გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიწის სიტყვები

1.

მე რომ სიმაღლის შიშივით მჭირდეს
სიცარიელის შიში, რა მეშველებოდა,
სად წავუვიდოდი ჩემსავე თავს,
ასე ცარიელს.
და ამიტანდა უკურნებელი შიში,
სიცარიელის შიში ამოავსებდა სიცარიელეს,
რომელიც მე ვარ.
და სიცარიელის შიშით შუბლამდე სავსე,
ცხადია, ვეღარ ვიქნებოდი ცარიელი
და გამიქრებოდა მისი შიში, სიცარიელის.
მაგრამ თუ იგი გაქრებოდა,
რაღა დარჩებოდა მის ადგილზე?
არც არაფერი და ძველებურად დავიცლებოდი.
მაგრამ ცარიელს ისევ
მომეძალებოდა და ამავსებდა
სიცარიელის იგივე შიში,
რომელსაც იმავე მიზეზით
კვლავ მოუწევდა გაქრობა,
მერე კი ისევ  დაბრუნება.
ასე განუწყვეტლად შეცვლიდნენ ერთმანეთს
სიცარიელე და მისი შიში.
ჩემი ცხოვრების ბორბალი შეუფერხებლად იტრიალებდა,
სიცარიელის შიში რომ მჭირდეს.

 

2.

იმას მოვუბრუნდეთ,
რასაც ვერ მოვიხელთებთ,
თუმცა არსად გაგვირბის.
აწმყოზე მოგახსენებ.
აწმყო კი რაა?
რადგან ახლაა,
უახლოესიც ეგ გგონია და უმოკლესიც.
მაგრამ აწმყო გრძელი გზაა,
რომლიდანაც მოუვლის
და წარსულში მშვიდობით მივა მომავალი.
აწმყო შემოვლითი გზაა,
რომლითაც მოდის მომავალი,
რათა ერთბაშად არ დაგესხას ხოლმე თავს
და მოულოდნელად.
აწმყო შემოვლითი გზაა,
რომლითაც წარსული ისე დაიწრიტება,
რომ მისი გაქრობა არ იყოს ხოლმე
თავზარდამცემად უეცარი.
ამრიგად, აწმყო ისეთი დროა,
რომელიც გვადროვებს
დახვედრასა და დამშვიდობებას;
ისეთი დროა,
რომელიც გვასწავლის
ამაოდ დამალვის მაგივრად
კარის გაღებას
და გაცილებას ფუჭად ჩაბღაუჭების
და კალთების ჩამოხევის ნაცვლად.
აწმყო გასწავლის,
რომ დრო შენი სტუმარია
და არა პირიქით.

 

3.

ჩვეულებრივი,
აწმყო უბრალო შუშის რგოლია.
მას საქორწინო ბეჭდად
დაქვრივებისგან გაცვეთილ ხელზე
ვუკეთებ დროს,
რომელიც ცოლად მომყავს.
წაქცეულ შუქზე
ჩემი ჩრდილიც ჰგავდეს გოლიათს.
ამ ღარიბ პოეტს
და ვიგინდარას,
ერთი მითხარი,
მომეთხოვება
მე სხვა ვინ და რა.

 

4.

თუ მართალივით
ცომი ცამდე ამოსულა,
თუ თან თონეა გახურებული,
ბარემ ჩააკარი
და დააფარე თონეს თუნუქი.
ელოდებიან, მაჯას უქებენ,
ასუქებენ
სერებს ნისლებით ამასობაში,
ბასრი წვიმით ვიდრე დაეკლათ.
ბოლში ბოლთას სცემს,
ღვინის ჩამოსხმას ნუ დაავალებ, ეწვის,
თვალები ევსება ჯიუტი ცრემლით,
ისედაც გადადის ხიდზე, ბეწვის.

 

5.

თუ დაფიქრებულხარ,
რა იგულისხმება,
როცა ამბობ
„ამას ვგრძნობ ასე და
ასეთი გრძნობა
მერევა ამის გამო“,
ან  „ეს განვიცადე
და მე განვიცდი
ამას ასეთი განცდით“ ?
თუ გიფიქრია,
რას ნიშნავს „განვიცდი“, „ვგრძნობ“,
რას ჰქვია გრძნობა და განცდა?
იცი საერთოდ,
რა არის გრძნობა,
რა არის განცდა?
ახსნა, პასუხი
და განმარტება დასაწყისშია.
არა იმ დასაწყისში,
რომელიც თავიდან იყო,
ერთხელ და მორჩა.
არა, ეს დასაწყისი სულ თან გახლავს
და გამუდმებით გიწყებს.
ეს დასაწყისი ყოველ წამს ათასჯერ ხდება:
ბალახის ფესვებით დაძარღვულია
ბელტი ირგვლივ
და გარდიგარდმო,
და თოხის პირი
ორად ჭრის ბელტს.
არა ერთი ფერმკრთალი ფესვიც
გადაჭრილია
და ზოგის თავი ერთ მხარეს რჩება,
ბოლო  მეორე მხარეს, ან პირიქით.
შენ კი გიკვირს,
რომ ცხოვრება უთავბოლოა.

 

6.

საახალწლო
ჩანს, შანსი ჩანს.
რისკი კი კისერი
არის და  ისე რა,
სხვა მაინც არ აისარკება,
მას ადგას კეფა და ნიკაპი,
რომელიც სიბერით
ოდესმე ასე დაისერა.
რისკი ის კი არაა,
იზომებოდეს შანსით,
რომელიც თვალწინ ჩანს,
საკითხავი უნდა იყოს,
ის საერთოდ თუ ჩანს.
მაშინ გაგვერისკოს,
გვეკისროს რისკი,
როცა წარსულის ღილები აგვწყდა
და არ დავეძებთ
არც რომ მათ და არც იმას,
თუ თანახმად მოვიქცევით
რის არა და
რის კი.

 

7.

ქუჩა სახლებით დადახლულია.
დაიახლოვე ულევი დიახ,
თვითონ დადიხარ მათ შორის არად.
მხარზე იბჯენენ კონდახ-ლულიანს.

 

8.

მესამე ხელად სახეც ხელია.
გაუგრილებლად სახე ცხელია.
ელიან, ელიანდაგო
და ხის შპალებზე
რკინის პალოებს
როგორ დაირგავ
და ეკლიანიც მოვა ალოე.
წიგნი ზღაპრების მიგნებას იტევს,
იქით იაზონის,
აქეთ კი აბრამ-იესოს.
ცხადი სიცრუის იგია ზონის
და უხილავი ჭეშმარიტების,
ლამობენ, აბრა მიესოს.

 

9.

დაფიქრდი, რა დროს დრო არის,
და დროს შენსავით ორი ხელი აქვს:
ცალით, რომელიც უფრო მარჯვეა,
ის მოიხელთებს მომავალს,
ხვალო, ვერსად წამიხვალო,
ეუბნება.
ხოლო მეორე,
მოხატული ტალღის ტატუთი,
როგორც მაორი,
არ დააყოვნებს, ნუ გეშინია,
და მოხელთებულს
განიხელთებს, გააგუშინებს,
შენ მომშორდიო, ანიშნებს.
მოხელთებული მომავალი სათითაოა
და ხელის ერთი აქნევით,
როგორც ბაწარი წყალს,
უნებურ წარსულს გაეტანება.

 

10.

ქარი მოქრის გამკივანი,
მიქრის ბრაზიან-ბოხი.
მოთქმა იქცევა მითქმად
და მითქმა-მოთქმა დამდევს.
ხალხი კი ბაღ-ბოსტანია,
რომელიც იტევს
მკვახეს და მწიფეს,
გადამწიფებულ სიტყვებს.
ჩემი ადგილი და მშობლიური ენა ქარია.
მე მელექსე ვარ და მოქსეული,
ეული კიდეც ჯეროვნად.
ზოგჯერ მტოვებენ წინაპრები, ან აქ არიან.

 

11.

რომ უცნაურმა ქარმა მარწიოს,
ხელში ჩავიგდე ორი ჰანტელი.
მერე გავიარე ქუჩა, ჩემიანად
უფრო ცარიელი.
თუ საქეიფოდ გაკრეფილია
ქალაქი, ხალხის კორიანტელი?
შუქი გარშემო იტრიალებს
და დაგუბდება, გასატოპია,
სახეობაა ესეც ვარჯიშის.
გაცვეთილ ვიტრინებს
კაცმა რომ ჰკითხოს,
რას ფიქრობენ, ისიც არ ვიცი,
უკვე საკმაოდ გადაშენებული
თუ სულ ახალი ვარ ჯიშის.

 

12.

მე სულ არ მომწონს, არ მეხატება,
შენ რასაც ამბობ,
და მეჯავრება შენი სიჩუმე,
მძულს შენი გამჩუმებელი.
რაც ითქმებოდა, თითქმის
ახლაც იგივე ითქმის.
ვიცი, რომ რასაც ამბობდი გუშინ,
დღესაც იმავეს გაიმეორებ,
როგორც ფიქრობდი, ისე
იფიქრებ ისევ.
რას იზამ, ადამიანი
ის არის, ვისაც
ყველაზე ხშირად,
დაუძაბავად ბაძავს.
ნება შენია, იქნები მარტო,
განცალკევებულ ბოძად
წამომართული მორი, მორიგი,
და შემოივლებ დაბალ ყორეს,
მაღალ მესერ-ქვას.
მე შეგახსენებ,
რომ ძველ ქართულში
მორი ყლეს ერქვა.

 

13.

ყოფნა არყოფნის კვალია,
ყოფნა არყოფნას მისდევს,
როგორც რომ ზღაპარს
და ცხრათავიან მის დევს.
ცერს და შუათითს
მაჯა ატკაცუნებს,
და დევი სანსლავს
ჯამაათ-კაცუნებს.
ქუსლი ქოშივით
აყრის ნაფეხურს,
არყოფნა  ყოფნას.
დაუყოვნებლად თუმცა იშლება
და ეწირება სხვა ათას წვრილმანს
ან დევის დევნას,
თავდადებული კვალი
თავისას მაინც არ იშლის,
ვერ ჩამორჩება მეკვლეს,
და საკითხავიც არაფერია.
და საკითხავი ჩვენი წიგნიც არაფერია,
რომელსაც არაფრის დიდებით
არ გადაშლის, არ წაიკითხავს მეტი არავინ,
რადგან არაფრის, არყოფნის, არარსებობის თვალები ჩვენ ვართ
და მაჯის თითები.

 

14.

ისე გაქრა, რომ
აქედან არსად წასულა
და არც დარჩენა
მანდ არ ინება.
ცოტა ჭაკად ვარ,
ზამთრის ღამეც კი
ჩემ თვალწინ ჭკნება
მანდარინებად.

 

15.

დროს აპარებდა. გასდიოდა.
ისიც წვეთავდა, მოწურწურებდა,
ხან აღვირივით იღვრებოდა.
სხვა საგოზავი რომ ვერ ვიპოვე
(დაკლული მიწა ისე მჭლე იყო)
ჩვეულების ჩვარი ჩავჩურთე.

 

16.

შუბლიდან კეფამდე კეპად მახურავს
ლურჯი ველვეტის გასწვრივი ლტოლვა,
და ჩემი ჭერიც ჰგავდეს ქაფიანს.
სხვა არაფერი, ორივე მხოლოდ,
ცას რომ ამოვდო, ალიკაპია.
გარეთ რაც ფეხქვეშ მეასფალტება,
აქ იატაკი, ნაპარკეტალი,
თუმცა ჰგავს ორივე პირღია ნიღაბს,
მიწას იმავეს როგორ დავწამებ,
ვიდრეა ჩემთვის კრიჭაშეკრული, პირდაკეტილი.

 

17.

საფლავი გაჭერი:
მიწა დაკალი,
პირველი საკურთხი.
საიმავესოდ
მოვა სიები, სავსე,
და მიწა ისე ასიებს ხელებს,
ასისხლიანებს,
უებარ ბარად ხელმოცარული
კაცი ხმას იხმარს,
ამოთხრის სათქმელს,
ამოღერღავს.
არას დათესავს,
კის კი მოიმკის.
სიტყვათმოქმედი და ფუქსავატი
მიებარება სიტყვების მიწას,
თავს უთავაზებს.

 

18.

ისიც იცის,
რომ მიწის სიტყვები ვართ,
ხათრიანი თიხნარი.
აქა-იქ თუა ქვა,
რომელმაც სასვენი ნიშანი
უხმოდ უნდა თქვას.
და როგორც ლექსიკონს მოეთხოვება,
მიწის სიტყვებიც
ერთმანეთით განვიმარტებით,
როგორც სინათლეს
ხელი აუნთებს თვალებს,
როცა ღამე ამბად ხდება
და ოთახებთან ნაბიჯებს რაზმავ.
მაგრამ განმარტება
არაა ქუჩაზე დაშვება
თავდაღმა, იოლი,
როგორც რომ სეზონმა
მარტი მოიშოროს აპრილით,
ან როგორც კედელზე კიდია
ჩემთან პომონა მაიოლის.
ბევრი იაროს უნდა თუ ცოტა,
დაბრუნდება
და სინათლეს ჩააქრობს, მაინც არავინაა.

 

19.

ხმა გავიგონე და თურმე ჩემი,
მე აქ რა მინდა-მეთქი.
ამ ტალახიანს ანთებული ვინ არ მიექრა,
და ჩემზე ალბათ მართლა ახია,
თორემ ისტორიას ტასმანიელი ემეტისმეტა.
მე ისევ აქ ვარ.
გამოფხიზლება ექოს მიბრუნებს,
რომ აქ ვყოფილვარ,
რომ ისტორია დედაა ჩემი
და ჩემი ყოფნის წესდებაც.
ჩანს, მე ამიტომ მემეორებოდა
სიტყვები, რომლებსაც წავაწყდი 
მე აქ რა მინდა,
მოვტყან ჩემი ეს დედა!

 

20.

დაფა დაფალი,
დაფლეთილი,
და ხედ დახედავს,
ხილსაც მოისხამს
უფლების ქარი.
და რადგან ისმის
თითქმის,
როგორც უფულობა,
ეეჭვებათ უფლება
და თავი მისთვის არ ემეტებათ.
ხოლო უთავოდ,
ქუდის არ იყოს,
უფლება რად გინდა,
არ შეიკერება თავისუფლებად.
ხოლო ქალაქი,
თუნდაც სახელში სითბო ერიოს 
ქვები ამბობენ 
იქნება დამზრალი
სოფლების ჯამი და ერიო.
მოდი და მივირთვათ ჩვენ-ჩვენი ულუფა.
საფულე მეტყვის  არა, რა მიყავი!
მე კი დავბრუნდები
ხელში ან ჯიბეში არამი ყავით.

 

21.

დღე და ღამე მოერგება ნათქვამს.
აი, შუქმა ქუჩაში
დაიჩოქა გახუნებულ მუხლებზე.
საჩუქრის სიჩქარით ჩაქრა სიბნელე,
რეკლამებს მოწმინდა ნამუსი,
ვიტრინებს მობანა ჩირქი ნება-ნება.
სიცივე ცხენივით ხვიხვინებს,
ხბოსავით ირქინება.
ყრუდ თავის ტკივილზე უფრო
წამალი მისი გარეტიანებს.
გუშინდელი დღეების მარაოზე
შენს თავებს შეხვდები,
შინ და გარეთ ჯიუტად სიგარეტიანებს.

 

22.

გვირაბი გვარები
და მათი მორიგი
ირიბი მარაგი
ხარ, იხარჯები, ივსები.
და რას არ იტყვის ხოლმე თაობა
თაობაზე ქალაქის.
გარეთ გაივლი, მოგეჩვენება,
რომ მაღაზიას აბრა აბრალებს 
„სულ ურჯულობა სჯობია,
ერთადერთობას რჯულის!“
სინამდვილეში გონება ჰქვია,
რაც გათქმევინებს ასე მგონიას.
ჩვევის გვირაბით რომ მიაბიჯებს
დაზოგილი ძალ-ღონე,
ალღო ნებით აუღო ძველთაძველმა იღბალმა,
ეგ რომელი ბალღია;
სულთმობრძაობას შენ მოგაყენებს,
მე  აგონიას.

 

23.

გაღვიძების გარდა,
ნებით თუ უნებლიეთ,
უარი თქვა მან ძილზე,
ის კი არა, რომ
უფრო მომეყვანა,
ის კი არა,
სულ წასული გახდა
ჩემი მითითების მიმართულებით.
მაგრამ ზედმეტი მოუვიდა,
გადასახლდა საყვედურის მანძილზე.

 

24.

ცხოვრებიანად პირსაც მომიკრავს 
ერთი, ორი და სამი!  ტომარა.
ჭიქას ჭიქაზე კიდევ დავცლი და წავალ,
რა დროს ლუკმაა. თუ მოვუჯექი
სუფრის მაგიდას, ამიტომ არა.
ლექსებს მაგივრად მე ვთხზავ ზავების,
რა მენანება, ენამ ენა გაიხსენა.

 

25.

ბედი ბუდეშია, ბედი ბუდეშია,
და საგანგებოდ
ყოფნით შეპყრობილ საგანს
ცოცხალი არსება გვიქვიან.
ის შუაშია არაფერ,
აფერხებს თუმცა უნებლიეთ
ადრე თუ გვიან
მაინც გარდაცვალებას
რომელიმე მორიგ ნივთად,
რომლის ირიბი იგნორირება,
სიხარულს ვეღარ მოუტანს
ორფეხა მწერებს,
რომლებმაც
კბილი დაადგეს
საცალფეხო ბილიკს.

 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა