გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლაშა, 42 წლის | მე ვთამაშობ

ცოტას ვსწავლობდი, ცოტას ვბირჟავიკობდი. რაც ხდებოდა 90-იანი წლების ბოლოს. ერთხელ, წავედით ზაფხულში ბორჯომში დასასვენებლად, რომ ჩამოვედით, აი, სადაც ბირჟა გვქონდა, ზუსტად იქ დაგხვდა პოკერები. არაფერი არ ერქვა, პოკერ კლუბი იყო. შედიხარ, ლარიანს ჩარიცხავ და თამაშობ. იწყებ ლარიანიდან, ყველა პონტში. 

თავიდან რომ თამაშობდნენ მეგობრები მაგრად მიტყდებოდა, ვეჩხუბებოდი. სად მიგაქვთ ფული - მეთქი, ვაფშე არ მესმოდა. მერე, ძალიან შემთხვევით, ორნი ვართ, ერთი ლუდის ფული გვაქვს და წამო, შევიდეთ, რა აზრი აქვს. და მოვიგეთ. მოვიგეთ და ვა, რა კაი რამეა რა, თუ იგებ. 

მაშინ ერთი თამაში იყო მარტო, პოკერები. ჩვეულებრივი პოკერი, რასაც კაზინოს ეთამაშები, ეგ რომ წარმოიდგინო, ოღონდ აპარატზე. კომბინაციას დასვამ, გაძლევს რაღაცა კუშს. ვსო, ეგ არის რა. ეხლა მილიარდნაირია, მაშინ იყო ერთი, პოკერები და ვსო. 

თავიდან ნიკოლაძეში ვსწავლობდი, მერე თეატრალურში. მაშინ ორასი დოლარის ამბავი იყო წელიწადი და რომ გამომატანეს, წავაგე. და ვსო, სწავლა მორჩა. სახლში ეგონათ რომ დავდიოდი, მე არ დავდიოდი და ეგრე. არცერთი დიპლომი არ ამიღია.

სტუდენტობის დროს ვითომ ვპანკობდით და ვჰიპობდით, არც პანკობა იყო, არც ჰიპობა, მაშინ ვეძახდით ეგრე. ძალინა ცოტა ვიყავით ეგეთი სასტავი. ვერთობოდით საკაიფოდ. დახეული ჯინსები, გრძელი თმა, დალევა, მუსიკა. 

მერე გავიჩითე ბირჟავიკებში, თან რო ძველი ბიჭია, თან რო სწავლობს. თბილისურ, ჩვეულებრივ ამბავში მოვხვდი, სამეგობროში. მანდედან დაიწყო თამაში, რასაც ქვია თამაში. 

კაზინოში პირველად ბიძაშვილის ქმარს გავყვევი. თვითონ სტაბილურად დადიოდა. რაღაცაში მივეხმარე, ცოტა ფული გაკეთდა. ცოტა, ერთი ორასი დოლარი. წამო ვითამაშოთო. წამო. მოვიგეთ, გავიყავით. 

პირველი ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა, იმას რაღაც ვუყიდე. ოც-ოცი ლარი დავურიგე ვიღაცეებს. 

მერეც ეგრე ვიქცეოდი სულ, ეხლაც ეგრე ვიქცევი, ოღონდ ეხლა ათი ათასს ვარიგებ, მაშინ ას ლარს. მასშტაბები შეიცვალა რა. 

მერე უკვე წყვეტა არ ყოფილა, იმის მერე - სულ. 

სულ რო არ ითამაშო, პროსტა რო იარო, იმდენ ფულს უყურებ იქ, ტვინი გერევა რა. 

აი, მერე გამოდი და რაღაც რვაას ლარზე თუ სამი ათას ლარზე იმუშავე, აზრს კარგავს. ერთი თვე, ხო არ ღადაობ. წამში მიდის - მოდის იმხელა ფული, შენ რო სულ ორ ლარს თამაშობდე, იმხელა ფულს ხედავ, ფსიქოლოგია გენგრევა. 

გარეთ ვეღარ ხედავ პერსპექტივას. 

მთავარი მიზეზი ალბათ ეგ არის, რატო ვერ ანებებს თავს მოთამაშე თამაშს. 

ხო რა.

მერე ეს მოგებული ფული ისეთია, ძალიან კარგად იხარჯება, გემრიელად. რო არ ითვლი ეგრე იხარჯება. მე მყავს რამდენიმე კარგი მეგობარი, ვინც გაუძლო ჩემს თამაშს და მეგობრებად დარჩნენ, რეალურ მეგობრებად. მოთამაშესთან მეგობრობა კი არა, ვაფშე ყველაფერი ძნელია. ოჯახის წევრობა, მეგობრობა, ცოლობა, შეყვარებულობა. ყველაფერი. ყველაფერს ღუპავს მოთამაშე. მაგრამ, რამდენიმე ტიპმა გაუძლო. ჩემზე კარგი შემოსავალიც აქვთ, ის, ეს, ხელშეწყობები. მაგრამ, აი მე როცა მაქვს, რასაც ეგენი ვერ ახერხებენ - იმას ვახერხებ მე. იმათი ის კაი შემოსავალიც ხო გათვლილია. ჩემი შემოსავალი ისეთია ხოლმე, რო აი, წავედით და აჰა, ეს ფული აქ ყრია და რაც გინდა ქენით და რა მობილური გიჭირავს შეჩემა, აჰა ახალი და ეგეთი რაღაცეები. ასწორებს რა. 

მერე მაგას ძაან ცუდი რაღაცეები მოყვება. რა თქმა უნდა. 

ეხლა ყველა მოთამაშე შეჭამა სლოტებმა. სლოტებმა შეჭამა ყველა და ყველაფერი. ყველას ტელეფონშია. პოკერს წლები ვთამაშობდი, ამას ვაფშე არ ვეკარებოდი და დავცინოდი ვინც თამაშობდა, მითუმეტეს დიდ ფულზე. ევროპის ჩემპიონატიც მაქვს ნათამაშები კიევში, პოკერში თავს ასე თუ ისე პროფად ვთვლიდი. აქ ბუმი რომ იყო პოკერის, მე კარგად ვიყავი. ახალი ჩამოსული ვიყავი კიევიდან, აქ არ მიცნობდნენ მოთამაშეები. როცა არ გიცნობენ და ნი დააცენივაიუტ, მოგაქვს კუში მაგრად. გონია, რო ვიღაც ტიპი შემოვიდა, გრძელთმიანი, შიგააქვს… 

პოკერი ადრე თუ გვიან უეჭველად გიფუჭებს ნერვებს. და ნერვები თუ აღარა გაქვს, პოკერს ვეღარ ითამაშებ. პროცესია ისეთი, რომ სულ ნერვებზე ხარ, სულ არ იმჩნევ და სულ ადრენალინში ხარ და ადრე თუ გვიან მოქმედებს რა. ბანძდები. 

ამბობენ რომ მიმართლებდა. ჩემი ლეველის მოთამაშე ამდენი ხანი ციხეში რო არ ვარ, არც ვინმე მოვკალი და არც ვინმემ მომკლა და არც თავი მოვიკალი, ალბათ მიმართლებდა. როდის მიმართლებდა იცი? სხვა გზა რო აღარაფერი აღარ არის, მაშინ. 

რაღაც წლებში კაი ფულები მოვიგე. ვალი გავისტუმრე ყველანაირი. ეგ იყო იმის წინაპირობა, რომ ეგეთ ცხოვრებას შევშვებოდი და ასე თუ ისე, შევეშვი. როგორ ცხოვრებას იცი, რო დგები და ყველგან იცი, ვინ რას ყიდის, ვის რისი ყიდვა უნდა, ვინ შეიძლება რამე პოსლეზე მოგცეს, ყველაფრის აზრზე ხარ ქალაქში რა ხდება. ყველა ლომბარდში გიცნობენ. ყველგან ყველას იცნობ, იმიტომ რომ სხვანაირად ფულს ვერ იშოვი.  ყოველ დღე ჩალიჩობ ორას დოლარს და ყოველდღე თამაშობ. 

ანუ, ის ფული, რასაც შოულობ, ვაფშე არ არის ფული. ფული არის, რომ მოიგებ ის. 

ამ რეჟიმში იმიტომ ხარ, რომ ძაან ბევრი ვალი გაქვს. აი, რო იღვიძებ - იმ დღეს მისაცემი. შანსი არ არის იმუშაო ან რაღაც. მაქსიმუმ, ცოტა იშოვო რო ითამაშო. მაქსიმუმ. 

სათამაშო ფულს წარმოუდგენელი გზებით შოულობ. ყველანაირი გზით. ყველა ლეგალური და არალეგალური გზით შოულობ ფულს. განვადებები, ვალები, ყველგან ყველაფერი, სადაც ხელი მიგიწვდება. ვინც გამარჯობას გეუბნება ყველას გამოატანინებ. მეგობარი, მეგობრის ცოლი, ცოლი, ცოლის დაქალი, ვინმემ გაგიღიმა, ვინმე გეპრანჭება, ყველა. თუ სადმე რამე შანსია, ყველა პონტში მაყუთს ჩალიჩობ. სხვა გზა არ არის. 

ყველაფერი გამიყიდია სახლიდან რასაც ფასი ჰქონდა. მამაჩემის რამდენიმე მანქანაც. ჯდები მანქანაზე და მიდიხარ და ვინც რამდენს გადაიხდის, იმდენად ყიდი. ან დაშლილებში მიდიხარ, ან გადამყიდველებში.

მერე სახლში გზავნი ვიღაცეებს, ძმაკაცებს, რომ გკლავენ კაროჩე, ფული გჭირდება და გიგზავნიან. ან არ გიგზავნიან. რავი, მოკლედ ყველაფერს თამაშობ რა, ფულის გამო გააკეთებ ყველაფერს, ვაფშე ყველაფერს. 

ოღონდ როგორი თემაა იცი, არაადამიანურ რაღაცეებსაც აკეთებ და ყველას წირავ, მაგრამ იმ მომენტში კი არ ფიქრობ რომ წირავ და გაჭედილი გაქვს. არა, ფიქრობ რომ ეხლა ამით უეჭველი რაღაცას მოიგებ, იმას დააბრუნებ,  რაღაცა დაგრჩება, მერე იმითაც რაღაცას მოაგვარებ.

ეგრე ხდება ყველაფერი. 

ბევრჯერ გამოსულა. გამოდის ხოლმე. ჩემთან წლების მერე გამოვიდა. წლების მერე დავიწყე მოგება. 

ეხლა ხშირად ვიგებ, პროსტა აზრი არ აქვს. შერგება არ ვიცი. მე რომ შევირგო, ასი ლარით უნდა მოვიგო, მაგალითად, ოცდაათი ათასი. იქვე ვაგებ. ოცდაათი ათასი უნდა მოვიგო, რომ ნახევარი გამოვიყენო. 

ეხლა აქ რომ მოვდიოდი, მანქანა რომ გამიფუჭდა, ასი ლარი ჩავრიცხე, ათას ექვსასი მოვიგე, წავაგე და წამოვედი. ხოდა, ამ დროს, სულ ხუთასი ლარი მაქვს. აქედან ორასი დასადები მაქვს, საქმე მაქვს დაწყებული რაღაც. მექნებოდა ათას ექვსასი. მაგრამ, არა. 

ტრიალები, სულ ტრიალები. სლოტები ანუ. ათასში ერთხელ, ამბობ რომ აღარ ვითამაშებ და შედიხარ პოკერზე, მაგრამ პოკერზე ეგრე შესვლით ვერასდროს ვერ მოიგებ. პოკერი პროცესია და უნდა ჩაუჯდე როგორც საქმეს. 

არის ხოლმე პერიოდი რომ იგებ, აი, პალასა. არის რომ ერთი კვირა იგებ, ერთი თვე იგებ. მარტო კი არ იგებ, აი რაღაცას რო ჩალიჩობ, ეგეც გამოგდის. რაღაცას ხო ჩალიჩობ, სათამაშო ფულსაც ხო შოვნა უნდა. ყველაფერი გამოგდის, პალასაა. და მერე ეგრევე მოდის ბანძი პალასა. 

ერთ შესვლაზე რაც მახსოვს, ყველაზე ბევრი თერთმეტი ათასი ლარი ლარი და ოცდახუთი ათასი დოლარი გამოვიტანე. ერთ შესვლაზე რა. მეორე ცოლი მყავდა მაშინ უკვე. ტურისტებზე ვმუშაობდი, ნაქირავები მანქანით. ვწვალობდი რა. 

პირველ ცოლს რომ დავშორდი, დიდ სახლში დავრჩი მარტო და მეგობარმა გამიჩითა ეგ თემა, Couchsurfing. გაგისწორდება, მარტო ხარ, გაერთობიო. არ ვიცოდი არც ინგლისური, არც რუსული, არც არაფერი. ჩვეულებრივი მოქუჩისბიჭო ელემენტი ვიყავი. ეს პონტი ძაან გამისწორდა და ძაან შემეცვალა ფსიქოლოგია, ცხოვრება, სტილი. ჰოდა დავიწყე მერე ბიზნესი.

ერთხელ გათვლა შემეშალა. ჩამოვიდა სამი ტიპი, მომცეს ორი ათასი ლარი, დავტოვე ცენტრში და მეორე დღიდან უნდა ვატარო, იწყება ტური. რომ დავჯექი და გადავთვალე, შანსი არ არის. შეცდომა მაქვს დაშვებული, ორი ათასი ლარი არ მყოფნის ვაფშე არაფერში. 

მაგ დროს იასნია რასაც გადაწყვეტს მოთამაშე - შევალ და იქნებ მოვიგო, მაინც არ მყოფნის. თავის გამართლებას იპოვნი ყველგან. შევედი, ხუთასი წავაგე, ათასი წავაგე, ათას ხუთასი წავაგე, ხუთასი მაქვს ჯიბეში, გამოვდივარ. 

სულ ცარიელიც ვერ გამოხვალ, დამერხევა. გზაში უცბად გადავწყვიტე, რომ ოთხასიც მეყოფა. მაშინ ჯერ სლოტებს არ ვთამაშობდი. შევედი უკან. ას ლარიანი შევაცურე, ათას ხუთასი მოვიგე. გამისწორდა მაგრად. ას ლარსღა ვაგებ და ას ლარს სუ ვაგებდი. ვეძახი, რომ მომიხსენი, სსსსსსს, ეგრეა დაძახება. სსსსს - ეგრე ეძახი. ეხლა აღარ არის მაგრამ, ადრე იყო, რომ თუ დაინახავს რომ ცოტა კუში გაქვს, ათასი, ორი ათასი, გვიან მოდის. იცის რომ მოთამაშე ხარ და სანამ მოვა წააგებ კიდეც. არ მოვიდა, მერე მეორეს ვეუბნები, და შას პრიდუ  რუსულად მეუბნება და არ მოვიდა და აუ, და დავარტყი ხელი აპარატს. აქ არის დიდი ღილაკი, რასაც ურტყავ, და გვერდზეა პატარა ღილაკი, რომელსაც აწერია MAX BET.  და რომ შემოვტრიალდი და დავარტყი, დავარტყი ამ MAX BET-ს შემთხვევით. ათ ლარიანი მქონდა დაყენებული, და გაუშვა ორმოცდაათ ლარიანები.  მოკლედ, დატრიალდა და ბოლოს დასვა შვიდი ათასი ლარი. გამიხარდა მაგრად. მაგარია ძაან. ამას, სსსსსს ხო დავუძახე და ვეუბნები - ნე სპიში, კაგდა პრიძოშ, პრიძოშ. მეორე აპარატზე გადავჯექი, ორასი ლარი შევაგდე, ჩარიგებაზეა აპარატები, მესამეზეც შევაცურე. თან ველოდები რომ მოვიდეს. ამ ორასი ლარითაც სამი ათასი დავსვი. მოკლედ, თერთმეტი ათასი მახსოვს რომ ჩავიდე, რაღაც ლარები დამრჩა საკაიფოდ და შევბრუნდი კაზინოში და კიდე ოცდახუთი ათასი დოლარი გამოვიტანე, ისე რომ იმ თერთმეტს არ შევეხე. ეგ იყო ალბათ ყველაზე საკაიფო მოგება თამაშიდან ოცი წლის განმავლობაში.

სასტუმროში ავედი, ჯერ იქ ხო დავარიგე, მოთამაშეებში. მერე დაცვამ გამომაცილა, ტაქსს მივეცი ორ ნაბიჯში ორმოცდაათი ლარი. სასტუმროში ავედი, ვიფიქრე აბა ვისი ვალი მაქვს, ისა ესა. გავისტუმრე ბევრი ვალი, ეს მანქანა რაც მყავდა შევისყიდე. ეგ პერიოდი, ერთი თვე,  ტურისტები დამყავდა, საკაიფოდ მქონდა შეკვეთები, ფულს ვაკეთებდი და პახოდუ ვიგებდი. აი, ვიგებდი როგორ, იცი? ორასი დოლარი და ლარები მიყრია მანქანაში, ბათუმში ვარ, ტურებზე დავდივარ. ანუ ფული აღარა მაქვს. ვთვლი, რომ აღარ მაქვს, იმიტომ რომ ამდენი ფულის მერე… მოკლედ, შევედი, მეთქი რაც იქნება, იქნება. შევედი და თხუთმეტ წუთში გამოვედი ორი ათასი დოლარით. რაღაცა ხუთი - ექვსი დღეა გასული, ისევ ბათუმში ვარ, ისევ ორასი დოლარი და რაღაცა მაქვს დარჩენილი. კიდევ შევედი, კიდევ ორი ათასი დოლარი. ანუ ეგეთი პალასაა, რაღაცა სისულელეზე ჩავრიცხე, ლოტოზე, ხალხი რომ ხუთ თეთრიანებს თამაშობს და ჩავრიცხე ოც ლარიანები და მოდის, ორი ათასი ლარი, ხუთი ათასი ლარი. მოდის რა. 

მოკლედ, ყველა ვალი გავისტუმრე, გავაგრძელე ცხოვრება ჩვეულებრივ. მერე ისევ ცოტა დავაგროვე, რაღაცა, რაღაცა, რაღაცა და ეგრევე ექვს თვეში, კიდე მოვიგე დაახლოებით სამოცდაათი ათასი ლარის ფარგლებში. უკვე ასწორებს, ვალი აღარ დახვდა, მანქანა ვიყიდე ორი, ერთი შეყვარებულს, ჩემი ცოლია ეხლა. 

ერთი ათი ათასი ლარი გავაჩუქე.

ეს როგორი თემაა იცი, ჩვეულებრივად დღის განმავლობაში შეიძლება შვიდი, რვა ათასი მოიგო, წააგო და ისევ ოცი ლარი გაგიხდეს საჩალიჩო და ჩართო ბოლტი და იტაქსაო, რომ ოცი ლარი გქონდეს. ან წახვიდე და რაღაც იჩალიჩო რო ოცი ლარი და სიგარეტი გქონდეს. უმანქანოდ ვერ ვჩერდები, სულ უნდა ვიმოძრაო და ამიტომ მანქანა სულ მყავს. ხან ჩემი მყავს, ხან ნაქირავები მყავს, კარგი პირობებით, ცუდი პირობებით, ვიღაცის მაინც სულ მყავს. 

აი, არის ხოლმე მომენტი, ზიხარ მობილურით, სამოცი ლარი გაქვს. აი, ის სამოცდათხუთმეტი ათასი სამოცი ლარით მოვიგე. ხოდა, ეგეთ რაღაცეებს მიჩვეული რომ ხარ, მანდ გერხევა. ანუ, რატო არ გამომაქვს.  სულ ელოდები, რომ კიდე, კიდე იქნება. ახვალ ოცზე, ორმოცზე, ასზე, რატომაც არა. 

მენეჯერი მყავს კრისტალბეთში, სალომე. მირეკავს კვირაში ერთხელ, მირიცხავს უფასოდ ხან სამას ხან ოთხას ლარს. დაბადების დღეზე, ახალ წელს. ეხლა ახალ წელს ათას ორასი ჩამირიცხა, მერე შვიდასი ჩამირიცხა. ყველას არ ურიცხავენ, რა თქმა უნდა, სტაჟიან მოთამაშეებს. ჩალიჩობენ, რომ სხვაგან არ ითამაშო. კონკურენციაა. თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, გააჩნია როგორ თამაშობ. მენეჯერი გყავს, როგორ იცი - როგორ ხარ, რას შვები, მეგობარივით გირეკავს. რამდენიმე წელია ესეა. 

შანგრილაში vip ვიყავი, მანქანა მემსახურებოდა, დავყავდი. ეგეც კაიფია, ჭამა, სმა, ყველაფერი უფასო, ლიჟ ბი ითამაშე. მერე გამაშავეს. მობილური მოვიპარე. კი არ მოვიპარე. ჯერ ერთი, მაგარი გამწარებული ვიყავი, ბევრს ვაგებდი და ბევრჯერ ვიგინე და ვიფურთხე. ნუ, არ მაშავებდნენ, არადა მინდა გაშავება. ერთ-ერთ მომენტში, ყველაფერი წავაგე, გამოვედი და ბოლო ათ ლარიანით რაც მქონდა, ავიღე და შევედი პირველ სართულზე. პირველ სართულზე მელკი მოთამაშეები არიან. ელექტრონულ რულეტკაზე დავჯექი, ათი ლარით რა, სხვა რა უნდა ქნა. და დამხვდა, მაშინ იყო X ახალი გამოსული, iphone, დამხვდა, ესე დევს. მეთქი - შენია? არა. შენია? არა. Ok. გავუთიშე ხმა, ჩავიდე ჯიბეში და წავედი. მენეჯერს ვუთხარი, მეთქი მანქანა მინდა. გამოვედი, მითხრეს მანქანა გელოდებათ, დავჯექი. რო გავდიოდი, უკვე დავინახე რომ ეს დაცვა გადასცემს, რომ მობილური დაკარგა ვიღაც კლიენტმა. დავჯექი, წამოვედი. იქიდან რომ გამოდიხარ, ეიფორია ცხრება, და მივხვდი - სად მიგაქვს შეჩემა, მილიარდი კამერა გიყურებს. წახვალ, ამას დაალომბარდებ ან გაყიდი, და საჩალიჩო გაგიხდება მერე დაბრუნება. ყველამ იცის რომ შენ აიღე და შარია. მეთქი, მოატრიალე რა მანქანა. მივატრიალე და მივედი და მე მაქვს-თქო და წამოვედი.  მეორედ რომ მივედი, შავი ხარო. ალბათ მაგიტომ. არ გეუბნებიან რატომ გაშავდი. 

მერე ყველგან დავდიოდი, მაგის გარდა. შანგრილა იმიტომ მევასებოდა, რომ სიწყნარე იყო ასე თუ ისე. დომხალი არ მევასება. მევასება, სადაც კრუპნი ფულზე თამაშობენ, წყნარად და დასტოინი ხალხი. 

ბევრი საქმე მაქვს დაწყებული, მოგებაზე დასმული და წაგებული. წაგებული რა, თამაშის გამო დაბრედილი. ნელ-ნელა ხდება. პირველი, 24 წლის ვიყავი ალბათ, ინტერნეტ კაფეების ბუმი იყო მაშინ და ნული კაპიკით გავხსენი ინტერნეტ კაფე. დავსვი მოგებაზე. მერე ჯერ ერთი ეკრანი დავალომბარდე, მერე მეორე. ნაპარნიკი მყავდა და იასნია, ხო არ უბერავო და დავიშალეთ. 

გასაქცევად მქონდა საქმე. ამ ჩემ ნაპარნიკზე მქონდა ორი ათასი დოლარი მისაცემი. 900 მქონდა მხოლოდ. ნახევარი ინტერნეტ კაფე გავყიდე, ღამე ვურეკავ და მეთქი - ცხრაასი დოლარი მაქვს, ეხლა მოგცემ და დანარჩენს დილით, ღამეა ეხლა მეტს ვეღარ ვჩალიჩობ-მეთქი. არაო, არ მინდაო, ხვალ გაქვს მოსაცემი იმენა ორიათასიო. 

დებილი რა, მოთამაშეს მაგას რას მეუბნები. იასნია სადაც წავედი. ბიძაშვილთან ერთად ვიყავი. ვძმაკაცობდით, ეხლა აღარ არის ცოცხალი. ის ნარკომანი იყო, მე მოთამაშე, მთელი ცხოვრება ვაფუჭებდით რაღაცეებს. ასი დოლარი ამას მივეცი, ეს არ შემოუშვეს კაზინოში, პირველად იყო და საბუთი არ ქონდა. მივეცი ეს ასი დოლარი და დამელოდე-მეთქი სადმე. თხუთმეტ წუთში ვურეკავ, სად ხარ, აქ ვარ. არ დახარჯო ის ფული, კაპიკი არ მაქვს და გასაქცევი ვარ. 

ის ჩემი ნაპარნიკი იყო უშიშროების თანამშრომელი, თან ნაციხარი. კაროჩე, ისეთი ტიპი იყო, მსროლელი. ას ორმოცდაათი ლარი ავიღე ამ ასი დოლარიდან და წავედი ბათუმში. სადგურზე ჩავედი, შევედი ლოტოში ასი ლარი წავაგე და რვა ლარით შევედი ბათუმში. მანდ იყო ტელეკომპანია ერა, ერთ კვირაში მაგის მესამედი წილი მქონდა და ვიყავი დირექტორი. 

ავედი მეგობართან. სახლში არ იყო, დედამისი დამხვდა. მოვიდა დაქალი. რაღაცას ჭორაობდნენ, ბათუმური ბომონდი კი არადა, ხელოვნება, რაღაცა, კაი ტიპები მოკლედ. ყური მოვკარი, რომ არის ორი მილიონერი, ერთს სამშენებლო ბიზნესი აქვს, მეორეს რაღაცა და აქვთ ტელევიზია. მოკლედ, მოგებაზე არ ზის ეს ტელევიზია და უნდათ რებრენდინგი. მთავრობა არის ახალი შეცვლილი. 

ჯერ გამოვიკითხე ვინ არიან ეს ტიპები, მერე ამ ჩემი ძმაკაცის ტანსაცმელი ვითხოვე და წავედი ამ ტელევიზიაში. ფეხით წავედი და ბოლო მომენტში ტაქსი გავაჩერე, ლარი მივეცი, მეთქი მიმიყვანე. დასაკარგი რო არაფერი გაქვს უფრო გამოდის რაღაცეები. შევედი და ამ ტიპს ველაპარაკე, რო ვიცი ამათი პრობლემები, ვიცი როგორ უნდა ავამუშავო ტელევიზია. ამისთვის ჩამოვედი რომ დავეხმარო. დამიჯერეს.

მთავარი როლი ითამაშა, ალბათ, იმან რო, მთავრობა იყო ახალი შეცვლილი. მითუმეტეს რეგიონებში, ეგ ისეთი ფაქტორია, თორე ისე ვინ მიგიღებს. ვიღაც შემოდის, 24 წლის ტიპი, ამდენი ინფორმაცია აქვს, რაღაცეებს გთავაზობს, ვისი კაცია - თემაა. მოშნად ვიბაზრე. იასნია, ბოლოს მივიდა იქამდე რო შენ რას დებო. მანდ ეგრევე ავდექი - რა რას ვდებ, რას ვდებ კი არა, ამდენ ფულს კარგავთ ყოველ დღე და ჩამოვედი, ვიშოვი და გაშოვნინებ. დაველაპარაკები ჩემს ნაპარნიკსო. ჩაიწერა ნომერი, მისამართი. მეორე დღეს მეგობრის დედა მეუბნება -  ვიღაც ტიპია მოსული, შენ გკითხულობსო. გამომიგზავნეს მძღოლი, წამიყვანეს, სტუდიები მანახეს. 

ეს ტიპი მოვიდა, ბუღალტერთან შემიყვანა, უთხრა რომ რა თანხასაც გთხოვს, მიეცი, ოღონდ ჩაიწერე რისთვის მიაქვსო. 

დავჯექით მერე რაღაც პაბში, მოვილაპარაკეთ. ჩვენ არ გვინდა გამოჩენა, ეს ტელევიზია შენია, მესამედი წილი არის შენი, და შეუბერეო. და წავიდა რა საკაიფო პროცესები. აქ ვინც უსაქმური მსახიობი, რეჟისორი იყო, ყველა წავათრიე, დავასაქმე. კაი ექვსი თვე იყო. რამხელა ტრენინგებს ვატარებდი იცი, აქცენტი რომ გადაეგდოთ წამყვანებს და დიდი კონკურსები და გათამაშებები და მანქანის ჩუქებები და “ჩემი ბოვშვი გაუშვი მანდ წამყვანად” და მოკლედ, მაგრად ვიკაიფეთ. 

თან პარალელურად ვთამაშობ, სულ. პიარი ძაან საკაიფოდ მოიხოდა ამ დროს, ყველა ელოდებოდა ამ ტელევიზიას. რეკლამა ღირდა აჭარის ტვ - ზე ოცჯერ უფრო ძვირი, ჯერ არხი ჩაშვებული არ იყო. ხალხი ელოდებოდა მაგრად. ლაივ შოუები ზღვიდან პირდაპირ. ვისაც კი რამე დაესიზმრა, ყველაფერს ვაკეთებდით. ფული იყო უსაზღვროდ, ოღონდ უნდა დაგეწერა რისთვის. მაშინ ბელუქსი კი არა რაღაც სხვა იყო,  ყველაფერი იქ შეკვეთილი და ასი ათასები ერთი ხელის მოწერით და ასწორებდა. იასნია, იქ მოგვარებულები, ატკატი. მაგით ვცხოვრობდი. თამაში და გულაობა მიდიოდა ატკატებით. 

17 წლის ტიპი მყავდა, სასწაული შემსრულებელი. სარეკლამოს უფროსად დავსვი ეგრევე, ყველაფრიდან ფული მოქონდა. მერე აქ დაიჭირეს, თბილისში, აფერისტობაზე იჯდა. თავიდან, პირველი დღეებია და ბუღალტერიაში გახსნილია ყველაფერი, მაგრამ ეს ატკატების თემა ჯერ არ არის.  ფული არ გვაქვს ვაფშე, აი ვაფშე. ვიღაცის დალომბარდებულ მობილურს ვჭამთ. ეს ტიპი რო მოვიდა, მე გავჩითავ ფულსო. როგორ და ეგრე. 

კასტინგები გვაქვს გამოცხადებული. მოელაპარაკა ფოტოგრაფს, რაღაცა დიზაინი დაამზადეს და უთხრა რომ მოვლენ გადაუღე აი ესე. ჩვენ კასტინგისთვის ვითხოვდით აი, ზუსტად ასეთ ფოტოს. ძაან ბევრი ხალხი მოდიოდა დასაქმების პონტში.  რომ დარბოდნენ ქალაქში ფოტოსთვის, ჩვენ როგორსაც ვითხოვდით იყო მარტო ერთგან. ეს ტიპი იღებდა ორ ლარს ამაში. რვა ლარი ღირდა გადაღება, ექვსი ლარი ჩვენი იყო. შემოდიოდა საკაიფოდ ფული. ჩვენ გვყოფნიდა რა. 

ჩემამდე ამ ტელევიზიაში გადიოდა მუსიკა, ფილმები და ნეკროლოგები. მე ვაკეთებდი ახალგაზრდულ ტელევიზიას, ნიუ ტვ დავარქვი. მეთქი რა ნეკროლოგები, მოკალით ეგრევე. ეს ნეკროლოგები ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ჩემამდე ვისაც  ქონდა ჩაბარებული ეს ტელევიზია, ის იღებდა ამ ნეკროლოგებიდან შემოსავალს. 

ეუბნებოდნენ, ჩვენ არაფერი არ მოგვთხოვო, რამდენსაც იშოვი შენიაო. 

ალბათ სუფთა მოგება შემოდიოდა ორასი ლარი. მე რომ მივედი ამ ტიპმა ეს ორასი ლარი დაკარგა. მივედი, ჩემი სტაფი მივიყვანე და აღარავინ აღარაა ტიპი, აღარაფერი აღარ ეხება. დაიგრუზა, იასნია. 

მოკლედ, მართლა ბევრი მუშაობით და ნერვიულობით დამემართა ბოტკინი. ერთი დღე დავიძინე და ორი დღე ვერ გავიღვიძე და მერე გავიღვიძე ყვითელმა. გამომაქანეს თბილისში. მე წამოვედი თუ არა, კოდირებულ ბეიჯებზე იყო შესვლა და გამოცვალა ამ ტიპმა ეს ბეიჯები და იქ თავის პონტში დაალაგა სიტუაცია. რომ ჩავედი, პონტი დამხვდა ნოლი. თავიდან უნდა დაგეწყო ყველაფერი. იმას რომ შევხვდი, ვინც მიმიღო, ბოდიშებით მითხრა - თუ შეგიძლია სახელფასო ფონდი ჩამოიტანოო, ჩამოიტანე და გავაგრძელოთო და თუ არა და არა, მოკვდა თემაო. 

რაღაცეები რო დაითვალონ და მომთხოვონ, დამერხა. კაი მეთქი, რას ვიზამთ. ბუღალტერიაში შეიარეო. და მეთქი ვსო, ვზივარ მთელი ცხოვრება. შევიარე და დამხვდა საჩუქარი, ბევრი ფული, ბოდიშის პონტში. რაღაცეები ვიყიდე, წამოვედი. ეგრე დამთავრდა ეს ისტორია. 

მერე წავედი უკრაინაში. აქ იყო ერთი ცნობილი აფერისტი ქალი, მარინა. მილიონი მოტეხა. იჯდა ციხეში. ჩემი მეგობარი გოგოების დედა იყო. ამ ქალს ისედაც ვიცნობდი. ციხიდან რომ გამოდიოდა, ჩემს მეგობრებს ვუთხარი დამაკავშირეთ-მეთქი. ვიზებზე ჩალიჩობდა. 

როლს ითამაშებო? ჩვიდმეტი ათას ევროს მოგცემო, ნახევარ საათიანი როლში, მეთქი დავაი. როლი ვითამაშე. როლი იყო ტელევიზიონშიკის, რომელიც მიდის და ლევად ხალხი მიყავს. ვიღაც ქალები მოიყვანა, ვითომ მე უნდა ჩამეწერა გადამღებ ჯგუფში და იტალიაში უნდა წამეყვანა. ვუტხარი რა  საბუთები უნდა მოეტანათ. ავიღე ეს საბუთები, საელჩოში შევედი, სადღაც დავდე ეს საბუთები და გამოვედი. ყველაფერი კარგადაა, შევხვდებით აეროპორტში. დანარჩენი ყველაფერი ამ მარინამ იჩალიჩა. ხოდა, აიღო ფულები და მე მაძლევდა ვითომ იმ ფულის მოლოდინში დღეში ას-ას ევროს. და ვიყავი საკაიფოდ, ველოდებოდი იმ ფულს. თურმე ის ფული აღებულია უკვე.  თან ვეხვეწე რომ მე არ გადამაგდო. მაინც მეც გადამაგდო ამ ქალმა. 

კარგ დროს გაიფაქტა, რომ გადამადგო. ჩემს ძმაკაცს ათამაშა კიდევ რაღაც როლი და ოთხიათას ხუთასი ევრო ედო ჯიბეში იმ ქალისთვის მისაცემი. ათასი ევრო მივეცი, დანარჩენი გამოვართვი და დავაწექი აეროპორტში. მაშინ ვიზები არ იყო, კიევში იყო გახსნილი. 

ეს ქალი მირეკავდა, რომ თუ მოტყდიო, მითხარი რომ მეც მოვტყდეო. სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა და არ გვითხრეს რომ გათიშეთ ტელეფონები, ვეუბნებოდი, რომ არა კაცო, მოვდივარ გზაში ვარ. ამ მარინას ყოფილი ქმარი ყავდა პოლიციელი და მოქმედი ქმარი ქურდი. ბევრი რაღაცა შეეძლო, ჩემი გაჩერებაც შეეძლო. და ბოლოს, აი გათიშეთ ტელეფონებიო რო თქვეს, დავურეკე და მეთქი ეგრეა რა, არ ხარ შენ კაი ადამიანი და წავედი მე. კაპიკები წავიღე, ოცამდე ქონდა ნაჭამი. წავედი რა. მერე ხშირად დავდიოდი კიევში.

უკრაინაში საკაიფოდ ვიყავი, თოთხმეტი ბიზნესი მებარა კადრების განხრით. მაშინ დაარტყეს პირველად დონბასს. ომი რომ დაიწყო, უკვე ყოველ დღე მაჩერებდა პოლიცია, წვერით დავდიოდი და სულ ჩეჩენი ვეგონე. იქ რომ გაჩერებს პოლიცია ჯიბეში იდებს პასპორტს და მიდის და მისდევ ძუკნა ძაღლივით რომ ფული მისცე. განყოფილებამდე თუ მიგიყვანა, მერე უფრო მეტი უნდა დაგიჯდეს. ყველაფერი წესრიგში გაქვს, მაგრამ მაინც. ეხლაც ეგრეა. ხოდა წამოვედი. 

ბოლო პერიოდში ძაან წყნარად ვიყავი, ნაქირავები მანქანით ვტაქსაობდი. შემხვდა ერთი ჩინელი გოგო, ფსიქოლოგიური პრობლემებით.  მიყიდა მანქანა, მომცა ფული და დავიწყე საქმე. ჩემი ცოლიც გავაცანი, ჩემებიც. კონტაქტში ვერავისთან ვერ შედის, არაადეკვატურია ხანდახან. კითხვის მეტს არაფერს არ აკეთებს. ტელეფონი უჭირავს, ჩინური იეროგლიფებია, მეთქი რას კითხულობ? და ომი და მშვიდობასო. მეთქი რანაირად კითხულობ ტელეფონში ომი და მშვიდობას. 

ყოველთვის მიმართლებს, როცა სხვა გზა არ ჩანს ხოლმე. ბევრჯერ მიცდია დანებება, სანამ ხელი არ ჩავიქნიე, სანამ არ მივხვდი რომ პროსტა არარეალური ბრძოლაა. ბევრი მეთოდით მიცდია. დაფიცებაზე და დაგინებაზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ბავშვის და ყველაფრის. ფსიქიატრთანაც დავდიოდი, წამლებს ვსვამდი. მერე, ჰიპნოზით დაგბლოკავთო. არ ვქენი, ცოტა ღრმად რო შეხვიდე, შეიძლება ძაან ბევრი რაღაც ჩაყვეს კიდე. თურქეთში წავედი, წელიწადი და რაღაც ვიცხოვრე, იმიტომ რომ იქ აკრძალულია კაზინო. მაგრამ, იქ იყიდება ლატარეის ბილეთები. დღეში 500 ლარის ლატარეის ბილეთებს ვყიდულობდი. უფასო პოკერს ვეთამაშებოდი ტიპებს facebook-ზე, შეთანხმებაზე რომ ამდენ მილიონს თუ მოვიგებ, მომცემ ამდენს. რაღაცეებს ვიგონებდი. 

თან ამ ყველაფერს ხომ მალავ მთელი ცხოვრება, რომ არა კაცო, რა ვთამაშობ. ვალები რომ გავისტუმრე, ეგრევე ყველასთან ვთქვი, რომ ვთამაშობ და დამახტით ყველა, იმიტომ რომ ვთამაშობ. ამას არ აკეთებს მოთამაშეების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი. 

ყველაფერი თამაშია, ბიზნესიც თამაშია იდეაში და ბიზნესშიც ბევრი რამე თამაშია და გამართლებაზეა და რისკია. აზარტს ეძებ, ყველაფერში რასაც აკეთებ. მაინც სულ არეული ხარ. მაგრამ მემგონი ყველა არეულია, ვინც კი რამე საქმეშია, დარწმუნებით მემგონი ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის.

მოთამაშე ტიპი არის დაკარგული ტიპი. ვერაფერს ვერ ჩააბარებ, სულ რისკის ქვეშ ხარ. ყველაზე საშინელი შეგრძნებაა, რაც განმიცდია, და ბევრჯერ განმიცდია წაგება კი არ არის. არა, მეორე დღე რომ გათენდება, ვიღაცეებს უნდა შეხვდე და სათქმელი არაფერი არ გაქვს. თავის მართლების ნოლი შანსი, ხელმოსაჭიდი არაფერი, იმიტომ რომ სულ ყველაფერი შენი ბრალია.

იმას აწბილებ, ვისაც უყვარხარ, ვინც გენდობა. კიდევ ერთხელ და კიდევ და კიდევ უღალატე. 

თუ ეს ყველაფერი ფეხებზე გკიდია კარგია და თუ არ გკიდია, ძალიან ძნელია. თავის მოკვლასთან ხარ ძაან ახლოს, უაზროდ ახლოს.  მე რატომაც ამდენი ხანი არ მოვიკალი თავი არის რომ, შვილების პონტში კიდევ უფრო უარესს შვები. სირი ხო ხარ და აი ეხლა კიდე, თავიც მოიკლა და მთელი ცხოვრება დასტრესე, რომ მამამისმა თავი მოიკლა. 

საშინელი ცხოვრებაა, ნარკომანის ცხოვრება ბევრად ადვილია. ბოლო-ბოლო, ისეთი ნარკომანი ვინც ზის, იშოვის რაღაც გარკვეული ოდენობის თანხას, გაიკეთებს და დამთავრდა ცოტა ხანი. და აქ არ მთავრდება, მილიონი გაქვს თუ სამი ლარი გაქვს, არა აქვს პრედელი. იმას აქვს, რამდენს გაიჩხერ, და აქ რამდენს ითამაშებ? სულ. ყველას. 

ბანკის ვალები არ გადამიხდია არცერთი, ბანკია და მადლია. 

ოცდარვა ათასში საქართველოს ბანკი გადავაგდე, მერე ბიძინამ გადაიხადა. პრობლემა არის, რომ არავინ არაფერს არ გაძლევს იმიტომ რომ გაშავებული ხარ. მაგის მერე, ერთხელ შევავსე ოთხას ლარიანი სესხი, მეთქი პროგრამისტად ვმუშაობ და დამიმტკიცეს. გასააქტიურებლად რომ შევედი დამხვდა ხუთი ათასი ლარი, ხუთი ათასის განვადება და კარტა. ყველაფერი გამოვიტანე იასნია. ერთ თვეში დამირეკა თუ არა გოგომ, მეთქი შენ კი არ გეწყინოს, მაგრამ დაიწყეთ ყველანაირი პროცესი, რაც გინდათ, იმიტომ რომ მე არ ვარ მაგ ფულის გადამხდელი და ჩემ სახელზე არაფერი არ მაქვს. 

რამდენჯერაც გენდობიან, ვინც გენდობა, წააგებს. შენ ხო უეჭველი წააგებ, და თუ მოიგებ, მერე უფრო გენდობა და ბოლოს უფრო მეტს წააგებს. იმიტომ კი არა რო შენ, იმ მომენტში როცა გენდობა, გულში ღალატი გიდევს. რავი, რაღაცა იცვლება და სხვანაირად მიდის ყველაფერი. მე ძალიან იღბლიანი მოთამაშე ვარ, იმიტომ რომ არ მაქვს ვალები და მტრებიც არ მყავს. როცა ფულს ყველანაირად შოულობ, ბევრი მტერი გეყოლება. მტრები ალბათ იმიტომ არ მყავს, რომ ყველასთან ყოველთვის ვაღიარებდი, რომ ჩემი ბრალია. ხან ვაბრუნებდი, ხან ვერ ვაბრუნდებდი, ხან სხვები აბრუნებდნენ ჩემ მაგივრად და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ, საქართველოში ყველას აქვს რაღაც ვალი და მაგაზე მეტი მეც არ მაქვს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა