გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

კანის კინოფესტივალის ყველა საკონკურსო ფილმი – რა ელის კინოხელოვნებას?

 შარშან მოხდა ეს, როცა კანის კინოფორუმის ადმინისტრაციამ წერილობით გვაცნობა, ამიერიდან საკონკურსო პროგრამაში ჩართულ ფილმებს ჟურნალისტები  ოფიციალურ პრემიერამდე ვეღარ ნახავენ,  რათა პრესამ წინასწარ არ შექმნას „განწყობილებებიო“. ეს ყოფილა „ემბარგო კინოში“; უწინ ჟურნალისტებს, უბრალოდ, გვთხოვდნენ, თავი შეგვეკავებინა და ოფიციალურ პრემიერამდე არაფერი დაგვეწერა ფილმებზე. მაგრამ ცოცხალი ხალხი ვართ, როგორ უნდა მოგვეთმინა? თანაც, სოციალური ქსელების ეპოქაში? ბოლოს და ბოლოს დაჯარიმების, ანდა, აკრედიტაციის დაკარგვის თუ მეშინია, მეგობარს გავუზიარებ შთაბეჭდილებებს და ის გამოაქვეყნებს სტატუსს ფეისბუკზე  ამბობენ, რომ ალმოდოვარმა ცუდი ფილმი გადაიღო, ანდა, პირიქით, ალმოდოვარს რაღაც შედევრი გადაუღიაო.

მოკლედ, თხოვნამ არ გაჭრა. 2 წლის წინ ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ხაზანავიჩუსმა პროტესტის წერილით მიმართა კანის ფესტივალის დირექციას, უფრო სწორად დაადანაშაულა ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებმაც ხაზანიავიჩუსის ახალი ფილმის, „ახალგაზრდა გოდარის“ დასრულების შემდეგ, ჯერ კიდევ ოფიციალურ პრემიერამდე, სოციალურ ქსელებში ქილიკი დაიწყეს და ირონიული მინი-რეცენზიები გამოაქვეყნეს. მეორე დღეს, „ახალგაზრდა გოდარის“ პრემიერაზე, რომელსაც ჟიურიც ესწრებოდა, ტაში და ოვაციები კი გაისმა, მაგრამ ხაზანიავიჩუსის თქმით, პრესამ უკვე შექმნა უარყოფითი განწყობა, რამაც თავის მხრივ ჟიურის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა  „ახალგაზრდა გოდარი“  კანის გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდა. ამას მოყვა სწორედ „ემბარგო“  ერთდროული სეანსები მედიისთვის და ჟიურისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთდროულმა სეანსებმა მედიას საქმე გაურთულეს   ჟურნალისტები, რომლებიც ყოველდღიური გამოცემებისთვის მუშაობდნენ, უკვე ვეღარ ასწრებდნენ ინფორმაციის გადაცემას. ამიტომაც წელს, ჟურნალისტებს „ვარდისფერი ბაჯებით“, ანუ იმათ, ვინც კანის ფესტივალის ამბებს ყოველდღე გადავცემდით, საიდუმლო სეანსები გაგვიმართეს, დილით ადრე, ოფიციალურ პრემიერამდე. არ ვხუმრობ, ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც დამატებითი ბაჯი გადმომცა, გამაფრთხილა, რომ ინფორმაცია „შეზღუდულია“ და არ ექვემდებარება გავრცელებას. და ხელი მომაწერინა, რომ ფილმის ოფიაციალურ პრემიერამდე არავის ეცოდინება როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ფილმმა.  როგორც ჩანს, ისევ და ისევ ამ „ემბარგოს“ გამო.

კანის ფესტივალზე წარმატება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კინემატოგრაფისტისთვის. ანიეს ვარდა ამბობდა, რეჟისორი, რომელიც თავისი ფილმის ჩვენების დროს  ცარიელ დარბაზს ხედავს, ნერვიულობისგან შეიძლება მოკვდესო. მით უფრო ნერვიულობს რეჟისორი კანის ფესტივალზე; ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე მოპოვებული ყველაზე უმნიშვნელო პრიზიც კი ახალ პროექტებზე მუშაობის საშუალებას იძლევა, უფრო დიდი კინობაზრის  დაპყრობის საშუალებას. ხოლო კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს პალმა“ კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ  ფილმის ავტორმა  საერთოდ აღარაფერი აკეთოს კინოში  იგი დარჩება ისტორიაში ისე, როგორც, მაგალითად, დარჩა ისტორიაში ფრანგი ანრი კოლპი (1961 წელს მოიგო ფილმით  „ხანგრძლივი გაუჩინარება“), ალჟირელი რეჟისორი მუჰამედ ჰამინა (1975 წელს გაიმარჯვა ფილმით „ცეცხლოვანი დღეების ქრონიკა“), მაიკლ მური (2004 წელს მოიგო პალმა ფილმისთვის „ფარენგეიტი 9/11“) და სხვები, რომელთა გამარჯვება კანში უფრო ისტორიული და პოლიტიკური კონიუქტურის შედეგია, ვიდრე კინემატოგრაფიული მიღწევა და ნიჭის გამოვლენა. ესაა აგრეთვე შედეგი კინოჟურნალისტების აქტიურობისა, მათი უნარისა, წინასწარ შექმნან საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ ფილმზე... და, რაც მთავარია, მათი  უნარისა იმოქმედონ ჟიურის გადაწყვეტილებაზე, იმ ჟიურიზე, რომელშიც  ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს კინოფესტივალებისგან განსხვავებით, თითქმის არასდროს არ შეჰყავთ კინოკრიტიკოსები. სამაგიეროდ, მუდმივად შეჰყავთ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთა „ასეირნება“ წითელ ხალიჩაზე ძალიან კარგად ყიდის კანის კინოფესტივალს. მერე იჯდება ეს ვარსკვლავი ჟიურის სხვა წევრებთან ერთად საკონკურსო ფილმის ოფიციალურ პრემიერაზე და ცარიელი მზერით, უემოციოდ დაუწყებს ყურებას თუნდაც ტაილანდელი რეჟისორის აპიჩანტპონგ ვირასეტაკულის ფილმს „ბიძია ბუნმი“  „ოქროს პალმის“ ლაურეატს კანის 63-ე კინოფესტივალზე. ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ეს მოციმციმე ვარსკვლავი დეკორაციის როლს ასრულებს ჟიურიში, სინამდვილეში კი ყველაფერს პოლიტიკა წყვეტს, ის, თუ კონკრეტულ დროში, კონკრეტულ წელს რაზეა მოთხოვნილება მსოფლიო კინობაზარზე.

ილიას უნივერსიტეტში, სადაც ვკითხულობ კურსს „შესავალი კინოაზროვნებაში“, პირველი კურსის სტუდენტებთან ერთად ვირჩევთ ხოლმე ერთ რომელიმე წელს კინოხელოვნების დაბადებიდან დღემდე, მერე იმ წელს მომხდარ რომელიმე ისტორიულ მოვლენას, რომელიც მეტნაკლებად წარმოჩინდება ამავე წელს კანის, თუ რომელიმე სხვა ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმში. უაღრესად საინტერესოა, როგორ აისახება კინოში განწყობილება, რომელიც თან ახლავს დროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ საინტერესოა, როგორ აისახება ისტორია კინოში, მათ შორის ნომერ პირველ კინემატოგრაფიულ ფორუმზე  კანის კინოფესტივალზე.  უამრავი კარგი ფილმი, უამრავი ნიჭიერი რეჟისორი დაიკარგა ასე ისტორიაში, რადგან კანში, თუ ბერლინში პოლიტიკამ და კონიუქტურამ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია, ანდა, უბრალოდ, ვერ გაიგო ფილმი, რომელმაც გაასწრო დროს. კინოკრიტიკოსებმა კი ვერაფერი მოუხერხეს მოციმციმე ვარსკვლავებითა და ხშირად, საეჭვო ნიჭის კინორეჟისორებით დაკომპლექტებულ ჟიურის. ამის მაგალითია, თუნდაც ფესტივალის დღეებში, ყოველდღიურ ჟურნალ „სკრინში“ განთავსებული რეიტინგები, რომელსაც კანის კინოფორუმზე აკრედიტებული კრიტიკოსები ადგენენ. ვარსკვლავებით აღნიშნული ფილმების ეს სია თითქმის არასდროს არაა ხოლმე ფესტივალის საბოლოო შედეგების იდენტური; ფილმები, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ კინოკრიტიკოსებს, თითქმის არასდროს აღინიშნება „პალმებით“. ეს რეიტინგები, შესაძლებელია, დიდად არ მოსწონთ იმათ, ვინც ქმნის ამინდს კინობაზარზე. არ მოწონს არც ჟიურის, რომლის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, ვცდილობთ კრიტიკოსების შეფასებებს არ გავეცნოთო. კანის კინოფესტივალის დირექციამ მათ უკვე სრული კომფორტი შეუქმნა  მედიის შეფასებამ  მაქსიმალურად „გადაიწია“ დროში. მაგრამ ჩვენთვის ჯერ არავის წაურთმევია შეფასების უფლება. კინოკრიტიკოსის ვალიც კია გადაარჩენოს დავიწყებას ფილმი, რომელიც ვერ ჩაეწერა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ კონიუქტურაში.

კანის 72-ე კინოფესტივალის დასრულებიდან რამდენიმე თვე გავიდა. საკონკურსო ფილმების უმრავლესობა ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ეკრანებზე. მინდა გიამბოთ  კანის კონკურსის ყველა სურათზე  ზოგმა აქ სამართლიანად გაიმარჯვა, ზოგი ფილმი „გაქაჩეს“, ზოგი კარგი სურათი კი არ შეიმჩნიეს. „ინდიგოს“ მკითხველს, ვიმედოვნებ, ყველა ამ ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება ჯერ ბათუმის ფესტივალზე, სექტემბერში, შემდეგ კი დეკემბერში, თბილისი კინოფესტივალზე. დავიწყოთ ყველაზე ცუდი და დავამთავროთ ყველაზე კარგი ფილმებით.

