გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კეტავს თუ არა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარს?

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი

ხალხი აქაურობას ტოვებს და თან ავეჯი, შემოდგომის ნობათი და სხვა ნივთებიც მიაქვს. დღეს საგუშაგოზე აქედან მიმავალი ადამიანების დიდი რიგები იყო. ისინი ამბობენ, რომ სოფლებში სამხედროფორმიანი ადამიანები დადიან და აფრთხილებენ, რომ თუ ახლა არ დატოვებენ რაიონს, ამის უფლება შემდეგ აღარ ექნებათ. ვინ არიან ეს სამხედრო პირები, არავინ იცის. 

მე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი თანამდებობის პირებს უკვე ველაპარკე. მათ მითხრეს, რომ საზღვრის მუდმივად გადაკეტვის განზრახვა ცხინვალის ხელისუფლებას არ აქვს. ასევე, მითხრეს, რომ რამდენიმე საათში ერგნეთში ოსურ და ქართულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდება და მეტი სიმშვიდისთვის ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებენ. მათ იციან, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ბევრ პრობლემას გამოიწვევს, რომლის მოგვარებაც ცხინვალს არ შეუძლია. სულ მცირე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით ვეღარ ისარგებლებენ. არც რაიმე დაპირისპირების მოლოდინი არსებობს – სიმშვიდეა, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზეა. 

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს ცხინვალის ხელისუფლება ხშირად კეტავს. კეტავენ სწავლის დაწყების და დასრულების წინ, სკოლის გამოსაშვები ზეიმის და სხვადასხვა დღესასწაულების დროს. მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ. საზღვარი სამ-ოთხ დღეში ისევ იხსნება ხოლმე. ამჯერადაც, 4 და 5 სექტემბერს საზღვრის დაკეტვა, სავარაუდოდ, სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. 

ხალხში ასეთი შიში, ალბათ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია  ქართველების მიერ სოფელ წნელისთან განთავსებული ბლოკპოსტის გამო ოსური მხარის ულტიმატუმმა. სოფლები ხალხისგან დაცლილია, მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და ასეთი ინფორმაციები, თუნდაც ვიღაცისგან გაგონილი, მასზე ძალიან მოქმედებს.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა