლუბი ყოფილა, არც სააგენტო და არც დიჯეი, რომელიც  დამეხმარა, იყო მორალური მხარდაჭერა რამდენიმე დიჯეის მხრიდან, მაგრამ ვიღაც რომ ლობირებდეს ჩემს არსებობას არა. ეს ძალიან ნატურალური პროცესია და ასეც უნდა იყოს. ჩემი მეგობრები და მე ვაკეთებთ party-ს, რომელსაც  Staub ჰქვია და ძალიან ბევრ ახალგაზრდა დიჯეის ვაკვრევინებთ. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმის არსებობა, მაგრამ არ უნდა გადააჭარბო, მიმართულება არ უნდა მისცე, საშუალება უნდა მისცე, დაუკრას და მერე თავისით განვითარდეს, თავისი გზა იპოვოს და იმასაც მიხვდეს, როგორ გაიაროს ეს გზა.

შეგიძლია აღწერო როგორია შენი მუსიკალური იდენტობა? რა ფაქტორებმა იმოქმედეს მის ჩამოყალიბებაზე?

კიოლნში დავუმეგობრდი ადამიანებს, რომლებსაც მუსიკალური თვალსაზრისით ჩემგან სრულიად განსხავებული მიმართულება, იდეები და ხედვა ჰქონდათ. ჩემი დამოკიდებულება მუსიკისადმი ორ ნაწილად იყოფა და ასეთია: ერთია, რა მუსიკას ვყიდულობ და რა არის კონკრეტული იდეა, ჩემი წარმოდგენა ამ მუსიკის შესახებ და  მეორე, როდესაც დასაკრავად მივდივარ რაღაც ფართიზე, რა მუსიკას ვირჩევ, თუმცა საბოლოოდ ამ არჩევანში აღარ ხარ მარტო, რადგან იმ ხალხს, ვინც მოვიდა, ცეკვა უნდათ. დიჯეი-სეტი არ არის კონცერტი, დიჯეიმ  მუსიკით ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც მსმენელს მიანიჭებს სიამოვნებას. დამოკიდებულება „მე ასე მიმაჩნია და არ მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს“ არასწორი მგონია. დაკვრისას შენი თავი მეორე ადგილზე უნდა გადაიყვნო და აუდიტორიასთან კომუნიკაცია ააწყო, რაც მცირე დოზით მათი სურვილების გათვალისწინებასაც გულისხმობს.

გახსოვს პირველად როდის დაუკარი?

გააჩნია რას ვარქმევთ პირველად დაკვრას. შედარებით დიდმა პუბლიკამ მომისმინა ერთ-ერთ კლუბში, რომელიც მგონი დღემდე არსებობს. არის მოქანდაკე, რომელიც ძალიან დიდ სივრცეში, მეტალისგან აკეთებდა ქანდაკებებს. ასე, 600-700 ადამიანი იქნებოდა. რა თქმა უნდა ძალიან ვღელავდი. იქ, სადაც ბევრჯერ დამიკრავს და ვიცნობ კლუბს, პუბლიკას, რა თქმა უნდა, უფრო თავისუფლად ვარ. მაგრამ დაკვრის წინ მაინც სულ ვღელავ ხოლმე, რადგან არასდროს ვიცი როგორ აღიქვამს ჩემ სათქმელს მსმენელი. შეიძლება ხმა არ იყოს ისეთი, როგორსაც ელოდები, ან პუბლიკას ვერ გაუგო თავიდანვე და ცოტა დრო დაგჭირდეს. ხშირად მისაუბრია დიჯეებთან, ზოგ კლუბში უნდა „იმუშაო“, ანუ პროცესი თავისით არ მიდის, შენ თვითონ უნდა შექმნა ატმოსფერო, რაც ძალიან რთულია. შენ ხომ ის გინდა, მსმენელს შეუქმნა მომენტები, რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება.

შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი Date რომელია?

როცა პირველად დავუკარი ”ბერგჰაინში“ 2013 წელს. 3-4  წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავი, დაუვიწყარი მომენტები მქონდა გადატანილი, არამქვეყნიურ მუსიკას ვუსმენდი და უცბად შენ თვითონ რომ უკრავ... რთული იყო.

ბერგჰაინი, არტისტებისთვისაც და მსმენელებისთვისაც  ამ კულტურის ერთგვარი მექაა, სინამდვილეში რა არის ეს? შენს აღქმაში როგორია?

მისი აღქმა დამოკიდებულია იმაზე, შენ რა მიმართულება გაინტერესებს მუსიკაში. თუ უსმენ ტექნოს, რა თქმა უნდა, ეს ის ადგილია, სადაც დიდწილად ეს მუსიკა ფორმირდა და განვითარდა. არის რამდენიმე არტისტი, რომელიც ჩემთვის უაღრესად მნიშნველოვანები არიან, დაუკრავთ იქ და მათი მოსმენით სიამოვნება მიმიღია, მაგრამ ეს სივრცე არ იყო მათი მუსიკისთვის ადექვატური. ყველა კლუბს თავისი იდენტობა აქვს. ყველა კლუბი, ყველა სცენა, ყველა ქალაქი უნიკალურია, ამიტომ მეორე ბერგჰაინი არავის სჭირდება.

შენთვის მნიშვნელოვანი არტისტები ახსენე, ვინ არიან ისინი?

Jeff Mills - მამა თუ ბაბუა, მოძღვარი. პიკასოსავითაა, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მაინც ძალიან დიდ პატივს სცემ მის შემოქმედებას. მარტო ხედვა კი არ აქვს განსხვავებული, არამედ ერთგვარი მისია აქვს და იცი რომ წარმოუდგენელი ენერგია იდება ამ მისიაში. უფრო თანამედროვე არტისტებში Cio D’Or, Stanislav Tolkachev, Mike Parker, Sleeparchive...

იმ დღეს Cio D’Or-თან ვსაუბრობდი Mike Parker, Sleeparchive,  Luke Slater მათ საუნდზე, რომ ძალიან ბევრს უკრავენ და რომ ჩამოყალიბებული, დასრულებული ხმა აქვთ, ამ კუთხით არასდროს მიფიქრია, არადა ზუსტად გამოხატავს ჩემს აზრს - თითოეული ხმა მათ მუსიკაში სრულყოფილია, ეს არ არის ესთეტიკური ზედაპირი, მთელი დინამიკაა. ამ არტისტების მუსიკამ და მუსიკისადმი დამოკიდებულებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს ჩამოყალიბაზე.

როგორ იპოვე იაკობი?

2011 წელს, შემთხვევით, ერთ-ერთ ფართიზე შევხვდით. ბერლინში ახალი გადასული ვიყავი, სახლში ჩემი ხმის სისტემა არ იყო მთლად გამართული, პოდკასტი უნდა ჩამეწერა და იაკობთან მივედი. ერთმანეთს მუსიკა გავუზიარეთ და ძალიან სპონტანურად ვცადეთ ერთად გაგვეკეთებინა რამე. დიზაინში და არქიტექტურაში ბევრთან მიმუშავია, მაგრამ აქ იმდენად მარიტივი იყო კომუნიკაცია, ნიუანსების დონეზეც კი, რომ მალევე მივედით პირველ რეზულტატამდე, შემდეგ ჩვენი კოლაბორაცია სრულიად დაუგეგმავად, ინერციით განვითარდა. რამე გრაფიკი არ გვაქვს, როცა გვინდა, მაშინ ვმუშაობთ. ზოგჯერ ღამის ხუთ საათზე, ზოგჯერ დილის ცხრაზე, ზოგჯერ ერთი თვე საერთოდ არაფერს ვაკეთებთ. არ მინდა მუსიკის კეთება სამსახურად მექცეს, თუ არ გამოდის, არ გამოდის. 5 რელიზი გვაქვს, ჩვენს ლეიბლზე, ჩვენიცაა various არტისტიც არის. ახლა 4 რელიზი მზადაა და ნელ-ნელა გამოვა.

რომ გვეკითხებიან ხოლმე, ხომ არ გააკეთებთ ახალ რელიზს, ვპასუხობთ, რომ ზოგადად, დიდი სიამოვნებით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მზად ვიქნებით. ახლა ბევრი რამე გვაქვს დაგეგმილი, აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ შეიძლება საერთოდ აღარ მოგვეწონოს ის, რაც გავაკეთეთ და საერთოდ არაფერი გამოვიდეს. მოკლედ, ეს არ იგეგმება, უფრო ცოცხალი პროცესია. რაც მთავარია, სათქმელი უნდა გქონდეს, რაღაც რომ გააკეთო.

როგორ ათანხმებთ Date-ებს? სააგენტოების მეშვეობით ურთიერთობთ კლუბებთან და უშუალოდ თქვენ?

ბევრს პირადად ვიცნობ, დიჯეები თვითონ არიან პრომოუტერებიც. სააგენტო იმიტომაა კარგი, რომ დეტალებზე ისინი ზრუნავენ და შენ თავისუფალი ხარ. ხშირია სადმე ჩახვალ და რაიდერში, რაც ჩაწერე, ის აპარატურა არ დაგხვდება. ის კი არაა, რომ ორარხიანი მიქშერით ვერ დაუკრავ, მაგრამ იცი, რომ ხალხი მოდის შენს მოსასმენად და საუკეთესოს მხოლოდ მაშინ სთავაზობ, როცა ყველაფერი ისეა, როგორც შენ მოითხოვე. შენ თუ ხარ არტისტი, არ გინდა, რომ ამ წვრილმანებზე იფიქრო და ადამიანურადაც არ გინდა ვინმეს აწყენინო, სააგენტოს კი არ აქვს ასეთი პირადი, ადამიანური ურთიერთობა ვინმესთან.

როდესაც საკუთარი ივენთების სერიას იწყებ, ძირითადად ალბათ ორი მოტივატორი არსებობს. ერთი ის, რომ გინდა საკუთარი თავი გამოხატო და საკუთარი პროდუქტი გქონდეს, ან მეორე, შენს გარემოში რისი დანაკლისიც არსებობს, იმის შევსებას ცდილობდე. რასთან გვაქვს საქმე STAUB-ის შემთხვევაში?

STAUB-ის შემქნისას ორივე ფაქტორი არსებობდა. ინიციატივა კი კლუბიდან (://about blank) წამოვიდა. მათ უნდოდათ დღის ივენთები გაეკეთებინათ, იმიტომ, რომ ბერლინში ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც დღისითაც უნდა ტექნოს მოუსმინოს. მართალია Berghain-ში შეიძლება კვირასაც ისიამოვნო მუსიკით, თუმცა შაბათს, „ტექნოს დედაქალაქში“ ტექნოს დღისით მოსმენა არც ისე ადვილი იყო. როდესაც კლუბმა ეს ინიციატივა გააჟღერა, დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად სპონტანურად დავგეგმავდით ივეთებს, ლაინ აპის გამოცხადების გარეშე და ვისიამოვნებდით მუსიკით. არტისტებს წინასწარ იმიტომ არ ვაცხადებდით, რომ მთავარი აქცენტი სახელებზე კი არა, ზოგადად მუსიკაზე გაგვეკეთებინა. ზუსტად ამიტომ, მსმენელის ყურადღება გადავიდა ივენთის ხარისხზე და არა ცალკეულ პიროვნებებზე. ეს საშუალებას გვაძლევდა ახალბედა არტისტები დაგვეყენებინა გამოცდილი, პოპულარული სახელების გვერდით. და რაც მთავარია, ყველა დიჯეის ვუხდით თანაბარ, ფიქსირებულ ჰონორარს, მათ შორის „დიდ სახელებსაც“, რადგან ყველამ იცის, რომ მათი სახელის გამო იქ არავინ მოდის.

როდესაც ამ ივენთებს სისტემატიური სახე მიეცა და პუბლიკაც მიხვდა, რომ აქ ძალიან ხარისხიან პროდუქტთან აქვთ საქმე, სისტემატიურად სიარული დაიწყეს. ჩემი აზრით, ხალხს მობეზრდა „უნიფორმები“ და ინსტიტუციონალური შეზღუდვები, რომელიც დღეს კლუბებში აქტიურად იგრძნობა. ამიტომ აინტერესებთ ისეთი ანდერგრაუნდ სივრცეები, სადაც უბრალოდ თავისუფლად იგრძნობენ თავს. მიუხედავად ამისა, მიჭირს STAUB-სთვის ანდერგრაუნდის დარქმევა, რადგან ჩემთვის ანდერგრაუნდი უკიდურესი სპონტანურობაა, ივენთები დაგეგმვის,  დაწყების და დასრულების დროის გარეშე.

მსმენელის მატებასთან ერთად იყო იმის შანსიც, რომ შეიძლებოდა STAUB-ს მიმართულება შეეცვალა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი პრინციპების ერთგული დავრჩენილიყავით და კომერციულ ცდუნებებს არ ავყოლოდით. რაღაც ცვლილებები გარდაუვალი, თუმცა ბალანსის დაცვა აუცილებლად მიმაჩნია.

STAUB-ის სერიებში ზოგჯერ ქართველ არტისტებსაც ვხედავთ..

კი, რატომაც არა. საქართვველოში ტექნო სცენა ძირითადად ბოლო წლებში უფრო განვითარდა და ზოგიერთის არტისტის მუსიკა ჩემს ყურამდეც აღწევს. მაგალითად, წლების Greenbeam & Leon-ს  თბილისში პირველად რომ მოვუსმინეთ, აღმოვაჩინე, რომ ისინი უკრავდნენ ისეთ მუსიკას, რომელსაც ბევრი წარმატებული დიჯეი ვერც კი იპოვის. უბრალოდ, Staub-ს დიდი ბიუჯეტი არ აქვს და სხვა ქვეყნებიდან არტისტების ჩაყვანა გვიჭირს, მაგრამ, როდესაც ისინი ბერლინში იყვნენ, ჩვენ სიამოვნებით მოვიწვიეთ ივენთზე. და ამას პერიოდულად ვაკეთებთ. უფრო მეტიც, ოქტომბრის ბოლოს გვინდა რამდენიმე არტისტი ჩავიყვანოთ და დავაკვრევინოთ. მე მიმაჩნია, რომ სხვადასხვა პუბლიკისთვის დაკვრა დიჯეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ Staub-ის მსმენელისთვის დაკვრა მათთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.

ცოტა ხნის წინ გამოვიდა STAUB-ის ფირფიტა, რომელიც  იმეორებს ივენთების ესთეტიკას. ანონიმურობა შენარჩუნებულია და მსმენელმა არ იცის ვის უსმენს..

კი, ჩვენ გვინდოდა ამ რელიზებშიც იგივე იდეები ჩაგვედო, რაც STAUB-ის ივენთებშია. პლუს ამას, ძალიან საინტერესოა არტისტების შერჩევის პროცესი.მაგალითად, პირველ რელიზში გვყავს საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი, რომელიც ამ ტიპის მუსიკას არ წერს, ძირითადად ამბიენტში მუშაობს, თუმცა აქ სულ სხვა სახით წარსდგა. მათთვის ეს საინტერესოა. შეიძლება სხვაგან, სხვა სახელით აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას აკეთებდნენ, მაგრამ STAUB-სთვის ისინი მათთვის საინტერესო ახალ ჟღერადობაზე მუშაობენ. ეს მიდგომა შენარჩუნდება მომავალშიც, რადგან ჩვენ ამის გვჯერა. შეიძლება კომერციულად მომგებიანი არ არის, მაგრამ ნამდვილად სწორია და საინტერესო.

აცნობიერებ რომ შენი პროფესია სინამდვილეში წამიერია?

დიჯეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ესაა. ვთქვათ, არის მუსიკა, რომელიც ხშირადაა შენს ჩანთაში მაგრამ იშვიათად უკრავ, რადგან ძალიან პერსონლაური დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ და მხოლოდ მაშინ უკრავ, როცა ხვდები, რომ მისი ადგილი ზუსტად ახლა და აქაა. მაქვს ორი სამი ტრეკი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვუკრავ, როცა ვხვდები, რომ ახლა ზუსტად ის უნიკალური მომენტია. Robert Hood-ის  Minus ერთ-ერთი ასეთი მაილსტოუნია ჩემთვის. ალბათ სულ 2-ჯერ მაქვს დაკრული ცხოვრებაში. ასეთივე მომენტი იქმნება მაშინ, როცა შენ თავს გააკვირვებ, ან კომბინაციით, ან სიჩქარით, ან შენი დამოკიდებულებით, მაშინ მგონია, რომ იყო კარგი პერფორმანსი.

აკვირდები ბერლინიდან აქ მიმდინარე მოვლენებს? როცა ყოველწლიურად აქ ბრუნდები, რამდენად ემთხვევა რეალობა შენს წარმოდგენებს?

ისეა, როგორც ჩანს. არტისტების შთაბეჭდილებები, რომლებიც აქ უკრავენ, ბერლინში ბრუნდებიან და ემოციურ პოსტებს წერენ, ნამდვილია. წარმოდგენა არ აქვთ სად ჩამოდიან და უკვირთ ადგილობრივი დიჯეების, სივრცეების, ხმის სისტემების ხარისხი. ჩემს მეგობრებს რომ ვეკითხები ხოლმე ყველაზე მეტად აქ რა მოსწონთ, მპასუხობენ, რომ პუბლიკა. ბერლინში იშვიათია აუდიტორია, რომელიც თავიდანვე დადებითადაა არტისტის მიმართ განწყობილი. იქ იმდენად ბევრი რამ ხდება, რომ ძალიან კრიტიკულად უყურებენ არტისტებს. მთელი ეს კულტურა სინამდვილეში ენერგიის გაცვლაა, დიჯეი და მსმენელი ერთად ქმნის თითოეულ ივენთს და ამ პროცესში დადებითი განწყობა ძალიან მნიშნველოვანია, ის წარმოშობს უმთავრესს - ერთად შეძენილ გამოცდილებას.

თბილისში რომელ კლუბებში  ხარ ნამყოფი და როგორ შეგიძლია აღწერო ისინი?

”მტკვარზე“ ვარ ნამყოფი, Bassiani-ზე, Elektowerk-ში, “ვიტამინში”. ყველას თავისი იდენტობა აქვს, რაც ძალიან მნიშნველოვანია. მუსიკალურად რომელი საითაა, ამ  ტენდენციებს ვხვდები, მაგრამ 1-2 წელი სჭირდება ამ კლუბებს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, სად რა დაიკვრება. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი.

როგორ ფიქრობ, ახლა საქართველოში რომ ცხოვრებდე, პირველ რიგში რის გაკეთებას შეეცდებოდი?

პირველ რიგში ვიპოვიდი საინტერესო სივრცეს. ოთხშაბათ ან ხუთშაბათ დღეს შევკრიბავდი 4-5 მუსიკოსს, რომელსაც ვენდობი და შევეცდებოდი თვეში ერთხელ გამეკეთებინა რაიმე განსაკუთრებული. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ შემეკრიბა ადამიანები, ვინც ისეთი სივრცის ფორმირებას მოახერხებდა, სადაც პუბლიკა და დიჯეი ერთად შექმნიდა ივენთის ატმოსფეროს.

მსოფლიო მასშტაბით საკლუბო კულტურის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ნარკოტიკია, რომლის მოხმარებაც საქართველოში კანონით ისჯება. როგორ ფიქრობ შეიძლება მის გარეშე განვითარდეს ეს კულტურა?

ნარკოტიკი ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი არ არის, ვინც მის გარეშეც    და უფრო მეტი ემოციით და ენთუზიაზმით არ იღებს სიამოვნებას. როდესაც ნარკოტიკი ფაქტიურად არ არსებობს, რთულია თქვა, როგორ შეიძლება განვითარდეს საკლუბო კულტურა, კი შეიძლება, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო ლიბერალური იყოს. ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება, რამდენად შეიცვალა ქლაბინგი იმის მიხედვით რა ნარკოტიკს მოიხმარდნენ კონკრეტულ პერიოდში აქტიურად. 1990-იან წლებში როცა ექსტაზი იყო აქტუალური, სხვა მუსიკა იკვრებოდა, როცა 2000-იანების ბოლოში, ბერლინში სხვა ნარკოტიკზე გადავიდნენ და დიჯეებიც სხვანაირად უკრავდნენ, სულ სხვა განწყობა იყო. მე ვერ ვგრძნობ რომ განსხვავებულად ვუკრავ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ეს ძალიან ინტუიტიური პროცესია, რატომ ირჩევ ერთ ფირფიტას ან მეორეს, ამაზე რაციონალურად არ ფიქრობ. იმ იმპულსს იღებ, რა განწყობაცაა კლუბში და შესაბამისად უკრავ.

 

იზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მთავარი დრაივი ევროპულ ან ამერიკულ კლუბებშია? ანუ ”კარგი ისაა, რაც შორსაა“?

ძალიან ბევრი ფაქტორია. გააჩნია რა არის კონკრეტული ადამიანისთვის ”ქლაბინგში“ მნიშვენლოვანი - ცეკვა, მუსიკა, თუ ნარკოტიკი. საკლუბო კულტურა ევროპაში 1990-იანი წლებიდან და ამერიკაში კიდევ უფრო ადრიდან ნარკოტიკის მოხმარების ნიადაგზეცაა აგებული. რა თქმა უნდა, სხვანაირია იქ საკლუბო კულტურა, მაგრამ მე მგონია, რომ აქ ზუსტად ისევე შეიძლება გაერთო და ისეთივე გამოცდილება მიიღო, როგორც ევროპის ნებისმიერ კლუბში, თუმცა პუბლიკა უნდა გაიზარდოს. ევროპაშიც ასეა, ზოგ კლუბში არაა ისეთი გამოცდილი პუბლიკა, რომ ისე გაერთოს, სხვის პირად სივრცეს პატივი სცეს. საბოლოო ჯამში დიდი განსხვავება მაინც არ არის.

დაბრუნებაზე გიფიქრია?

პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გამაღიზიანებელია, რომ არ მიფიქრია. არ მგონია, რომ კონკრეტული კულტურული სივრცის ნაწილი ვარ, არ მაქვს შეგრძნება, რომ როგორც საქართველოში გამოვხატავდი საკუთარ თავს, ისე ვერ გამოვხატავ სხვაგან. ამიტომ ეს კითხვა არ დამისვამს საკუთარი თავისთვის. 

ავტორები :
  • ქეთა გაბუნია
  • მაშო სამადაშვილი
  • რეზი ხუნწელია (REZZ)




loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა