გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ხალხური ლექსები | მარიამ ნატროშვილი

ნისლი

- რას ფიქრობ, ნისლო,ტიალო.
შემჯდარო გორის ფხაზედა,
განა შენც რამე გაწუხებს
ამ ოხერ ქვეყანაზედა?!

იქნებ მტერი დაგეცა,
რისხვა გაწვიმდა თავზედა,
ან იქნებ შენი მიჯნური
შენს რაყიფს უწევს მკლავზედა.

განა შენც იცი ჯავრობა,
რისხვით ანთება წამზედა,
შენაც თუ იცი ტირილი,
ცრემლის დაგუბვა თვალზედა,

ან თუ შეგიძლი ალერსი,
ან დამწუხრება ძალზედა,
ანდა თუ გყავის ნანდობი
უტურფეს ქვეყანაზე,

ან თუ კი ჰგრძნობ ამ ქვეყნად
ჰფიქრობ ავსა და კარგზედა?
- ჰაი, ჰაი, რომ მეც ვფიქრობ,
შესხმა მეც ვიცი ფრთებისა,

თავად ფიქრი ვარ, ნაფიქრი
დიდის მაღალის მთებისა.
გული მეც გამიხარდების.
რისხვითაც ამენთებისა,

მეაც შემიძლი ჯავრობა,
თვალზედაც ცრემლი მწვთებისა.
ჩემი ცრემლია, დილით რო 
ბალახზე ნამი დგებისა;

მეც შემიძლია ალერსი
ჩემის ძმების და დებისა,
თუმც კი მაღლა ვარ მთაზედა,
დარდი მე აქაც მწვდებისა,

მეცა მყავ ჩემი ნანდობი,
მწვანე კალთები მთებისა,
იმათ ენაცვლოს ჩემ თავი,
ეს გული მათთვის ჰკვდებისა.

სიტყვა ფიქრია მღელვარე

სიტყვა ფიქრია მღელვარე,
ჩემ გული-კალმის წვერია,
ქაღალდზე შავი მელანი-
დამდნარი გულის წვენია;

ამ გულის წვენით ნაწერი
ქალავ, ალერსი შენია,
რაც ჩემს გულს ცეცხლად ედები,
მეორ-მესამე წელია.

გშორდები, ფიქრი მატულობს,
გულის, გონების მწველია,
ბედკრულს, ნურავინ დამითმობს,
კარგის დათმობა ძნელია,

ხომ იცი წუთისოფელი,
რამდენად ცუდის მქნელია.
ან შენ რამ დაგემართების
მგმობი გავხდები ბედისა,

ან მე გამრიყავს ჭალაზე
ზვავი დაღისტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,

ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა.
სალეკოს მოიფანტება
ნათოსი ჩემის ძვლებისა,

ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა.
რა მამა დამიღონდების
რა დედა ატირდებისა?!

შენ მაინც დამიტიროდე 
ჩემებრ ტანჯული ბედითა;
მე ჩემს გეძახი, ვინ იცის,
იქნება იყო სხვებისა?

მოსწამლე ჩემი სიცოცხლე,
წუთები მოსვენებისა.


დამძიმებულა მუხლები

დამძიმებულა მუხლები,
თმაში გახშირდა ჭაღარა,
დუშმანიც დაბერებულა,
გავჯეილდები აღარა.

ვერ გამიგია, რა მოხდა,
გუშინ ბალღ ვიყავ პატარა.
წასულა, წუთისოფელი,
რეგვენო, მიხვდი რად არა,

დღეს თუ ხვალ დაიძახებენ:
- იყო და არი აღარა!
იმათ რიცხვს მივემატები
ვინაც შავ მიწამ დაფარა,

სამარის კარზე მიტირებს,
სამგლოვიარო ნაღარა...
წესი ასეა - ცხოვრება
მოძრაობს როგორც მანქანა.

იმას არც მიწა ღებულობს.
ვინც მრუდე გზაზე დამდგარა.

სიზმრათა ვნახე

სიზმრათა ვნახე ედემი,
აღმოსავლეთის თავშია,
არის მზე, არის მთოვარე,
მრავალ ვარსკვლავი ცაშია,

მივდივარ სანუკვარადა
წმინდა ედემის ბაღშია,
მიველ და ხეხილთ გადვხედე,
ჩარიგებულთა კვალშია,

ზოგი მწიფს, ზოგი ყვავილობს
ზოგსა მკუხენი ასხია.
ერთი რამ კუპრის ტბა არის,
აქედან მისავალშია,

ზედ წვრილი ბეწვის ხიდი ძევს.
ვინ გადაზომავს თვალშია,
მართალნი მარდათ გადიან
და მკვიდრდებიან ბაღშია,

ცოდვილნი ძირსა ცვივიან,
იღუპებიან ტბაშია.

ვარამი

გულსა მამაწვა ვარამი,
რო ნაგუბარი წყალიო.
რო მალე შევწუხებულვარ,
გუნება მძიმე მყრალიო.

გამაგრდი, გულო, გუნებავ,
როგორც მყინვარი სალიო!
ნუ შასწუხდები მაშინაც,
კარზე რო გეწვას მკვდარიო!

თორ მალე მავა სიკვდილი,
ტუქსი, არ-მოცინარიო,
სუ დამაცილებს ჯავრებსა,
იმნაირი აქვს ზარიო,

უნდა მახდიოს ნიადე,
რაც მისი მკიდავ ვალიო,
გავექცა? სად უნ წავიდა,
ცხენიც რომ მყვანდას ჩქარიო?

შავება? არ დააშინებს
ჩემი ფრანგული ხმალიო;
ვიტირა? არ შამიბრალებს,
არ იცის ცოდვა-ბრალიო

ვეხვეწა? არ გაიგონებს,
უნდა იხმაროს ძალიო.
არც მაინ მიშობს. არც მაინ,
ჩემთვი არ დამშვრალიო.

ხო ვიცი, სჯობის ვილხინო,
სანამ ცოცხალი ვარიო.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა