ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლე პოლიტიკ | გიო ახვლედიანი

სიმართლე ითქვას და ერთ დიდ ტურნირად გაწყობილმა სანაკრებო ფეხბურთმა მონატრება იცის. თუმცა, თუ დიდი  შეჯიბრი სალოდინოა,  ამხანაგური სანაკრებოც საინტერესოა ხოლმე. თუნდაც ოცშეცვლიანი თამაში  იყოს და არა შესარჩევი, სანაკრებო, ერთი რამ განსაკუთრებული ფეხბურთია,  რომელიც საკლუბო ფეხბურთისგან გვარიანად განსხვავდება.

ამ სხვაობისა,  ცალკე სალაპარაკოა, თანაც გრძელი და ახლა ნუ მოვცდებით.

სანაკრებო ფეხბურთის უარესი თავისებურება ისიც არის, ათას სხვა უკეთეს და ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის გადამწყვეტ თავისებურებათა შორის, ის პოლიტიკურ საქმედ გახდება ხოლმე. ყოფილა დრო, რომ საკლუბო ფეხბურთიც უკიდურესად პოლიტიკური იყო, მაგრამ ახლა უფრო სანაკრებოა.

სულ კამათობენ, რამდენადაა პოლიტიკის გარეთ მყოფი დარგები პოლიტიკური.  ხელოვნება და სპორტი ამათში უპირველესია, მის სახეთა ცნობილობის გამო. აზრი კი ორია:  ერთნი ამბობენ, რომ რა კავშირი აქვს პოლიტიკასთან ამ პოლიტიკისგან შედარებით პატიოსან დარგებსო, მეორენი კი, პირდაპირი კავშირი აქვს, რახან პოლიტიკას იქეთ ბევრი არაფერი არსებობს და ერთი ვინმე კაცი, ვთქვათ, ტომ ფინეი რომ ფინტს აკეთებს, ან ვინმე მიქელანჯელო პიეტა რონდონს მოკვეთს ქვიდან, ანდა კაცი სტრატფოდიდან  მეფე ლირს დაწერს, მაინც პოლიტიკააო.

ანუ, შემოქმედება დაბლაა, პოლიტიკა მაღლაო.

რახან წინისწინა საუკუნეში სპორტი გართობა და მოყვარულობა იყო, ამ საქმეს პოლიტიკისთვის ნელად გამოიყენებდი. სპორტსმენები ფულს არ მისდევდნენ და არც ათეულ მილიონობით ნახვა ჰქონდათ ბუკებზე და გრამებზე. ვიღაც კნიაზი ჩოგბურთს თამაშობს და გლადსტონ-დიზრაელის რა ხეირი?

მაგრამ მოვიდა მეოცე საუკუნე და პირველი მგონი, მუსოლინი იყო, ვინც გადაწყვიტა, რომ სპორტი და იმაში რა თქმა უნდა, ფეხბურთი მმართველობას წაადგება. ანუ 1934 წელია, არგენტინელი მჩეხავი ორიუნდებით გაძლიერებული იტალია როგორღაც იგებს მსოფლიო თასს იტალიაში და ამ თასთან ერთად ნაკრებს მუსოლინის ვაი-მოდერნისტულ თასსაც გადასცემენ. მერე ჰიტლერმა და ჩემბერლენმა ინგლისის ნაკრებს ჰაილ ჰიტლერი ათქმევინეს გერმანიასთან შეხვედრისას და თუმცა ინგლისმა მოიგო, შედეგი არავის ახსოვს, მხოლოდ დიდი ჯენტლმენის, სტენლი მეტიუზის ზეაღმართული ხელი, ჰაილ ჰიტლერო. 

მერე სტალინმა კლუბი ცედეკა (ნაცნობად ცეესკა, რუსის ჯარის გუნდი) დაშალა, როგორც ნაკრების ბირთვი, რომელმაც მის მტრულ ტიტოს იუგოსლავიას ვერ მოუგო ოლიმპიადაზე. (ძველი გულშემატკივრებს უამბნიათ,  საბჭოთა ოფიციოზი სთხოვდა უნგრულ ოფიციოზს, ეგებ თქვენ მოუგოთ იუგოსლავიასო და უნგრელები იცინოდნენ, იუგოსლავიამ რა იცის ფეხბურთის თამაშიო. უნგრეთის დიდი გუნდის ამბავია - ვინც ფეხბურთის ისტორიის ანა-ბანა იცის.). მერე, ფრანკომ გადაწყვიტა, რომ მადრიდის რეალი მისი ქვეყნის სახე უნდა ყოფილიყო, ხოლო პორტუგალიაში, სალაზარი დიდი ბენფიკას გამოყენებას ცდილობდა და ასე დაუსრულებლად.

მაგრამ გავიდა წლები და ერთიან ევროპაში დამყარდა დემოკრატია. დასავლური როგორც ჩვენთან იტყვიან. თითქოს აღმოსავლური არსებობდეს იაპონიის სახით.

ჰოდა, ახლა ევროპის მაყურებლებიანი ჩემპიონატია: კოვიდი არის, მაგრამ დამარცხებულად ჩანს, ხოლო ამ ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მთავარი ვნება უნგრეთის ნაკრები გამოდგა. ვინც უნგრული ფეხბურთის წარსული იცის, ის ალბათ ელოდა, რომ ოდესმე, ფეხბურთის მოდას კიდევ ერთხელ დასწერს უნგრეთი. ამ ჯერზე, არ გამოვიდა, მაგრამ უნგრელთა თამაში კი დაგვამახსოვრდა.

წინა საუკუნის 50-იანი წლების  სიდიადე რომ არც ვახსენოთ, ის ვთქვათ, რომ ვისაც ძველი საბჭოთა ფეხბურთი ახსოვს, იმას ეცოდინება, რომ უნგრეთის გუნდი საბჭოელთა მთავარი ხელისშემშლელი იყო დიდ საერთაშორისო ტურნირებზე მოხვედრის საქმეში. მე უბრის, მახსოვს, რომ თბილისში სსრკ-უნგრეთის 2-2 ზე დამთავრებულ თამაშში გოლები იმათი მხრიდან პუსტაიმ და ტატარმა გაიტანეს, ხოლო, საბჭოთა მეგოლეებიდან, არცერთი. იმის მიუხედავად, რომ იმ თამაშში ყიფოც სასტარტოში იყო და ალბათ, ხინჩაგაც.

უნგრეთის დიდ სარბიელზე დაბრუნება, ასეთი განცდით, ვნებით, მთელი იმ პუშკაშობა-ბოჟიკობა-ჰიდეგკუტობით, დიდებული ამბავია. ამ ევროპის ჩემპიონატმა ბევრი დაკარგა იმით, რომ უნგრეთი ურთულეს ჯგუფში მოხვდა და გერმანიასთან ჭიდილით,  პლეიოფში ვერ გავიდა, მაგრამ უნგრეთის მონაწილეობამ, მაინც პოლიტიკური დატვირთვა მიიღო. რახან ამ ქვეყნის პრემიერმა ორბანმა მოიგონა, ხოლო პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ელჯიბიტი პროპაგანდას ზღუდავს არასრულწლოვანთა მიმართ და რახან უნგრეთის ნაკრები მიუნხენში ეთამაშებოდა გერმანიას, გადამწყვეტ თამაშს; იქ, უნგრეთის ჰიმნის დროს მოედანზე გამოვარდა ბიჭი ცისარტყელა დროშით,  ხოლო გერმანიის ჰიმნს უნგრელმა ფანობამ უსტვინა და რამეები დაანახა, მერე კი ანტი-ელჯიბიტი „ჩანთებიც“ ბლომად იმღერა თამაშის განმავლობაში.

აღიძრა საქმეები.

მაგრამ საქმე ისაა,  რომ გერმანია-უნგრეთი ფეხბურთ-ისტორიულადაც ძალიან მაგარი სიტყვათშეთანხმებაა, ახლაც ძალიან მაგარი თამაში იყო. უნგრეთი იგებდა და. გადიოდა - ორჯერ.  გერმანიამ თავისი ქნა.

უნგრეთი, ყველაზე მეტად ემოციის მომნიჭებელი ნაკრები, პლეიოფებს გარეთ დარჩა. ჩემპიონატი გრძელდება.

პოლიტიკა ალბათ მნიშვნელოვანია, მაგრამ უნგრეთი ყველაზე მეტად. ძველ-ფეხბურთული იყო ამ ტურნირზე. ეგებ სტილი არ მოგწონდეს, რახან თბილისის ეზოსას არც დიდად ჰგავს, მაგრამ ასეა, თუ ისე, იმარჯვებს უძლიერესი.

გერმანია ინგლისს ხვდება.