ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჭიშკარი მშვიდობის კედელზე | ქეთი მურუსიძე, ნათია ჭანკვეტაძე

„ყოველდღიური მშვიდობა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში“ ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მკვლევრები ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორებს სამხრეთ კავკასიის კონტექსტში პირველად სწავლობენ. რა არის ყოველდღიური მშვიდობა ახალგორში, გალში, გორში, ზუგდიდში, თბილისში, სოხუმსა თუ ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის - მკვლევრები და თანაავტორები ინტერვიუებში პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობენ.

ინტერვიუ პროექტის თანაავტორთან, ქეთი მურუსიძესთან

პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ვცადე ყოველდღიური მშვიდობის მეთოდოლოგიით ადგილობრივ გარემოზე დაკვირვება. „დიდი პარასკევის შეთანხმება“ და ჩრდილოეთი ირლანდია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მაგალითად მიიჩნევა ხოლმე. ჩემს თვალწინ გაცოცხლდა ისტორია: ბელფასტში დღემდე არსებობს მშვიდობის კედელი და მისი ჭიშკარი დღესაც იკეტება – ის პროტესტანტულ და კათოლიკურ საზოგადოებებს ერთმანეთისგან მიჯნავს. ქალაქში პროტესტანტებსა და კათოლიკეებს ერთმანეთისგან ჰყოფს არა მხოლოდ ხილული, არამედ უხილავი კედელიც. სამმეტრიანი მიწისქვეშ მოქცეული კედელი კარნმონის სასაფლაოზე სიკვდილის შემდეგაც „ჰყოფს“ პროტესტანტებსა და კათოლიკეებს.  

ბელფასტში გავიცანი ტაქსის მძღოლი, რომელიც დღემდე ამოწმებს მანქანას ქვემოდან, თუკი საკუთარ უბანს გასცდება – ძირზე ბომბი რომ არ ჰქონდეს მიმაგრებული. ის აუცილებლად შეცვლის მარშრუტს და არასდროს დაბრუნდება შინ იმავე გზით.

იქ პირველად, ცხადად გავიაზრე, რას გულისხმობს ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორები. ამ ამბებში გამოჩნდა, როდის გრძნობენ მშვიდად თავს ადამიანები და სად რჩება მუდმივი საფრთხის შეგრძნება, რას მიემართება, რას უკავშირდება და რატომ არის ყოველდღიური მშვიდობის კვლევა მნიშვნელოვანი.

ოლსტერის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი მიხსნიდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებობს გაერთიანების მომენტებიც და ოცი წლის წინანდელმა შეთანხმებამ მართლაც ხელშესახები გახადა მშვიდობა. ამის მაგალითად მოიყვანა ბელფასტში ბოლო პერიოდში გამართული მასშტაბური კონცერტები, რაც მის ბავშვობაში წარმოუდგენელი ოცნება იყო. ეს კონცერტები აჩვენებს, რომ დღეს კათოლიკეები და პროტესტანტები ერთ სივრცეში მშვიდობიანი თავშეყრისთვის მზად არიან. მე მანამდე არასოდეს მეფიქრა, რომ კონცერტი მშვიდობის ინდიკატორი შეიძლება ყოფილიყო.

ჩვენთან კონფლიქტის მეორე მხარე სრულად იზოლირებულია. გამყოფი ხაზები დაკეტილია.

აქ ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორების კვლევისას, დავინახეთ, რომ მხოლოდ ქალები საუბრობდნენ თამამად ოჯახში ძალადობაზე, სამუშაოს არათანაბარ გადანაწილებაზე, განათლებაზე, ქალების არარეალიზებულობაზე, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე. კაცების ფოკუსჯგუფებში ამ პრობლემებს არც კი ახსენებდნენ – ჩვენთან სექსუალური უმცირესობა საერთოდ არ არსებობსო, რამდენიმეგან თქვეს კიდეც. ახალგაზრდებმა კი ტრავმის მემკვიდრეობითობას გაუსვეს ხაზი და პირველ პრიორიტეტად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცეებისა და შესაძლებლობების დეფიციტი დაასახელეს.

