ქალაქის მთავარი ნაძვის ხე | 08.12.2024
09.12.2024თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის აწყობა საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 8 დეკემბრის გვიან ღამე დაიწყო. ხალხმა ნაძვის ხის კონსტრუქცია დაშავებული ადამიანების ფოტოებით და საპროტესტო ბანერებით „მორთო“.
______________________________
ათასობით ადამიანი ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებას. თბილისში მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ამ დროის განმავლობაში უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის საღამოს დაწყებული პროტესტი ორ კვირაზე მეტია, გრძელდება და ხალხი თბილისის გარდა უკვე საქართველოს სხვა ქალაქებშიც მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის შეჩერებასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ამ დღეების განმავლობაში მომიტინგეებს თბილისში ყოველ ღამე შლიან შსს-ს ქვედანაყოფები - იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს. სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა საპროტესტო აქციის ასობით მონაწილეზე; 11 დეკემბრის მონაცემებით, დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, დაშავებულია ასობით ადამიანი.
საპროტესტო აქციები გრძელდება და მთავარი მოთხოვნა - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - უცვლელი რჩება.