გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

კაზუსი | პაატა შამუგია

დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს - კრიმინალის კლასიკური ქცევა.
ხშირად ვუბრუნდები საწერ მაგიდას, ვყნოსავ, ხელით ვეხები, ფრთხილად ვამოწმებ. 
ვაღიარებ: მე არაერთი ლექსი ჩამიდენია და კიდევ არაერთის ჩადენას ვაპირებ.
დამალვას აზრი არ აქვს - განსაკუთრებული სისატიკითაც ჩამიდენია ზოგი ლექსთაგანი,
წინასწარი განზრახვითაც. იყო ერთ-ერთი წვრილმანი ტაეპი,
გაუფრთხილებლობით რომ მომივიდა, (იქნებ შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგეს!)
სერიული პოეტი ვარ, ვაღიარებ.
არსებითად კი ასე იყო: 
ვხედავდი, როგორ სხლტებოდნენ,
როგორ ცდილობდნენ განწირებული ჩემი მყიფე ფანტაზიისგან თავის დაღწევას,
მაგრამ უმეტესად ხელთ ვიგდებდი. შინაგანი ტრადიციის ძალა 
მეწეოდა უმწეო მსხვერპლისკენ - ახალი ლექსისკენ...
დაუწერელი ტექსტის გამჭოლი სხეული
ვის არ აღძრავს დანაშაულისკენ?!
პირველი ლექსი სიყვარულით ჩავიდინე, 
მეორე ლექსი - აფექტის მდგომარეობაში,
შემდეგ უკვე ჩვევაში გადამეზარდა.
ერთი კია: არაფერს ვნანობ.

კრებულიდან დედა ენა


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა