
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ | ირაკლი მიმინოშვილის საქმე
პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბრალდებული ხალხმა ღიმილით დაიმახსოვრა. ციხის ბადრაგი როგორც კი დარბაზში შეიყვანს ხოლმე 19 წლის ირაკლი მიმინოშვილს, მომენტალურად, სახეზე ღიმილი გადაეფინება და თვალებით დედას და დას უწყებს ძებნას, უხმოდ რომ მოიკითხოს და ანიშნოს, რომ თვითონაც კარგადაა.
„გულუბრყვილო, ნაივური წარმოდგენით გარესამყაროზე“, – ასე ახასიათებს მას ადვოკატიც. პირველად ორთაჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდნენ ერთმანეთს.
„ბრალის მოსმენის შემდეგ, თვალები გაუფართოვდა და მეუბნება:
ალბათ, რაღაც გაუგებრობაა, მოსამართლე ხომ დაინახავს ჩვენს სიმართლეს? ხომ არ არის მტკიცებულებები?
სჯერა, რომ მთავრობის მხარდამჭერი მანტიამოსხმული მოსამართლე ყველაფერს გაითვალისწინებს“, – გვიყვება შოთა თუთბერიძე, ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამოა ბრალდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
* * *
ირაკლის დედამ, ელენე ხუნდაძემ შკოდის მარკის ავტომანქანა სახლთან ახლოს 3 დეკემბერს საღამოს შენიშნა. როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ. იმ ღამეს ირაკლი აქციიდან 12-ისთვის დაბრუნდა სახლში. ელენემ შვილი მეორე დილას მძინარე დატოვა და სამსახურში წავიდა. 4 დეკემბერს პოლიცია 4 მანქანით მივიდა. ირაკლის და ლიზა ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობდა, რომ მხოლოდ ამის მერე შეეშვა პოლიციელები, მაგრამ კარზე მძლავრად აბრახუნებდნენ და იძულებული გახდა, გაეღო. ვიდეო არ გადააღებინეს, მაშინვე ჩამოართვეს ტელეფონი. დედამ მეზობლისგან გაიგო ეს ამბავი და სამსახურიდან სახლში წამოვიდა ტაქსით, რომ მიესწრო, მაგრამ რომ მივიდა, ირაკლი უკვე წაყვანილი ჰყავდათ. სახლში სასამართლოს განჩინება დახვდა.
ნაცემი არ არისო, – უთხრა ადვოკატმა ირაკლის იზოლატორში მონახულების შემდეგ. მხოლოდ ეს იყო ნუგეში იმ საღამოს.
„ძალიან მძიმედ ვიყავი, ზაჰესის იზოლატორთან ადამიანურად მექცეოდნენ, ვეცოდებოდი, ეტყობა. სიმწრისგან ხან კედელს დავარტყი თავი, ხან ვაბრახუნებდი. წყალი გამომიტანეს, წამლები კი მქონდა თან და დავლიე. ორი კვირა საჭმელი არ მიჭამია, მხოლოდ ყავას ვსვამდი და სიგარეტს ვეწეოდი. სიარული მიჭირდა, გონებას ვკარგავდი დროდადრო“, – იხსენებს დაკავების პირველ დღეებს ელენე.
6 დეკემბრის სასამართლო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილი, სხვა დაკავებულებთან ერთად, პატიმრობაში დატოვეს – აღკვეთის ღონისძიების ფორმა არ შეუცვალეს.
„მაგრამ კარგი, თუ სასამართლო თეორიულად დაუშვებს გამამტყუნებელ განაჩენს, მაშინ დაიწყე რა განხილვა ყველაზე მსუბუქი გამოსავლით. თუ ამბობ, რომ მიმალვის საფრთხეა, იქნებ პასპორტი ჩამოართვა დროებით; ან იქნებ დაავალდებულო, რომ პოლიციაში გამოცხადდეს ყოველ დღე. ან სახლიდან არ გავიდეს. არ დატოვოს ქალაქი, იყოს თუნდაც გირაო. მაგრამ ეს ყველაფერი არც კი განხილულა, ისე თქვა მოსამართლემ უარი ყველაფერზე“, – განმარტავს შოთა თუთბერიძე.
ირაკლი მიმინოშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პირველი კურსის სტუდენტია. ელენემ ორი შვილი მარტომ გაზარდა. თან სულ მუშაობდა. ირაკლიც მცირე ასაკიდანვე გრძნობდა პასუხისმგებლობას და როგორც შეეძლო, დედას ფინანსურად ეხმარებოდა. კულინარია აინტერესებდა, რესტორანშიც უმუშავია. ზაფხულში, სეზონზე, ზღვაზეც ყოფილა სამუშაოდ წასული სწავლის ფულის შესაგროვებლად. ახლა „გლოვოს“ კურიერი იყო.
„სხვებს რომ უყურებდა, თვითონაც უნდოდა ხოლმე, ვთქვათ, კარგი ტელეფონი, საკუთარი ბინა. ჩვენ ქირით ვცხოვრობთ. ვეუბნებოდი, ნულიდან დავიწყეთ და ნელ-ნელა ყველაფერი გვექნება-მეთქი. სტუდენტი რომ გახდა, მეგონა, უკვე დავიწყებდით ნორმალურ ცხოვრებას. პარალელურად იმუშავებდა ირაკლიც და ნელ-ნელა უკეთესად ვიცხოვრებდით“, – გვეუბნება ელენე და თვალები უწყლიანდება.
წარმოდგენაც კი უჭირს, როგორ ძლებს მისი მოუსვენარი შვილი პატარა საკანში, სადაც მასთან ერთად, კიდევ ექვსი პატიმარია. ირაკლი უყვება, რომ საკანში ჭადრაკს თამაშობს და სტუდენტების შეგზავნილ წიგნებს კითხულობს. სანამ შვილის ნახვის უფლებას მიიღებდა, ელენე ყოველდღე გლდანის ციხესთან მიდიოდა და იქვე, სკვერში ჯდებოდა. თითქოს, ასე უფრო ახლოს იყო შვილთან. 2025 წლის დადგომას, სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად, ციხესთან შეხვდა.
ირაკლი მიმინოშვილის საქმეში არც ერთ დაკავებულს არ ედავებიან კონკრეტული ნივთის დაზიანებას. ისიც კი არ არის ცნობილი, როდის ჩაიდინეს მათ წარდგენილი დანაშაული – პროკურატურის ვიდეომტკიცებულებას თარიღი არ აქვს. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულია ბევრი პოლიციელი.
„ზოგი ამბობს, რომ რაღაც მოხვდა; ზოგი ამბობს, რომ რაღაც ეტკინა, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ამ დღეს, ამ საათზე, ამის ნასროლმა ნივთმა დამაზიანა. ეს მტკიცებულებებიც კანონის დარღვევით, განცხადების სახით არის წარმოდგენილი და არა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად. პოლიციელების ჩვენებებია, რომლებშიც წერია, რომ აქციაზე ვიღაცები იდგნენ და რაღაცებს ისროდნენ. და აი, ამისთვის ასამართლებენ ირაკლი მიმინოშვილს“... – გვეუბნება შოთა თუთბერიძე და აქვე, კონტექსტის უკეთ ასახსნელად ამატებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ეს 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის შესახებ, ზოგადად, პრობლემურია. ასეთებს ე.წ. „რეზინის ნორმებს“ ეძახიან, რომლებსაც ადვილად არგებ იმას, რაც გაწყობს. არც ერთი წინა აქციის დროს 225-ე მუხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.
ელენე შვილს თვეში ორჯერ ნახულობს ციხეში. შუშიდან გაფაციცებით უყურებს მისკენ მიმავალ ირაკლის და პაემნის დასრულების შემდეგ სთხოვს, ცოტა ნელა იაროს, რომ ცოტა ნელა მიეფაროს თვალს.
ელენეს თქმით, ირაკლის სულ აინტერესებს, ვინ კითხულობს მის ამბავს, ვინ ესწრება პროცესებს. ელენეც ყველა მესიჯს და მხარდაჭერის სიტყვას ერთ წერილად უკინძავს და უგზავნის. აღიარებს, რომ ამ თვეებში სრულიად უცხო ადამიანებისგან უფრო მეტ სითბოს და სოლიდარობას გრძნობს, ვიდრე – ძალიან ახლობლებისგან. ამიტომაც უთქვამს ირაკლისთვის: „აქ ბევრი რამე შეიცვალა. ისე აღარ არის, როგორც იყო. სხვა გარემო დაგხვდება-მეთქი. ჩემი ცხოვრება ასე დაიყოფა: 4 დეკემბრამდე და 4 დეკემბრის შემდეგ“.
რადგან იცის, რომ დედა განსაკუთრებით ნერვიულობს, ირაკლის შემოუთვლია -
როგორიც შემოვედი, ისეთი ადამიანი გამოვალ, ციხე ვერ გამაბოროტებსო.
ელენეს და ლიზას რუსთაველის გამზირზე, პატიმრების მშობლების მარშებზე, ირაკლის დიდი პორტრეტით ხელში ხშირად დაინახავთ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავს მარტოდ არ გრძნობს ელენე. ირაკლის ფოტოთი ორი დიდი ბანერი აქვს. სახლში როცა ვარ, სავარძელზე მიდევს და იმას ჩავეხუტები ხოლმეო, გვეუბნება.
„მოკითხვები ყველას, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია… დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ…
ნინი, ცოლად გამომყვები?“ – 12 მარტის სასამართლო სხდომაზე შუშის კაბინის მიღმა მდგომმა და ტრადიციულად მომღიმარმა ირაკლიმ შეყვარებულს ხელი სთხოვა.
კიო, კიო, – დაუდასტურეს დარბაზიდან. ხმა არ გაგვიგია, გარკვევით…
მოსამართლე: თუ პასუხს ელოდები, მივიტანთ მიკროფონს და მოვისმინოთ. გავიგე, მიყვარხარო.
რეჟიმის ტყვეთა მხარდასაჭერ აქციაზე ერთი ქალისთვის განსაკუთრებით მიჭირს თვალის გასწორება… გამხნევებაც მერიდება.
…როცა მძინარე სტუდენტს შეუვარდნენ და სახლი თავდაყირა დაუყენეს, დასცინოდნენ, ციხეში უკეთეს პირობებში იქნებიო. 19 წლის ბიჭს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მტკიცებულებები არ არსებობს.
…ირაკლის კულინარიის აკადემიაში უნდოდა სწავლა.. შეიძლება დღეს დედისთვის და დისთვის რამე გემრიელი მოემზადებინა სარვამარტოდ… მჟავე უსამართლობის ნაცვლად, ელენესთვის დღევანდელ დღეს შვილის მომზადებული კერძის, ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გემო ჰქონოდა. დათო სიმონია