ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ის, რაც იწყება დუდლით

– მამა, რა არის დუდლი? – იკითხა ბავშვმა.

– არ ვიცი, შვილო… – უპასუხა მამამ და ფურცელზე დაუფიქრებლად რაღაც მოხაზა.

შემდეგ ცა ჩამობნელდა და გაისმა ხმა ციდან, რომელმაც თქვა: დუდლი არის უაზრო ესკიზი, რომელსაც ადამიანი მაშინ აკეთებს, როცა მისი გონება სხვა რამეზეა გადართული.

უცნობი ავტორი

 

თავდაპირველად იყო დუდლი, და დუდლი იყო ზოგჯერ სიტყვა, ზოგჯერ კი უბრალოდ იმიჯი, რომელიც შემდეგ ბრენდის ლოგო ხდება. ლოგო კი ადამიანების გონებაში ილექება და საჭირო დროს აქტიურდება, რადგან წვეთი ქვას ხვრეტს არა დაცემის ძალით, არამედ ხშირი დაცემით.

ამბობენ, რომ პომპეის ნანგრევებში აღმოჩენილია კომერციული და პოლიტიკური კამპანიის ამსახველი მესიჯები. იმასაც ამბობენ, რომ ჩინეთში ძირითადად კონვენციურ ლექსს იყენებდნენ, რაიმეს გასაყიდად. თუმცა იმავე ჩინეთში, გადმოცემის თანახმად, ბამბუკის სასულე ინსტრუმენტზე შესრულებული მელოდია ხელს უწყობდა ტკბილეულის გაყიდვას. ეს იყო ინდუსტრიულ რევოლუციამდე. მას შემდეგ ბევრმა სარეკლამო ჭრამ ჩაიარა, თუმცა მთავარი უცვლელია: სიგიჟემდე აღტყინებული კორპორაციები და რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერები გვარწმუნებენ, რომ იციან ჩვენი სურვილები, ჩვენი ოცნებები და სიზმრებიც კი. და არა მარტო ჩვენი, მათ ასევე იციან, რა სურთ ჩვენს მშობლებს, მეგობრებს, ჩვენს რჩეულებს, ჩვენს შინაურ ცხოველებს და ზოგმა ისიც კი იცის, თუ რა სურს ჩვენს უნიტაზს – იხვი, თანაც ციტრუსის სურნელით.

არსებობს მოსაზრება, რომ რეკლამის განვითარებამ დააკონსერვა გენიალური ტვინები და რომ არა რეკლამა, ამ სფეროს „კონტენტ მეიქერებს“ შეეძლოთ გამხდარიყვნენ შესანიშნავი მწერლები, მხატვრები და ათასი სხვა პროფესიის შესანიშნავი წარმომადგენლები.

ცოტა ჩვენზეც ვთქვათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში, რეკლამა იქცა სფეროდ, რომელიც უდიდეს წარმატებას აღწევს. წარმატებაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ქართულმა სარეკლამო სააგენტოებმა კომპანიების ნდობა მოიპოვეს, გამდიდრდნენ ან რამე მსგავსი. ეს პროგრესი არაერთ საერთაშორისო პრიზშიც აისახა. თითქმის წელი არ გავა, რომ რომელიმე ქართულმა სარეკლამო კამპანიამ ან რგოლმა საერთაშორისო პრიზი არ მოიპოვოს. პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი Cannes Lions და იქიდან წამოღებული მთავარი პრიზები 2015, 2016 და 2017 წლებში. არანაკლებ პრესტიჟული ფესტივალი Golden Hammer-ი და იქ მოპოვებული პრიზი 2015 წელს, ფესტივალები KIAF და WOW DONE AWARDS და რამდენიმე წლის განმავლობაში იქ მოპოვებული აღიარება და ჯილდოები – ეს შედეგი ციდან არ ჩამოვარდნილა, ამ მიღწევების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, მათი იდეები და მათი…

უკაცრავად, მე ახლა მატყობინებენ, რომ ჩვენს სტატიაში სარეკლამო ჭრის დროა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, დარჩით ჩვენთან:

დაწუნებული სარეკლამო სცენარი

ინტ. სახლი. საღამო

35 წლამდე საქმიანი მამაკაცი, სახლში ბრუნდება სამსახურიდან.

ხედავს, რომ მისი ოჯახის წევრები არაბუნებრივად შენელებულად მოძრაობენ და საუბრობენ.

მამაკაცი იღებს ჯიბიდან მობილურს და რთავს 4G ინტერნეტს.

ოჯახის წევრების მოძრაობა ხდება ბუნებრივი და ხალისიანი. ისინი მამაკაცთან მიდიან და ეხუტებიან.

ვოისოვერ: მობრძანდით ***-ს ნებისმიერ ოფისში, აიღეთ თქვენი სმარტფონისთვის 4G სიმ-ბარათი  

და ისარგებლეთ ***-ს საუკეთესო მობილური ინტერნეტით.

პეკშოტი.

კომპანიის მთავარი სლოგანი.

 

$ $ $

შემდეგი რამდენიმე წელიწადი სარეკლამო სფეროსთვის შესაძლოა გარდამტეხი გახდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ განვითარების ტემპს, რომელსაც ინფორმაციის გავრცელების საშუალებები განიცდის, შესაძლოა, რეკლამაში დღეს მოღვაწე ადამიანები მომავალში ამ სფეროს წმინდა მამებად მოგვევლინონ.

ამ ტექსტში ორი მათგანი მოვიწვიეთ: სარეკლამო კომპანია „მეტროს“ აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო გაბილაია და სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანი, რომელსაც ჟურნალის ყდაზევე შეხვდებოდით, როგორც ქართულ სარეკლამო ბაზარზე ერთ–ერთ ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ „კრეატიულ გონს“. გიორგის კანის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე ბრინჯაოს ლომი პიარის კატეგორიაში ორჯერ აქვს აღებული და გიორგი არის ავტორი ვირუსული ვიდეოსიც, რომელზეც მსოფლიო მედია წერდა, ონლაინ კი 40 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ჯერ სანდროს ვუსმენთ:

სანდრო გაბილაია, სარეკლამო კომპანია „მეტრო“

სარეკლამო სფეროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი – თეატრის რეჟისორი ვარ. მერე რაღაც რეკლამა გადავიღე და მეგობარმა მითხრა, რომ პროდიუსერი სჭირდებოდათ. მუშაობის პროცესში ვისწავლე ეს საქმე. მერე ფილმი გადავიღეთ, „სეზონი“, და უცებ გაგვივარდა სახელი.

სანამ რეკლამა იქნება, მანამდე უნდა იყოს ბრიფი – მოკლე ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს დავალება. მნიშვნელოვანი დეტალია ის, თუ რამდენად გენდობა კომპანია. ხშირად, მთავარი პრობლემა თავად კომპანიების მარკეტინგის ჯგუფებსა და მათ უფროსებშია. ზოგჯერ ერთმანეთის შეუსაბამო დავალებები მოდის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდი აბსოლუტურ სისულელეს გიკვეთავს. მერე შენ ამ კონკრეტულ პროდუქტზე აკეთებ კვლევას. ადგენ მიზნობრივ აუდიტორიას და შესაბამის კრეატიულ მარკეტინგულ გამოსავლებს სთავაზობ. ცუდია, რომ ასეთ დროს ისინი ყოველთვის ცდილობენ, აირჩიონ ყველაზე დაზღვეული და არათამამი ვერსია.

არსებობს პროდუქტის გაყიდვის მარტივი გზები, როგორიც არის, მაგალითად, ცნობილი „25-60-60“, თუმცა დიდ კომპანიას სიგიჟეების საკეთებლადაც უნდა ეყოს სითამამე.

დღეს, საქართველოში, უკვე ბევრი საქმის მცოდნე კომპანიაა და საინტერესო ისაა, რომ ჩვენთან ბოლო წლებში ყველაზე მეტად მაინც რეკლამა განვითარდა. ბოლო „გოლდენ ჰამერის“ ფესტივალზე, რომელიც ლატვიაში დაარსებული კრეატიული იდეების ფესტივალია, ყველა პრიზი ქართველებმა აიღეს: შვიდი პრიზი „ლივინგსტონმა“, ორი – „მეტრომ“, სამი – „რედბერიმ“.

ბოლო დროს რეკლამის დასაყრდენი სოციალური მედია გახდა. ამიტომაც უფრო ახლოს მივიდა ხალხთან. თუ მაინცდამაინც მასობრივ პროდუქტს არ აწარმოებ, რომლის შესახებაც რეგიონებში უნდა გააგებინო ტელემაყურებელს, მაშინ ძირითადად სოციალურ მედიაზე აკეთებ აქცენტს. ონლაინრეკლამა ტრადიციულზე ბევრად საინტერესოა, რადგან იქ უკვე შეგიძლია ნებისმიერი სიგიჟე აკეთო, თავი არ შეიზღუდო არც ქრონომეტრაჟით, არც სატელევიზიო ცენზურით, თუ, რა თქმა უნდა, დამკვეთი მოგყვება ამ სიგიჟეზე.

საერთოდ, მომავალში, ალბათ, ყველაფერი რეკლამა იქნება. ყველაზე დიდი „საშიშროება“ ამ მხრივ, ძალიან სწრაფად პროგრესირებადი VR-ია – ანუ ვირტუალური რეალობა.

ნელ-ნელა ყველაფერი გადადის ვიარზე და ნანახიც წარმოუდგენლად ფოტორეალისტური და დაუჯერებლად დამაჯერებელი ხდება. წარმოიდგინე – სპეციალური აპარატის მორგება და, შეგიძლია ტიპი მოახვედრო იქ, სადაც გინდა, რომ იყოს და ანახო ის, რაც გინდა, რომ ნახოს.

ახლა, ჩემი აზრით, ვცხოვრობთ ყველაზე საინტერესო ქვეყანაში, ყველაზე საინტერესო დროს, სადაც უამრავი მაგარი ექსპერიმენტის გაკეთება შეიძლება. სხვაგან არსად ცხოვრება არ მინდა, საქართველოს გარდა.

 

გიორგი ავალიანი, სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონი“

ხუთი წელი სრულდება, რაც ამ სფეროში ვარ. რეკლამაში ყველაზე მეტად მხიბლავს მისი ძალა, შეცვალოს მთელი კულტურა, ადამიანის ქცევა და, ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებრივი კლიმატი.

ამ ბოლო დროს, ამ სფეროში გაცილებით უფრო უშუალო და პრაქტიკულ მასალას ვქმნით. ვცდილობთ, ადამიანები თვითონ ვასაუბროთ და თავს არ მოვახვიოთ რეალობა ისე, როგორც ამ რეალობას ბრენდები ხედავენ. ვცდილობთ, ადამიანების რეალურ განცდებს შევეხოთ და აღვწეროთ ეს განცდები, ოღონდ – პროდუქტის ჭრილში.

დრომ აჩვენა, რომ გაცილებით უფრო ეფექტურია, ელაპარაკო ხალხს იმ ენით, რა ენითაც თავად ლაპარაკობენ, ვიდრე აჩვენო სტანდარტული სარეკლამო რგოლი. ადრე უფრო სწორხაზოვანი ურთიერთობის ფორმა იყო რეკლამა, დღეს კი ჩვეულებრივი ყოველდღიური საუბარია ბრენდსა და მომხმარებელს შორის.

ფოტო: ნატა სოფრომაძე

პრეცედენტებია ის, რაც ავითარებს და თამამს ხდის ამ სფეროს. მაგალითად, მახსენდება ერთი ბრენდი, რომლის პროდუქტსაც ძალიან რთულად წარმოსათქმელი სახელი ჰქონდა, ჩვენ კი მისთვის სარეკლამოდ ღონისძიება უნდა დაგვეგეგმა. ქუჩაში გავედით და ხალხს ვთხოვეთ ეტიკეტზე წაეკითხათ ბრენდის სახელი. თითქმის ვერავინ წაიკითხა და სახალისო სიტუაციები შეიქმნა – ის, რაც კომპანიის მინუსი იყო, უცებ, ჩვენ თვალწინ, იქცა პლუსად. ამ შემთხვევამ დაგვარწმუნა, რომ ყველაზე საინტერესოა, როცა პროდუქტს აქცევ განხილვის საგნად სწორედ იმ კუთხით, რა კუთხითაც ყველაზე ბუნებრივად გხვდება თვალში. ჩვენი ვირუსული რგოლი ჰამაკზე ორმოცმა მილიონმა ადამიანმა ნახა – ამხელა აუდიტორიას მივწვდით ყველაზე ლოკალური რამით – ხაშურში ადამიანი ცაშია ჰამაკით (იგულისხმება ვიდეო, რომელშიც აფრენილ დრონს გამობმული აქვს ჰამაკი, ჰამაკში კი მამაკაცი წევს).

დღეს ერთადერთი ადგილი, სადაც რეკლამა არ არის, ჩეჩმაა. ჩეჩმებში რეკლამას ვერ ნახავ. სხვაგან რეკლამა ყველგან გხვდება.

წელს არის დაანონსებული, რომ პირველად ისტორიაში, სოციალურ ქსელებში რეკლამის დანახარჯი გადაუსწრებს სატელევიზიოს – კი, საქართველოში მოხდება ეს – ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია იყო.

ხშირად მახსენდება ჩვიდმეტი მაისის ოჯახური სიწმინდის დღედ გამოცხადება, როგორც იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანების ყურადღების მართვა. მახსოვს, ამ ფაქტმა საზოგადოების განწყობები მთლიანად შემოატრიალა. რეალურად, თუ ოდესმე რეკლამა გადაშენდა, ეს მექანიზმი აუცილებლად გადარჩება, ეგაა რეკლამის არსიც – მარტივად – საზოგადოების ყურადღების მართვა.

 

$ $ $

მადლობა ამ ორ ქურუმს ინტერვიუსთვის. ამით ჩვენთვის განკუთვნილი სიტყვების რაოდენობა ამოიწურა. გვერდითი ეფექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა