ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯანყი რიონის ხეობაში: თამთა მელაშვილი „შაშვი შაშვი მაყვალი“

თამთა მელაშვილის ახალი რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ განხილვისას ძირითადად წიგნის მთავარი პერსონაჟის, 50 წელს მიახლოებული ეთეროს ჩუმ, პერსონალურ აჯანყებას აქცევენ ყურადღებას. ერთი საბედისწერო მაყვლის კრეფა ეთეროს ცხოვრებაში აჯანყებისთვის ადგილს ათავისუფლებს, მას დამატებით საყრდენს სთავაზობს და აძლიერებს. ის ქართული პერიფერიის დროის მდორე დინებას შეანჯღრევს – ეთეროს თავისივე მაღაზიის დისტრიბუტორი უყვარდება. 

ამ წერილით მინდა, ტექსტს, ერთი შეხედვით, უჩვეულო პერსპექტივიდან მივუახლოვდე და მისი მთავარი ღერძი სხვაგან მოვხაზო – იქ, სადაც ეთერო თავის გარემომცველ სივრცეს უშუალოდ ეკონტაქტება. თამთა მელაშვილი ეთეროს პერსონალური ემანსიპატორული გამოცდილების და ფორიაქის იქით, კიდევ უფრო კომპლექსურ დინამიკას ქმნის, როცა პირდაპირ გადაჯაჭვავს მთავარი გმირის პერიფერიულ ყოფას ბუნებასთან. 

რომანის მოქმედების ძირითადი ადგილი ვიწროდ პერიფერიული სივრცეა და ურბანულ გარემოს და მის ტოპოგრაფიას მხოლოდ ნაწილობრივ კვეთს; ეთერო დასავლეთ საქართველოში, რიონის ხეობაში ცხოვრობს. ხეობის ბუნებრივი ცხოვრება ზაფხულობით თუ აიმღვრევა ხოლმე, როდესაც იქ დიდი ქალაქებიდან დამსვენებლები იწყებენ ჩასვლას.  

ეთეროსა და რიონის ხეობას შორის მიმართება კომპლექსური და არაერთგვაროვანია. ხეობის ბუნებასთან მისი ინტენსიური ბმა ბავშვობიდანვე იწყება და დიდობაში კიდევ უფრო მძაფრდება. რიონის ეკოსისტემა და მისი ყოვლისმომცველი ძალა რომანის დამოუკიდებელი პერსონაჟია და პირდაპირ განსაზღვრავს ტექსტის მთავარი ფიგურის სიცოცხლეს. ეთერო რიონის ხეობის შვილია; მისი სხეული ხეობის სხეულის ბიოლოგიური ნაწილია; ის ბუნების ცვლილებების პირდაპირი სეისმოგრაფია და როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ განზომილებაში, სრული სიმძაფრით აღიქვამს წელიწადის დროების თანმდევ ცვალებადობას და ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების საბედისწერო შედეგს. 


შავია რიონი, შაშვი, მაყვალი

„რაღაც თითქოს ტანი წინა მძლევს და მაბარბაცებს, თითქოს თვალწინ რაღაც შავმა გამიფრთხიალა. ნეტა რა არი? გაფრინდა? გადაფრინდა? შაშვია, შაშვი! შავი შაშვია, ყვითელნისკარტა!“ 

ეს ალიტერაცია ეთეროს რიონის ნაპირას, ბუჩქის ფესვზე ჩამოკიდებულს აღმოხდება. რომანის სათაურის ინტერპრეტაცია-ანალიზის ყოველგვარი მცდელობა ამ პროცესის ლაბირინთში ჩაგვკარგავს. მაყვალი ეთეროს ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ელექსირია, თან ესთეტური ტკბობის მთავარი წყაროც. მაყვლის დილაადრიან კრეფა სახიფათო საქმეა. მიწა არამყარია, ფერდობი ციცაბო, ფეხი თუ დაგიცდა, დაბლა რიონი დაგხვდება. მაყვალი ეთეროს მოკავშირეა ცივ და „წუნწკლიან“ ზამთრის გაწელილ დღეებში: 

„ამ ვედრაში ისე ბრწყინავს შავი მაყვალი რო, რო დავდგამ, გადმოყრა და გაკეთება მენანება. ჯერ ვუყურებ. [...]

აგე, ხიდსაც გადავივლი და ჭალამდე რო ჩავალ, შავად გამობრდღვიალდებიან ჩემი მაყვლები. რიონი კია მღვრიე და ხმაურიანი და მუხლშიც მტეხს, ჩახუთულია ისეთი, რო იწვიმებს, უკვე გამეწეპა ტანი. [...]

ზედ სულ შავად ბრიალებს ჩემი მაყვალი! ქვემოთ რიონი მიღრიალებს, შლამი და სილა მიაქ. [...] საშიში კია ეს მიწა, ჩაქცეულია. რო არ იცოდე ჩაქცეულია, ვერც კი მიხვდები, ისე დააბიჯებ. დააბიჯებ და თან ჩაგიტანს მერე ქვემოთ, ჩაგიტანს და ჩაგასრიალებს.“

რიონს თუ პირდაპირ ვერ ხედავ, ის ყოველთვის გესმის. ის ხეობის ყოვლისმომცველი ხმაა. აქ სიჩუმეც არასდროსაა სრულყოფილი, რადგან „რივნის ხმა” მაინც მუდამ ყურებში გუგუნებს. რიონის ნაპირი დღითი-დღე უფრო ვიწროვდება, ჭალები ქრება, ტყე უჩინარდება. მდინარის მომნუსხველი ძალა ბევრისთვის საბედისწეროც აღმოჩნდება ხოლმე. ეთეროსაც ბევრჯერ სმენია, რომ რიონს არ უნდა გაუთამამდე:

„[...]მიწას გამოგაცლის, დიდხანს არ უყურო, თვალს მოგტაცებს, თვალს მოგტაცებს და შენით ჩავარდები, შენით მიცემ თავს მის შლამიან ტალღას. სუ შავი არი მართლა, მორევივით. მარტო ნოემბერში არ არი შავი. მზიან ნოემბერში ისე არი, სუ ზურმუხტივით. თან მშვიდი არი. გეგონება, მის ადგილას სხვა მდინარე მოედინება. ისე სუფთაც ჩანს, გეგონება, ნახევარი ქვეყნის უბორნია ზედ არა ქონდეს მიშვებული. რანაირი არი მაინც ნოემბერში. გინდა იდგე და უყურო, ისეთია. მაშინ არაა საშიში, ლამაზია, მარა მაინც ხო ყველას გვეშინია?“

ეთეროს ფეხი ჯერ ბუნებასთან აუცდება, მერე კი, ახალ გადარჩენილზე, ახლად დაბადებულივით გარემოს უჯანყდება. ამ ბუნტში რიონის ხეობა მისი მოკავშირეა. არაა ეთერო „ასე ღრანტში ჩასავარდნი ქალი“, არც „რივნის ტალღით [...] დასახრჩობი“. 

მაღაზიის დისტრიბუტორი შუა ხნის დაოჯახებული კაცია. მისი და ეთეროს პირველი ფიზიკური დაახლოების სცენა ქართული თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე ამაღელვებელი წუთებია. ბუნება აქ ეთეროს მხარესაა. გარეთ ავდარი ამოვარდება, პერსონაჟების სამოქმედო სივრცე უკიდურესად ვიწროვდება. ბუნება ეთეროს თავის ყოვლისმომცველ ხელს გადმოაფარებს და ამით მას თითქოს „ნამუსს“ უნახავს – ასეთ თქეშში აბა, ვინ შემოვა მაღაზიაში?!


დომნა და კაცები წყალსაცავიდან

დაობლებული ეთერო დომნასთან სოფელში ხშირად რჩება. დომნა მისი ნათესავიც კი არ არის, მაგრამ უდედო ეთეროს მამისა და ძმის დროებით დავიწყების საშუალებას აძლევს. დომნას ეზო და ხეობა ერთი მთლიანი ეკოსისტემაა, მთელი მიკროსამყაროა, რომლის ნაწილი ადამიანი მისი პირვანდელი ბუნებრიობით ხდება და იერარქიულად დაბალ საფეხურს სჯერდება. დომნა ხეობის უკანასკნელი მცველია. ბუნების ცოდნების განსხეულებული არქივი. დამეწყრილ მიწაზე ბოლო დასახლებულ კარ-მიდამოს დარაჯობს და წყალსაცავის მუშებთან ამბივალენტურ ერთობაში შედის. მკაცრ ზამთარში, გაუთოვლელ ხეობაში მათ ერთმანეთის გარდა არც არავინ ჰყავთ:

„ღმერთო! მთელი სამყარო იყო  ჩემთვის ის სახლი, ის კარ-მიდამო. დამეწყრილი სოფლის კიდეზე შერჩენილი, დაბრეცილი შავი ხის ქოხი. სოფელშიც რომ არავინ იყო, მარტო დომნა, მე და კაცები, წყალსაცავის. [...] იმ ნამეწყრალზე დიდი საყურებელი არაფერი იყო ჩემთვის დედამიწაზე. იმაზე დიდი, იმაზე საშიში, უზარმაზარი, რა არსებობდა? არც არაფერი! ჩაცურებული, ჩაქცეული მიწა კილომეტრზე იყო გადაჭიმული. გადამხმარი ხეების ფესვი ჭინკად და ქაჯად აჩნდა იმ შავ-შავ უფსკრულს“. 

რიონის ხეობის ამ სურათთან სრულ კონტრასტშია ის სივრცე, რომელიც ეთეროსთვის ქალაქთან იგივდება. თბილისში აღმოჩენილი, უცხო სხეულივით დაბარბაცებს მანქანების მტვერში, ნაგავსა და ხმაურში და ბავშვობის ტყე ელანდება. ერთი მხრივ დიდი ქალაქის ანონიმურობა თითქოს გულზე მალამოსავით ედება, თუმცა ურბანული ქაოსი თავგზას საბოლოოდ უბნევს. თბილისი აქ ბუნების სრული ანტიპოდია, ეთერო კი სასტუმროს, თუ კლინიკის სივრცის დროებითი და ანონიმური ნაწილი. ქალაქის ქაოსში ჩაკარგვას, მაინც ტყის ანონიმურობა ურჩევნია: „ახლა სადმე ტყეში ჩამსვა, ჩიტის ჭიკჭიკში, ხეების შრიალში, ისე ჩამსვა, რო ჩემი ზლუქუნი ვერავინ გაიგოს, ისე ჩამსვა, რო იმ ტყეში და იმის ხმებში სუ ჩავიკარგო“.

„ძალა ვიგრძენი ჩემ მონობაში“

„ბუნების შვილობა“ თანამედროვეობაში მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. მკვეთრია ეთეროს კრიტიკული პოზიციაც, როდესაც ის ურბანული სივრცის ადამიანსა და ბუნებას პირდაპირ აპირისპირებს, აკვირდება ზაფხულობით თბილისიდან ჩამოსულ დამსვენებლებს და თავდაჯერებული უპირატესობით ივსება. ეს უპირატესობა, პირველ რიგში, ბუნებასთან ჯერ კიდევ არსებულ პირდაპირ კავშირზე გადის: „აგერ, მამაჩემი ბოლომდე ჩიჩქნიდა მიწას. მიწას ჩიჩქნიდა კი არა, იქვე მოკვდა კაცი ბოსტანში და მაინც ესენი რო არიან ყველაზე კარგი დედამიწაზე, ეს უხარისხო პარაზიტები“. 

რომანში ეკოლოგიური საკითხი მთელი მისი სიმწვავით იკვეთება და ბუნების ჩამოშლის შეუჩერებელ პროცესს ეხმიანება. ბუნება აქ ადამიანზე შურს იძიებს. აქ უკვე აღარც თოვლია ისეთი, როგორც უწინ, აღარც ციცინათელები იცის ზაფხულობით და ტყე-ჭალაც გადაგვარებულია. ამ ცვლილებების ავტორი მხოლოდ ადამიანია – „ღირსებიცა ვართ, ამ რიონმა სუ წაგვიტანოს, გამოგვთხაროს ძირფესვიანად!“ 

ორი, უწინ განუყოფელი, სამყარო საბოლოოდ შორდება ერთმანეთს. ძველი აღარასოდეს დაბრუნდება, ახალი კი უკვე არასახარბიელო იერსახეს იძენს; სივრცე ვიწროვდება; ბუნება ამ მოცემულობიდან ნელ-ნელა ქრება. ამ ცვლილებებზე ფიქრისას ეთეროს უცნაურად მოუხელთებელი, სიხარულს მოყოლილი „შავნაღველი“ განცდა ეუფლება, რომლის პირდაპირი სახელდებაც უძნელდება, რადგან გრძნობს, რომ წარსულში განცდილი ერთობა, აწმყოში აღარ განმეორდება:

„დღემდე ისე მიყვარს თოვლი და თოვლის სუნი, რო ორი ფიფქიც რო გადმოაგდოს ზამთარში, ეზოში ლამის ბავშვივით გავკუნტრუშდები. მარა ამ სიხარულთან ერთად თან რაღაცნაირი შავნაღველი წამიჭერს ყელში, იმ დიდი თოვლის, მაშინდელის, უხსოვარის, ჩემი ბავშვობის. ხანდახან მერე ისე გაუსაძლისია ეს შავნაღველი, ისევ ის მირჩევნია, რო აღარ თოვდეს“.



ეძღვნება მაკა სულაძეს, მარიტა მუსელიანს და ლალი ეფრემაძეს.
ფოტო ილუსტრაციაზე: გიორგი ყოლბაია