ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კერძო მუზეუმი

როდესაც ვინმესთან პირველად შედიხარ სახლში, ოფისში ან სამუშაო სივრცეში - მეწაღის ფარდული იქნება, მაღაზია თუ კაფე, თვალში აუცილებლად გხვდება ფოტოგრაფია, რეპროდუქცია, ან ფერწერა კედელზე; ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი, რაიმე უფუნქციო, მხოლოდ მფლობელის ესთეტიკურ სიამოვნებასთან დაკავშირებული ნივთი ან - საერთოდ არაფერი. ცარიელი კედლებიცა და კედლებზე განაწილებული ნამუშევრების შინაარსი, ვიზუალური მხარე და ხარისხიც ხშირად უფრო მეტს ამბობს მასპინძელზე, ვიდრე - მასთან ხანგრძლივი საუბარი. გურამ წიბახაშვილის, 2000 წელს დაწყებული ფოტოსერია "კერძო მუზეუმი", ერთი შეხედვით, ინტერიერის ჩვეულებრივი ფოტოებია. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ფოტოებზე მათი მფლობელების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ პიროვნულ თავისებურებებსაც ამოვიკითხავთ. მერლინ მონრო და სტალინი - შიშველი ქალი და რელიგიური სურათ-ხატი ერთად, ერთ კედელზე, მფლობელის ფრაგმენტული სამყაროს გამთლიანების მცდელობაზე ლაპარაკობს.

საქართველოში არსებობს პატარა, პრობლემებით სავსე, მსოფლიო სახელოვნებო ბაზრისგან იზოლირებული, მაგრამ მაინც სახელოვნებო ბაზარი. ესაა, პირობითი სახელწოდების, „მშრალი ხიდის“ ქვეშ გაერთიანებული ბაზრობები და ადგილები, სადაც შეგიძლია ჩარჩოც დაამზადებინო, სამხატვრო მასალაც იყიდო და ფერწერაც შეიძინო. ცალკეა მხატვრის სახელოსნოები, უკონცეფციო, მიმართულების გარეშე მომუშავე გალერეები, რომლებიც მფლობელის საჯარო იმიჯის წარმოჩენის სივრცე უფროა. ან კიდევ არის მცირერიცხოვანი პროფესიონალური გალერეები, რომლებიც, თითქოს, სტანდარტების დაკმაყოფილებას ცდილობენ, მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტულად, ანდა საერთოდ არ გადიან საერთაშორისო არტბაზარზე.

საერთაშორისო სახელოვნებო ბაზარი რამდენიმე რგოლისგან შედგება: მხატვარი, არტკრიტიკოსი, არტდილერი, გალერისტი, არტკონსულტანტი, კოლექციონერი, აუქციონის სახლის ექსპერტი, მუზეუმის დირექტორი და კურატორი. პირველი საჯარო სივრცე ნამუშევრისთვის გალერეაა. აქედან იწყებს მოგზაურობას და, გამოფენების, აუქციონების და არტბაზრობების გავლით, სამუზეუმო და კერძო კოლექციებში დროებით მაინც ხვდება. გალერეა ქმნის ტენდენციას, საუკეთესო შემთხვევაში კი – ხელს უწყობს შემოქმედებით ძიებას, განახლებას და ცდილობს გადალახოს სტაგნაცია, რაც ხელოვნებასაც ახასიათებს.

თუმცა, საქართველოში სახელოვნებო ბაზარს გაცილებით უფრო ცოტა მოთამაშე ჰყავს, უფრო არეული ფუნქციებით. გალერისტი, როგორც წესი, გალერეის კურატორიცაა. დილერი ნაკლებად გამოკვეთილი ფიგურაა და ძირითადად საგალერეო სივრცის გარეთ მუშაობს. არტკრიტიკოსი კი არათუ ქართულ, ვეღარც დასავლურ სახელოვნებო ბაზარზე ახდენს ისეთ გავლენას, როგორც წინა საუკუნის 50-60-იან წლებში. მაშინ ცნობილ ამერიკელ ესეისტს და ვიზუალური ხელოვნების კრიტიკოსს, კლემენტ გრინბერგს (1909-1994), ერთი ტექსტით შეეძლო დაესამარებინა მხატვრის კარიერა, ან პირიქით, ვარსკვლავად ექცია ის. არტკონსულტანტის ფუნქციას საქართველოში, ძირითადად, მყიდველის ნდობით აღჭურვილი დილერი ან გალერისტი ითავსებს. არ არსებობს ხელოვნების სააუქციონო სახლები, შესაბამისად, არც აუქციონის ექსპერტები არიან. მეტიც, დღეს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც კი არ არსებობს. ბუნებრივია, რაც არ არსებობს, ის ვერც ნამუშევრების ფასზე მოახდენს გავლენას.

სახელოვნებო ბაზარზე ფასების წარმოქმნის პროცესიც თავისებურია. თანამედროვე ხელოვნებაში ფასს რამდენიმე მსხვილი გალერეა, კოლექციონერი და მუზეუმი ადგენს. პირველადი ფასი გალერეაში განისაზღვრება და შემდეგ სწორედ ეს რიცხვი იზრდება, იშვიათად ხდება პირიქით. პირველადი კრიტერიუმი ესთეტური ფასეულობაა. ასევე, პროვოკაციულობა და მნახველზე ემოციური ზეგავლენა. ერთი მხრივ, მხედველობაში იღებენ ნამუშევრის ფორმალურ მახასიათებლებს: ხაზს, ფორმას, ფერს, კომპოზიციას და ა.შ., მეორე მხრივ კი, აფასებენ კონცეფციას, ფანტაზიის დიაპაზონს, იდეის გადმოცემის ხარისხს. იმის გამო, რომ ამ მახასიათებლების ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, ეს გალერეას არა მხოლოდ ფასების დადგენის თავისუფლებას აძლევს, არამედ ახალი ტენდენციების შექმნის საშუალებასაც.

სახელოვნებო ბაზარი გლობალური ბაზრისგან დამოუკიდებლად რომ ფუნქციონირებს და მისი ცვალებადი ზეგავლენებისგან თავისუფალია, ყველაზე აშკარად 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისისას გამოჩნდა. 2008 წლის სექტემბერში „ძმებმა ლემანებმა“ – გლობალური ფინანსური მომსახურების ჰოლდინგმა და იმავე სახელწოდების ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, ნიუ იორკში თავი ბანკროტად გამოაცხადა და საუკუნის ყველაზე ღრმა ფინანსური კრიზისიც ამით დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში, ბრიტანელმა მხატვარმა, დემიან ჰირსტმა სოთბის აუქციონზე გატანილი ყველა ნამუშევარი 111 მილიონ ფუნტად გაყიდა, რითაც ცოცხალი არტისტის ნამუშევრების გაყიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს იყო პირველი შემთხვევა სოთბის აუქციონის ისტორიაში, როდესაც მხატვარმა გვერდი აუარა გალერეას და საკუთარი თავი თვითონ წარადგინა. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც კარიერა სხვა გალეერეებთან ერთად, ლონდონის უცნობილესმა „სააჩის გალერეამ“ შეუქმნა და ფასიც შესაბამისი დაუწესა.

საქართველოში სულ რამდენიმე პროფესიული გალერეაა, რომლებიც ფასების დარეგულირებას ცდილობენ. თუმცა, ამ პროცესზე მხოლოდ ზედაპირული გავლენა აქვთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის, პირველ რიგში, ის, რომ მწირი შემოსავლის გამო ადამიანები გალერეასთან კონსულტაციის გარეშე ყიდულობენ ნამუშევრებს – ზოგჯერ ეს სხვადასხვა საიტზე ან რომელიმე სხვა სივრცეში ხდება და ნამუშევრები გალერეის ფასზე ათჯერ ნაკლებად იყიდება. ეს კარგია მყიდველისთვის, მაგრამ ცუდია მხატვრისთვის.

მეორე მიზეზი, რომელიც რამდენიმე გალერეამ ასე თუ ისე დაარეგულირა, ნამუშევრების სახელოსნოდან გაყიდვებია. მხატვარი ზოგჯერ გალერეასთანაც თანამშრომლობს და სახელოსნოდანაც ყიდის ნამუშევრებს, თანაც უფრო დაბალ ფასად და ესეც უფრო ქაოტურს ხდის პროცესს. ცხადია, მხატვარმა გალერეასთან შეიძლება სულაც არ ითანამშრომლოს, მაგრამ სწორედ ასე ხდება საერთაშორისო სივრცეში, სადაც არტბაზარი საყოველთაო ფინანსურ კრიზისებს უძლებს იმით, რომ თვითონ ადგენს საკუთარ წესებს.

გალერეის დირექტორი, დედიკა ბულია, ამბობს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა, თუმცა გაიზარდა ინტერესი თანამედროვე ხელოვნების მიმართ. „დღეს კოლექციონერები თანამედროვე ფერწერის გარდა, უკვე სკულპტურასა და ინსტალაციასაც ყიდულობენ“.

ბოლო წლებში, საქართველოდან საერთაშორისო არტბაზრობებში მონაწილე გალერეების და პროექტების არასრული სია ასეთია:

„გალა გალერეა“ – არტ-დუბაიზე;

„Popiashvili-Gvaberidze Window Project“-ი ვენაში – „Contemporary Vienna“-ზე და არტ-დუბაიზე;

„გალერეა კონტეინერი“ – არტ-ვილნიუსზე;

„Project Artbeat“ – სტრასბურგის START Art-Fair-ზე, ბაზელის VOLTA 12-ზე, კიევის ხელოვნების კვირეულზე, სტამბოლის „Contemporary Istanbul“-სა და „Artinternational“-ზე, პარიზის YiA Art fair-ზე, ნიუ იორკის PULS 2015-ზე;

დაბოლოს, „ბაია გალერეა“ – სოთბის აუქციონზე.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე ქართველი მხატვრები საერთაშორისო ბაზარზე თავს მაინც რთულად იმკვიდრებენ. ამის ძირითადი მიზეზი მწირი ფინანსური შესაძლებლობებია: ვერ ქირაობენ სივრცეს ბაზრობებზე, არ აქვთ მოგზაურობისა და ნამუშევრების ტრანსპორტირებისთვის, მარკეტინგული კამპანიისა და კატალოგის დაბეჭდვისთვის საჭირო თანხა.

უსახსრობის გამო ქართული გალერეები ვერც საერთაშორისო არტჟურნალებსა და საიტებზე ხვდებიან. ამიტომ პარადოქსულია, რომ ხელოვნება საქართველოდან საერთაშორისო ბაზრობებზე ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც იყიდება.

პრესტიჟულ აუქციონებში საქართველოს მონაწილეობას კიდევ რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. პირველ ყოვლისა, ქვეყანაში არ არსებობს სახელოვნებო ნაწარმოების ნამდვილობის დასადგენი ექსპერტიზა. ამის გამო, ბაზარზე უამრავი ყალბი ნამუშევარი ხვდება. „ბაია გალერეის“ დირექტორი, ბაია წიქორიძე, უკვე ათწლეულებია ქართული ვიზუალური ხელოვნების კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობს და ამბობს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო ბაზარზე ხშირად მხოლოდ იმიტომ ვერ ხვდება, რომ საერთაშორისო სტანდარტის ექსპერტიზა არ ჩატარებია. პრობლემაა ისიც, რომ უამრავი ყალბი ნამუშევარი იყიდება მეორეხარისხოვან, პატარა აუქციონებზე, სადაც არავინ არაფერს ამოწმებს. ასეთ ადგილებში ნამუშევარი გაცილებით იაფი ღირს და ხელოვნურად შექმნილი სიმრავლის გამო, მხატვარი აქტუალობას კარგავს – მასზე მოთხოვნა ეცემა.

რასაკვირველია, სახელოვნებო ნაწარმოების ექსპერტიზის ბიუროს გალერეა ვერ შექმნის. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი თვითკმარი სივრცეა, რომელიც საკუთრებასა და კონკურენციაზე დაფუძნებული წესებით მოქმედებს, საქართველოში არტბაზარს სტიმულირება სჭირდება. მაგალითად, თანამედროვე მხატვრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება; თანამედროვე სტანდარტების ექსპერტიზის ბიუროს შექმნა და მეტი ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ – მაგალითად, კარგად ვიცით, რომ ფიროსმანი სოთბის აუქციონზე რამდენჯერმე რუსი მხატვრის სახელით წარადგინეს. „დაახლოებით ერთი თვის წინ, პარიზში სომხური ხელოვნების აუქციონზე, ფიროსმანი 10 000 ევროდ გაიყიდა, – ამბობს ბაია წიქორიძე, – ამ ფაქტს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. წესით, განცხადება ოფიციალურად, ქვეყნის სახელით უნდა გაკეთებულიყო“.

შარშან საქართველოში მორიგი ოფიციალური დოკუმენტი დამტკიცდა – „კულტურის სტრატეგია 2025“. წესით, ის ქვეყნის კულტურის პოლიტიკის წარსამართად მთავარ დოკუმენტად უნდა იქცეს. „ქაღალდზე“, რასაკვირველია, ბევრი რამ არის გათვალისწინებული, თუმცა, ცხადია, ფხიზელი კონტროლი სჭირდება იმას, თუ როგორ შესრულდება დასახული ამოცანები.

რეალური ცვლილებების დადგომამდე ქართული არტბაზარი ქაოტურად ვითარდება. მოუწესრიგებელი, უსისტემო გარემო კიდევ უფრო ამძაფრებს სიფრთხილის განცდას მათში, ვინც ხელოვნების ნაწარმოებში ფულის დაბანდების გზასაც ხედავს. არტბაზარზე ყოველთვის შეიძლება, დღევანდელი შენაძენი ხვალ ზედმეტ ტვირთად იქცეს.

ამიტომ, იყიდე მხოლოდ ის, რაც მოგწონს, რაც გესმის და სიამოვნებას განიჭებს.

„კერძო მუზეუმი“ ფასეული მხოლოდ მასთან ერთად გატარებული წლების შემდეგ ხდება.

ავტორი: მაგდა გურული
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა