ჯარმუშის „ პატერსონი“ თბილისის კინოთეატრებში
ჯიმ ჯარმუშის თაყვანისმცემლებისთვის გასული წელი ძალიან იღბლიანი გამოდგა: სამ წლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორმა ერთდროულად ორი ნამუშევარი შემოგვთავაზა - პოეტური დრამა - „პატერსონი“ და იგი პოპზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Gimme Danger”. ორივე ფილმის პრემიერა 2016 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„პატერსონი“ 16 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებშიც გამოდის. მათთვის, ვისაც კარგი კინოს ნახვა დიდი ეკრაზე ურჩევნია და მოთმინებით ელოდა ამ დღეს, შეუძლიათ ფილმი „ამირანში“ და „ კავეა ისთ ფოინთში“ ნახონ. მით უმეტეს, თუ პროფესიონალებს დავუჯერებეთ, „პატერსონი“ სწორედ კინოში სანახავი ფილმია:
„ჯიმ ჯარმუშმა გადაიღო დიდი, ძალიან დიდი ფილმი - გამჭვირვალე, ნაზი, სადა, როგორც იაპონური ტანკა. ტელესერიალების ესთეტიკით გაღარიბებულ კინემატოგრაფს დაუბრუნა კინოხელოვნება, პოეზია - როცა ეკრანი ფრესკას ემსგავსება, როცა უბრალო ხმაურიც კი მუსიკად აღიქმება და, რაც მთავარია, როცა მთელ კინოდარბაზს გადაეცემა ეს ჯადო, როცა დარბაზში ყველა ერთად ხდება პოეტი... „პატერსონს” აუცილებლად ბნელ დარბაზში უნდა უყურო, ეკრანიდან წამოსული ძლიერი შუქი რომ დააფასო.“- წერს კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია „რადიო თავისუფლების“ ბლოგზე.
თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ხელწერის მქონე რეჟისორი ამჯერად ავტობუსის მძღოლის ისტორიას მოგვითხრობს. პატერსონი ახალგაზრდა მამაკაცია და ცოლთან ერთად ნიუ ჯერსის პატარა, წყნარ ქალაქში ცხოვრობს, რომელსაც ასევე პატერსონი ჰქვია. ის დილიდან საღამომდე ავტობუსით დადის ქალაქის გარშემო და მის ბინადრებს დაატარებს. პატერსონის ყოველდღურ მკაცრ და მოსაწყენ რუტინას მისი პოეზიისადმი გატაცება აბალანსებს. ავტობუსის მართვისას გაჩენილ იდეებს და ფრაზებს ის პატარა წიგნაკში ინიშნავს და ლექსებად აქცევს, თუმცა, მათი გასაჯაროვება და გამოცემა არ უნდა. ცოლის დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ, რომ იქნებ ლექსების კოპიები მაინც გააკეთოს, პატერსონი ჰპირდება, რომ უიკენდზე მიხედავს ამ საქმეს. სწორედ აქ დგება ფილმის გარდამტეხი მომენტი, როცა პატერსონს მოუწევს, გაიაზროს, რას ნიშნავს რეალურად მისთვის პეოზია და რამდენად ძვირფასია ეს გზადაგზა გაკეთებული ჩანაწერები მის ცხოვრებაში.
პოეტური და მედიტაციური ფილმი, ჯარმუშის ერთ-ერთი საუკეთსო ნამუშევარი, შედევრი... ასე ახასიათებს პრესა ჯარმუშის ფილმს/ კინოკრიტიკოსმა, გლენ კენიმ ის ჟან კოკტოს კინოკლასიკას - „ ორფეოსსაც“ კი შეადარა.