საპროტესტო აქციებიც არაერთხელ ახსენეს. ფოკუსჯგუფის ერთ შეხვედრაზე თქვეს, რომ მშვიდობაა, როცა აქციაზე გასვლის არ გეშინია. მაგრამ თქვეს ისიც, რომ მშვიდობა მაშინ დგება, როდესაც ყველაფრის მოთხოვნა და დაცვა საპროტესტო აქციებზე არ გიწევს.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ აქციების მოწყობა ადგილობრივ სოფლებსა და თბილისში განსხვავებულად აღიქმება. ადგილობრივებისთვის ეს უბრალოდ, ერთდღიანი შეხსენებაა, რაც მათ ყოველდღიურობას ხშირად ნეგატიურისკენ ცვლის და „მეტი სროლის ხმა, მეტი სტრესი“ მოაქვს. ჩამოდიან თბილისიდან, ეგოს დაიკმაყოფილებენ და მიდიან, ადგილობრივები კი იქ რჩებიან და ამ ვიწროპარტიული ანგაჟირებით გაჟღენთილი პროტესტის შედეგებთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ.


სხვისი თვალით
ინტერვიუ პროექტის თანაავტორთან, ნათია ჭანკვეტაძესთან

ყოველდღიური მშვიდობის ინდიკატორების შესახებ პირველად ამ მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ავტორისგან გავიგე. როჯერ მაკ გინტი 2015 წელს გავიცანი მანჩესტერში სწავლისას. იქ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებში კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნა მუდამ პრობლემაა.

ყოველდღიური მშვიდობის კვლევის მეთოდოლოგია კი სწორედ ამ პრობლემის გასაღებად დავინახე. როდესაც ყოველდღიურ მშვიდობაზე ვლაპარაკობთ, ადამიანების რუტინასთან მივდივართ და მათივე თვალით დანახულ რეალობას ვუყურებთ. თანაც კვლევა ისეა აგებული, რომ მკვლევრის ინტერპრეტაცია მთლიანად გამორიცხულია პროცესიდან – რჩება მხოლოდ ის, თუ როგორ აღწერენ საკუთარ ყოველდღიურობას და როგორც აყალიბებენ სათქმელს ადამიანები. კვლევა ინახავს ფორმულირებებსაც, ფრაზებს, ტერმინებს, არტიკულირების მანერას. ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ამბებით აღწერენ იმას, თუ რას გულისხმობენ მშვიდობაში და რა უშლით მის მოპოვებაში, მის აღქმაში ხელს.

მშვიდობა პოლიტიკური ტერმინია და პოლიტიკურია ყოველდღიურობაც. კვლევა კი არის მცდელობა, დავინახოთ, რა პროცესებზე აქვთ გავლენა მოქალაქეებს, რისი მოთხოვნის და რისი შეცვლის ძალას გრძნობენ. ამის წარმოჩენა მნიშვნელოვანი ბიძგი მგონია ფიქრის წასახალისებლად. ფოკუსჯგუფების დროს ხშირად იმეორებდნენ: „ყველაფერს სხვა ვერ გააკეთებს“, „სხვა ვერ მოგიგვარებს“, „შენ უნდა მოითხოვო“. ამბობდნენ, რომ ყოველდღიური მშვიდობა ერთად იქმნება.

ამ კვლევის შედეგად ველოდები, ძალიან მკაფიოდ დავინახოთ ეს ყოველივე – თუ რას უკავშირებენ ადამიანები მშვიდობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად ერთვებიან პროცესში თვითონ; რამდენად პასუხობს დღის წესრიგები მათ ყველაზე ფუნდამენტურ საჭიროებებს და, რაც მთავარია, სად მიმდინარეობს მშვიდობის შენების პროცესი დღეს, რა ცვლილებების მოლოდინი უდგათ, როდის ჩნდება ფრუსტრაცია და რა იწვევს იმედგაცრუებებს.


ფოტო: მანო სვანიძე

uk



შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა