კანის 72-ე კინოფესტივალი ტკივილებისა და დიდების შესახებ
72-ე ფესტივალმა ანიეს ვარდას პოსტერი მიუძღვნა, ჟიურის ხელმძღვანელად მექსიკელი ალეჰანდრო გონსალეს ინარიტუ დანიშნა. ქუენტის ტარანტინოს კინოსურათის დასრულება დააცადა და ფესტივალი ჯიმ ჯარმუშის “მკვდრები არ კვდებიან”-ით გახსნა.
ფილმის ყურებისას მაშინვე თვალში მოგხვდებათ ჯარმუშისთვის დამახასიათებელი ატმოსფერული გარემო და ხმის დიზაინი. მოქმედება იმ ამერიკაში თამაშდება, შტატების წარმოდგენისას არასოდეს რომ გაგვახსენდება. ოჰაიოს ქალაქ სენტერვილიში მკვდრები საფლავებიდან დგებიან, ცოცხლებს თავს ესხმიან და მათ ცოცხლად ჭამენ.
პოლიციის უფროსი კლიფი (ბილ მიურეი) და მისი პარტნიორი რონი პეტერსონი (ადამ დრაივერი) ქალაქში მომხდარ უცნაურ ამბებს იძიებენ.
დილის პრესა მეტწილად ალუზიებსა და მეტაფორებზე აკეთებდა აქცენტს - ტრამპის ამერიკა და ჩვენი კოლექტიური აპათია. ღამით უძინარი ჯიმ ჯარმუში კი პრესკონფერენციაზე პოლიტიკურ კონტექსტს უარყოფდა: პოლიტიკა არ მაინტერესებს, ვერ ვხვდები რატომ დააკავშირეს ერთმანეთთანო.
ეს ჩვენი მდგომარეობაა, ეს ჩვენი ამბებია, - თქვა რეჟისორმა, რომელმაც მიწიდან ამოსულ და მაღაზიებსა და აფთიაქებს შესეულ ზომბებს იმ საშუალებების სახელები აძახებინა, თანამედროვე სამყაროსთან მჭიდროდ რომ გვაკავშრებს: ყავა! ქსანაქსი! ვაიფაი! იუთუბი! შარდონე - ყვიროდნენ ამოძრავებული მკვდრები.
ჰიპსტერი ზომბები ჩვენ ირგვლივ არსებულ ყველა პრობლემას იმეორებენ და ამავე დროს, სასაცილოს ხდიან.
ჯარმუში ცოცხლების და მკვდრების ამბავს თავისი საყვარელი მსახიობების ანსამბლით ყვება. ცხადია, ტილდა სუინტონთან ერთად, რომლის პერსონაჟი, სამწუხაროდ, სურათის ბოლომდე ბუნდოვანი და ერთგვარად გაუმართავი რჩება.
კანის კინოფესტივალზე ორჯერ გამარჯვებული ჯიმ ჯარმუში იუმორს არ ღალატობს (თუმცა ის აზრიც გამოითქვა, რომ ამჯერად ეს იუმორი უინტერესო იყო), დასცინის ყველას და ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ თავსაც.
ზომბებით გარშემორტყმული მიურეის პერსონაჟი დრაივეის პერსონაჟს ეკითხება: რომ ამბობდი, ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო, საიდან იცოდიო?
ის პასუხობს, სცენარი მქონდა წაკითხული, ჯიმმა მომცაო.
ფილმი ჩვენი მკვდარი არსებობის შესახებ შტატებსა და ევროპაში 14 ივნისს გამოვა. ჩვენი მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჯარმუშის ახალ კინოსურათს საქართველოშიც მალე უნდა ველოდეთ.
“და ჩვენ ვიცეკვეთ”…
2013 წლის 17 მაისს, თბილისში დარბეული გეი აღლუმის თემით ინსპირირებული კინოსურათი, დღეს, კანის კინოფესტივალის იმ სექციაში უჩვენეს, რომელშიც სხვადახვა დროს მონაწილეობდნენ რაინე ვერნერ ფასბინდერი, აკი კაურისმიაკი, ჟან პიერ და ლუკ დარდენები. გასულ წელს კი Director’s Fortnight -ის გამარჯვებული გასპარ ნოეს გახმაურებული “კლიმაქსი” გახდა.
ქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის ლევან აკინის სურათია. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა, არა მხოლოდ მეწყვილეების, - ყველა ჩვენგანის ამბავს ყვება. ჩვენი თავგადასავალი კინტაურიდან ბასიანამდე.
მერაბი (ლევან გელბახიანი) ქართული ცეკვის ანსამბლში მარის (ანა ჯავახიშვილი) მეწყვილე და შეყვარებულია. რეპეტიციების შემდეგ ის რესტორანში მიმტანად მუშაობს, რომ სახლში საჭირო ფული მიიტანოს.
მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ირაკლი მერაბის მეტოქე ხდება. მეტოქეობა ერთმანეთთან მიზიდულობაში გადაიზრდება. საბოლოოდ კი თამამი სასიყვარულო სცენები წინწყაროს, სადღეგრძელოების და ქვევრის ფონზე ვითარდება.
ტრადიციული ქართული ცეკვა,რომელიც როგორც მასწავლებელი ამბობს სექსუალურობას და სინაზეს გამორიცხავს, ტრადიციული ქართული სუფრა, რომელიც მხოლოდ სადღეგრძელოში მოიაზრებს პრობლემის არსის შესახებ საუბარს (რუსეთი რომ ოკუპანტია), უკიდურესი სოციალური ფონი, როდესაც თანხის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან ოჯახები, - ესაა ერთი პლასტი. მეორე კი იმ ახალგაზრდების სცენაა, რომლებიც საკუთარი თავის, სქესის და სურვილების გამორკვევაში არიან და არსებული რუტინული უძრაობიდან კლუბებში, ერთმანეთის საცხოვრებელი სახლების ოთახებში იმალებიან.
ესაა ფილმი მსხვერპლის შესახებ. მსხვერპლია გუნდი, ყველა ერთად. რადგან გამიჯნურებულ ბიჭს თავდასხმის მოგერიება უწევს, მისი ყოფილ შეყვარებული მარი, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფილმში, რეალობას ეგუება და ტკივილის მიუხედავად თანაგრძნობის გამოხატვის იშვიათი უნარი აღმოაჩნდება. მსხვერპლია ცეკვის მასწავლებელიც, რადგან ტრადიციად ასაღებს ფსევდო ტრადიციას, მსხვერპლია, ლევანის ძმა, რომელსაც ცოლის შერთვა უწევს.
ესაა ჩვენი კოლექტიური ტკივილები, რომელიც გამორიცხავს სიტყვას თავისუფლებას და სუროგატს - ტყუილს ანაცვლებს.
ქართული ცეკვის რომანსს (მსახიობებმა სამ თვეში ისწავლეს ქართული ცეკვა), მხურვალე აპლოდისმენტებით უპასუხა აუდიტორიამ, რომელიც კითხვა-პასუხის ნაწილში მადლობას ამბობდა შესანიშნავი ნამუშევრის გამო.
რაც შეეხება ფრაგმენტულ კლიშეებს,რომელიც ქალაქის განწყობას, თუ სხვა კონკრეტულ სცენას სდევს თან, ტურისტის თვალით დანახულ ინტერიერებს და ექსტერიერებს მოგვაგონებს. რაც, სავარაუდოდ, სხვა ქვეყანაში მცხოვრები რეჟისორის ხედვის შედეგია.
დიდი ალბათობით, სწორედ “ტრადიციების” სახელით გააკრიტიკებენ ლევან აკინის კინოსურათს სამშობლოში.
მანამდე კი, მაყურებელი ცრემლმორეულია, ფილმი 25 კინოსურათს შორის გამარჯვებისთვის იბრძვის, ჟურნალი ”SCREEN”-ის დღევანდელი ნომრის ყდაზე კი ქართულ-შვედური ფილმის პოსტერია.
“ბოდიში, გამოგვრჩით” - კიდევ ერთი მანიფესტი 82 წლის კენ ლოუჩისაგან
კენ ლოუჩის პროდუსერი რებეკა ო ბაიანი ამბობს, რომ არ ელოდნენ იმ შედეგს, რაც თავს დროზე “მე დანიელ ბლეიკის” ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა. 700 საჯარო ჩვენება, ამ თემაზე უსასრულოდ მოსაუბრე პრესა და ადამიანები. ფილმი რომელიც პარლამნეტში გაარჩიეს და რეფერენსებისთვის დაიხმარეს. “მე, დანიელ ბლეიკში” ადამინებმა საკუთარი თავები ან ახლობლები ამოიცნეს. ამ კინოსურათის დახმარებით მათ აღმოაჩინეს, რომ სასტიკი სისტემის წინაშე მარტონი არ არიან.
82 წლის კენ ლოუჩი ფიქრობდა, რომ ეს მისი ბოლო ნამუშევარი იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, რეჟისორმა კიდევ ერთი მანიფესტის მომზადება გადაწყვიტა. ტრადიციული მუშაობის გეგმა შეადგინა: თემის მოკვლევა, შეხვედრები ადამიანებთან და ინტერვიუების ჩაწერა.
“ბოდიში, არ დაგვხვდით” დენიელ ბლეიქის მსგავსად ნიუქასთლში თამაშდება.
კენ ლოუჩის პროდუსერი რებეკა ო'ბრაიენი ამბობს, რომ არ ელოდნენ იმ შედეგს, რაც თავს დროზე მე, დანიელ ბლეიკის ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა. 700 საჯარო ჩვენება, ამ თემაზე უსასრულოდ მოსაუბრე პრესა და ადამიანები - ეს იყო ფილმი, რომელიც პარლამენტში გაარჩიეს და პოლიტიკის განსასაზღვად გამოიყენეს. მე, დანიელ ბლეიკში ადამიანებმა საკუთარი თავები ან ახლობლები ამოიცნეს. ამ კინოსურათის დახმარებით მათ აღმოაჩინეს, რომ სისტემის წინაშე მარტონი არ არიან.
82 წლის კენ ლოუჩი ფიქრობდა, რომ ეს მისი ბოლო ნამუშევარი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეჟისორმა კიდევ ერთი მანიფესტის მომზადება გადაწყვიტა და ტრადიციული მუშაობის გეგმა შეადგინა: თემის მოკვლევა, შეხვედრები ადამიანებთან და ინტერვიუების ჩაწერა.
“ბოდიში, არ დაგვხვდით” -ს სიუჟეტი, დენიელ ბლეიკის ამბის მსგავსად, ნიუკასტლში თამაშდება.
რიკი სამსახურის დაკარგვამდე ოჯახში ფულის მთავარი შემომტანი იყო. მშენებლობაზე ადგილის დაკარგვის შემდეგ ის საკუთარი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის დასაწყებად რიკის საკუთარი სატვირთო მანქანა სჭირდება, რომლის საყიდლადაც მისმა ცოლმა, რომელიც მომვლელად მუშაობს, თავისი მანქანა უნდა გაყიდოს.
სასტიკი ბიუროკრატია და შეუწყნარებელი დისციპლინა რიკის ქარხნის ნაწილად აქცევს. როგორც მის სხვა კოლეგებს, მასაც ჩააბარებენ სკანერს, რომელიც სამუშაო პროცესს მართავს. ის მძღოლს უთითებს, რა უნდა გააკეთოს, სად მივიდეს და ასე შემდეგ. ესაა რიკის მთავარი ინსტრუმენტი დამღლელ და დატვირთულ რეჟიმში. მასთან ერთად სხვადასხვა მისამართზე აღმოვჩნდებით.
რიკის ცოლის, ეიბის შემთხვევაშიც არაერთ მისამართზე მივალთ, ოღონდ ავტობუსით. ეიბისთვის მანქანის გარეშე ყოფნა რთულია, რადგან ის კონტრაქტორი ექთანია და პრობლემურ პაციენტებთან სახლში დადის. ზოგს საჭმელს უმზადებს, ზოგს პამპერს უცვლის, ეთამაშება, ალცჰაიმერით დაავადებული შეშინებულ მოხუცებს ამშვიდებს და დასაძინებლად მიჰყავს. ამ ყველაფერს სიყვარულით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აკეთებს. მას კვირის რამდენიმე დღე მორიგეობა უწევს და შესაბამისად, ასეთ დროს, მისი თინეიჯერი შვილი სები და 8-9 წლის ლიზა ერთმანეთს უვლიან. სანამ ეიბი სხვებს უკეცავს ძილისწინ საბანს, მისი შვილები ამას თავისით აკეთებენ.
რბილი, ზუსტი, პერიოდულად დაძაბული ინტონაცია, რომლითაც კენ ლოუჩი ამბავს ყვება, იმაზე უფრო ბასრი და სასტიკია, ვიდრე გაზეთებსა და დღის საინფორმაციო გამოშვებებში ამოკითხული ახალი ამბები. აქ იმას ნახავთ, რაც თანამედროვე ბრიტანეთის გულში დასტამბულ გაზეთებში არ ხვდება.
ერთგვარი სოლო, როდესაც პაციენტის მისამართიდან-მისამართამდე მიმავალი დედა შვილებს ავტომოპასუხეზე უტოვებს ხოლმე შეტყობინებს, რა დალიონ, როგორ გააცხელონ საჭმელი, როგორ მოამზადონ საშინაო დავალებები… ეს შეტყობინებები კინოსურათის საუნდტრეკია - მუსიკა, რომელიც ძალიან უცნაური მოწყენილობით დასევდიანებულ ოჯახს ვერაფრით ახალისებს.
სამსახურით დაღლილი მამისა და “ჰუდში” გამომწყვდეული სტენსილების მხატვარი თინეიჯერი შვილის ურთიერთობისთვის რეჟისორი ძალიან საყურადღებო კუთხეს პოულობს. უმცროსი ქალიშვილი კი ერთგვარად ანგელოზის ფუნქციას ასრულებს ოჯახში. ის დაღლილი, ტელევიზორთან ჩაძინებული მშობლებს ნაცვლად მაგიდას ალაგებს და დილაობით უფროს ძმას აღვიძებს, რომ სკოლაში არ დააგვიანდეს.
ფილმის მთავარი მოტივი არის ბრძოლა თავის გატანისთვის სისტემაში, რომელიც დაუნდობელი და შეუწყნარებელია. როგორც სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი ეუბნება რიკის - არც ერთ დამკვეთს არ აინტერესებს, როგორ ხარ შენ და რა პრობლემები გაქვს სახლში. გზავნილი დანიშნულების ადგილზე თავის დროზე უნდა მივიდეს. ესაა და ეს.
82 წლის კენ ლოუჩს აინტერესებს, ნამდვილად მყარია თუ არა სისტემა, რომელიც ადამიანს 14-საათიან სამუშაო რეჟიმში ამყოფებს ჩვენამდე ამანათის მოსატანად? მას აინტერესებს, ხომ არ ჯობია, ჩვენ თავად მივდიოდეთ მაღაზიებში? გვჭირდება თუ არა სამყარო, რომელიც საშინელ მსხვერპლს მოითხოვს კონკრეტული ადამიანებისაგან?
კონკრეტული ნივთები, კაბები, ფეხსაცმელები, ფირფიტები და საბუთები სახლებში თავის ჩნდება და ეს იმის სანაცვლოდ, რომ მთელი დღეებისა და ღამეების მანძილზე სანადიროდ გასულ რიკის და ეიბის მსგავსებს, შვილებთან კონტაქტის დრო აღარ რჩებათ. ისინი ერთმანეთს ვერ აძლევენ იმას, რაც სჭირდებათ. შესაბამისად, ხან სკოლიდან გარიცხვა დგება დღის წესრიგში, ხანაც სხვა კონფლიქტი იჩენს თავს.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ოჯახში ერთმანეთისადმი ნდობას არ კარგავენ. უკიდურეს სიტუაციაშიც კი ახერხებენ სიყვარულის ირგვლივ გაერთიანებს და თავიანთი პატარა მაგიდის ირგვლივ შემოსხდომას, ჭამასა და სიცილს.
ამ ფილმის შემდეგ ადამიანებს ხშირად გაახსენდებათ რიკი, ეიბი, სები და ლიზა. კენ ლოუჩმა, ასეთი ამბების საუკეთესო მთხრობელმა, კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენამდე ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილის მოტანა.
ყველაფერი ტკივილის და დიდების შესახებ
პედრო ალმოდოვარის ფილმოგრაფიამ მილიონობით ადამიანს მიუთითა, რომ სამყარო ჭრელი, ეკლექტური და ლამაზია. შესაძლოა, ჩვენ არ ვგავართ მის გმირებს და არც მათი ცხოვრებაა ჩვენის მსგავსი. არ გვაცვია მათსავით და არც ასეთი მხურვალე სიყვარული შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ, გვიყვარს და სულ გვახსოვს. გვახსოვს მთავარი - ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ.
ტკივილი და დიდება ასაკში მყოფი გეი კინორეჟისორის, სალვადრო მალოს თავგადასავალია. ბავშვობის მოგონებები, მშობლებთან ერთად (დედის როლში პენელოპა კრუზია) ვალენსიაში ემიგრაცია 60-იან წლებში, სადაც სალვადორს არ უნდა, სასულიერო სასწავლებელში მიაბარონ, რადგან მხოლოდ რომანების კითხვისკენ მიუწევს გული. შემდეგ 80-იანი წლების მადრიდში მოზარდი სალვადორის პირველი სიყვარული, დაშორება და წერა, როგორც თერაპი და ბოლოს, კინოს შეფარებული სალვადორი.
ეს ანტონიო ბანდერასის საუკეთესო კინოროლია, რომლის შესაქმელადაც, როგორც თავად ამბობს, რთულ მოცემულობაში აღმოჩნდა. “უნდა განესახიერებინა პედრო, პედროს იმიტირების გარეშე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”. ამიტომ, ანტონიო ალმოდოვართან ჯარისკაცივით მივიდა, მოიხსნა ყველა მედალი, ყველაფერი ჩამოიშორა, დაშორდა თავისთვის კომფორტულ ზონას და სრულიად "შიშველი" ჩაბარდა რეჟისორს, რათა მანერულობისგან დაეცვა თავი.
69 წლის ესპანელი რეჟისორის საკონკურსო ფილმი მისი ყველაზე ლირიკული შედევრია. ფილმში არაა ტრადიციული ლაბირინთები, ფაბულა ბავშვობაში დაწერილი ლექსივით მარტივი და ჰაიკუსავით მრავლისმთქმელია.
ფილმში ციტატებია რეალური ბავშვობიდან, მდინარის პირას სარეცხის რეცხვა და წყალში ყვინთვა. თვითონ კინოსურათიც წყალზე ტივტივს ჰგავს. გრაფიკულად სრულყოფილი და მუსიკალურად დახვეწილი, ალმოდოვარის პოეტური სამყარო თანამედროვე კინოს ნასაყუდელია. როგორ მოგზაურობაშიც არ უნდა მიდიოდე, ბოლოს მაინც აქ ბრუნდები.
ბანდერასი ინტერვიუში წერდა: რაღაც ეპიზოდებში ვამბობთ "ვერ იქნები პოეტი შენ საკუთარ ქვეყანაში", მაგრამ ამ ფილმით პედრო ალმოდოვარის სრული აღიარება მოხდა.
ესპანეთში, სადაც კინოში დრამის საყურებლად არ დადის მაყურებელი, ტკივილს და დიდებას პედროს საუკეთესო ნამუშევარი უწოდეს. ფილმი ერთნაირად მოეწონათ და შედარებით კონსერვატიულ უფროსებსაც.
"25 წლის ვიყავი, როდესაც სურვილის კანონზე ვმუშაობდით, ჩემი მშობლები ძალიან რელიგიურები იყვნენ. მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, როგორ შეხედავდნენ სცენას, სადაც მე მამაკაცს ვკოცნი. შემდეგ Sequence NO2-ში, ვიღაცას ვკლავ - სახეში ვურტყამ და სიკვდილამდე მიმყავს. ეს მაყურებლისთვის უფრო მისაღებია. არავინ საუბრობს მორალზე მკვლელობისას, მაგრამ როდესაც მამაკაცი მამაკაცს, ან ქალი ქალს კოცნის, ეს დაუშვებელია", - წერს ბანდერასი, რომელიც დიდი ეკრანის უფლებების დამცველია. ბანდერასი ვერ ხვდება, მისი ქალიშვილი რატომ უყურებს ფილმებს ტელეფონში... როგორ შეიძლება კარგი შერულება აღიქვა, თუ მსახიობის თვალებს ვერ ხედავ?
"მამა, მე ამბავს მივყვები", - მპასუხობს ის.
“კინო დიდ ეკრანზე უნდა უჩვენონ. რადგან ფილმები იქმნება იმისთვის, რომ ეკრანზე ნახონ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებმა, სიბნელეში. ესაა ამ ყველაფრის მაგია", - ამბობს ადამიანი, რომელმაც შეძლო პოეტის ტკივილი, რომელსაც ის განიცდის, მსოფლიო პრობლემის სიმაღლეზე აეტანა.
ტერენს მალიკის პასტორალი და რეალური დეზერტირის ამბავი
სიცოცხლის ხის შემდეგ ტერენს მალიკი კანის კინოფესტივალზე დამალული ცხოვრებით ბრუნდება და დიდი ალბათობით, პალმის რტოს პრეტენდენტთა მოკლე ნუსხაში მყარად პოზიციონირებს.
ფილმის დასაწყისში გვამცნობენ, რომ კინოსცენარი რეალურ ფაქტებზეა აგებული. ერთგვარ ინტროში რეჟისორი მეორე მსოფლიო ომის ქრონიკასაც ციტირებს.
პასტორალი: მაღალმთიან მწვანეში ჩაფლული ავსტრიული ალპების სოფელი, ძველი ხის სახლები, წისქვილი, ეკლესია, შინაური ცხოველი. ეკრანზე გაჭიმულ ამ ფერწერულ ტილოზე ლამაზი წყვილი სამ თეთრთმიანი შვილთან ერთად მინდვრებში დარბის. ეს სამოთხის დღეებია. შემდეგ ყველაფერი იცვლება.
ავსტრიელ ფრანც იეგერსტატერს (ოგუსტ დიელი) ავსტრიელები არმიაში იხმობენ, თუმცა ის გაწვევას არ თანხმდება. შემდეგ შტაბში მისული, სხვებთან ერთად მწყობში ჩამდგარი ბოროტებისთვის ერთგულებას არ ადასტურებს. ომის კანონის მიხედვით, მას აპატიმრებენ. სოფელში რჩებიან ცოლი - ბუნებასთან შერწყმული სილამაზის მქონე ფრანჩესკა (ვალერი პახნერი) და შვილები.
ციხეში ყოფნისას კომენდანტი მას ჯარისკაცის ფორმის ჩაცმას ურჩევს, არადა, ფრანჩესკას უსიტყვოდ ესმის ფრანცის და მისი გადაწყვეტილების. დეზერტირი ქმრის გამო სოფელში ათვალწუნებული ფრანჩესკა ყანასა თუ სახლში მძიმე სამუშაოს აგრძელებს და ქმარს ელოდება.
რეჟისორს დეზერტირის დაცულ ტერიტორიაზე შევყავართ. მის გასაიდუმლოებულ ცხოვრებაში უნდა მოვძებნოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თითქოს ძებნაც არაა საჭირო, ყველაფერი ზედაპირზეა, ავთენტური, სადა და მტკიცედ დამაჯერებელი.
მალიკმა საინტერესო და ძვირფასი ფაქტურა შეარჩია. ამ ქსოვილს მაყურებელი საკუთარ სხეულზე გრძნობს. ეს უპირობოდ მოქმედებს. ზუსტი ინტონაცია, რომლითაც პერსონაჟები ცოტას საუბრობენ და ერთმანეთთან მიწერილ წერილებს ხმამაღლა კითხულობენ. ალბათ, ამიტომაც, დეზერტირის დამალული ცხოვრების ამბავს ლოცვაც კი უწოდეს.
ფილმში მრავალენოვანი ევროპის ამბის შესახებ, ციხის ერთ-ერთ მონაკვეთში რეპლიკად ქართული სიტყვები ისმის. მსახიობი ლევან ხურცია ეპიზოდურად გაიელვებს (ასევე ეპიზოდში ჩნდება მსახიობი ანდრო სარიშვილი). პალმის რტოს მფლობელ სიცოცხლის ხეში ქართველ კომპოზიტორთან თანამშრომლობის შემდეგ (სიცოცხლის ხეში გამოყენებულია გია ყანჩელის სიმფონიები), ტერენს მალიკს საქართველო მეორე მსოფლიო ომის შესახებ კვლევისას ხვდება.
დეზერტირი დიდი და საშიში სამყაროს წინაშე ცოლთან ერთად მარტო დგას და იქნებ, ამ სამყაროსთან არაფერი გვაქვს საერთო? იქნებ ლექსივით ლამაზ ცოლთან და სამ შვილთან ერთად მზის ჩასვლების ყურებისთვის დავიბადეთ? იქნებ ამის გამო ადვილია სხვა დანარჩენის ღალატი? მათ შორის, სამშობლოს ღალატი. უფრო ზუსტად კი, ბოროტების მსახურება სამშობლოს სახელით.
ამიტომაც იყო, არის და ყოველთვის იქნება ფრანცი და ფრანჩესკა.
ძმები დარდენების დრამა
მიშელ უელბეკის ცნობილ წიგნს, მორჩილებას, რომელშიც ავტორი პირდაპირ და მოურიდებლად, 2022 წლის საფრანგეთის ისლამიზაციის პროცესიის შესახებ გვიყვება, ჯერ კიდევ გამოცემამდე და ცხადია, დასტამბვის შემდეგაც, დიდი მღელვარება მოჰყვა. არაპოლიტკორექტული გამონათქვამებით ცნობილი მწერალი კი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ მორჩილება მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ის ისლამის რადიკალურ გამოვლინებებს აპროტესტებს.
ძმებმა ჟან-პიერ და ლუკ დარდენებმა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მათი ახალი ნამუშევარი, ახალგაზრდა აჰმედი წარმოადგინეს. კინოსურათი მათ დანარჩენ სოციალურ ესეებს შორის ყველაზე პირდაპირი და რადიკალურია. დარდენების სტილის ამოცნობა მაყურებელს არ გაუჭირდება, მაგრამ ეს მათი ყველაზე ორაზროვან ფილმად შეიძლება ჩაითვალოს.
რადიკალი მუსლიმი თინეიჯერი (Idir Ben Addi) თავისი მასწავლებლის მოკვლას გეგმავს. მკვლელობის უშედეგო მცდელობის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალება. იმამი, რომელიც მოზარდის ტვინის გამორეცხვაზე მუშაობს, მის უკან არსებული რეალური მოცემულობის დასამალად, მოზარდს თავის ხელით მიიყვანს სამართალდამცავებთან.
ერთ მხარეს გვაქვს ბელგიის გამართული სისტემა, რომელიც დამნაშავე მოზარდის რეაბილიტაციის პროცესზე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დახმარებით მუშაობს. მას ფერმაში მუშაობის დღეებსაც გამოუყოფენ, სადაც აჰმედი თანატოლ ლუიზას გაიცნობს.
13 წლის აჰმედზე ზრუნავს სისტემა, ის უყვარს ალკოჰოლდამოკიდებულ დედას, ის მოსწონს ლუიზას, რომელიც ცდილობს ბიჭს ტუჩებში აკოცოს, მაგრამ მოზარდი ამ სამოთხიდან თავის "სამოთხისკენ" მიიწევს - ლოცვის დროს ტერორისტი ნათესავის ფოტოს უყურებს და თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ ყურანის მიხედვით, ვინც გზად გეღობება, უნდა გაანადგურო.
სოციალური რეალიზმის ოსტატები, დარდენები უშეცდომოდ სრიალებენ ყინულზე. ფილმი სკრუპულოზური სიზუსტით ისეა აწყობილი, რომ ევროპის და დანარჩენი სამყაროს ამ ტრაგედიას საათნახევარში, ერთ ამოსუნთქვაში აქცევს.
ახალგაზრდა აჰმედი უელბეკის მორჩილების მსგავსად, ისლამის რადიკალურ გამოვლინებას აპროტესტებს. შესაძლოა, ფრანგ მწერალთან ეს პროტესტი უხამსი სიტყვებით და პასაჟებით სრულიად შეუნიღბავია, თუმცა, არც ძმებმა დაიხიეს უკან და ახალგაზრდა აჰმედი ამ თემაზე შექმნილ კინოსურათებში ყველაზე ბასრ და პირდაპირ მხილებად აქციეს.
ჟან-პიერ და ლუკ დარდენებს ოქროს პალმის რტოს მესამედ აღებას უწინასწარმეტყველებენ.
ერთხელ, ჰოლივუდში
კვენტინ ტარანტინომ ჯერ საკუთარი ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, შემდეგ ყველა აკრედიტირებულ ჟურნალისტს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, ბოლოს კი ფილმის დაწყებამდე, პირველად ჩემი 10 წლიანი გამოცდილების მანძლზე, დარბაზის სცენაზე ასულმა ფესტივალის წარმომადგენელმა რეჟისორის თხოვნა გაგვიმეორა, - არ დავასპოილეროთ სხვები, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს.
72-ე ფესტივალზე ბოლო დღეებში შემოერთებულს, ტარანტინოს კანში განსაკუთრებით ელოდნენ. მის ფილმზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა. Pulp Fiction-ის პრემიერიდან 25 წლის თავზე, რეჟისორი იმ ფილმით ჩამოვიდა, რომლის შესახებ მოყოლას ბავშვობიდან ოცნებობდა.
ერთხელ ჰოლივუდში მოქმედება 1969 წელს ხდება, ჰოლივუდის კინემატოგრაფის გარდატეხის დროს. ლეონარდო დი კაპრიო ტელე- ვესტერნების მსახიობ რიკ დალტონს განასახიერებს, რომელსაც დიდ კინოში გადასვლა უჭირს. ბრედ პიტი ქლიფ ბუტის - მისი ორეული კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია. მეზობლად რომან პოლანსკი და შერონ ტეიტი ცხოვრობენ. დალტონი პოლანსკისთან გადაღებაზე ოცნებობს, მაგრამ კარიერაში რთული პერიოდის გამო იტალიაში წასვლას და იქ მოღვაწეობას გეგმავს.
1969 წლის ჰოლივუდის პავილიონში, სამი საათის მანძილზე მოთამაშე ტარანტინო კალეიდოსკოპურად ყვება თამბაქოს კვამლში გახვეული ამერიკული კინოს გარდამავალი პერიოდის, ჩარლზ მენსონის "ოჯახის" გაძლიერების, ყველგან ჩართული ტელევიზორების, თვალისმომჭრელად მოციმციმე რეკლამებისა თუ ალკოჰოლის შესახებ.
ერთხელ ჰოლივუდში ერთდროულადაა კინოს მიმართ სიყვარულში გამოტყდომაც და ახალი საუკუნის ტრავმიდან თავის დახსნის მცდელობაც.
მსახიობების ბრწყინვალე თამაში და ფინალი, რომელიც ტარანტინოს კიდევ ერთ, ცალკე კინოსურათად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გვაფიქრებინებს, რომ ოდნავ სენტიმენტალური, სევდიანი და რეტრო განწყობით კვენტინ ტარანტინო საუკეთესო ფორმაშია.
კანის ფესტივალი კულმინაციურ ფაზაში შედის, ნაჩვენებია, კენ ლოუჩის, ძმები დარდენების, პედრო ალმოდოვარის, ბრილანტე მენდოზას, ტერენს მალიკის, ბონ ჯონ ჰოს და სხვა კინორეჟისორთა საკონკურსო ფილმები. 25 მაისს ჟიური ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ხელმძღვანელობით სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ნამუშევრებს გადაანაწილებს.
სამხრეთ კორეული ტრაგი-კომედია
კანის 72-ე კინოფესტივალზე ნაჩვენები საკონკურსო ფილმები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოირჩეოდა. მაგრამ კინოსურათი, სახელწოდებით პარაზიტი, რომელიც სამხრეთ კორეელმა ჯუნ ჰო ბონგმა, საკონკურსო პროგრამაში წარმოადგინა, ფაქტობრივად აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.
რეჟისორის სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა კომედია ჯამბაზების გარეშე, და ტრაგედია ბოროტი პერსონაჟების გარეშე.
კი-ტაეკის (მსახიობი კანგ-ჰო სონგი Song Kang-ho) ოჯახის ოთხივე წევრი (თავად მამა, დედა, ვაჟი და ქალიშვილი) უმუშევარია, მიწურში ცხოვრობენ და ამ ნახევრადსარდაფიდან უყურებენ ბუნდოვან მომავალს.
შვილს კი ვუს მეგობარი ვაკანსიის შესახებ აცნობებს. კი ვუ ყალბი დიპლომით გასაუბრებაზე მდიდარ ოჯახში აღმოჩნდება, სადაც ასევე ოთხი ოჯახის წევრია. კი ვუ ქალიშვილის რეპეტიტორი ხდება და მას დავალების მომზადებაში ეხმარება.
კეთილგანწყობილი დიასახლისი მასთან საუბარში აღნიშნავს, რომ უმცროსი შვილისთვის ხატვის მასწავლებელიც ესაჭიროება. კი ვუ დიასახლისს გამოცდილ სპეცალისტს შესთავაზებს, რეალურად კი, იმავე ოჯახში საკუთარ დას დაასაქმებს.
ჩვენ თვალწინ ეწყობა და იშლება თავსატეხი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების მწარე პორტრეტი უნდა დახატოს. როგორ შეიძლება დასრულდეს მდიდარი და ღარიბი ოჯახების შეხვედრა და თანაცხოვრება, როდესაც არც მდიდარმა იცის რა ხდება "მიწის ქვეშ" და ღარიბისთვისაც ფუფუნება სრულიად უცხოა?
მათ შორის გამყოფი ხაზის სიმბოლო ღარიბების სუნია, რომელიც მდიდრებს ეუცხოებათ.
ჯუნ ჰოს ყოველთვის განსაკუთრებულად ელიან ფესტივალებზე. მისი კინოს თარგი სხვისას არასოდეს გავს. თხრობის ფორმას პირველივე წამებიდან მძევლად აყავს მაყურებელი. შეუძლებელია თვალი მოწყვიტო ეკრანს. ფილმებიდან ცალკეული სცენები, როგორც საყვარელი ლექსი, ისე გამახსოვრდება.
როდესაც ქუჩაში მწერების გასანადგურებლად სადეზიფენქციო კვამლს უშვებენ, კი-ტაეკი შვილს ფანჯრებს არ ახურინებს, იმისთვის, რომ დიზიფენქცია მათ სახლში ჩაბუდებულ მწერებსაც შეეხოს. ამ მომაჯადოვებელ სცენაში, კვამლი ღარიბ ოჯახთან ერთად მაყურებელსაც გადაყლაპავს. ისე, როგორც წყალდიდობის სცენის დროს, მათ მსგავსად ეცდები გაქცევას და გადარჩენას.
იუმორთან გაზავებული "სასპენსი" საბოლოოდ სევდიან დრამად იქცევა. მიამიტურად ჩადენილი დანაშაული კი ტრაგედიად.
პარაზიტის ჩვენება, კვენტინ ტარანტინოს პრემიერიდან ორსაათნახევარში გაიმართა. ჰოლივუდიდან სამხრეთ კორეაში გადანაცვლებული ჟურნალისტები აღფრთოვანებულები წერდნენ, რომ ჯუნ ჰო ბონგის ფილმების ჟანრს ვერ განსაზღვრავ. თავად ჯუნ ჰო ბონგია ჟანრი. მის გამოჩენას ფესტივალის მერვე დღეს მართლაც ელექტრო შოკის ეფექტი ჰქონდა.
პარაზიტი მისი მეშვიდე ნამუშევარია. მაყურებელი იცნობს მის ფილმებს Barking Dogs Never Bite, The Host, და Okja.