
მზიურის პარკში დაზიანებული კამერები | ლაშა ჩხაიძის საქმე
2024 წელს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებს შორის არის ერთი – ლაშა ჩხაიძის საქმე, რომლის შესახებაც მედიამ ბევრი არაფერი იცის. მასში ბევრი კითხვის ნიშანია, მთავარი კი არის კითხვა: რა კავშირი აქვს ამ საქმეს აქციებთან?
43 წლის ლაშა ჩხაიძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს მაშინ, როდესაც აქციაზე მასობრივად აჰყავდათ პროტესტანტები. ჩხაიძე კი აქციაზე არ დაუკავებიათ. დანაშაულიც, რომელსაც მას ედავებიან, არ არის ჩადენილი იქ, სადაც იმ პერიოდში საპროტესტო აქციები იმართებოდა. ლაშა ჩხაიძეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მზიურის პარკის კამერების დაზიანებას ედავებიან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, მას 1-დან 5 წლამდე პატიმრობა ელის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხაიძის ინციდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციებს მაშინ ასე დაუკავშირა: „მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მზიურის პარკში განზრახ დააზიანა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები“.
იმავე, ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ლაშა ჩხაიძის დაკავების დღესვე გამოქვეყნდა, შსს მიუთითებს, რომ 1982 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვისაა ნასამართლევი.
ლაშა ჩხაიძის საქმეში მტკიცებულებად დევს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს „მზიურის“ პარკში მიმავალი ადამიანი როგორ უახლოვდება განათების ბოძზე მიმაგრებულ კამერას და აზიანებს. საუბარი თბილისის მერიის კუთვნილ სამ ვიდეოკამერაზეა.
მაშინ, როდესაც ლაშა ჩხაიძის დაკავების დეტალები გახმაურდა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ეჭვი, რომ მისი საქმე აქციებს უბრალოდ სტატისტიკის გამო მიათვალეს – დაკავებულთა რაოდენობა უფრო სოლიდური რომ გამოჩენილიყო (მხოლოდ 4 დეკემბერს პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა).
ზარალი, რომელიც თბილისის მერიამ ამ კამერების დაზიანებით მიიღო, 900 ლარად არის შეფასებული. რამდენად ზუსტია ეს თანხა, ამას დამოუკიდებელი ექსპერტიზა სჭირდება, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯია და ამიტომ ჩხაიძის ოჯახს მისი ჩატარება არ მოუთხოვია.
ლაშა ჩხაიძე გურიდანაა. მეუღლეს დაშორებულია. გურიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მისი ასაკოვანი მშობლები ცხოვრობენ. ისინი ვერ ახერხებენ შვილის ყველა პროცესს დაესწრონ.
ლაშა ჩხაიძეს ადვოკატი არ ჰყავს. მის ინტერესებს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის მიერ დანიშნული სახაზინო ადვოკატი დალი ბარბაქაძე იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ბრალს აღიარებს, ამბობს, რომ დანაშაული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. რატომ? – ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ აქვს. აქციებთან კავშირს ლაშა ჩხაიძეც უარყოფს. ადვოკატის მონათხრობით, ის აქციებზე არ დადიოდა.
ლაშა ჩხაიძის საქმე დასკვნით ეტაპზეა, ერთ-ერთ ბოლო პროცესზე, 22 მაისს, პროკურატურამ უკვე წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. მომდევნო სხდომაზე, რომელიც 9 ივნისსა ჩანიშნული, დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარადგენს.
22 მაისის პროცესზე, რომელსაც ჩვენ დავესწარით, ოჯახის წევრებიდან არავინ იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პატარა დარბაზში, ჩვენი ჟურნალისტის გარდა, მხოლოდ 4 ადამიანი იჯდა – ბრალდებულის ადვოკატი, პროკურორი და ორი სხვა პირი.
ლაშა ჩხაიძე რომ წარსულში ნამდვილად ნასამართლევია, ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს. ეს ბრალდებულის მდგომარეობას ამძიმებს. ქურდობისთვის ლაშა ჩხაიძეს ერთი წელი და ხუთი თვის ხანგრძლივობის პირობითი მსჯავრი ჰქონდა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმის საუკეთესო დასასრული ბრალდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაცოცხლება იქნება.
პირობითი მსჯავრის გაცოცხლებას კი იგი ასე გვიხსნის: როდესაც ადამიანს პირობითი მსჯავრი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ციხეში, მაგრამ, გაფრთხილებულია, რომ არ უნდა ჩაიდინოს პირობითი მსჯავრის ვადაში ახალი დანაშაული. თუ ის ამ პირობას დაარღვევს, მაშინ მოსამართლეს აქვს უფლება, პირობითი მსჯავრი გაუცოცხლოს და გარკვეული პერიოდის ციხეში მოხდა მიუსაჯოს.
ლაშა ჩხაიძე უკვე ექვსი თვეა ციხეშია.
„ოზურგეთის სასამართლოდან ლაშას საქმის განაჩენი გამოვითხოვე. ეს უნდა წარვუდგინო მოსამართლეს, რომ პირობითი მსჯავრის გაცოცხლების საკითხი წამოიჭრას. შემიძლია ჯარიმაც მოვითხოვო, ვინაიდან ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მაგრამ თუ პირობითი მსჯავრი გაუცოცხლდება, მაგალითად 6 თვით, ეს ნიშნავს რომ მას პატიმრობაში ყოფნის პერიოდს დაუთვლიან და ციხეს მალე დატოვებს“, – ამბობს დალი ბარბაქაძე და დასძენს, რომ ყველანაირად ეცდება, ბრალდებულს მძიმე სასჯელი აარიდოს.