გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კიბერაქსესუარები

კიბერაქსესუარების ერთადერთი ავტორი

უსარგებლო, გადასაყრელად განწირული ნივთებისგან ნამუშევრებს ქმნის. მისი სამუშაო მასალაა – მიკროსქემა, ქულერი, ელექტროძრავა, მიკროლინზა, რასაც ძველ ლეპტოპში, მონიტორში, ტერმინალსა თუ სხვა კიბერმოწყობილობაში იპოვის. ეს არც სამკაულია და არც აქსესუარი. იასე ცინცაძისთვის თავისი ნამუშევრები Google Earth-იდან დანახულ ქალაქებთან ასოცირდება. ზედხედები უყვარს. 

როგორ დაიწყე ამ ნამუშევრების კეთება?

მთელი ცხოვრება ძალიან მიყვარდა წვრილ დეტალებზე მუშაობა, მიკროსამყაროები უფრო მაინტერესებს. სიზმარში ვნახე, რომ რაღაც მსგავსს ვაკეთებდი. დილას ავიღე დიდი ხერხი და დავიწყე. დავიზიანე ხელები, თვალები. მერე ნელ-ნელა დავხვეწე სამუშაო იარაღები, ზოგი ჩემითაც შევქმენი. 

იცი ხოლმე, წინასწარ რას აკეთებ, ვისთვის აკეთებ? 

წინასწარ არასოდეს ვიცი, რას გავაკეთებ, არც მონახაზი მაქვს. მთავარია, ხელში ავიღო ხელსაწყო, მერე თავისით მიყვება: დაინახე, იგრძენი, შეასრულე.

ჩემი სამკაული არ ყვირის, არც ჩუმდება, ზღვარს არ გადადის და თავის სათქმელს ამბობს. მირჩევნია, თვითონ იპოვოს თავისი პატრონი, ის, ვისაც ეს მოერგება. წინასწარ არაფერს ვგეგმავ, არაფერი გამომსვლია ცხოვრებაში დაგეგმილი.

ეს შენი ერთადერთი საყვარელი საქმეა?

ახლა ეს ჩემი ერთადერთი საყვარელი საქმეა. თუმცა, ამაში დარჩენას არ ვაპირებ. ამ პატარა მოდელებს ძალიან დიდ მასშტაბებში ვხედავ – არქიტექტურაში, ინტერიერში, ექსტერიერში.

რა გჭირდება მუშაობისთვის – ინსტრუმენტები და მასალა?

ყველაზე ძნელი იყო ინსტრუმენტების შოვნა. ეს არ არის იაფი სიამოვნება. პირველად ჩემი ხელით გავაკეთე ძრავი. რომ დავაკვირდი, მე თვითონაც თავისუფლად შემეძლო ისეთივე ხელსაწყოს გაკეთება, რაც ძალიან ძვირი ღირს. რაღაც მომენტში ხვდები, რომ ნაგავი ნაგავი არ არის. ადამიანები ყრიან ლეპტოპებს, მონიტორებს, მე კი ამ „ნაგვიდან“ ვქმნი. შესაკრავებიც კი კომპიუტერიდანაა ამოღებული. 

შეიძლება ეს შენს ძირითად საქმიანობად კიდევ დიდხანს დარჩეს?

თუ თვითონ დარჩა დიდხანს, მეც დავრჩები. ბოლო გაჩერება არ არის, მაგრამ ამას თავს აღარ დავანებებ. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა