ლაღი, თამამი, კაბის გამხდელი
პირველი ფიქრი, რომელიც წიგნის გადაშლისთანავე ჩნდება, მეტად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება ‒ ბოლო გვერდის წაკითხვამდე არაერთხელ შეგახსენებს თავს: რა არის ის, რაც წინ გიდევს ბესიკ ხარანაულის წიგნის სახით? „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ 2015 წელს გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“ ‒ ნახევრად პროზა, ნახევრად პოეზია. სახიფათო ზღვარზე სიარული გამიზნულად აურჩევია სახელოვან ავტორს, ოღონდ ამ სიარულის მიზანი რაღაა? ერთგვარი შეუკავებლობა, თუ ტექსტში მრავალჯერ მოხმობილ მეტაფორას ვენდობით. შარდის შეუკავებლობა ‒ როცა არ შეგიძლია, ხეებს არ მიაფსა, როცა ეს თითქმის ერთადერთი სიხარულია, როცა შავი დღისთვის განსაკუთრებული ხეც კი გაქვს შემონახული. რამდენად ბუნებრივი მდგომარეობაა მწერლისთვის წერაზე უარის თქმის შეუძლებლობა?
ბესიკ ხარანაულის ამ წიგნში წერა ხშირად არის გათანაბრებული ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ‒ იმდენად ხშირად, რომ უკვე ხვდები: მთხრობელი გეხუმრება და მოითხოვს, რომ არ წაიბორძიკო, თუ მართლა გინდა, გართობის გუნებაზე მოსულს კვალდაკვალ მიჰყვე.