საბედნიეროდ, „ემბარგო“ უკვე აღარ გვზღუდავს

1.The Dead Don't Die ჯიმ ჯარმუში  როგორც კი გაირკვა, რომ კანის წლევანდელი ფესტივალი ჯარმუშის ამ ახალი ფილმით უნდა გაიხსნას, ნათელი გახდა, რომ ამერიკელი რეჟისორი კიდევ ერთხელ წავიდოდა კანიდან პალმის გარეშე. მეხსიერება თუ არ მღალატობს, ე.წ. „გახსნის ფილმს“ არასდროს მოუგია კანის კინოფორუმი. 2016 წლის ფესტივალზე ჯარმუშის „პატერსონი“ ბოლო დღემდე მთავარი პრიზის კანდიდატად სახელდებოდა. ეს გამჭვირვალე, სადა, იაპონური ტანკასავით „მარტივი სიბრძნე“ ჟიურიმ საერთოდ არ შეიმჩნია. მე პირადად იმედი მქონდა, რომ ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ლიდერი „პატერსონის“ სტილში გააგრძელებდა მუშაობას. მაგრამ არა... კომედია ზომბებზე ბილ მიურეით და ადამ დრაივერით სასიამოვნო სანახავი იქნებოდა იმათთვის, ვინც ძალიან კარგად იცნობს თანამედროვე ამერიკულ პოპკულტურას და უყურებს სერიალებს. მე ასეთ ხალხს არ მივეკუთვნები. როცა ვიგრძენი რომ არ მეცინება და არც არაფერი მესმის რა ხდება, დავტოვე დარბაზი.

2. Frankie აირა საქსი  ფრენკი, ცნობილი მსახიობი, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ლამის მთელ თავის ნათესაობას (ყოფილი და ახლანდელი ქმრების ჩათვლით) დაპატიჟებს პორტუგალიის ფეშენებურ კურორტზე სიცოცხლესთან გამომშვიდობების წინ. მთავარ როლს ასრულებს იზაბელ იუპერი. ზუსტად ისეთია, როგორიც ახლა წარმოიდგინეთ, როგორიც არაერთხელ გვინახავს კინოში. არ მახსოვს სხვა შემთხვევა ასე ვერ ხვდებოდეს დიდი მსახიობი როგორ უწევენ ექსპლუატაციას მის ნიჭს „საეჭვო  შესაძლებლობების“ რეჟისორები. როგორ გაჩნდა ეს უსახო, სრულიად აუწყობელი მელოდრამა კანის კინოფესტივალის კონკურსში? როგორ და ისევ და ისევ იზაბელ იუპერის სახელის გამო. რომელიმე კინოვარსკვლავს ხომ უნდა გაევლო წითელ ხალიჩაზე? ბოლოს და ბოლოს ამას მოითხოვენ კანის ფესტივალისგან სპონსორები და ვარსკვლავების ავტოგრაფებისთვის კანში ჩამოსული გადარეული ფანები.

3. Sibyl ჟიუსტინ ტრიე  ამ საცოდაობის კონკურსში მოხვედრის მიზეზი კი კვოტაა, რომელიც მრავალი წელია აქვს ფრანგულ კინოს კანის კინოფესტივალზე. როგორც ჩანს, ფრანგებმა (რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ფილმი სწორედ კანის კინოფორუმისთვის დაასრულონ იმის იმედით, რომ შეიძლება მოხვდნენ კრუაზეტის სანაპიროზე), ბევრი ვერაფერი შესთავაზეს კანის დირექციას. თანაც, ამ შემთხვევაში ამოქმედდა კიდევ ერთი კვოტა  „სიბილის“ ავტორი ქალია, ჟიუსტინ ტრიე, რომელსაც, როგორც ამბობენ, თავისი კავშირები აქვს ფრანგულ კინოინდუსტრიაში. იუპერზე ხო გთხოვეთ, წარმოიდგინოთ როგორი იქნება... და ზუსტად ასეთია მეთქი. ახლაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კამერული ფრანგული ფილმი, მთავარი გმირით (typiquement française) , 40 წელს ფსიქოთერაპევტი ქალით, რომელიც გადაწყვეტს შეისრულოს ოცნება და დაწეროს წიგნი – მხატვრული რომანი. ეს დეჟა ვუს შეგრძნება მთელი ფილმის მსვლელობის დროს გექნებათ. თანაც იმის მოლოდინი რომ ავტორი შეძლებს ოდნავ მაინც განაზოგადოს ეს პრეტენზიული მონოდრამა ცუდი მსახიობებით. მაგრამ არა. ფილმის ბოლომდე უპასუხოდ დარჩება კითხვა – როგორ მოხვდა ეს სატელევიზიო ფილმის ესთეტიკით გადაღებული უსუსურობა კანის ფესტივალზე.

4. Little Joe ჯესიკა ხაუზნერი – კიდევ ერთი გაუგებრობა კანის წლევანდელი ფესტივალის კონკურსში. ოღონდ ეს ცოტა სასაცილო ფილმია  სელექციონერ ქალზეა (ამ როლის შესრულებისთვის ემილი ბიჩემი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარა), რომელიც ყვავილის ახალ ჯიშზე მუშაობს. ყვავილს მაგიური ძალა აქვს – მისმა სუნმა ადამიანები უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს და გააბედნიეროს! ფილმის მსვლელობის პროცესში ერთი აზრი აუცილებლად დაგებადებათ  რა დაუშავა კანის ფესტივალს მაინცდამაინც „ნეტფლიქსმა“, თუკი სატელევიზიო ესთეტიკის ფილმები მაინც ხვდებიან ფესტივალის მთავარ კონკურში? თანაც, „იაფფასიანი ფილმები“, სადაც ამბავი გარემოსა და დროის გარეშე ვითარდება, ცუდი მსახიობების საშუალო ხედებზე, მოქმედების ატმოსფეროს გამოხატვის  გარეშე. მაშინ „ნეტლიქსის“ პროდუქციას რატომ ბლოკავენ? ღიმილი, რომელსაც დროდადრო იწვევს ხაუზნერის ფილმი, უფრო შეუთავსებლობის შედეგია; „პატარა ჯო“ (ასე ჰქვია ჯადოსნურ ყვავილს, რომლემაც სამყარო უნდა შეცვალოს) იმდენად ამოვარდნილია კანის ფესტივალის კონცეფციიდან, კანის კინოფორუმის საკონკურსო პროგრამიდან, რომ გარკვეული თვალსაზრისით სიმპატიასაც კი ბადებს, შეიძლება ითქვას „მოწყვლადი ფილმია“, რომელსაც დაცვა სჭირდება.

5. A Hidden Life ტერენს მალიკი – ამერიკული კინოს ცოცხალი კლასიკოსის, „ოქროს პალმის“ ლაურეატის ეს ახალი სამსაათიანი კინორომანი გვიამბობს ავსტრიელ გლეხზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას, უარი თქვა ჰიტლერისადმი ერთგულების ფიცის დადებაზე. გვიანდელ მალიკზე, მთელი მისი გულუბრყვილო სწორხაზოვნებით და პათეთიკით, კარგი აზრი არასდროს მქონია, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია; ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მალიკი სტალინური ეპოქის საბჭოთა კინოთია გატაცებული, განსაკუთრებით მიხეილ ჭიუარელის ფილმებით. ჭიაურელს უხერხულობას არ უქმნიდა რუსულად მოსაუბრე ჰიტლერი, ნაცისტების გროტესკული პერსონაჟები კვაზირეალისტურ გარემოში. არც მალიკს ექმნება დისკომფორტი იმისგან, რომ „საიდუმლო ცხოვრებაში“ მთავარი გმირები, ავსტრიელი გლეხები ინგლისურად საუბრობენ (ავსტრიის პეიზაჟების ფონზე), ნაცისტები კი რატომღაც გერმანულად. დავაზუსტებ  „კარგი ხალხი“ ინგლისურად, „ბოროტი ხალხი“ კი გერმანულად. გვიანდელ მალიკს  ისედაც უყვარს კარგებად და ბოროტებად სამყაროს დაყოფა. მის  წარმოდგენები ისტორიაზე უსაშვილოდ გულუბრყვილოა. უბრალოდ იძულებული ვარ მივმართო შეფასებას, რომელსაც, როგორც წესი, ვერიდები ხოლმე  დაგვიბერდა კლასიკოსი!

6. The Whistlers კორნელიუ პორუმბოიუ  პოლიციელი იძულებულია ისწავლოს სტვენით აზრის გადმოცემა, საიდუმლო ენა, რომლის საშუალებით პატიმრობიდან იხსნის ერთ კრიმინალს. სხვანაირად სიუჟეტს ვერ მოვყვები, იმდენად ჩახლართულია ყველაფერი. სადღაც ფილმის მეორე ნაწილიდან იმდენად ჭირს მოქმედებისთვის თვალის მიდევნება, რომ ზუსტად რა ხდება ფილმში, უბრალოდ ვერ იტყვი. რუმინელმა რეჟისორებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს კომერციულ, სათავგადასავლო კინოში სცადონ ბედი. ჯერჯერობით „რუმინული ტარანტინო“ არ გამოვიდა  პირადად მე მოქმედების სწრაფმა ცვლილებამ და რაღაც გაურკვეველმა, „უტრირებულმა“ პერსონაჟებმა (რომლებიც ყველაფერთან ერთად უსტვენენ!) ისე დამღალეს, რომ  ბოლოს ყველაფერი გამომეცალა ხელიდან  იუმორიც (როგორც ამბობენ ხოლმე „სპეციფიკური რუმინული იუმორი“) და სასპენსიც, რომელიც, წესით, სათავგადასავლო ფილმს უნდა ახასიათებდეს. საბოლოოდ მივიღეთ ჩაუშესკუს საყვარელი რეჟისორის, სერჟიუ ნიკოლაესკუს „პოლიციის კომისარი ამხელს“... იყო ასეთი ფილმი ჩემს ბავშვობაში. საბჭოთა კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერი – კომუნისტ პოლიციელზე, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფებას გაუსწორდება. უბრალოდ აქ, პორუმბოიუსთან პოლიციელი თავადაა კრიმინალი.

7. Matthias et Maxime ქსავიე დოლანი – როგორ ხდება ხოლმე ეს ამბავი? როდის გაიაზრებს ზრდასრული ჰეტეროსექსუალი ბიჭი რომ სინამდვილეში... გეია?  კანადელი ვუნდერკინდი ქსავიე დოლანი უკვე მერამდენედ გვიამბობს სექსუალური იდენტობის ძიებაზე. სინამდვილეში იგი ვუნდერკინდი დიდი ხანია აღარაა  გაიზარდა უკვე. მაგრამ არჩეულ როლს, რომელმაც ოდესღაც პოპულარული გახადა კანის ფესტივალზე, ვერა და ვერ ელევა. სიახლე ისაა, რომ ახალ ფილმში დოლანი თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. თამაშობს ბევრად უარესად, ვიდრე ცხოვრებაში; მაგალითად, კანის ფესტივალის პრემიერებზე ნამდვილად უკეთ გამოსდის განასახიეროს უზომოდ ბედნიერი ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც არ ელოდა ასეთ წარმატებას. ამჯერადაც იტირა. სიტყვები არ მყოფნისო, იმეორა. თუმცა ამჯერად ქსავიე დოლანი პრიზის გარეშე გაუშვეს კანის ფესტივალიდან.

8. It Must Be Heaven ელია სულეიმანი  პალესტინელი რეჟისორი ელია სულეიმანი, რომელიც დოლანისა არ იყოს, ძალიან უყვართ კანში, ამ სურათში თავის თავს განასახიერებს  მოგზაურობს მსოფლიოს ქალაქებში და ცდილობს გაიაზროს რა აქვს საერთო ამ ქალაქებს პალესტინასთან. ამ კინომინიატურებს, თუ კინონოველებს სულეიმანი ვერ კრავს. მისი გმირი, კინორეჟისორი, რომელიც ფინანსებს ეძებს თავისი ახალი ფილმისთვის, ვერ ვითარდება. ფილმის ბოლომდე გაყინული, უემოციო სახით შესცქერის გადარეულ სამყაროს, რომელსაც შეუწყნარებლობა და ცრურწმენა მართავს. ელია სულეიმანის ერთი ფილმი მაინც თუ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ თქვენს თავს უთხრათ, რომ „ეტყობა ეს სამოთხეა“ უკვე ნახეთ. არაფერი ახალი  ისევ სტატიკური, „დადგმული“ კადრები და ისევ სულეიმანის გაკვირვებული მზერა („აქ საიდან მოვხვდი?“)

9. Les Misérables ლაჯ ლი  მთავარი გმირი, სტეფანი მუშაობას იწყებს პოლიციის სპეცრაზმში, რომელმაც პარიზის გარეუბანში ბანდებს უნდა ებრძოლოს და წესრიგი დაამყაროს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ საფრანგეთის პოლიცია უკვე იქითაა დასაცავი აგრესიული, გაბრაზებული და კარგად ორგანიზებული მიგრანტებისგან. მოქმედება ხდება მონფერმეიში, ზუსტად იქ, სადაც უსამართლობისგან იტანჯებოდნენ ვიქტორ ჰიუგოს გმირები. სოციალური დრამა ფილმის მეორე ნახევარში გადაიქცევა სისხლიან ტრილერად, სადაც ყველაფერი ისეა აღრეული, რომ მაყურებელმა, უბრალოდ, არ იცის ვის უთანაგრძნოს  დასუსტებულ პოლიციას თუ მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულ შავკანიან ბანდიტებს.  დისტანცია ფილმის გმირებთან  კი კარგს არაფერს მატებს ფილმს  სისასტიკის გაჭიანურებული ჩვენება სოციალურ მუხტს უკარგავს ახალაგაზრდა რეჟისორის ამ ნამუშევარს, რომელიც, პრინციპში, კარგად მიიღეს კანში.

10. Bacurau კლებერ მენდონსა  „მაგიური რეალიზმი“, რომელიც იგრძნობოდა ბრაზილიელი რეჟისორის წინა ფილმებში „ბაკურაუში” (ასე ჰქვია სოფელს, სადაც ხდება ფილმის მოქმედება) გადაიზარდა თრეშში, რომელიც დასაწყისში სასაცილოა, მაგრამ როცა პოლიტიკურ ელფერს იძენს აუტანელი ხდება. ბოროტი დამპყრობლები აქ ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი უნიკალური, რაც აქვთ ბაკურაუშის მცხოვრებლებს და საბოლოო ჯამში გააქრონ სოფელი რუკიდან. ბოროტი დამპყრობლები არიან ამერიკელები, რომლებიც ჭუჭყიან საქმეებს ბრაზიელიელ დეპუტატს აკეთებინებენ. ფორმის პრინციპული პრიმიტივიზმი, მასშტაბების რღვევა, რაღაცნაირი „ხალხური სიურეალიზმი“, რაც დამახასიათებელი იყო მენდოსას წინა ფილმებისთვის, აქ შეცვალა გაჭიანურებულმა ღეჭვამ ისტორიისა იდიოტ დამპყრობელსა და მოხერხებულ დაპყრობილეზე.

11. Atlantique მატი დიოპი   სენეგალელი ახალგაზრდა ქალი იგებს, რომ მისი შეყვარებული, რომელიც სამუშაოს ეძებდა, დაიხრჩო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ცოტა ხანში  მკვდრები გაცოცხლდებიან და ზომბების სახით მოევლინებიან ღარიბ სენეგალს. მატი დიოპი პირველი შავკანიანი რეჟისორი ქალია, რომლის ფილმი ჩართეს კანის კინოფესტივალის კონკურსში. ამას პრესა მუდმივად გვახსენებდა ჯერ კიდევ ფესტივალის გახსნამდე. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ასეთმა „რეკლამამ“ განაპირობა ფილმის წარმატება  „ატლანტიკი“ ხომ ფესტივალის რიგით მეორე პრიზით  ჟიურ გრან-პრით დაჯილდოვდა (თავის დროზე ამ პრიზით თენგიზ აბულაძის „მონანიება“ აღნიშნეს). პრინციპში მატი დიოპი დიდი ხანია აღარაა სენეგალელი რეჟისორი. იგი საფრანგეთში მოღვაწეობს და როგორც ჩანს, აქაურ კონიუქტურას ცდილობს მოერგოს  თუკი სხვები სოციალურ დრამას ტრილერისა და ჰორორის ნიღაბს მოარგებენ ხოლმე (მაყურებელი რომ როგორმე მიიზიდონ), მატი დიოპმა მთლად ფანტასტიკა არჩია. თუმცა ამ ჟანრისთვის მას ელემენტარული პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის; „ატლანტიკი“ ყველაზე ცუდად გადაღებული, ცუდად დამონტაჟებული და ცუდად ნათამაშები ფილმია წლევანდელი კანის კონკურსში.

12. Sorry We Missed Seduce You კენ ლოუჩი  კენ ლოუჩს ჰქონდა შანსი მესამედ მოეპოვებინა „ოქროს პალმა“ და გამხდარიყო ლიდერი კანის ფესტივალის ისტორიაში. შეიძლება ითქვას ცოტა დააკლდა  სოციალური დრამა შუახნის მამაკაცზე, რომელიც ცდილობს მოერგოს ნეოლიბერალური ეკონომიკის წესებს და როგორმე შეინახოს თავისი საყვარელი ოჯახი, ჰგავს ლოუჩის შედევრებს, თუმცა ზემოქმედების ძალა აკლია. ხანდახან მსახიობები „ვერ ქაჩავენ“, ხანდახან თავად ლოუჩი ვერაფერს უხერხებს გადაჭარბებულ სენტიმენტალურობას. ავტორის სურვილი შეგვაყვაროს თავისი გმირები და დაგვარწმუნოს, რომ ისინი ძალიან, ძალიან კარგი ადამიანები არიან (ექსპლუატატორებისგან განსხვავებით) ფილმის მეორე ნაწილში ძალადობასაც კი ემსგავსება. მაყურებელს კი, არც კანში და არც სხვაგან, არ სიამოვნებს, როცა რეჟისორი მასზე ძალადობს, როცა ავტორი, მაგალითად,  უბრალოდ მოითხოვს მისგან დაეთანხმოს, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკა ბოროტებაა. უფრო მეტიც, ფაშიზმის ახალი გამოვლინებაა.

13. Le Lac aux oies sauvages დზიაო ინან  მშვენიერი ტრილერი, უფრო ალბათ „ნუარი“, ბრწყინვალედ გადაღებული. უბრალოდ, ძალიან ლამაზი ფილმი, კარგი მსახიობებით. გაუგებარია მხოლოდ რა უნდოდა სურათს კანის ფესტივალის კონკურსში? როგორ უნდა შეედარებინა ჟიურის ეს ფილმი თუნდაც კენ ლოუჩის სოციალურ დრამასთან?  სანახაობის შექმნის თვალსაზრისით დზიაო ინანს ბევრი რეჟისორი ვერ შეედრება თანამედროვე კინოში, თუმცა ცენზურა სამშობლოში, როგორც ჩანს, არ აძლევს უფლებას პოლიტიკური აქცენტებით გაამდიდროს თავისი სათავგადასავლო ფილმები. ასეა თუ ისე ეს სურათი აუცილებალდ უნდა ნახოთ და სასურველია დიდ ეკრანზე.

14. Portrait de la jeune fille en feu სელინ სკიამა – ზოგიერთი კარგი კრიტიკოსი ამ ფრანგულ სურათს, რომლის რეჟისორი აქტივისტი ქალია, „ოქროს პალმასაც“ კი უწინასწარმეტყველებდა. ამბობდნენ, რომ ყინული დაიძრა  კანის ფესტივალის ისტორიაში ხომ „პალმა“ მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს მოიპოვა რეჟისორმა ქალმა, ჯეინ კემპიონმა ფილმისთვის „პიანინო“. სურათში მართლაც ძალიან საინტერესო  თემა იშლება  რა შეიძლებოდა გვეხილა იმ ნიღბის მიღმა, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ მოარგო ქალებს, რატომ დამალა, გააქრო ისტორიამ ქალი-მხატვრები... მაგრამ ავტორს, სამწუხაროდ, ოსტატობა არ ყოფნის ეს თემა რომ გააღმავოს. საბოლოო ჯამში, რამდენიმე კარგი, მე ვიტყოდი პროვოკაციული ეპიზოდის მიუხედავად, „ახალგაზრდა ქალი ცეცხლში“ ემსგავსება იმ სატელევიზიო ფილმებს, რომლის მსგავსს კვირაში ერთხელ უჩვენებს ხოლმე ფრანგულ-გერმანული ტელეარხი „არტე“.

15. Mektoub, my love: intermezzo აბდელატიფ ქეშიში  მეორე ნაწილი ტრილოგიისა, რომლის ავტორი, კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ მფლობელი აბდელატიფ ქეშიში აგრძელებს მაყურებლის გაბრაზებას, შეიძლება ითქვას ომს უცხადებს პუბლიკას. „ახალ მეკტუბს“  რეჟისორმა სათაურში სიტყვა „ინტერმეცო“ დაურთო. ეს, რა თქმა უნდა, ირონიაა. საქმე ისა, რომ „ინტერმეცო, ანუ აქ უფრო „ანტრაქტი“, არც მეტი, არც ნაკლები 4 საათი გრძელდება. ვიღაცამ დაითვალა კიდეც  საათნახევარი გრძელდება ეპიზოდი სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქის პლიაჟზე, სადაც  ადგილობრივი ახალგაზრდები, ძირითადად ეთნიკური არაბები, ათას სისულელეზე  დიეტებზე, ამინდზე, ზღვის მოქცევაზე მსჯელობენ. მეორე ნაწილის მოქმედება  თითქმის ორი საათი  დისკოტეკაზე ხდება (ფილმის მოქმედებას გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში გადავყავართ) და მესამე ნაწილი, ყველაზე უფრო შოკისმომგვრელი: 20 წუთი სექსუალური აქტის სცენა, დავაზუსტებ კუნილინგუსი, საცეკვაო კლუბის ტუალეტში... მეტი არაფერი! არანაირი სიუჟეტის განვითარება, არა ხასიათები. მხოლოდ 90-იანი წლები დასაწყისის ნეტარება, როცა ეთნიკური არაბები თავიანთ თავს „მოდერნიზებული“ ფრანგული კულტურის ნაწილად მიიჩნევენ  და კადრს მიღმა ყველაზე,  ყველაფერზე გაბრაზებული აბდელატიფ ქეშიში, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ იმეორებს იმას, რაც იყო ტრილოგიის პირველ ფილმში. ახალი არაფერი.

16. Once Upon a Time in Hollywood კვენტინ ტარანტინო  ფესტივალის საკონკურსო პროგრამა უკვე შევსებული იყო, როცა ტარანტინომ ახალ ფილმზე მუშაობა დაამთავრა. რეგლამენტი დაირღვა და „ერთხელ ჰოლივუდში“ ჩასვეს კანის პროგრამაში. ტარანტინო ახალ სურათშიც ტარანტინოდ  რჩება  მოულოდნელობის მოყვარული, სიცოცხლის მოყვარული და რაც მთავარია, კინოს მოყვარული. კინო მას ნამდვილად სიცოცხლეზე მეტად უყვარს. უფრო მეტიც, ამ ახალ ფილმში კინო, ზოგადად ხელოვნება, შემოქმედება, ფანტაზია იმარჯვებს სიცოცხლეზე, რომელიც, სამწუხაროდ, არასდროს არაა ისეთი მხიარული, როგორიც ტარანტინოს ფილმში. უფრო მეტიც, ტრაგიკულიცაა. მათ შორის ჰოლივუდში. მათ შორის 60-იანი წლების ჰოლივუდში, რომელსაც ტარანტინო, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად აბუჩად იგდებს, მაინც ზედმიწევნით ზუსტად აღადგენს. დე კაპრიოს და ბრედ პიტის დუეტი კიდევ ცალკე ხელოვნებაა. მგონი ამ არტისტებს ყველაზე მეტად სწორედ ტარანტინოს სტილი მოუხდათ. მიუხედავად ამისა არც მსახიობები და არც რეჟისორი კანის ფესტივალის ჟიურის გამარჯვებულებს შორის არ დაუსახელებია. შეიძლება გადაწყვიტეს, რომ ტარანტინოს უკვე აღარ ჭირდება პრიზები, ისედაც ყველაფერი მოიპოვა უკვე. ოსკარი? აი ამის იმედი რეჟისორსაც უნდა ჰქონდეს და მსახიობებსაც.

17. Parasite ბონგ ჯუნ-ჰო  ზაფხულში კინოს მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ენახათ წლევანდელი კანის „ოქროს პალმით“ აღნიშნული კორეული შედევრი  ჟანრული კინოს, უფრო სწორად „ჟანრების კინოს“ შედევრი, რომელშიც ცარიელი ადგილები არაა და რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ორსაათნახევარი გრძელდება, ერთი წამით არ მოგაწყენთ. არადა რეჟისორი სერიოზულზე სერიოზულ თემას, კლასთა ბრძოლას ეხება, უფრო მეტიც, უკვე მერამდენედ კინოს ისტორიაში მიმართავს „კაპიტალის“ თავისუფალ ინტერპრეტაციას. „იქ, სადაც არის თანასწორობა, ხეირი არ არსებობსო“  წერდა მარქსი. „პარაზიტებში“ მდიდრებსა და ღარიბებს შორის  თანასწორობა ვერ მიიღწევა, მაგრამ ხეირის მიმართ სწრაფვა ნამდვილად არის. კიდევ რა არის იცით? პარაზიტობა, როგორც ცხოვრების პრინციპი, როგორც სხვის ხარჯზე არსებობის ვნება. ეგ ორივე კლასს ახასიათებს. თუმცა ეჭვი ჩნდება, რომ კორეელ მარქსისტს „პარაზიტებში“ აღარ სჯერა არც კლასთა ბრძოლის და არც სამართლიანობის. როგორც კი ბონგ ჯუნ-ჰომ აღიარა, რომ იუმედოა, ეგრევე გაიმარჯვა მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფესტივალზე.

18. Il traditore მარკო ბელოკიო  კიდევ ერთი კარგი ფილმი, რომელიც ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ჟიურიმ არ შეიმჩნია, 80 წლის იტალიელი რეჟისორი ზუსტად ისეთ ფორმაშია, როგორშიც იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა თავისი „მუშტები ჯიბეში“ გადაიღო. რამდენი ფილმი გვინახავს იტალიურ მაფიაზე, მაგრამ ვერ ვიხსენებ სურათს, რომელშიც მაფიის ისტორია „შავი იუმორით“ იყოს ასახული. თანაც ამ ირონიას ქმნის სწორედაც რომ რეჟისორის სტილი  ოპერულობა (კანში აღმოვაჩინე, რომ მარკო ბელოკიო ოპერის რეჟისორიცაა). ისტორია მაფიის ცნობილი ბოსისა, რომელმაც, მას შემდეგ რაც დააპატიმრეს, 300-მდე ადამიანი გადასცა პოლიციას, აწყობილია როგორც არიების, დუეტების, ანსამბლების ერთობლიობა. ფაქტიურად ვერდის ოპერაა კინოს ენით. ბელოკიო, 60-იანი წლების მეამბოხე, რომელსაც თავის დროზე ლუკინო ვისკონტი გემოვნებას უწუნებდა, „ამბოხების ხანას“ წარმოგვიდგენს, როგორც საოპერო სპექტაკლს, როგორც კარნავალს, რომელიც აღარასდროს განმეორდება არა იმიტომ რომ მაფია აღარ არსებობს ევროპაში, არამედ იმიტომ რომ მან სახე შეიცვალა, დაუნახავი გახდა.

19. Dolor y gloria პედრო ალმოდოვარი – ალმოდოვარის ფილმზე ბევრი დაიწერა. თბილისური პრემიერის გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, სურათი მოეწონათ საქართველოშიც. პრინციპში მოსალოდნელი იყო  გულწრფელობას ყველა მაყურებელი აფასებს, ყველგან და ყველა დროში. პედრო კი, როგორი პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეთ მისი რეჟისურის მიმართ, სიუჟეტის განვითარების მიმართ, დიდი ხანია არ ყოფილა ისეთი გულწრფელი, ისეთი სადა და ისეთი ტკივილიანი, როგორც ამ სურათში. თავის თავზე როცა ჰყვება, დედამისზე როცა ჰყვება, ფილმი მას ყოველთვის უკეთესად გამოსდის. უკეთესად გამოსდის გვიამბოს იმაზე, რაც იცის და თავად აღელვებს. დღეს სიბერე და მარტოობა აღელვებს. ჰოდა მოგვიყვა ამაზე. სრულიად გაემიჯნა თანამედროვე კინოში  მოდურ თემებს, სტილებს. არ აინტერესებს სოციალური თემები, არ აინტერესებს პოლიტიკა, არც იმის აზრი აინტერესებს, ვინც სწორედ ამის გამო გააკრიტიკებს. ტკივა და ტკივილზე გვიამბობს. მერე რა რომ კანის ფესტივალის ჟიურიმ ისევ არ დააფასა. კინოს ისტორიაში პედრო ალმოდოვარი უფრო შევა, ვიდრე ვინმე ინარიტუ. თუ გინდათ დავნიძლავდეთ.

20. Le Jeune Ahmed ძმები დარდენები – ძმები დარდენების ფილმს ოფიციალურ პრემიერაზე ვუყურე სურათის შემოქმედებით ჯგუფთან და დარდენების თაყვანისმცემლებთან ერთად. ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზი დაინგრა, დაახლოებით 15 წუთი უკრავდნენ ტაშს რეჟისორებს. თავად აღფრთოვანებული „ყმაწვილი აჰმედით“ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბელგიელი რეჟისორები მესამედ მოიპოვებდნენ „ოქროს პალმას“ და კანის ფესტივალების რეკორდს დაამყარებდნენ. მაგრამ მედიის რეაქცია სულ სხვანაირი იყო. ზოგმა კასტინგია ცუდიო, ზოგმა თავის თავს იმეორებენო, ზოგმა ხელოვნური პრობლემააო. უფრო სერიოზული ბრალდებაც წავიკითხე სადღაც  ისლამოფობური ფილმიაო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორების წინააღმდეგ მედიამ ორგანიზებული შეტევა დაიწყო. მიზეზის დადგენა მიჭირს. მითუმეტეს, რომ „აჰმედი“ აღინიშნა ჟიურის პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის, რაც კარგი რეკლამაა ამ მცირებიუჯეტიანი შედევრისთვის, ამ პატარა (ფილმი საათნახევარიც კი არ გრძელდება) მარგალიტისთვის, რომელმაც დარდენები თავიანი შემოქმედების საუკეთესო პერიოდს დაუბრუნა, იმ პერიოდს, როცა ისინი გვიამბობდნენ უსამართლობისა და უთანსწორობის მსხვერპლებზე, შეიძლება ითქვას თანამედროვე წმინდანებზე, რომლებიც პირდაპირ გვაიძულებენ ჩავრთოთ ემპათიის მექანიზმები ჩვენს თავში და გავითავისოთ მათი ტკივილი. 

თავის დროზე ლუკ დარდენი ემანუელ ლევინასთან სწავლობდა, მერე კი არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ფრანგი ფილოსოფოსის იდეებმა მოახდინა გადამწყვეტი გავლენა მის ფილმებზე. დარდენებისთვის ყოფიერება თვითუარყოფის და ასე, საკუთარი თავის მიტოვების შემდეგ, „შინ ხელახალი დაბრუნების“ პროცესს გამოხატავს. „სხვაში შესვლის“ ამ რიტუალს ბელგიელ რეჟისორებთან სწორედ კინოკამერა ასრულებს – ადამიანი, რომელსაც ზურგიდან იღებს კინოკამერა, და ქალაქის გარეუბანში, ავტობანთან, ტყეში გაქცეული გმირი  ის სახეები, რომლითაც ეგრევე იცნობთ ძმებ დარდენების ხელწერას. ასეა აქაც, „ყმაწვილ აჰმედში“,  ჩემი აზრით, კანის წლევანდელი კინოფესტივალის და 2019 წლის საუკეთესო ფილმში. შექმნის თუ არა დარდენების შედევრი ამინდს თანამედროვე კინოში, დაამკვიდრებს თუ არა ახალ მოდას, ამას წლის ბოლოს შევიტყობთ. ძალიან მინდა ფილმი რაც შეიძლება მალე ნახოს ქართველმა მაყურებელმა. მერწმუნეთ, „ყმაწვილი აჰმედი“  ბედნიერების საათნახევარია! ამისათვის მადლობა კანის წლევანდელ კინოფესტივალს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა