ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ისევ კულტურა და ახალი ღმერთები

დეკემბერი ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის შესახებ წინააღმდეგობრივი საუბრებით დაიწყო. თვითონ ირაკლი ჩარკვიანისთვის ძეგლების კულტურა იმ ფართო გაგებით კულტურასთან ასოცირდებოდა, რომელსაც ებრძოდა და ანგრევდა თავსა და სხვაში, მაგრამ ირაკლის მსმენელს მაინც უხაროდა ძეგლი, ახალი მონუმენტი, რომელიც მას ეძღვნებოდა. ამაში უცნაური და ახალი არც არაფერია.

ადამიანები ხშირად ქმნიან კულტს მათგან, ვინც კულტების იდეას ანგრევს. ხანდახან ყველა ვემსგავსებით იმას, ან ვიქცევით იმად, რასაც უარვყოფთ. თუმცა ამ შემთხვევაში თავად ჩარკვიანს ეს არ გაუკეთებია, მისმა თაყვანისმცემლებმა აქციეს ძეგლად.

უცნაური არც ის იყო, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნული ძეგლი ჩარკვიანის იდეოლოგიასთან შესაბამისობაში კი არ განიხილა, არამედ მეფე უარყო. თქვეს, რომ არ იმსახურებდა. თქვეს, რომ გმირი სულაც არ იყო. თქვეს, რომ ცუდი ბიჭი იყო. თაყვანისმცემლები გაბრაზდნენ. მაგრამ ეს რეაქციაც ხომ ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე – მომხრეების? ირაკლი ჩარკვიანი ხომ ის იყო, ვინც ყოველ გამოსვლაში, დისკუსიაში უარყოფდა ფასეულობებს, რითაც ჩვენი თანამედროვე საზოგადოება იკვებება. ის ქმნიდა წინააღმდეგობას. მისი ამოცანა იყო უარყოფა და მისი ბოლო სევდა იყო, სევდა იმის შესახებ, რომ კულტურაში არაფერი შეცვლილა. და რომ შორს იყო რევოლუცია.

კულტურული რევოლუცია არ მომხდარა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ იდეის მომხრეები საქართველოში არ იყვნენ და არ არიან. შესაბამისად, ამ სინამდვილეში ყველაზე გულწრფელები არიან ისინი, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ იყო ირაკლი მეფე. ან ვისი მეფე იყო. ჩარკვიანი თავის წინააღმდეგობაში იყო მარტოობის მეფე, იმიტომ, რომ არც ანდეგრაუნდ ქართულ კულტურას, არც ინტელექტუალთა საზოგადოებას და არც იმ საზოგადოებას, რომელიც თავს რომელიმე ელიტას მიაკუთვნებს, ან რომელიმე კლანსა და მრევლს, არავის უბრძოლია სხვების თავისუფლებისთვის. არავის უდარდია ხმამაღლა და პერმანენტულად იმის გამო, რომ საბჭოთა კულტურა სხვადასხვა სფეროში მკაცრ სტერეოტიპებად ჩასახლებული, არ იშლება. და ისევ ახშობს ინდივიდების არსებობის შანსს. ისევ აჩენს კლანებს, მრევლს, კოლექტიურ აზროვნებას.

მონუმენტის გახსნის დღიდან შეიქმნა ორი კოლექტივი. ისინი, ვისაც მოსწონდა იმიტომ, რომ ირაკლი „კაი ტიპია“ და ისინი, ვისი მორალურ-ზნეობრივ-რელიგიური კრიტერიუმები უკიდურესად აცდენილია ჩარკვიანის პრინციპებს. და მერე ყველა, ყველა იბრძოდა თავისი კოლექტივის უპირატესობის გაუმჯობესებისთვის. 

ასეთ ფონზე, ჩარკვიანისადმი მიძღვნილი მონუმენტის, როგორც ნაწარმოების, ანალიზი დიდად არც საინტერესოა ვინმესთვის და, ამავდროულად, ცოტა სახიფათოც არის, ამ ანალიზმა რომელიმე კოლექტივში არ მიკრას თავი, სადაც ერთი დღეც კი ვერ გადავრჩები, მაგრამ სათქმელი თავისას შვრება და მაწუხებს.

როცა ქალაქი საზოგადოებრივ სივრცეში მონუმენტს ან რაიმე ტიპის ობიექტს დგამს, ეს უკვე პოლიტიკაა. ცხადია, ამ სიტყვის ფართო და კლასიკური გაგებით. მონუმენტური ხელოვნება, რომელიც საზოგადო სცენაზე ცოცხლობს, ორ რამეს ემსახურება:

1. ფართო საზოგადოებასთან დაამყაროს კონტაქტი.
2. მისი გარემოსა და დროის შესახებ ემოციური, განწყობისეული, სააზროვნო, იდეოლოგიური, ესთეტიკური ინფორმაციის აკუმულირებას ახდენდეს და ახალი მედიუმით ავრცელებდეს. იკრებდეს და გასცემდეს.

სტატიკური ობიექტი, სინამდვილეში, ფუნქციურად მეტისმეტად დინამიკური მოვლენაა. მასში მუდმივად ტრიალებს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც იცვლის ფორმას. სამეტყველო ენას. მრავალფეროვანი ინფორმაციულობის მიუხედავად, ყოველთვის არის ერთი ცნება, რომელიც ყველაფერ იმის კოდია, რასაც გულისხმობს მონუმენტი. ეს ცნება-კოდი უმეტესად მონუმენტის სახელია ხოლმე, ანდა – ადრესატი. ამ შემთხვევაში ეს არის წარწერა: „მეფე ირაკლი ჩარკვიანი – არტისტი, ხელოვანი“. აი, ამ ნაწილიდან მიჩნდება შეკითხვები.

ირაკლის შესახებ რა ტიპის ინფორმაციას, რა ტიპის ემოციურ ინფორმაციას ატარებს და ავრცელებს მონუმენტი, რომლის ავტორებიც არიან როკო ირემაშვილი და ვალერიან იმერლიშვილი?

დედაენის ბაღში სამი კედელი სამკუთხედს კრავს. სამივე კედელზე ჩარკვიანის ცნობილი პორტრეტები სტენსილის ეფექტით იკითხება. სინამდვილეში არაფერია დახატული. კედელი ორშრიანია. წინა კედელი კონტურის მიხედვით არის ამოჭრილი და პორტრეტის შავი სილუეტი ქვედა კედლის შავი ზედაპირის ჭრილებში გამოჩენით არის შექმნილი. ეს ტექნიკაა, რომელიც შედეგს ემსახურება, სამივე კედელზე იყოს ჩარკვიანის სახე – პორტრეტი, ნაცნობ როლსა და ამპლუაში. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად ითქვა მრავალჯერ, რომ ეს მონუმენტი სხვებს არ ჰგავს, ანუ არც ბიუსტია და არც ცხენზე ამხედრებული მეფე ირაკლი, სიახლეზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ განხორციელების ფორმის თვალსაზრისით. როგორიც უნდა იყოს ფორმა და ტექნიკა, ავტორებმა ამოცანად დაისახეს პორტრეტის შექმნა და ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას იტევს ეს ობიექტი? რა ამბავს? რა განწყობას? რატომ პორტრეტი? და მართლა ახალია თუ არა ეს მიდგომა? ამაზე პასუხებს არ გავცემ, ვფიქრობ, ამ ტექსტიდან მკითხველს შეუძლია თავისი და თავისებური დასკვნები გამოიტანოს. და ამავდროულად არ დაავიწყდეს ისიც, რომ ამ ამბიდან ძალიან მალე, ქალაქში დაიდგა სხვა ობიექტიც, რომელიც ასევე განსჯის საკითხი გახდა. გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი.

მოქალაქეთა ნაწილმა უკმაყოფილება იმიტომ გამოთქვა, რომ ბიუსტი პორტრეტის ფოტოგრაფიულ ნატურალიზმსა და ნაკვთების მკაფიოობას არ ცნობდა. რატომღაც გაისმა, რომ სამხედრო ჩინი... ნამდვილად ვერ გავიგე, რა შუაშია მაზნიაშვილთან გენერლის ჩინი, როცა ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე – გენერალი. გენერალი ბევრი გვყოლია, მათ შორის, სამშობლოს მოღალატე. მაზნიაშვილი დღეს უკვე უნდა იყოს იდეა – პრინციპებისთვის თავგანწირვის იდეა. ფიზიკური და ეგზისტენციალური ომის იდეა და პერსპექტივაწართმეული საქართველოს მოქალაქის სახე, რომელმაც თავისი ქვეყნის ბიოგრაფია პირად ბიოგრაფიად აქცია.

უნდა ჩამოვყალიბდეთ. რას ვუდგამთ ძეგლებს. არა, ბევრად მეტზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ვინ ვართ – ხალხი, რომელიც ადამიანების კერპებს დგამს, თუ ხალხი, რომელიც მონუმენტებს იყენებს ფასეულობათა განსამტკიცებლად?

ჩვენ გვჭირდება ქვაში ნაკვეთი ან ქვასა და კედლებზე ამოხატული სხეულები ავტორიტეტებისა, რომლებიც უნდა ვიცნოთ? და რომლებიც მხოლოდ თავიანთი ფიზიკური სხეულით და სახით დარჩნენ მნიშნელოვნებად? თუ მყარ და ხილვად ობიექტებად ვაქცევთ იმ შინაარსებს, პრინციპებსა და იდეებს, მისიას და არსს, რომელთა გამოც ესა თუ ის ადამიანი, ესა თუ ის გმირი მანამდე არსებულ ტენდენციას გაემიჯნა, იმისთვის რომ საზოგადო განვითარებისა და სიკეთისთვის რაღაც გაეღო? იქნებ საქმე მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ ისევ გვიან საბჭოთა კავშირსა და ადრეულ პოსტსაბჭოთა საქართველოში  მიმდინარე პროცესებს ვაგრძელებთ. ვანაცვლებთ ღმერთებს. სინამდვილეში კი, ეს თვისობრივად ისევ ის კულტურაა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს წაგვართვა იდენტობა. ესაა კულტურა, რომელშიც კულტების იკონოგრაფიული სქემები ბატონობენ საზოგადო ინტერესებზე და კულტურა, რომელშიც ისევ არ არის აქტუალური მსჯელობა არსობრივზე. ჩვენ ვერ ვმსჯელობთ ვერც მარადიულ ჭეშმარიტებებზე და ვერც დღეს და ახლა დაბადებულ სურვილებსა და მოსაზრებებზე. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება სახეები. გვარები. ავტორიტეტები... თავი რომ დავიმშვიდოთ. რომ ვიგრძნოთ – სადღაც, რომელიღაც რუკაზე მოვინიშნეთ; რომ გვყავდა დიდი ქართველი მუსიკოსები. დიდი ქართველი გენერლები. რომ ვიყავით. რომ ვართ. ვიყავით... ვართ... სულ ეს არის. მეტი ჯერ არაფერი. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა