ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კომბლე და ჩიტები – ხიშტებს ზემოთ

არწმუნებდა: პირობები თუ იქნება სათანადო,
შესაძლოა, თვითონ ღმერთიც გადაიქცეს სატანადო,
ხოლო თუკი თვითონ ღმერთი გადიქცევა სატანადო,
შეიძლება, აბრეშუმი გადაიქცეს სატინადო!
შეიძლება, თვითონ მარსი გადაიქცეს სატურნადო,
შეიძლება სასაცილო გადაიქცეს სატირლადო,
შეიძლება, ყლუპით დათვრეს მსმელი კაცი – სათამადო...
პირობები, პი-რო-ბე-ბი თუ იქნაო სათანადო...

ტარიელ ჭანტურია

რა მაგიის წყალობით იქცა სიმახინჯე, რომელსაც იშვიათი შემზარავი პირდაპირობით გამოუხრავს მოხუცი ქალის სახე, მომნუსხველ მშვენიერებად, მას შემდეგ, რაც მან სინამდვილე დატოვა და ლუკას კრანახის ცნობილი ტილოდან გამოანათა?

აი, ისიც, შეუძლებელი სრულყოფილებით მსუნთქავი სიმახინჯის პრეტენზიულად მდიდრული გამოსახულება, რომლის რეალურ ცხოვრებაში ამგვარი გროტესკული უბრალოებით გამოვლენა გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ის თითქმის ბოროტებაა... როგორც კი ჩვენი ყოფიერების საზღვრებს ტოვებს და ხელოვნების ქმნილებაში იწყებს თუნდაც ფოტოგრაფიული სიზუსტით გასულიერებას, უცბად იქცევა შთამბეჭდავ, არნახულ სანახაობად და მნახველებშიც ტკბობის სასტიკ ვნებას აღძრავს. დედაბერი, რომლის ხილვისასაც შიშისგან სარკეებიც კი აღბეჭდვის უუნარობის სიმუნჯეს შეუპყრიათ, რაღაც ჯადოსნური ძალის წყალობით ტილოზე სახიჩრობის ღვთაებრივ მეტაფორად გამოისახება და თავისი გაუსაძლისი მხატვრული სიმძაფრით ბევრად აჭარბებს ფერწერულ ტექსტებს, რომლებზეც მხატვრები აბსოლუტურ სილამაზეს მოიპოვებენ (თუ ჩვენც ასე დავიწყებთ მსჯელობას, ალბათ, იმიტომ, რომ, უბედურებისა არ იყოს, ყველა მახინჯი არსება ერთმანეთისაგან უცნაური დაუძლეველი სიმკაცრით განსხვავდება, მაშინ როდესაც ყველა ლამაზი ქმნილება ერთმანეთს ჰგავს, არ არსებობს აბსოლუტური სიმახინჯე).

ხელოვნების რაღაც ჩუმი, შინაგანი მაგიის წყალობით ის აიძულებს ჩვენს ცნობიერებას, საგნების, მოვლენებისა და ცოცხალი არსებებისადმი მიმართება საპირისპიროსაკენ შეცვალოს და დაგვატკბოს ჭაობისა და ხრწნის სიმშვიდითა და სილამაზით.

სწორედ ამიტომ, ლიტერატურაც ამ ესთეტიკური ტყუილის ძალით ახერხებს, რეალური გმირებისგან ხორცშესხმული ბოროტება, ხოლო მოძალადე ნაბიჭვრებისგან კეთილი, სამართლიანი, სამაგალითო სიძლიერის რაინდთა მონუმენტები გამოძერწოს. ლიტერატურას თითქოს ძალა შესწევს ცოდვების გამოსყიდვის, სინამდვილის ჯიუტ ფაქტად ქცეული სკულპტურის დანგრევის...

ასე მოვყავართ აღტაცებაში ბავშვებისათვის უსაყვარლეს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, კომბლეს პერსონაჟს და ნაკლებად, ან სულ არ ვფიქრობთ იმაზე, შეინარჩუნებდა თუ არა ის ძლიერი, სამართლიანობისათვის მებრძოლი კეთილი რაინდის სტატუსს, თუ ზღაპრიდან რეალობის პოეზიის ლოგიკაში გადმოსახლდებოდა და სოფელში ჩვენ მეზობლად დაიდებდა ბინას.

ალბათ, იქამდე მოგვიწევს კომბლების გამოთლა ჩვენი პატარებისათვის, რომლებიც სიხარულით, გულუბრყვილოდ ცდილობენ მიბაძონ საყვარელ გმირს, ვიდრე არ დავამსხვრევთ იმ ჰეროიკულ ილუზიებს, რომლებიც ასე უკომპრომისოდ საშიშია თავისი ფოლკლორულობის გამო...

კომბლეს, როგორც პერსონაჟის დიაგნოსტიკური თვისებები ქმნის სამართლიანი, კეთილი და ძლიერი ადამიანის ხატს, რომელიც საბრალო ცხვრების დასაცავად ბოროტ მგელს უპირისპირდება და, ცხადია, როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთე აქაც იმარჯვებს.

მაგრამ იქნებ კომბლე სულაც არ არის ასე უიმედოდ მიჯაჭვული საკუთარ ბედისწერაზე, რომელიც მას ლიტერატურისა და მკითხველის ერთობლივმა მზაკვრულმა თანამშრომლობამ არგუნა?

ხომ არ იმალება ამ პერსონაჟის უკან მოძალადე, დამნაშავე, სასტიკი და ბოროტი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ აიძულეს, თავი მკითხველის მიერ შექმნილ გმირის იდეალში ამოეცნო?

მივყვეთ თანმიმდევრულად.

როგორც ამ ზღაპრის კანონიკური ვერსიის დასაწყისიდან ვიგებთ, ჩვენს პერსონაჟს „კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა“. რადგან ტექსტი კომბლეს დახასიათებას სწორედ ამით იწყებს და ამთავრებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საქმიანობა მისი ცხოვრების წესს წარმოადგენდა და ამით ყოველდღიურად იყო დაკავებული.

მაგრამ ხომ არ არის მისი ძირითადი საქმიანობა – კომბლების თლა – მართლსაწინააღმდეგო ქმედება? სავარაუდოა, რომ კომბლეს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, საქართველოს ტყეებზე საკუთრების ექსკლუზიური უფლება არ ექნებოდა და მისი მოქმედება ერთმნიშვნელოვნად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით:

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა კომბლეს დანაშაულს ერთჯერადი ხასიათი აქვს, მის უკანონო ქმედებებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც, როგორც იმავე კოდექსის იმავე მუხლის შემდეგი ქვეპუნქტი გვეუბნება:

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომბლების თლასა და მათ ჭერში დალაგებას, გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, სხვა სანქციებიც ახლავს თან. როგორც ზღაპარში განვითარებული მოვლენებიდან ცხადი ხდება, კომბლეს ხელში კომბალი მეტისმეტად საშიშ იარაღს წარმოადგენდა, რომელმაც ცოცხალი არსება გამოასალმა სიცოცხლეს. ამიტომაც, პატიოსანი მოსამართლე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელსაც გამოუწერდა:

მუხლი 236. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. (25.07.2006 N 3530)

2. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ცხადია, ეჭვს არ იწვევს, რომ კომბლე ციტირებული მუხლის პირობებს გადაჭარბებით აკმაყოფილებს: სავარაუდოდ, ის წლების მანძილზე იმდენ კომბალს დაამზადებდა და შეინახავდა, რომ იმ მხარეში მგელთა მთელი დინასტიების ამოსაწყვეტად იკმარებდა და, როგორც ტექსტიდან ჩანს, ის არასოდეს დადიოდა კომბლის გარეშე, რომლის ტარების ნებართვაც, არა მგონია, ასეთი სახიფათო ადამიანისათვის ვინმეს მიენიჭებინა.

თუმცა კომბლეს დანაშაულებრივი ქმედებები ამით არ ამოიწურება.

ცხვრების დაკარგვის შემდეგ ის რატომღაც გადაწყვეტს, რომ პოლიციის სახელმწიფო აპარატის ფუნქციები შეითავსოს და სწორედ აქედან იწყება სასტიკი შურისძიების ამბავი, რომელსაც არანაირი მორალური და იურიდიული გამართლება არ აქვს.

თუ კომბლეს ქმედებებს ეთიკური პოზიციიდან განვიხილავთ, ცხადი გახდება, რომ ზნეობრივი გმირობის მაგალითს სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფო უფლებამოსილების საკუთარ თავზე აღება და გამოძიების თვითნებურად წარმართვა, მაგრამ ის ბევრად უფრო შორსაც მიდის და ტყის მცხოვრებლებს მოძალადე უზურპატორად ევლინება. მისი მკაცრი მოთხოვნა – „აბა, კბილები დაკრიჭე!“ – რომელიც ორი ცხოველის მისამართით სრულიად დაუმსახურებლად გაისმის, სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ჩხრეკის ჩატარება, რაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი პუნქტით:

1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

და, როდესაც მკითხველს იმის ილუზია უჩნდება, რომ ერთგვერდიანი ტექსტის მანძილზე პერსონაჟმა შეუძლებელია კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, კომბლე ავლენს ბოროტებას მთელი სისავსით, სისასტიკეს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე კლავს მგელს, რომელიც, კაცმა რომ თქვას, სრულიად უდანაშაულოა – ის ხომ ბუნებისა და ბიოლოგიური წესრიგით დადგენილ საკუთარ უწყინარ მოვალეობას ასრულებდა ცხვრების შეჭმისას.

მკვლელობა კი იმდენად შემზარავი და სასტიკია, რომ მთხრობელი მის აღსაწერად ასეთ მძაფრ იდიომას მიმართავს:

„კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი და სული გააფრთხობინა“.

დანაშაული, რომელიც ამჯერადაც კომბლეს კისერზეა, განსაკუთრებული სიმძიმისაა და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით:

განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს მოძალადე, უსაზღვრო ბოროტებით შეპყრობილი გონება? როგორც ჩანს, შეიძლება:

თუ, ამ შემთხვევაში, სახეზე გვქონდა პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა: კომბლეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს შედეგის დადგომას და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის გარდაუვალობას, შემდეგ ის უკვე სულიერად გაუწონასწორებელი, სიგიჟის ზღვრამდე მისული ადამიანივით იქცევა და გაუგონარ უპატივცემულობას იჩენს მიცვალებულის გვამის მიმართ, როდესაც ის საკუთარი მსხვერპლის გვამს ფატრავს, მუცელს უჭრის.

ეს კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად შემდეგნაირად ისჯება:

ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

როგორ მოვახერხეთ, რომ ბავშვების საყვარელ, მისაბაძ გმირად ვაქციეთ პერსონაჟი, რომელსაც, სულ რაღაც, ერთი გვერდის მანძილზე ჩადენილ დანაშაულებს თუ გავითვალისწინებთ, საუკეთესო შემთხვევაში, შეკრებითობის პრინციპით, 23 წლის გატარება მოუწევდა ვირის აბანოში?

იქნებ დროა, დავამსხვრიოთ გმირის ის უზარმაზარი კერპი, რომელიც ჩვენს კულტურულ ცნობიერებაში ავუგეთ კომბლეს? კერპი, რომელიც ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე შემზარავი და დაფარული სურვილებისა და იმპულსების მანიფესტაციას წარმოადგენს?.. ღირს კი თვალი მოგვჭრას ბნელი ხელოვნების იმ დამაბრმავებელმა სინათლემ, რომელიც მშვენიერების ფატალური ძალით ათანაბრებს მახინჯსა და ლამაზს, კეთილსა და ბოროტს? მაშინ როდესაც, ჰიუგოს თუ დავესესხები: „ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებენ ხიშტებს ზემოთ“... 

ავტორი: ლექსო დორეული

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა