გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯაჰანაბადში ზურგზე გადაკიდებული მშვილდისრით შევედი

ჯაჰანაბადში ზურგზე გადაკიდებული მშვილდისრით შევედი. პირველი ბავშვები შეგვხვდნენ, როგორც ყოველთვის. სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია სუპერმარკეტის მფლობელის ნაჩუქარმა მშვილდმა, რომელსაც ყველაზე მაღალი შენობა ჰქონდა აშენებული და მის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მზეში ფეხით მისულები, ცივი დუღის დასალევად შევედით და საჩუქრით გამოვედით.

ბავშვები არ გვცილდებოდნენ და თან ინფორმაციას გადასცემდნენ, ხარიჯი - უცხოელები ჩამოვიდნენო. ჰამადანში ქართველების ერთი ეტაპი გადაასახლეს. ზუსტ ადგილს ვერ ვიტყვი და არც ის ვიცი, რამდენად აქვს კავშირი აქაორიბას საქართველოსთან, მაგრამ განსაკუთრებულად კარგი ხალხი ცხოვრობს. ყველა ჭიშკრიდან გამოყოფილი თავი სახლში გვეპატიჟებოდა. რამდენიმე აზერბაიჯანული და დანარჩენი - ირანელებისგან დასახლებულ სოფელში ორი ათასამდე ადამიანია, რომლის ნაწილიც გარშემო მინდვრებში მიწას ამუშავებს ან პირუტყვი გაჰყავს საძოვრებზე. მინდვრები ერთგვარ საზღვარს ან ჯაჭვს წარმოადგენენ, რის შემდეგაც პატარა ქალაქი - ფამენინი იწყება, სადაც დანარჩენი ჯაჰანაბადელები მუშაობენ. ფამენინი პრაქტიკულად დღესაც აბრეშუმის გზის გამტარი პუნქტია. ტრანზიტული ქალაქი, ჰამადანსა და კერმანშაჰს შორის მდებარეობს. კერმანშაჰი ქურთებით დასახლებული ყველაზე დიდი ქალაქია, რის შემდეგაც ირანი - ერაყის საზღვარი იწყება. ჩემს თვალწინ გაჩერდა ერაყელი პილიგრიმებით სავსე რამდენიმე ავტობუსი რესტორანში დასასვენებლად, რომლებიც ალბათ მაშჰადში მიდიოდნენ ან უკან ბრუნდებოდნენ. ქალაქში შემავალი გზის ჩაყოლებაზე ავტო-სახელოსნოებია, სადაც ტვირთის გადამზიდი მძღოლები ჩერდებიან. სატვირთო მანქანები მთელი ღამე მოძრაობენ. 

მაგისათვის ჩავედით, მეტი რა საქმე გვქონდა და ყველა მიპატიჟებაზე ხან საზამთროს ლიმონათს და ხანაც ჩაის ვსვამდით. სოფელი კი დიდია, მაგრამ სამი მაღაზიაა სულ. ყოველი მათგანი საბირჟაო ადგილია, სადაც სკამებიც კი დგას მუდმივი კლიენტებისთვის. სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა, მაგრამ ძალიან დავახლოვდით. სამი დღის განმავლობაში ავლა ჩამოვლაზე ჩაის ვსვამდით და ჭადრაკს ვთამაშობდით. ხოდა ბოლო დღეს მკითხა - ბეშქოზი თუ ნახეო. ამოვიღე რუკა და ძებნა დავუწყე არარსებულ ადგილს. მაღაზიასთან რო ვჩერდებიდით ან შიგნით შევდიოდით, ბავშვები მუდმივად გარშემო ტრიალებდნენ და შეიძლება პირველად დანახულ უცხოელებს აკვირდებოდნენ. ამიტომ შავ წყალთან მიყვანის იდეას სიამოვნებით გამოეხმაურნენ და მთელი გზა ყიჟინით გავიარეთ. სოფლის საზღვრებიდან კილომეტრნახევრის მანძილზე ხუთ თაღიან ხიდს მივუახლოვდით, რომლის ასაკზეც ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ ბირჟაზე. ექვსასი, ოთხასი ან ორასი წლის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის დამშრალი მდინარის ორ ნაპირს აერთებს ერთმანეთთან და ხუთი თაღის გამო - ხუთი თვალი ჰქვია. რამდენ ქარავანს და მოგზაურს გაუვლია მასზე ფამენინის გზის ნაცვლად. 

თოთხმეტი წლის მოჰამედ ჯაჰანი ემოციისგან კანკალებდა და ყველა დეტალზე რაღაცას ჰყვებოდა, საიდანაც მხოლოდ მისი წუხილი გვესმოდა - წყალი აღარ არის, გაქრაო. არადა წყალი, როგორც აღმოჩნდა 15 წლის წინ გადაიკეტა, ალბათ მინდვრების მოსარწყავად, ჯაჰანაბად ბალას მსგავსად. მდინარეს კი შავი იმიტო ერქვა, რო დიდდებოდა და გარშემო ყველაფერი მიქონდა. დასახლებაც კი აიძულა მოშორებით გადანაცვლებულიყო. მაგრამ ჩვენც იმდენად დიდი ეიფორია გვქონდა აღმოჩენისგან თუ იქაური ენერგეტიკისგან, რომ თითოეულ დეტალს ვეფერებოდით და მუჰამედის ძახილს, წამოდით კიდევ რაღაც უნდა გაჩვენოთო, ყურადღებას არ ვაქცევდით. ჩვენ თეორიაზე ვლაპარაკობდით, რომ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ტყვილა არაა ჯაჰანაბადები დაარსებული. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, სოფელი დაახლოებით ოთხასი წლისაა, რასაც შეიძლება გარშემო სასაფლაოებიც ამტკიცებდეს. აზრზე მოვედი და მუჰამედს გავყევი როგორც იქნა.

სულის გადასახლება თუ არსებობს, ალბათ ამ ბავშვშის სახით ვინმე აქაურია დაბრუნებული, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერი უყვარს. დაუსრულებელ ხიდთან და რაღაც დამბის მსგავსთან მიმიყვანა. წყალი წავიდაო, კანკალებდა ნერვიულობისგან. მეტი რა უნდა გვექნა, მწკრივში დავდექით და ანაჰიტას დავუწყეთ ძახილი, იქნებ მოგვხედო და წყალი დაგვიბრუნოთქო. დაღამდა და წასვლის დრო მოვიდა. მაგრამ გზად კიდევ ერთ ადგილას შევიარეთ. ძველ აბანოში, რომელიც ისევ და ისევ უწყლობის გამო მიგდებული იყო. მუჰამედმაც დეტალურად დაიწყო ახსნა სად რა იყო და როგორ, მაგრამ ის უფრო მაფიქრებდა, ეს ყველაფერი საიდან იცოდა. ამაზე მსჯელობით სახლებში დავიშალეთ და მზადება დავიწყეთ.

გამთენიოს ცხელი ჩაით, ფინიკებით, შტატივით და თბილი მოსახვევით ისევ ხიდთან დავბრუნდით. მაგრად ვიწვალეთ ინტერნეტის დაჭერაზე. დროის ფაქტორით ჩვენ უნდა დაგვეწყო ჯანდაბიდან და მამუკას, ღრუბლების ბიბლიოთეკაში გაეგრძელებინა კიდევ ერთი დღის გათენება, რომლითაც ყოველდღე ახსენებს ეკრანზე დამოკიდებულ ადამიანებს. ხიდთან გავათენეთ და კერმანშაჰში წამოვედით მეგობრის სახლში დასარჩენად. ვაიფაის სახელი - სტუმარი ღვთისაა არის, ქართულად რო ვთარგმნოთ. ვზივარ, კიდევ ერთ განთიადს ვუყურებ და დეჟავუ მაქვს #ჯანდაბაში

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა