გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

კრიალოსანი | მედეა იმერლიშვილი

სიჩუმის ჯადოქრად წარმოგიდგენ,
ნაფეხურების ასოთამწყობად. სულს უბერავ სიტყვებს 
და გარდასახავ გამოსახულებად და უფრო მოგონებად, 
რომელსაც შევისხამთ პირზე, რომლითაც ჩამოვიბანთ ხელებს, 
ხელებს იბან. უჩუმარი ჯადოქარი იყავი. 
უცნობი დღეები იყო სიახლოვის და სიუცხოვის, 
შეხების და გაფანტვის - მზის გულზე, 
წაგრძელებულ ჩრდილებში. 
მტვერი იყო ჩვენი სიტყვები, ფარღალალა სახლების. 
მტვრადშობილები ვისუნთქავდით ხმებს, 
როგორც საშოდან ამოტყორცნილ კონვულსიას, 
და ვადუმებდით, სამუდამოდ ვადუმებდით, 
ხმების გამყუჩებლები.  
შემოვმრგვალდი შენს ჩრდილში - ქუჩის კატა, 
შენს ალერსში. კატა ვიყავი ქუჩის. 
ვიტყოდით, ახლა გაწვიმდება, 
ვიტყოდით, აქ ახლა ვინმე გამოივლის, 
და ველოდით.

არ ჩამიდენია ბოროტება ადამიანის მიმართ,
არ შემიცოდავს ჭეშმარიტების წილ, 
სუსტზე ხელი არასოდეს აღმიმართავს, 
ჩემს გამო ცრემლი არავის დაუღვრია. 
არავინ მომიკლავს, არავინ დამიტანჯავს, 
არ მიმითვისებია გარდაცვლილთა პური, 
წყლის დინება არ შემიჩერებია,
სამსხვერპლო ცეცხლი არ ჩამიქრია,
სუფთა ვარ! სუფთა ვარ! სუფთა ვარ შეცდომების ღმერთის 
წინაშე, რომელიც მიმჯდარა მტვერში, 
თვალები მიულულავს და ითვლის ჩემს სიზმარ-ცხადს,
ითვლის ნაოჭებს ჩემს სახეზე, 
ფურცლავს ჩემი ნამოქმედარის პალიმფსესტებს,
ყურს უგდებს ჩემს სიცილს, და მარცვლავს 
ლურჯ კრიალოსანს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა