გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენს თაობას მე „სავარძლის მოგზაურებს“ ვეძახი - ინტერვიუ კატია ვოლტერსთან

კატია ვოლტერსი - მწერალი და მთარგმნელი. ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან ადრეულ ასაკში დატოვა, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ისევ ქართულ კულტურას ემსახურება. თარგმნის როგორც ქართულად: პოლონურიდან, გერმანულიდან, ინგლისურიდან, რუსულიდან, ესპანურიდან, ასევე პირიქით. ამჟამად სწავლობს ებრაულსა და იდიშს. 

კატია პოლონელი მწერლის, 2018 წლის ნობელიანტის - ოლგა ტოკარჩუკის პირველი ქართველი მთარგმნელია. ქართულად ნათარგმნი აქვს რომანი „წიგნები იაკობისა“ და მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“.

ოლგა ტოკარჩუკი

ინტერვიუ ჩაწერა ქეთევან გახოკიამ


კატია, მინდა ინტერვიუ ეგზიუპერის ფრაზით დავიწყოთ: „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“.როგორი იყო კატია ვოლტერსის ბავშვობა?

კ.ვ. დიახ, ნამდვილად ასეა. ძალიან მიყვარს ეგზიუპერი და, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ დავეთანხმო მის ამ ცნობილ, დროში გამოცდილ ფრაზას. რაც უფრო შევდივართ ასაკში, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ იმ ბავშვს ვუბრუნდებით, რომელიც ოდესღაც ვიყავით. თითქოს არც არასოდეს წავსულვართ ბავშვობიდან. და საერთოდაც, მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება ბავშვობის მიტოვება და მერე ისევ მასში - ადამიანისთვის ყველაზე სასურველ წიაღში - დაბრუნებაა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ბირთვიც ადრეულ ბავშვობაში იდება და ყალიბდება.

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, ჩვეულებრივი საბჭოთა ბავშვი ვიყავი, მაშინდელი ბავშვები ძალიან ვგავდით ერთმანეთს. სწორედ რამდენიმე დღის წინ ზვიად რატიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობდი და ვთქვი, რომ ჩვენი თაობის ბავშვობა საბჭოთა კავშირთან ერთად დამთავრდა.

ჩვენ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით. საბჭოთა საზღვრებიდან გაღწევა, შეიძლება ითქვას, მაშინ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, და დანარჩენს სამყაროს, რომლის მიმართაც ცხოველი ინტერესი გაგვაჩნდა, მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდით. ეს ინტერესი კიდევ უფრო უმძაფრდებოდათ მათ, ვინც ბევრს კითხულობდა. ასეთ ბავშვებს მივეკუთვნებოდი მეც. ჩვენ არ გვქონდა წიგნებში აღწერილი სამყაროს რეალურად ნახვის და განცდის ფუფუნება. ჩვენ ვკითხულობდით და წიგნებშივე ვრჩებოდით, რადგან ვიცოდით, რომ ვერასდროს ვნახავდით იმ ადგილებს, რომლებიც უცხოელი მწერლების რომანებსა და მოთხრობებში იყო აღწერილი. თუ, დავუშვათ, რომელიმე კონკრეტული ადგილის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გინდოდა, მაშინ ახალი წიგნის ძებნას იწყებდი, რომელიც ცოდნას კიდევ უფრო მეტად გაგიღრმავებდა და წარმოსახვასაც გაგიფართოებდა.

ჩვენს თაობას მე „სავარძლის მოგზაურებს“ ვეძახი.

რამდენი წლისა იყავით, როდესაც დაიწყო თქვენი „მოგზაურობა“?
კ.ვ. საკმაოდ პატარა. კითხვა სამი წლისამ ვისწავლე. უზომოდ მიყვარდა ამბების მოსმენა და ბევრსაც მიკითხავდნენ, განსაკუთრებით ბებია. მაგრამ ბებია ექიმი იყო, თავისუფალი დრო ცოტა ჰქონდა, თანაც ამბის მოსმენის ჩემი გამუდმებული მოთხოვნილება და ერთი და იმავე წიგნის დაახლოებით ასჯერ წაკითხვის სურვილი, ეტყობა, მობეზრებული ჰქონდა და ხანდახან თვითნებურად ცვლიდა ხოლმე ტექსტებს, რასაც მე მაშინვე ვხვდებოდი და ვეუბნებოდი, ნუ ცვლი, წიგნში ასე არ წერია-მეთქი. ერთხელაც, ამის გამო, ჩემი მუდამ მშვიდი და სათნო ბებია გამიწყრა და მითხრა, თუ ჩემი წაკითხული არ მოგწონს, მაშინ ისწავლე კითხვა და თვითონ წაიკითხეო.

ეს ამბავი ჭკუაში დამიჯდა. კარგა ხანს ვფიქრობდი, ნეტავ როგორ შეიძლება, ადამიანმა კითხვა ისწავლოს-მეთქი და გამოსავალსაც იოლად მივაგენი.

იმ დროს გამოდიოდა ასეთი გაზეთი - „კომუნისტი“. სახელწოდება პირველ გვერდზე დიდი ასოებით იყო გამოყვანილი და ვიცოდი, რომ ეს სიტყვა იყო კომუნისტი. რამდენიმე ასო აქედან ვისწავლე, მერე ტექსტებში იმ ასოებს დავუწყე ძებნა, რომლებიც ვიცოდი და ფაზლივით ვაწყობდი სიტყვებს. მალე ოცდაცამეტივე ასო ვისწავლე და უცებ, სეზამივით, ახალი სამყაროს კარი გაიხსნა ჩემთვის.

ერთ მშვენიერ დღეს, დედასთან და ბებიასთან გამოვცხადდი და ვთქვი, რომ კითხვა ვიცოდი. რა თქმა უნდა, ძალიან გაეცინათ და მითხრეს: ჰო, ჰო, რა თქმა უნდა! აბა რა! იცი კითხვა. ვუთხარი, თუ არ გჯერათ, წიგნს ავიღებ და წაგიკითხავთ-მეთქი. დავიწყე კიდეც კითხვა, მაგრამ მაინც არ დამიჯერეს, იფიქრეს, ყველა ეს ამბავი, იმდენჯერ მქონდა მოსმენილი, რომ უკვე ზეპირად ვიცოდი. მერე რაღაც ისტორიის წიგნი მომცეს, რომელსაც დედა კითხულობდა, და მართლა წავიკითხე.

მათი სახეები დღესაც მახსოვს, როგორი გაოგნებულები მიყურებდნენ.

ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ბედნიერების წლები - აბსოლუტური დამოუკიდებლობის ხანა. ვკითხულობდი საბავშვო და არასაბავშვო ლიტერატურას, ტელეფონების წიგნს, კიბერნეტიკის სახელმძღვანელოსაც კი... ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა. ჩემდა საბედნიეროდ, შინაც ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. იმდენად ბევრს ვკითხულობდი, რომ ოჯახში ეს ამბავი ადარდებდათ კიდეც, დაახლოებით ისე, როგორც დღეს ადარდებთ ის ბავშვები, რომლებიც ტელეფონებთან და კომპიუტერებთან დიდ დროს ატარებენ.

ძალიან საინტერესოა, რასაც მიყვებით. და რეალურ „მოგზაურად“ როდის იქეცით?
კ.ვ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. ჩემი სტუდენტობა, როცა დიდი და დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დამეწყო სხვა თანატოლებთან ერთად, საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდს დაემთხვა. ყველაფერი საშინლად აირია, თავდაყირა დადგა. დამჯერი, ფრიადოსანი გოგონა ვიყავი და გამიჭირდა ახალი რეალობის სწრაფი აღქმა და მასთან შეგუება.

მერე ისე მოხდა, რომ პოლონეთში აღმოვჩნდი. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა უცხოეთში. აქ პირისპირ შევეჯახე რეალურ, სასტიკ ცხოვრებას, რომლისაც ქართული ტრადიციებით აღზრდილს,  ბევრი არაფერი გამეგებოდა. მაგრამ უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობა, რომელიც მე გამიჩნდა, მაშინ იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს. ამიტომ ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება. ალბათ, ახალგაზრდა და გამოუცდელი რომ არ ვყოფილიყავი, ამას ვერ გავბედავდი. მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი თამამია, საკუთარი თავის, სამყაროს სიკეთისა და კეთილგანწყობის სჯერა. ცხადია, ოჯახმაც შემიწყო ხელი, თუმცა, სამწუხაროდ, ფინანსურად, ვერა. ამის საშუალება მაშინ არავის ჰქონდა. უბრალოდ, ჩემს პირველ დამოუკიდებელ არჩევანს ჩემი მშობლები გაგებით მოეკიდნენ, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვიქნები მათი. მამამ გზა ამ სიტყვებით დამილოცა: მთავარია, შენ იცოდე რას აკეთებ, და ისიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენს დასახმარებლად შეიძლება არავინ მოვიდეს. თუმცა ჩემთვისაც ისედაც ცხადი იყო, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვყოფილიყავი. ცუდი დრო იდგა. არც სატელეფონო კავშირის საშუალება იყო და არც ფოსტა ფუნქციონირებდა გამართულად. მახსოვს პერიოდი, როცა ექვსი თვის განმავლობაში, არაფერი არ ვიცოდით ერთმანეთზე. ისიც მახსოვს, რომ ოჯახისთვის ხმის მიწვდენისა და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთი საშუალება უცნაური ტურისტული ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ძირითადად სავაჭროდ დადიოდნენ პოლონეთში. აღარ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს. მთავარი ის არის, რომ, მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, ყველაფერი უკან დარჩა. მე მიზანს მივაღწიე და შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით შეძლებისდაგვარად ისევ ჩემს სამშობლოს ვემსახურები.

როგორც ვიცი, პოლონეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდით და ცხოვრობთ. რა გასწავლათ საქართველოდან წასვლამ?
კ.ვ. პოლონეთში 15 წელი ვიცხოვრე. ახლა უკვე დიდი ხანია გერმანიაში ვცხოვრობ.
რა მასწავლა? - თავისუფლების შეგრძნება. პოლონეთი ჩემი მეორე სამშობლოა. რატომ? - იმიტომ, რომ დამოუკიდებელ ადამიანად პირველად იქ დავიბადე. იქ გავაცნობიერე პირველად, თუ რას ნიშნავს, საკუთარი თავის წინაშე სრული პასუხისმგებლობის აღება;

თქვენი ბავშვობის პერიოდს დავუბრუნდები. ენების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გქონდათ თუ ეს შედარებით გვიანდელი მონაპოვარია?
კ.ვ. ადრეული ასაკიდანვე სამ ენაზე მიწევდა ლაპარაკი: ქართულად, რუსულად და გერმანულად. დავდიოდი სკოლაში, სადაც პირველი კლასიდან ისწავლებოდა გერმანული. საოცრად კარგი მასწავლებელი მყავდა – უკეთილშობილესი ქალბატონი ციალა ენუქიძე. ჭეშმარიტი გერმანოფილი. სწორედ მას ვუმადლი, რომ საშუალო სკოლადამთავრებულს ყველა დიდი გერმანულენოვანი მწერალი ორიგინალში მქონდა წაკითხული. და არამარტო წაკითხული, დამუშავებულიც. საბჭოთა მოსწავლეები რაშიც მოვიკოჭლებდით, ეს ცოცხალი სალაპარაკო ენა იყო, რადგან მხოლოდ კლასიკური ლიტერატურითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით მისი სრულყოფილად შესწავლა, მოგეხსენებათ, შეუძლებელია.

კატია, რამდენიმე ენიდან თარგმნით ქართულად: პოლონურიდან, გერმანულიდან, ინგლისურიდან, რუსულიდან, ესპანურიდან, და ასევე პირიქით. ვიცი, რომ თქვენი რომანი „იერიქონის ვარდიც“ ჯერ ინგლისურად დაწერეთ და მოგვიანებით თავადვე გადმოაქართულეთ. როგორ ახერხებთ ამდენ ენასთან შეჭიდებას?
კ.ვ. არ ვიცი... ამაზე არ დავფიქრებულვარ. როდესაც ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ენის გარემოცვაში იზრდება, ამის უნარი, როგორც ჩანს, თავისთავად უყალიბდება. დიდი მადლია, როცა შეგიძლია ერთი ენიდან მეორეში თავისუფლად გადაინაცვლო. სხვათა შორის, თქვენ მიერ ჩამოთვლილ ენებს კიდევ ორი ახალი ენა დაემატა: ებრაული და იდიში. თუმცა, ცხადია, ენების შესწავლა მხოლოდ ნიჭი არ არის, საკმაოდ სერიოზულ შრომასაც მოითხოვს.

რაც შეეხება თარგმანს, წიგნის სიყვარულმა მიმიყვანა მასთან. ყოველთვის მინდოდა, კარგი წიგნის წაკითხვის ბედნიერება იმ ადამიანებსაც ჰქონოდათ, რომელთაც ამა თუ იმ ენაზე ხელი არ მიუწვდებათ.

პირველად, რომელი ენიდან თარგმნეთ?
კ.ვ. პოლონურიდან? (ფიქრობს)... კი, პოლონური იყო. ადამ მიცკევიჩის ლექსების პწკარედები გახლდათ. ერთი მათგანი კი, „რწყილი და რაბინი“,  გავბედე და, გავლექსე კიდეც.

სიტყვამაც მოიტანა პოლონურ ენასა და მწერლობაზე საუბარი და, ვფიქრობ, დროა, ოლგა ტოკარჩუკზე გკითხოთ. ჩვენ, ქართველმა მკითხველმა, ის 2018 წელს, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ გავიცანით, და გავიცანით თქვენი თარგმანების მეშვეობით. თქვენ როდის აღმოაჩინეთ ეს ავტორი  და როგორი იყო მასზე თქვენი, როგორც მკითხველის, პირველი შთაბეჭდილება?
კ.ვ. ოლგა ტოკარჩუკი პირველად დაახლოებით ოცდაათი წლის წინ წავიკითხე. ის მოულოდნელად გამოჩნდა პოლონეთის ლიტერატურულ სცენაზე. აქტიური მკითხველები, რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდით ახალბედა მწერლით.

მისი პირველი წიგნი მე მეგობარმა მაჩუქა. თუმცა ადრეც მითქვამს და არც ახლა დავმალავ, რომ არ აღვფრთოვანებულვარ მისით. რაღაცნაირი მდორე დინების წიგნი იყო, მაგრამ მწერლის ძალზე მდიდარი სულიერი სამყარო და დაკვირვების უნარი პირველი გვერდებიდან იგრძნობოდა. მივხვდი, რომ ის ჩვენზე გაცილებით მეტს ხედავდა, თითქმის ზეადამიანური ხედვა ჰქონდა, ყოვლის მჭვრეტელი. მონათხრობი გიყოლიებდა, მაგრამ ამასთან ძალიან გღლიდა უამრავი წვრილმანი დეტალითა და ნიუანსით. ოლგა ტოკარჩუკს ხელეწიფება, თუნდაც უბრალო ქვაბისგან მთელი სამყარო შექმნას. ამგვარ თხრობას მიჩვეულები არ ვიყავით.  ვარშავა დიდი ქალაქია, სადაც ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპით მიედინება, იქ ყველას სადღაც ეჩქარება და, წარმოიდგინეთ,  უცებ ჩნდება ვიღაც, ვინც გეუბნება: გაჩერდი, გაჩერდი და ამ ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წვრილმანი აღიქვი! „ენდე ფრაგმენტს, რადგანაც ფრაგმენტები ისეთ კონსტელაციებს ქმნიან, მრავალგანზომილებიანი აღწერა რომ ხელეწიფებათ“.

დიდი ხანი დამჭირდა ამ წიგნის წასაკითხად, მაგრამ ყველა, ვინც ის წაიკითხა, სხვანაირი გახდა. ოლგა ტოკარჩუკი უდავოდ ის ავტორია, რომელიც მკითხველს უკეთესობისკენ გარდაქმნის.  ლაო-ძი ამბობდა, რომ მოძღვარი მაშინ მოდის, როდესაც შეგირდი მზადაა, და მე სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მაშინ მე ამ წიგნის ქართულად თარგმნის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ ახლა უდიდესი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. სამაგიეროდ გარკვეული დროის შემდეგ, ოლგა ტოკარჩუკის მომდევნო, ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჩამივარდა ხელში,  მოთხრობების კრებული „ბევრ დოლზე დაკვრა“, რომლის წაკითხვის შემდეგაც ვთქვი: ეს წიგნი აუცილებლად უნდა მივიტანო ქართველ მკითხველამდე. და ასეც მოხდა გამომცემლობა ინტელექტის მხარდაჭერით. მანამდე ცალკეული მოთხრობები ქართულ პრესაში იბეჭდებოდა: „არილში“, „ახალ საუნჯეში“, ელექტრონულ ჟურნალ „ელექტროლიტში“. დღეს ქართულ ენაზე უკვე არსებობს კრებული „შოტლანდიური თვე“,რომელიც ზემოთ ნახსენები წიგნის საფუძველზე შეიქმნა.

კრებულის თარგმნის დროს რა იყო თქვენთვის ყველაზე რთულად მოსახელთებელი, ის, რაც მწერლის ინდივიდუალიზმისა და სტილის განუყოფელი ნაწილია?
კ.ვ. ალბათ მისი მოთხრობების პოლიფონიურობა, დინამიკა, პერსონაჟების მრავალსახოვნება, მათი შეგრძნებები. მე კარგად ვიცნობ კლასიკურ მუსიკას, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და, არა მგონია შევცდე, თუ ოლგა ტოკარჩუკის ამ კრებულს პატარა ორკესტრს შევადარებ. აქ ყველა პერსონაჟს თავისი ჟღერადობა და ენა აქვს. ავტორი კი, როგორც მთხრობელი, როგორც დირიჟორი, ყველასთანაა, ერთი წამით არ ტოვებს მათ ყურადღების გარეშე; ის არა მხოლოდ ყველა ცოცხალ პერსონაჟში, ყველა ნივთშიც კი აღწევს და თანაუგრძნობს მათ. აი, ეს არ უნდა გამოგრჩეს, ავტორის ეს თანალმობა, ეს ემპათია, თორემ სხვაგვარად იმ მთლიანობას ვერ მიეახლები, რითაც მწერალი სულს უდგამს თავის ნაწარმოებებს.

თავად ოლგა ტოკარჩუკი სანობელე სიტყვაში ამბობს, რომ მთავარია მკითხველმა ფრაგმენტებისგან შემდგარი მთლიანი სურათი დაინახოს. „შოტლანდიური თვის“ თითოეული მოთხრობა, როგორც ცალკეული ფრაგმენტი, ცალკეული ხმა, ერთიან სურათს ქმნის. მაგრამ როგორია მკითხველის თვალით დანახული ეს ერთიანი სურათი?
კ.ვ. ქართულენოვანი კრებულის საფუძველზე ცოტა რთული იქნება პასუხის გაცემა. პოლონური კრებული, რომლის სახელწოდებაცაა „დაკვრა ბევრ დოლზე“, 19 მოთხრობისგან შედგება, საიდანაც ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ 12 მოთხრობა ვთარგმნეთ და სათაურიც შევცვალეთ, რადგან ამავე სახელწოდების მოთხრობა კრებულში არ შეგვიტანია. თუმცა ამ მხრივ გამონაკლისები არ ვართ. გერმანელებმაც იგივე გააკეთეს და მათაც, ისე როგორც ჩვენ, მოთხრობები მკითხველის გემოვნების გათვალისწინებით შეარჩიეს.

მთლიანობაში კი, ერთიანი სურათი კრებულში ცხადია, შენარჩუნებულია და ის ასე იკითხება: ადამიანები სამყაროს, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი, როგორც თავად მწერალი ამბობს, „ძლევამოსილი“ ნაწილაკები ვართ, და მიუხედავად წარმომავლობისა, სოციალური მდგომარეობისა თუ კანის ფერისა, ჩვენ ყველას ერთნაირი განცდები და საფიქრალი გვაქვს.

მოთხრობების ამ კრებულშიც ავტორი თითქმის მთელს მსოფლიოს აერთიანებს  და გვიშლის ხელისგულზე. ყველა ამბავი სხვადასხვა ადგილას ვითარდება: ერთი ვენაში, მეორე - პარიზში, მესამე - ვარშავაში, ან სადღაც პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარზე. სხვადასხვა სოციალური ფენის პერსონაჟები კი განსხვავებულ დროში ცხოვრობენ. მაგალითად: „ყველაზე მახინჯი ქალის“ ეპოქა 1920-იანი წლებია, „იერუსალიმის აღების“ - XVIIსაუკუნე, „ჩეგევარაში“ კი მოქმედება  1990-იან წლებში ხდება.

და რა არის ის ნიშანი, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ პერსონაჟებს აერთიანებთ?
კ.ვ. ისინი ერთი შეხედვით უბრალო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან. ტოკარჩუკს ძალიან უყვარს უბრალო ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიო მითოლოგიას სიღრმისეულად იცნობს  და ამბობს, რომ მითოლოგია არის ის, რაც ჩვენს ადამიანურ ფსიქიკას აყალიბებსო, საუბრებში მაინც ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ არასდროს ჰქონია სურვილი მითურ გმირზე, ან თუნდაც გამორჩეული მონაცემების ადამიანზე დაეწერა. მას ჩვეულებრივი ადამიანები და მათი ყოველდღიურობა აინტერესებს, მაგრამ სწორედ ამ ყოველდღიურობაში, თავისი ნიჭის წყალობით, მას შეუძლია რაიმე უცნაური მოვლენის, განცდის, ნაპერწკლის აღმოჩენა და მათი, თუ შეიძლება ასე ითქვას, აბრჭყვიალება. რა აფერადებს ჩვეულებრივი ადამიანის ყოფას? რა ხდება მის სამყაროში მაგიური? ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ თუნდაც მოთხრობა „არიადნე ნაქსოსზე“, რომელიც ჩემთვის გამორჩეულია და ძალიან მიყვარს. სრულიად ჩვეულებრივი, მაგრამ მგრძნობიარე ახალგაზრდა დედის ცხოვრებაში ოპერა შეიჭრება მთელი თავისი დიდებულებით. თანაც როგორ? მუსიკით გამოწვეულ განცდებს ქალი საოპერო სცენაზე კი არა, მეზობლის ბინაში პოულობს და მომქანცველი ყოველდღიურობით თითქმის რობოტად ქცეული, უეცრად ყვავილივით იშლება. როგორი ამბავია! საოცარი ამბავია!

ოლგა ტოკარჩუკი, როგორც მოთხრობებიდან ჩანს, მართლაც ძალიან „მგრძნობიარე მთხრობელი“ და თავისი პერსონაჟების ბედის გამზიარებელია. ცოტა ირონიული, ცოტა მელანქოლიური, და ეს მუდმივად იგრძნობა მთხრობლის ტონში. რამდენად რთული იყო ამ ტონის თარგმანში გადმოტანა?
კ.ვ. რთული ნამდვილად არის, მაგრამ, როდესაც ხდები ტოკარჩუკის ჯერ მკითხველი და მერე მთარგმნელი, სხვა გზა არა გაქვს, უნდა მოინდომო. თანაც, ოლგა ტოკარჩუკის მთარგმნელები (მისი ნაწარმოებები 2019 წელს  90 მთარგმნელის მიერ მსოფლიოს 37 ენაზე იყო თარგმნილი), შეიძლება ითქვას, გამუდმებით ვთანამშრომლობთ. სპეციფიკური პრობლემა ყველა ენაში ჩნდება, არის რაღაც, რისი გადმოტანაც ძალიან რთულია და გიჭირს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ, ყველანი, ჯერ მისი თავდავიწყებული მკითხველები და თაყვანისმცემლები ვიყავით და თითოეული ჩვენგანისთვის თარგმნის სურვილიც აქედან წამოვიდა - ტოკარჩუკის მთარგმნელი დაბადა ტოკარჩუკის მკითხველმა. ჩვენ გვინდოდა, რომ მისი სიტყვა, მისი მგრძნობიარობა, ჩვეულებრივი ადამიანისადმი მისი სიყვარული გვეთარგმნა, მისი უჩვეულო და კომპლექსური ხედვა ჩვენს ენებზე გადაგვეტანა; გადაგვეტანა ის ხედვა, რომ მე მხოლოდ ქალაქში N-ში მცხოვრები ადამიანი კი არ ვარ, რომელიც არც თვითონ აწუხებს ვინმეს და არც მას  აწუხებს არავინ, არამედ რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვარ და სწორედ ამით ვიძენ მნიშვნელობას. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, სრულყოფილად გადმოვიტანოთ გმირებისადმი მისი უდიდესი ემპათია. ირონია, რომელიც მის ნაწერებში გვხვდება - ეს თვითირონიაა. როგორც ყველა ჭეშმარიტი ჰუმანისტი ადამიანი და მწერალი, არც ტოკარჩუკი აღიქვამს საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად.

ერთ-ერთ მოთხრობაში, „შოტლანდიური თვე“, მთავარი პერსონაჟი - მწერალი ქალი წერს: „სამყაროს აღწერა სხვა არაფერია, თუ არა შენივე თავის აღწერა და ბანალური შეიცან თავი შენის მეტი გზა არ არსებობს“. საკუთარი თავის შესახებ რა კითხვების დასმაში ან რის შეცნობაში ეხმარება მკითხველს ყველაზე მეტად მწერლის ეს კრებული?
კ.ვ. ოლგა ტოკარჩუკი თავის სანობელე სიტყვაში ასეთ რამეს ამბობს: ლიტერატურა იწყება კითხვიდან: „რატომ?“ ეს კითხვა ისმის მის ნებისმიერ ნაწარმოებშიც. საკუთარი თავი შეიძლება დიდი ადამიანის ცხოვრებას ვერ შეადარო და იგი შენთვის განყენებულ ფიგურად დარჩეს, მაგრამ რადგან ამ კრებულის და სხვა ნაწარმოებების პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, შენ, მკითხველი, სანამ მათ ამბავს დაასრულებ, გამუდმებით სვამ კითხვას: ეს რატომ მოხდა? რატომ შეემთხვა ამ პერსონაჟს ასეთი რამ?! მერე საკუთარ თავს უბრუნდები, შენს სულში იხედები და ფიქრობ: მე როგორ მოვიქცეოდი ამ შემთხვევაში? ეს ყველაფერი მეც მეხება თუ, მე ამ ადამიანთან საერთო არაფერი მაქვს?!

ან „ჩე გევარა“ გავიხსენოთ, რომელშიც მწერალი შესანიშნავად აღწერს, თუ როგორ ხდება ადამიანთა შორის, თუნდაც სრულიად უსიტყვოდ, ფიქრების გაცვლა-გამოცვლა, თუ როგორი გადამდებია მათი განწყობა. ცოტა ეზოთერულად თუ არ ხარ განწყობილი და იმაზე მეტის დანახვა არ გინდა, რასაც მხოლოდ შიშველი თვალით ხედავ, ტოკარჩუკის თაყვანისმცემელი და მისი ერთგული მკითხველი ვერ გახდები.

ეს იმიტომ, რომ თავად არის ის ასეთი. ის ადამიანს მარტივ მამრავლებად შლის. ამაში უდავოდ ფსიქოლოგიური განათლებაც ეხმარება. თითქოს ჩვეულებრივი თვალით კი არ ხედავს, მიკროსკოპით უყურებს ყველაფერს, ადიდებს და აახლოებს. თუმცა, კითხვაზე „რატომ?“, მზა პასუხს არასოდეს იძლევა. როგორც ყველა დიდი მწერალი, საფიქრალს გიტოვებს, და ამით სულიერად გზრდის და გამდიდრებს.

როგორც ახსენეთ, კრებულში მხოლოდ მოთხრობების ნაწილი შევიდა. რა პრინციპის საფუძველზე შეარჩიეთ ეს მოთხრობები?
კ.ვ. ნაწილობრივ ზემოთაც ვთქვი ამის თაობაზე. ყოველთვის, როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ და იცი, რომ მოთხრობების მხოლოდ გარკვეული ნაწილი უნდა თარგმნო, არჩევანს მკითხველიდან გამომდინარე აკეთებ (ამ შემთხვევაში, ქართველი მკითხველიდან)- რა იქნება მისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი, გასაგები და მისაღები. ამიტომ შედარებით ემოციური მოთხრობები შევარჩიეთ. ქართველს უყვარს ლიტერატურული ფიქცია, ქართველს უყვარს ემოცია, დრამა. კავკასიელებს ემოციის მაღალი ზღვარი გვაქვს.

გერმანულ კრებულში, მაგალითად, მოთხრობები სრულიად საპირისპირო ნიშნით შეარჩიეს. იქ აქცენტი ესეისტური ხასიათისა და შედარებით ნაკლებად ემოციურ მოთხრობებზე გააკეთეს. მათი ბუნებისთვის უცხოა ზედმეტი ემოცია. მისი გადამუშავება, მისთვის ადგილის მიჩენა უჭირთ გერმანელებს. ამიტომ არის, რომ გერმანიაში ნაკლებად უყვართ ემოციური მწერლები, მათ შორის, ჩვენთან გაღმერთებული ლათინოამერიკელები.

კატია, ბოლოს მინდა ინტერვიუ ისევ ოლგა ტოკარჩუკის სიტყვებით დავასრულოთ. სანობელე ლექციაში მწერალი ამბობს: „ის, რაც ხდება და რის შესახებაც არავინ ჰყვება, არსებობას წყვეტს“. ეთანხმებით?
კ.ვ. აბსოლუტურად. ადამიანი, რომელიც წაიკითხავს „იაკობის წიგნებს“, ამას მაშინვე მიხვდება. ესაა რომანი სიტყვის ძალაზე. სამყარო სიტყვებისგან შედგება და შეიძლება ითქვას, ასე იწყება კიდეც. დიახ:დასაბამიდან იყო სიტყვა და ტოკარჩუკიც ამას ეყრდნობა. ესაა მისი კრედო. მისთვის ყველა და ყველაფერი სიტყვებისგან შედგება, ცხადია, ადამიანიც. შენ თუ რაღაც არ ახსენე, რაღაც არ აღწერე, რაღაცის შესახებ არ მოჰყევი, ის არსებობას წყვეტს.

სხვათა შორის, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ყველაზე იოლად გასაგები უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიცვალებულების სადღეგრძელო სწორედ ამას გულისხმობს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი, გარდაცვლილები, ნათელში იყვნენ, ჩვენ კი აქ ვიყოთ კარგად მათ მოსახსენიებლად, ამით ვამბობთ იმას, რომ ჩვენი მიცვალებულები მანამდე ცოცხლობენ, სანამ ჩვენ მათ ვახსენებთ, და როგორც კი ხსენებას შევწყვეტთ, ისინი სამუდამოდ გაქრებიან სამყაროდანაც და ჩვენი ცნობიერებიდანაც.

ასე რომ, ვიდრე ადამიანს, მოვლენას, საგანსა თუ ემოციას სიტყვიერ ფორმას აძლევ, ის ცოცხლობს და არსებობს.



მასალა მომზადებულია გამომცემლობა "ინტელექტთან" თანამშრომლობით

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა