ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კოლექტივი | საუბარი სურვილისამებრ

ქართული ინდი ჯგუფი, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, 2020 წელს კი გამოუშვეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი „დამსწრე საზოგადოება“.

კოლექტივი არის მუსიკალური საზოგადოება, რომელიც არის დაინტერესებული შეკითხვით - სად გაქრნენ ეტრუსკები?

ბენდის ჟანრული კუთვნილების განსაზღვრა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მათი სპეციფიკური მუსიკალური ხასიათის დაჭერა - ინდიროკი და ინდიპოპი, ცოტ-ცოტა არტპოპიც, მთავარი მაინც გულწრფელობის ის დონეა, რომელიც „კოლექტივის“ ლირიკასა და ინსტრუმენტალს ერთმანეთს აკავშირებს.

დღეს ჩემი ბიჭი ავად არის, სიცხემ უმატა გული მისდის,
სხვის სახელს ამბობს, არ ვიცი ვის, მე მაინც მიყვარს ცრემლებსა ვღვრი.

ასოციაციურ კავშირებზე დამყარებული ემოციები, ამბის მბობასა და არამყარ ემოციურ მეხსიერებას შორის დაჭერილი ზომიერად ირონიული სიუჟეტი.

ჩემო ექიმო, ნუღარ ჩქარობ. ბიჭი მომიკვდა, დავრჩი მარტო.

„კოლექტივის“ მუსიკის ვიზუალიზაცია - ვიდეორგოლები, ილუსტრაციებით აწყობილი ანიმაციები, რომლებიც აბსოლუტური სიზუსტით გადმოსცემენ სათქმელს.

koleqtivi.gif

ფრაგმენტული ლირიკული ლავირება და შესაბამისი მუსიკალური ჟღერადობა ქმნის „კოლექტივის“ მთავარ ნიშას, პრიმიტიულ ოქსიმორონს - სევდიანი მხიარულება ან პირიქით, მხიარული სევდა.

რამდენს, რამდენს მალოდინებ, როგორც შუქნიშანი ვარაზის ხევის გადასასვლელზე.

ამბები არსაიდან, ამბებში მივიწყებული დეტალები, ბუნდოვანი და თან ნაცნობი ბმულები, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთად თანადროულად არსებობენ.

ბიჭები სტადიონზე იტანდნენ გოლს, ჩვენ ქვიშაში ვაწყობდით კოშკს,
მშობლები არ ამაყობდნენ.

რაც ყველაზე მთავარია, ბენდი „ბედავს“ და მღერის ქართულად, მშობლიურ ენაზე გაცილებით ორგანულია მსგასვი სპეციფიკური ხასიათის მუსიკის როგორც კეთება, ისე - მოსმენა.

დაბოლოს,

ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებიდან ყველა გარშემო მარტოსულია.


ვიდეოს ავტორები: ანანო ტაბაღუა, გიორგი ძიძიგური 
ტექსტის ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი
ქავერის ფოტო: ნინა ხუციშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა