ლეთე | გიორგი მაისურაძე
„Es ist ein Irrtum, daß die Toten tot sind“
Heiner Müller
„მცდარია, თითქოს მკვდრები მოკვდნენ“
გადმოწერე პიესა PDF ფორმატში
პირველი ქორო
მეორე ქორო
სცენა 1.
პირველი ქორო: უკვე რამდენი დღეა გზაში ვართ და გზა არ მთავრდება. გვეუბნებოდნენ, დიდ, წყალუხვ მდინარესთან მიხვალთ, იქ იპოვითო მეგზურს. ფულს მისცემთ და მდინარეზე გადაგიყვანთო. ფული ყველას გვაქვს ჯიბეში, რაც ოჯახებიდან წამოვიღეთ, რამდენიც გამოგვატანეს. არაფერზე არ დაგვიხარჯავს, არც ბაზრობაზე გაგვივლია და არც მოვაჭრე შეგვხვედრია გზად. ყველაფერი მეგზურისთვის გადავინახეთ. გაფრთხილებული ვიყავით, რომ მეგზურის გარეშე გაღმა ვერ გავალთ. მეგზურს უფულოდ არავინ გადაჰყავსო, ესეც გვითხრეს.
ხიდს ნუ დაუწყებთ ძებნას, მდინარეს ხიდი არ აქვსო. ნურც გადაცურვას შეეცდება ვინმე, ისეთი სწრაფი დინებაა, ყველაზე მარდი თევზიც ვერ უძლებს ნაკადსო. ასეც რომ არ ყოფილიყო, ცურვა ხომ ყველამ არ იცის, თან უამრავი მოხუცი და დავრდომილია ჩვენს შორის, ბავშვიც ბევრი გვყავს.
ჰო და კიდევ, სანამ მდინარეს არ მიადგებით, წყალი არ დალიოთო, თორემ უფრო მოგწყურდებათ და იმდენ წყალს დალევთ, რომ დამძიმდებით და ვერცერთი ნავი და ბორანი თქვენს სიმძიმეს ვერ გაუძლებსო. ჩვენც ისე ვიარეთ, წვეთი წყალი არ დაგვილევია, ენა გაგვითეთრდა და ტუჩები დაგვისკდა მდინარის ძებნაში. იმედი გვქონდა, ერთბაშად მოვიკლავდით ამდენი დღის წყურვილს.
გვეუბნებოდნენ, როცა მდინარის წყალს დალევთ, აღარასდროს მოგწყურდებათო. იმ ქვეყანაში, სადაც მივდივართ, წყურვილი უცნობი გრძნობაა და არც შიმშილი გაუგიათ. მაგრამ მდინარის წყალი მხოლოდ წყურვილის გამო არ უნდა დავლიოთ, - ვინც წყალს არ დალევს, ის ვერც მეგზურის ნავზე აღმოჩნდება! ნავზე ასვლის წინ მდინარის წყალში უნდა ჩამოიბანო, ჩამოირეცხო გადმოღმა ქვეყნის მტვერი, წყალი დალიო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვები ნავზე.
გაღმა ნაპირზე გადასული სამუდამოდ დაივიწყებს ყველა გასაჭირსა და ყველა წყენას, იქ მას დახვდება ახალი ცა და ახალი მიწა, საიდანაც აღარასოდეს მოუნდება წასვლა, წასასვლელიც არსად არ არის. ამ მიზნისაკენ მოვისწრაფვით, მაგრამ რას ვხედავთ - რიყის ქვებით სავსე ხეობას, ვეებერთელას, თვალს ვერ ვაწვდენთ გადაღმამდე, მდინარე კი არსად ჩანს. ახლა რაღა ვქნათ? სად მივაგნოთ აღთქმულ მდინარეს და მიწას, მდინარის გადაღმა რომ იწყება?
- თუკი მდინარე გამქრალია, მის წყალს ვერ დავლევთ და ვერ გავატანთ გამოღმა მიწის მტვერს მის დინებას, აღარც გადაღმა მხარე მიგვიღებს, იქ ჩვენ ვერ შევალთ, მეგზურმა თუ არ მიგვიყვანა, უმეგზუროდ არ შეგვიშვებენ, მხოლოდ მას ერთს აქვს ძალაც და უფლებაც გადაღმა მხარეს გადაგვიყვანოს.
- იქნებ ზაფხულის ბრალია და მდინარე დაშრა? ასეთ სიცხეში ჩვენი სისხლიც კი აორთქლდა და ნაღველიც გაქვავდა. რაც ცხიმი გვქონდა, დადნა და გარეთ გადმოედინა. ძვლებიც მშრალი გვაქვს, მხოლოდ კანი კი არა. მალე უდაბნოს სილად ვიქცევით და ჩვენი ქვეყნის მტვერს შევერევით. მერე მდინარეც ვეღარ გაგვარჩევს მტვრისგან და მასთან ერთად ჩაგვიყოლებს თავის მორევში.
- უკან დავბრუნდეთ! აქ გაჩერებას არა აქვს აზრი. თუ მდინარეში ვერ ვიბანავეთ და მისი წყალი არ დავლიეთ, აქ სამუდამოდ ვიდგებით და ვერსად წავალთ. იქნებ სახლში გავიგოთ, რა ხდება ჩვენს თავს? რა დაემართა მდინარეს, რატომ დაშრა? რა ბედი გველის, ახლა სად გაგვამწესებენ? როგორ მოვხვდებით იქ, სადაც უნდა მოვხვედრილიყავით?
- აქ რას ვაკეთებთ, დროს რატომ ვკარგავთ მარჩიელობით? უნდა დავბრუნდეთ, იქ თუ გავიგებთ, წინ რა გველის! აქ დგომა და უშედეგოდ მდინარის ძებნა არაფერს მოგვცემს. სანამ ჩვენ გზაში ვიყავით, რაღაც მოხდა და რადგან უკვე წამოვედით, ვეღარავინ მოგვაწვდინა ხმა. მეგზურის ამბავიც ეცოდინებათ.
- დროზე წავიდეთ, გავეცალოთ ამ ქვას და ღელეს, დროს რატომ ვკარგავთ? ამ უდაბნოში რას დავეძებთ, რა დაგვიკარგავს? სახლში წავიდეთ, ჩვენი სახლები არსად წასულა. იქ ახლობლები მაინც გვეტყვიან, რა გზას დავადგეთ, მეგზურსაც და მდინარესაც გვაპოვნინებენ.
- ხალხნო, რას ჩადით, საით მიდიხართ? უკან რა გვინდა? - ჩვენი ადგილი გადაღმაა, უკან კი არა. სახლში დავბრუნდეთ სამუდამოდ წამოსულები? ჩვენ სამოგზაუროდ არ წავსულვართ, არც იქით-აქეთ ხეტიალი გვქონია მიზნად.
- მე მშობიარობისთანავე მივატოვე ჩემი შვილი, ისე, რომ ხელში არ ამიყვანია, ძუძუ არ მიწოვებია, არ მიკოცნია. სანამ აქეთ გამომამგზავრებდნენ, სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, უკეთეს ქვეყანაში მიდიხარ, მხოლოდ იქ იქნები მშვიდად და გულარხეინად, შიშის გარეშეო. მეც დავიჯერე და ერთი არ დამიკვნესია ამ მტანჯველ გზაზე და ახლა მეუბნებით, რომ უკან უნდა დავბრუნდეთ?
- მე ჩემს ცოლსაც არ დავმშვიდობებივარ, არც მშობლებს, არც მეგობრებს, საერთოდ არავის, არც სახლში შემივლია ბარგის წამოსაღებად, ასე ხელცარიელი გამოვიქეცი. ჩემი ცოლი მთელ ხმაზე კიოდა, თავს არ ვიცოცხლებო, მშობლები გულწასული ეყარნენ და მომასულიერებელი არავინ ჰყავდათ. სამსახურშიც მეორე დღეს გაიგეს, ძალიან გაუკვირდათ, არავინ ელოდა, თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდაო. თავიდან მოწყენილი სახეებით იყურებოდნენ, ხმაშიც სევდა შერეოდათ, ალბათ მთელი ნახევარი საათი. მერე სხვა საფიქრალმა შეუცვალათ ხმაც და გამომეტყველებაც. სულ ორიოდე საათში ჩემ ადგილზეც სხვა დაინიშნა და ისიც მყისვე შეუდგა, ერთ დროს ჩემი, ახლა უკვე მისი მოვალეობების შესრულებას. ახლა რა ვუთხრა? - გადავიფიქრე წასვლა და უკან მიმიღეთო?
- რომ დავბრუნდე, ჩემებს თვალებში როგორ შევხედო? ყველა მოთქვამდა, - მეგობრებიც, ნათესავებიც - ყველა ტიროდა, ცრემლებით სახე დამისველეს. არავის ჩემი გამოშვება არ უნდოდა, არ წახვიდეო, არ დაგვტოვოო, - მევედრებოდნენ. გული ვატკინე, ყველას გული ვატკინე, სინდისი მახრჩობს. ვერა, მე მათ თვალს ვერ გავუსწორებ.
- მე უკან დასაბრუნებელი არც მაქვს. მთელი ცხოვრება ქუჩაში გავატარე, ხან ვიყინებოდი, ხან ოფლად ვიღვრებოდი. სახე ჭუჭყისგან შავი მქონდა, კანი - თევზის ფარფლივით. ისეთი სუნი ამდიოდა, ქუჩის ძაღლებიც არ მეკარებოდნენ. ერთადერთი, რაც მაძლებინებდა, აქ მოხვედრის იმედი იყო. უკან არაფერი დამრჩენია, არაფერი მენატრება, არავინ და არაფერი.
- რომ დავბრუნდეთ ჩვენ-ჩვენ სახლებში, ვინღა მიგვიღებს? ჩვენს ოთახებში სხვები დააბიჯებენ, სხვები ჭამენ ჩვენი თეფშიდან, ჩვენი ტანსაცმელი მეორადების დახლებზე აწყვია. ნუთუ გჯერათ, რომ ვინმეს აკლიხართ, ან ენატრებით? ჩვენი ადგილი იქ აღარაა, ჩვენი სახლი, ჩვენი სამშობლო აღარაა ჩვენი.
- ყოველ საათს, ლამის ყოველ წუთს, ახალ-ახალი ნაკადები გვიერთდებიან. ყველა მდინარეს ეძებს, მეგზურს კითხულობს. ხევის ნაპირი გადაივსო, სულ მალე რიყის ქვებზე მეტი ვიქნებით. ვეღარ დაგვიტევს მალე მიწა, ცამდე აწვდება ჩვენი რიცხვი.
- აქ რა გვინდა? ყველა ერთად რატომ მოვედით? რამ გამოგვყარა სახლებიდან, აქ რამ შეგვყარა? ვის დავუჯერეთ, ვის მივენდეთ? რატომ ვიწამეთ, რომ გადაღმაა ჩვენი ადგილი? სხვები, ვინც დარჩნენ, ჩვენ გაგვისტუმრეს, თვითონ ყველაფერს ჩვენსას დაეუფლნენ, დაისაკუთრეს. რაც ჩვენი იყო, ახლა მათია, ჩვენ კი გაგვწირეს, მოგვატყუეს, მეგზურს ნახავთო, მდინარის იქით გადახვალთო, იქ იქნებაო თქვენი მარადი სასუფეველი? აბა სადაა ან მეგზური და ან მდინარე?
- ვინ მოგვატყუა?
- რატომ მოვტყუვდით?
- რა დაგვემართა?
- ახლა რაღა ვქნათ? აქ ხომ არ უნდა ვიდგეთ სულ და მთებში თოვლის დნობას ველოდოთ, რომ იქნებ დამშრალ ხეობაში წყალი გაჩნდეს, მდინარედ იქცეს? და მერე იქნებ მეგზურის ნავიც გამორიყოს სანაპიროზე?
- რაღაც საეჭვოდ დაიკარგა ჩვენი მეგზური. კი გვაფრთხილებდნენ, უჟმური და პირქუშიაო, მაგრამ ყველაზე სანდო და საქმიანი. იქნებ მონებით მოვაჭრეა და ხაფანგს გვიგებს და ჩვენც სამუდამო ბორკილი გველის? რა გვაძლევს საფუძველს, რომ მეგზურს ვენდოთ? ვინმე გინახავთ, ვინც მდინარეზე გადაეყვანოს?
- როდემდე ვიდგეთ ერთ ადგილას? დროა წავიდეთ, დავუბრუნდეთ ჩვენს სახლს, ჩვენს მიწას! რას დავეყუდეთ ამ უდაბნოში? ვინ დაგვაჯერა, რომ ჩვენი მიწა მათ უნდა დარჩეთ, ჩვენ კი უკეთესი გვაქვს აღთქმული? საიდან ვიცით, რომ გადაღმა უკეთესია? ვინმე გინახავთ იმ ქვეყნიდან დაბრუნებული? გიფიქრიათ კი, რომ ეს გადაღმა მართლა არსებობს? ისე ვირწმუნეთ, რომ ერთხელ ეჭვიც არ შეგვპარვია. ახლა კი ვდგავართ ქვა-ღორღიან ხეობასთან, სადაც ოდესღაც მდინარე წყალუხვობდა, მაგრამ ახლა ნაკადულიც კი არ მოწანწკარებს. ვდგავართ და ვხედავთ ხრიოკ მიწას და მის იქით სიცარიელეს. ვინმეს კიდევ სწამს, რომ გაღმა ქვეყანა მართლა არსებობს? ესაა, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ, - კიდევ გვჯერა ზღაპრების? ასე ადვილად რატომ დავთანხმდით ჩვენს არყოფნას? განა არა ვართ, არ ვარსებობთ და ის, ვინც დარჩა, მთელი ყოფნა მიისაკუთრა, ჩვენ გაგვისტუმრა არყოფნისაკენ.
- ჩვენ წავალთ ერთად, ყველანი ერთად, როგორც მოვსულვართ, ისე წავალთ. თუ ვინმე გვკითხავს, რად დაბრუნდითო, თქვენ აღარ ხართო, თქვენი ადგილი აქ არ არისო, - მაშინ დაგვთვალონ!
სცენა 2.
სადღაც, ქალაქში
მეორე ქორო: - რა რიგები დგას მაღაზიებთან, რა ჩოჩქოლია? დიდი, პატარა - ყველა ქუჩაში გამოსულა, ზოგი მანქანით, ზოგი ურიკით, ზურგჩანთით, ცარიელი ხელებითაც, რამდენსაც დაძრავს, რამდენსაც ხელის მტევანი გაწვდება, მოერევა - ყველა წყალს ეზიდება, ცისტერნებით, ბოთლები ყუთებით მოაქვთ, თუნუქის ქილებს ჯიბეებში იტენიან.
- წყალი დაწყდება, ყველამ დროზე მოიმარაგეთ!
აღარ წამოვა ონკანიდან, წყალსაცავები დაიცლება, ახალი წყალი აღარ ჩავა, ვეღარ აავსებს.
მდინარეები დაშრებაო, ტელევიზიით გამოაცხადეს,
ყველა არხი ამას ამბობს, ყველა გაზეთი ამაზე წერს:
გაუწყლოვნება დაგვეწყება, წყურვილი გველის!
- ყველამ, ვისაც რა ჭურჭელი აქვს სახლში, წყლით აავსეთ, ცარიელი ბოთლები მოზიდეთ და ონკანებს შეუშვირეთ. როცა ჭურჭელი გამოილევა, პირდაპირ ონკანიდან დალიეთ, ისე, რომ ერთი წვეთიც არ დაგეღვაროთ. იმდენი დალიეთ, რამდენსაც თქვენი მუცელი დაიტევს. ადამიანის სხეულიც ჭურჭელია!
- ჭურჭელი მალე გამოგველია, ოთახის ყვავილებიც კი გადავყარეთ მიწებიანად და ქოთნები წყლით ავავსეთ. იატაკზე ფეხის დასადგმელი ადგილი აღარაა, ყველგან წლით სავსე ჭურჭელი დგას. სახლები წყალსაცავებად იქცა. მერე წყლის სმა დავიწყეთ, ონკანს ტუჩები შემოვარტყით, წყალი რომ არ დაგვწვეთებოდა და ისე ვსვამდით. იმდენი წყალი დაილია, ზღვებს დააშრობდა. ზოგმა შარდვაზე თქვა უარი, - შევიკავებ და როცა წყალი გათავდება, ერთად მოვშარდავ და გავფილტრავ, კვლავ წყლად რომ იქცესო. საღამოს უკვე ექიმებმა შემოჰკრეს განგაშს: ამდენ წყალს ნუ სვამთ! არ შეიკავოთ შარდი, შარდის ბუშტი გაგისკდებათ, თირკმელები გაგეთიშებათ! ამასობაში უკვე ასობით ადამიანი წყლის სმით დაიხრჩო.
- დაიწყო! წყალი შეწყდა, უწყლოობა დაიწყო!
წყალი აღარ მოდის, წყალს ვეღარ დავლევთ, წყურვილი დაიწყო! წყალსაცავიდან ბოლო წვეთები გაუყვა მილებს და ონკანიდან ჩამოიღვენთა. ყველა მილი ცარიელია და დაჟანგებას იწყებს.
მალე ჟანგი მოედება ჩვენს ხელებს და სახის კანი დაჟანგულ რკინასავით ჩამოიფშვნება.
- რაღა აზრი აქვს წყლის აღებას, ან უზომოდ სმას, თუ წყალი სამუდამოდ დაწყდება? ბევრ წყალს თუ დავლევთ, წყალი აღარ დაშრება? ისევ წამოვა? თუ ჩვენს სიცოცხლეს ერთი დღით, კვირით გავიხანგრძლივებთ, განა ამითი რა შეიცვლება? გაუწყლოვნება არ აგვცდება, სიკვდილი გამომშრალ ყელზე დაგვადგება. ყოველი ყლუპით ჩვენი სიცოცხლე მცირდება და ტანჯვა ხანგრძლივდება. მეტი დღე, მეტი წამებაა, ყოველი წუთი გულს გვიწვავს და სულს გვიხუთავს.
- როცა წყლის ბოლო წვეთს გადავყლაპავთ, სიცოცხლეს უწყლოდ დავინახავთ, მისი მთავარი ელემენტის გარეშე. წყლის წასვლით სიცოცხლე მიდის და ჩვენ ვიქნებით პირველები და ერთადერთნი, ვინც იმ მოკლე მანძილს ყოფნასა და არყოფნას შორის შენელებული ნაბიჯით გაივლის, სიცოცხლის ნელ ხმობას და გაქრობას დაინახავს და მასთან ერთად საკუთარი აორთქლების მომსწრეც იქნება. რადგან ყველა ერთბაშად დავიხოცებით, მთელი სამყარო საიქიოდ გადაიქცევა და მაშინ ლეთეც დაშრება და საიქიო და სააქაოც გამთლიანდება ერთ საიქაქაოდ.
- გაიგეთ, ლეთე დამშრალაო! ლეთეს დაშრობას გამოუწვევია წყლის გაქრობა, მთელი წყალი საიქიოში ჩაღვრილა. იქ ალბათ წყალდიდობები აქვთ, მაგრამ საიქიო ხომ სააქაოზე ბევრად დიდია და მთელი ჩვენი წყალი ღვარცოფადაც რომ მიაწყდეს, ბევრი-ბევრი ტენიანობამ მოიმატოს საიქიოში. მოკვლით მაინც ვერავის მოკლავს, იქ ხომ ისედაც ყველა მკვდარია. მაგრამ თუ ლეთე აღარ იქნა, ჩვენ როგორ უნდა მოვკვდეთ? როგორ მოვხვდებით საიქიოში?
- ნუ გეშინიათ, ხალხნო, ნუ შფოთავთ! დრო საკმაო გვაქვს, სანამ წყლის მარაგს გამოვცლიდეთ, ჭკუა დავძაბოთ, გამოსავალი იქნებ აქვეა და ვერც კი ვხვდებით. ჩვენი გონება შიშმა მოიცვა. შიში და კვნესა ასეთ დროს მხოლოდ ფუფუნებაა. ასე ადვილად ხელს ნუ ჩავიქნევთ, სისულელეა დანებება. უბედურებას მუდამ თან ახლავს წინ მიმავალი დიდი ნახტომი. ჩვენ მოვიგონებთ სიცოცხლეს უწყლოდ! წყალი მოძველდა, როდემდე შეიძლება წყლის იმედად ყოფნა? სასაცილოა, უწყლოდ სიცოცხლე რომ არ გვესმის და ისევ ამ ძველ და ყადაღაგასულ ელემენტს რომ ვებღაუჭებით. დროა, უწყლოდ შევძლოთ სიცოცხლე, სიცოცხლის ახალი, უფრო მაღალი ფორმა გამოვიგონოთ, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული ისეთ სასაცილო და მარტივ სითხეზე, როგორიც წყალია. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ამაზე ფიქრი, დაფებს ავსებენ ფორმულებით, მალე ამოხსნას შეძლებენ და მერე ჩვენც სიცოცხლის უფრო მაღალ საფეხურზე გადავინაცვლებთ.
- თენდება, აღმოსავლეთით წითლად ინათა.
ეს სიწითლე, მისი დანახვა რომ გვახარებდა და სიცოცხლეს გვახსენებდა,
დღეს ჩვენ დასაშრობად ამოდის ცაზე,
წყალი რომ ააორთქლოს და მერე საერთოდ შთანთქას,
წვიმად რომ აღარ დაგვიბრუნდეს უკან მიწაზე.
ვერა, ვერ მოგესალმები, მზეო, ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელი რომ იყავი, სხეულებს გვითბობდი, ჯერ კიდევ გუშინ ხასიათს გვიუმჯობესებდა შენი ნათება,
წუხელ ალერსით, მოფერებით ციდან ჩასული, დღეს პირველად მტრად გვიბრუნდები.
შენ ამოსულხარ, რომ სიცოცხლე უკან წაიღო.
- ეს რა ხმა ისმის, რა ხმაურია? რაღაც გუგუნებს, სახლის კედლები ზანზარებენ, მთელი ქალაქი შემზარავ ხმაზე გრგვინავს. ეტყობა, მიწამ პირი გახსნა და თან ჩაგვიტანს. თვალის დახუჭვა ვინც ვერ შეძლო, მათმა კივილმა გააღვიძა, ვისაც ეძინა. ერთად აკივლდა ყველა, ყველა მთელ ხმაზე გაჰკიოდა, შველას ითხოვდა. ასეთ დასასრულს ვინ იფიქრებდა? გვეგონა, წყლის მარაგების დასალევი დრო გვექნებოდა. გამოდის, რომ ტყუილად გვივსია გუშინ ჭურჭელი, ტყუილად ვმდგარვართ მაღაზიის რიგებში, რა აზრი ჰქონდა ამდენ ჯაფას, თუ წყლის დალევას ვეღარ შევძლებდით? თუმცა იქნება სჯობდეს, მიწამ წაგვიღოს, გადაგვყლაპოს, ვიდრე წყურვილმა სიკვდილის მალე მოსვლა გვანატროს?
- მილების ხმაა, წყალი მოსულა მაღალი წნევით, ბოლომდე გახსნილ ონკანებში თქრიალით მოდის. ვინც ონკანები წუხელ ღია დატოვა, დილით ინანა, მაგრამ რა აზრი უნდა ჰქონოდა მათ გადაკეტვას, როცა იცი, რომ წყალი წავიდა და აღარასდროს აღარ წამოვა? ახლა ყველა ონკანს მივარდა და გადაკეტა. მაგრამ წყლის ჭავლმა მილები დახეთქა, კედლები დაბზარა, ქუჩებში იქცა ნიაღვრებად, მთელი ქალაქი დაიტბორა, ყველაფერი წყალმა წაიღო.
- როგორც ჩანს, ჩვენმა აღსასრულმა გადაივადა. წყალი დაბრუნდა, წყურვილისთვის ვერ გაგვიმეტა. ყველა ვზეიმობთ წყალდიდობას, დიდიც, პატარაც ჭყუმპალაობს, წყალს კათხებით სვამს. ეს რა ნათელი დღე გაგვითენდა, რა გემრიელი წყალი მოჩქეფს ონკანებიდან! დღეს ზეიმია, ყველა უფასოდ გასცემს საუზმეს:
- აქეთ მობრძანდით, მე დამეწვიეთ, აი ეს პური დღევანდელი წყლით გამოვაცხე.
ახალი წყლით და ახალი პურით ახალ ცხოვრებას ვეგებებით.
სცენა 3.
სადღაც ქალაქში
პირველი ქორო: რა ამბავია, რას ზეიმობენ? რატომ გამოსულა ქუჩაში ხალხი? რა უხარიათ? ყველა ერთმანეთს შესციცინებს, ყველა იღიმის, - ასეთ სიხარულს რა მიზეზი აქვს? დღესასწაული ყოფილიყოს ამ დროს - არ მახსენდება. იქნება რამე ახალია, ჩვენს არყოფნაში დაწესებული?
- იქნებ ზეიმი ჩვენთვისაა, ჩვენ დასახვედრად? - უხარიათ, რომ უკან ვბრუნდებით. მთელი ქალაქი გამოსულა, პურით და ღვინით გვეგებებიან. ვინც არ ელოდა ჩვენს დაბრუნებას, ვინც სამუდამოდ დაგვემშვიდობა, გაგვაცილა ცხარე ცრემლებით, ახლა აქაა, სიხარულის ცრემლებით გვხვდება.
- აჰა, გაქარწყლდა ყველა ეჭვი, ყველა შიში, რომ ჩვენიანებს ჩვენი დაბრუნება არ გაეხარდებოდათ. როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყო, ეგ რომ იფიქრო, როგორი უჭკუო და უმადური. ტკივილი და კვნესა განშორებისას წინასწარმეტყველებაა იმ სიხარულის, რომელიც დაბრუნებას, კვლავ ერთად ყოფნას დაეუფლება. აი, ვისაც არ სჯეროდა, ვისაც ეჭვი ღრღნიდა, ახლა ხომ ხედავს: ვინც დავტოვეთ, ვისაც გული ვატკინეთ ჩვენი წასვლით, გვპატიობს წყენას და ხელგაშლილი გვეგებება.
- ახალი მიწა და ახალი ცა, ჩვენ რომ გადაღმა მხარეს ვეძებდით, ჩვენი სამშობლო ყოფილა, რომელიც მუდამ მზადაა გულში ჩაგვიკრას დაბრუნებული სახლში შვილები, შეგვინდოს ტკენა, რაც ჩვენი წასვლით მის გულს იარად დავუტოვეთ. ჩვენ სამუდამოდ ვბრუნდებით სახლში, ამიერიდან განშორება აღარ იქნება.
- მე რა მახარებს? საით მივრბივარ? სახლი მე არ მაქვს, არც ოჯახი, არც მეგობარი. ქუჩაში უპატრონო ძაღლიც კი ვერ მცნობს. ჩემთვის - გაღმით-გამოღმით - არაფერი იცვლება. იმედი მქონდა, აქ რაც არ მქონდა, იმ ქვეყნად მაინც ვიპოვნიდი: პატარა ადგილს, სადაც ღამით არ ცივა და დღისით არ ცხელა, პური და წყალიც იმდენია, რომ მშიერ-მწყურვალს სიზმრების ნაცვლად მოჩვენებები არ მეწყებოდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც კი მივხვდი, რომ ვოცნებობდი, ჩემი ოცნება დავიჯერე, გზას დავადექი... თურმე ამაოდ: არც მდინარე და არც გაღმა მხარე, - მხოლოდ გამოღმა ქვეყანაა და სხვა არაფერი.
- ვისაც არ აქვს სახლი, სხვა შეიფარებს მას!
ვინც მოხუცი და დავრდომილია, არ მოაკლდება ზრუნვა, ალერსი.
სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორსაც ვიცნობთ.
მდიდრები და ღარიბები აღარ იქნებიან,
დიდები და პატარები აღარ იქნებიან,
მკვდრები და ცოცხლები აღარ იქნებიან.
- რატომ არავინ გვეგებება? ვერ დაგვინახეს? ყურადღებას არავინ გვაქცევს. ყველა ერთმანეთს ეთამაშება, წყალს აწუწებს, იცინიან, კისკისებენ, ზოგს ხელში ჭიქა უჭირავს, ზოგი პირდაპირ ბოთლიდან სვამს, ცეკვავენ, ყველა მღერის, ვისაც ხმა და სმენა არ აქვს, ისიც მღერის. იქნებ საჩუქარს გვიმზადებენ, - ვითომ ვერ გვამჩნევენ, ვითომ არ ვჩანვართ, უხილავი ვართ. ალბათ უნდათ, რომ მოულოდნელობით გაგვახარონ. მივიდეთ ახლოს, ნუღა ვალოდინებთ!
მეორე ქორო: ამას შეხედეთ, ეს რა ხდება, რა მსვლელობაა? ამდენი ხალხი საიდან მოდის, ან საით მიდის? ვინ არიან? საიდან გაჩნდნენ? ჩვენთან რა უნდათ? მწყობრი ნაბიჯით მოაბიჯებენ, ჩვენკენ მოდიან. იქნებ მტერია, თავზე დაგვატყდა ასე უეცრად, როცა არავის უცხოს არ ველოდით, ზეიმი გვაქვს, გადარჩენას ვზეიმობთ ყველა? რადგან სამყაროს აღსასრული გადაიდო, წყალი დაბრუნდა, წყალს იქნებ მტრობაც მოჰყვა? მტერმაც იხელთა დრო და შემოგვესია. წყურვილთან ერთად მშვიდობა მორჩა. ამიერიდან ომი იწყება. მშვიდობა მუდამ დროებითია, ომი - მარადი. რადგან მშვიდობა დამთავრდა და ომი იწყება, მაშინ ჩვენ მართლაც გადავრჩენილვართ, აღსასრული აღარ დადგება. ომის ყიჟინა გადარჩენის ნიშანია, სიცოცხლე ჩვეულ წესს უბრუნდება!
- მაგრამ წყალი ხომ ყველასთვის დაწყდა? იქნება წყალი მხოლოდ ჩვენთან დაბრუნდა, სხვებთან კი ისევ წყურვილია? სხვებმაც გაიგეს, ჩვენ რომ წყალი გვაქვს და ახლა ყველა ჩვენკენ მოიწევს, წყალი ხომ ყველას უნდა. მაგრამ ყველას თუ დავალევინეთ, ჩვენ რა დაგვრჩება? იქნებ აპირებს ისევ დაწყვეტას, მარაგები ხომ უნდა გვქონდეს? ჩვენ უნდა შევქმნათ გიგანტური წყალსაცავები, საუკუნეზე მეტხანს რომ გვეყოს.
- შეხედეთ, რა უცნაურად აცვიათ და იცქირებიან. ლტოლვილებს ჰგვანან, გვალვას და წყურვილს გამოქცეულებს. ისეთი ჟინიანი გამოხედვა აქვთ, ალბათ სწყურიათ, თან თვალებს ისე აცეცებენ, თითქოს წყლიანი ჭიქის მიწოდებას ელოდებიან.
- მათი ნაკადი არ კლებულობს, თვალი არ წვდება ჰორიზონტზე. რა უნდა ვუყოთ ამდენ ლტოლვილს, თან მშიერ-მწყურვალს, სად შევიფარებთ? ან რა საკვები და სასმელი ეყოფათ? არა, სასწრაფოდ რამე უნდა ვიღონოთ. დროა, ჩვენს სახლებს მივაშუროთ, კარები კარგად გადავრაზოთ, სახლში გავმაგრდეთ. ერთი მაინც თუ შემოვუშვით, მას სხვაც მოჰყვება, უცხო ჩვენს სახლ-კარს მიიტაცებს, ჩვენს ქვეყანას დაეუფლება, ადგილს წაგვართმევს. თავად გავხდებით ლტოლვილები, უსახლკარონი.
- წავიდეთ, დროა, გაგვიგრძელდა ზეიმი და დროის ტარება. სახლებს მივხედოთ, საქმეები არ დავივიწყოთ. დროულად რამე თუ არ ვიღონეთ, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, წყურვილი მოგვკლავს, თუ ეს მომხდური უცხო თესლი გადაგვთელავს და ჩვენს მიწა-წყალს დაისაკუთრებს?
- განსაცდელი არსად წასულა, მან მხოლოდ სახე იცვალა. თუ გუშინ უწყლოობას უნდა გავეჟლიტეთ, სიცოცხლე უნდა გამქრალიყო, როგორც ოდესღაც არსაიდან გაჩნდა, - ჩვენს პირად სიკვდილს სიცოცხლის აღსასრული გადაფარავდა, ჩვენთან ერთად სამყაროც დასრულდებოდა. ჩვენ სიამაყით შევაბიჯებდით არყოფნაში, როგორც ბოლო ჟამის მოწმენი... დღეს კი უგვანო, უცხო ტომის ხელით გველის გასრესა, სახის დაკარგვა, გადაჯიშება, სირცხვილით წაშლა ისტორიიდან. დღეს განსაცდელი უფრო დიდია. შეცდომას აწმყო არ გვაპატიებს, არც მომავალი.
- ახლა სასწრაფოდ სახლებში წასვლის დროა, კარების ჩარაზვის, ფანჯრებზე ფარდის ჩამოფარების. გარეთ ნურავინ გაიხედავს, მზის ამოსვლამდე ფეხი არ გავდგათ, სახლებში ყველამ ერთმანეთი გავაკონტროლოთ, მცირე შეცდომა საბედისწერო რომ არ აღმოჩნდეს!
პირველი ქორო: რა უცნაური დახვედრაა, რა ჯამბაზობა? ნუთუ ზნე-ჩვევა შეიცვალა ჩვენს არყოფნაში? ჯერ ზეიმობდნენ, დღესასწაული გაგვიმართეს, ქუჩები მორთეს, ცეკვა-სიმღერით შეგვეგებნენ, მერე უცბად დადუმდნენ, შეიცხადეს, როცა თვალები ჩვენკენ მომართეს, მოგვაშტერდნენ. მერე მდუმარედ დაიშალნენ, სადღაც გაიქცნენ, გაიფანტნენ, მიმოვიხედე და ირგვლივ არავინ იყო. ისე წავიდნენ, წყალიც კი არავის შემოუთავაზებია. რაღაც უაზრო სპექტაკლსა ჰგავს, უგემოვნოს და უშინაარსოს. ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი გემოვნების ცვლილებას, დროს თან რომ მოაქვს.
- საღამოვდება, ზეიმი მორჩა, აქ რაღას ვუცდით? ამხელა გზა იმისთვის ხომ არ გამოვიარეთ, რომ ქუჩა-ქუჩა ვიხეტიალოთ? დროა, წავიდეთ, დავუბრუნდეთ მონატრებულ ოჯახს და კერას. მოსაყოლად და სალაპარაკოდ ეს ერთი ღამე არც გვეყოფა. ჩვენც დავიღალეთ, ისინიც დაღლილები იქნებიან იმ უცნაური სანახაობით, ჩვენ დასახვედრად რომ გამართეს, თავი და ბოლო რომ ვერ გავუგეთ. ალბათ იმიტომ გაიქცნენ სახლში, რომ დამშეულებს სუფრა გაგვიწყონ, ვახშამი დროზე გაგვიმზადონ. ჩვენც ნუღა ვკარგავთ დროს, ნუ ვაყოვნებთ.
- ვისაც არა გვაქვს არც სახლი და არც მყუდრო თავშესაფარი, დაღლილებს სადმე რომ შეგვეძლოს თვალის მოხუჭვა, არც წყლის და საჭმლის მომწოდებელი, ჩვენ სად წავიდეთ, ვის მივმართოთ, ვის ვთხოვოთ შველა? ჩვენ რას გვიპირებთ, ვისაც სახლი და ოჯახი გყავთ, გვერდში დგომას და უპატრონოდ არდატოვებას რომ გვპირდებოდით?
- რა დროს ასეთი წვრილმანებია, როცა დღეს ისტორია თავის წრებრუნვას გაარღვევს და კალაპოტს იცვლის. ჩვენ პირველები დავბრუნდით უკან. ჩვენამდე ვინც კი წასული იყო, უკან არასდროს დაბრუნებულა. წასვლა და უკან არდაბრუნება იქცა კანონად და ყველას რწმენად, ისე, რომ ერთხელაც არავის უცდია გადამოწმება. აი, თუ არ ყოფილა შესაძლებელი! ჩვენ ეს ცრურწმენა დავანგრიეთ. ამიერიდან, ყველა წიგნი ხელახლა დასაწერია, ყველა მოძღვრება თავიდან შესაქმნელი. ჩვენ ახალი სამყაროს კარიბჭესთან ვართ, ისტორიას ხელახლა ვიწყებთ. ასეთ დროს კიდევ ერთი ღამის გარეთ გათევა, რასაც ისედაც მიჩვეული ხარ მთელი ცხოვრება, არავისთვის არ უნდა იყოს დიდი პრობლემა.
- აჰა, წავიდნენ, დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს. ჩვენ დავრჩით მარტო, ვისაც არ ახსოვს არც საბნის სითბო და არც ფუსფუსი სამზარეულოს მაგიდასთან, არც სადილის წინ ხელის დაბანა. არც ამ ქვეყნად და არც გადაღმა ჩვენთვის არავინ არ გააღებს სახლის კარს და არც ფანჯრიდან ხელს დაგვიქნევენ, როცა ქუჩაში თავჩაქინდრული ჩავივლით და ტროტუარს დავაკვირდებით, იქნება სადმე დაგდებული ფული ვიპოვოთ, ან საჭმლის ნარჩენს მივაკვლიოთ ნაგავსაყრელზე, რომ კიდევ ერთი დღე გავძლოთ ყოფნა. ჩვენთვის - იქაც და აქაც - კარი ყველგან დაკეტილია.
- სახლშიც და გარეთ ნათურების შუქი აინთო,
ზოგი დაწვება, დაიძინებს, ადრე რომ ადგეს, მზის ამოსვლას რომ უყუროს,
ზოგს ძილი არ ეწვევა გათენებამდე,
ზოგს უძილობა მოკლავს, ზოგი ძილში გაიპარება,
მაგრამ ამაღამ ვერც უძილო, ვეღარც მძინარე ვეღარსად წავა
და ვინც წავიდა, ისიც უკან გამობრუნდება.
სცენა 4.
სახლის კარებთან, სახლებში. ორივე ქორო ერთმანეთს ენაცვლება
- რა ხმაურია? ვინ აკაკუნებს, ასე გვიან სტუმარს ვინ ელის? მალე დაწოლას ვაპირებდი, ხელ-პირს ვიბანდი დაძინების წინ, კბილები უნდა გამომეხეხა. ამ დროს ტელეფონის ზარიც კი მაფრთხობს, არათუ კარზე კაკუნი. ხელები მითრთის, გული მაქვს ცუდად, წყალი უნდა დავლიო. გუშინდელი დღე და ღამე როგორ გადავიტანე, ის მიკვირს. ეგეც არ ვიცი, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი. ამბობდნენ, მეხი უნდა დაგვეცესო, ალბათ იმხელა, მთელ ქვეყანას რომ გადაბუგავდა. ეს ამდენი წყალი საიდან გაჩნდა? მთელი სახლი წყლითაა სავსე, ყველგან პირამდე სავსე წყლის ჭურჭელი დგას. ალბათ იმდენი იწვიმა, რომ ყველაფერი წყლით გაივსო. გამოდის, რომ წარღვნა იყო, წარღვნაც ხომ წვიმით იწყება. კი, ნამდვილად, წარღვნა იყო და გადაიარა - ეს წყალი წარღვნის ნარჩენებია - და ჩვენ გადავრჩით. მაგრამ იქნებ არ გადაუვლია და კიდევ მოვა? იქნებ ეს პირველი ტალღა იყო და ყველაფერი ისევ წინ არის? ყველა კარი და ფანჯარა კარგად უნდა გადავკეტო, ყველა ჭუჭრუტანა ამოვავსო, წყალი რომ არ შემოვიდეს. რა ხმაურია? უკვე დაიწყო? მე რომ კაკუნის ხმა მეგონა, წარღვნა ყოფილა, წყლის ერთი ტალღა შემოვარდა და ჩემი სახლის კარს მოასკდა.
- კარი გამიღეთ, ეს მე ვარ, თქვენი შვილი. ვერ ავიტანე უთქვენობა და გამოვბრუნდი. არც მივსულვარ იმ ქვეყნამდე, სადაც გამიშვით, შუაგზიდანვე გამოვბრუნდი, ვეღარ გავძელი. რომ გვასწავლიდნენ, იქ წასულები არ ბრუნდებიანო, მცდარი აღმოჩნდა. ჩემთან ერთად სხვა უამრავი წამოვიდა, ერთად დავბრუნდით. გადავიფიქრეთ სამუდამოდ გადახვეწა, სახლში მოგვინდა, უცხოობაში ყოფნამ დაგვღალა. მივხვდი, უთქვენოდ არც ყოფნა მინდა, არც არყოფნა, ყველაფერმა აზრი დაკარგა. ახლა აქა ვარ, ჩემი ოჯახის სახლის კართან და პატიებას გთხოვთ იმ ცრემლებისთვის, ჩემი წასვლის გამო რომ დაღვარეთ. პირობას გაძლევთ, თითოეულ წვეთს მარგალიტებად დაგიბრუნებთ!
- ვიღაცა კარზე აკაკუნებს, შემოშვებას გვთხოვს. ამბობს, თქვენი შვილი ვარო, უთქვენოდ ვეღარ გავძელი და დაგიბრუნდითო. ამიერიდან სულ თქვენთან ყოფნას ვაპირებო, მეტი არასდროს მიგატოვებთო.
- ამ ხალხმა სინდისი ასე როგორ დაკარგა? სიცრუეს ისე კადრულობენ, წარბიც არ შეერხევათ. წახდა ქვეყანა, ტყუილმა და თვალთმაქცობამ მოიცვა ყველა. ამდენი უცხო თავს დაგვატყდა, ახლა ქალაქში დათარეშობენ, რამდენს ბედავენ, უკვე სახლებში გვივარდებიან.
- უტიფრად ცრუობ, სულ დაკარგე სირცხვილი და არც სინდისი გაწუხებს! ჩვენ არ გვყავს შვილი სხვაგან წასული, ჩვენი შვილი არსად წასულა. აღარ გაბედო მეორედ მოსვლა, თორემ განანებ, შენი დანდობა არ იქნება, წადი აქედან!
- ჩემო შვილებო, დაგიბრუნდათ წასული დედა. როგორ მეგონა, დავივიწყებდი თქვენგან წასვლის, განშორების სევდას და ტკივილს, ამბობენ, ერთი ყლუპი მდინარის წყალიც საკმარისია, ყველა იარა მოგირჩება, მონატრებაც კი გადაგივლის, მაგრამ, ნუ იტყვი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა: არც მდინარე არ ყოფილა ამ ქვეყნის საზღვრად, არც მის გადაღმა - სხვა ქვეყანა. მეც წამოვედი, სამუდამოდ რომ ვიყო თქვენთან. დანარჩენს მერე მოგიყვებით, როცა შემოვალ. ნუღა აყოვნებთ, დაღლილი ვარ, მომენატრა საწოლში წოლა.
- ვიღაც მოხუცი ქალი დგას გარეთ, შემომიშვითო, გვეხვეწება თბილი სიტყვებით. ალბათ სახლ-კარი არ აქვს და ცივა. ძველ მოსასხამს და ცოტა ფულს მივცემ, ერთ ბოთლ წყალს და ვახშმის ნარჩენს.
- მერე წასვლა რომ აღარ მოუნდეს და შემოგვეჩვიოს? გვინდა ყოველდღე კართან მდგომი მოხუცი ქალი გვეუბნებოდეს, რომ დედაჩვენია?
- ალბათ გონება აერია სიბერისაგან, მაგრამ საშიში არ უნდა იყოს. უსახლკაროა უბედური, ყურადღება და სითბო ითხოვს. ვნახოთ, ვაცადოთ ერთი-ორი დღე, თუ კიდევ მოვა, მაშინ ოთახიც მოვუძებნოთ ქვედა სართულზე, სახლში ადგილი საკმარისი გვაქვს. სადაც ძაღლები და კატები გვყავს, იქაც ერთი მოხუცის შეფარებით არაფერი არ დაგვაკლდება.
- გამიღეთ კარი, გთხოვთ, შემომიშვით! განა ასეთი რა გაწყენინეთ, რომ ვერ მპატიობთ, სახლში არ მიშვებთ? ხომ ხედავთ, დავბრუნდი, მივხვდი, რომ არ მინდა, არ შემიძლია უთქვენოდ ყოფნა. კარი გამიღეთ, აღარსად წავალ, არსად, თქვენ გარდა, წასასვლელი მე არ მაქვს.
- ვინ ხარ? რა გინდა? რატომ მოხვედი? რატომ არ გვასვენებ? შემოპარვა გინდა, სახლში გვივარდები. გვესმის, რომ უსახლკარო ხარ, გამოქცეული შენი ქვეყნიდან. არ ვიცით აქ რამ მოგიყვანა, რატომ დატოვე სამშობლო, ანდა ჩვენამდე როგორ ჩამოაღწიე. ნუ ითხოვ ჩვენგან, უმალვე სახლში შემოგიშვათ და ოჯახის წევრად მიგიღოთ. შენ თუ გასაჭირში ხარ, ამიტომ ჩვენც გასაჭირში ხომ არ უნდა ჩავცვივდეთ? შენი სახელი არავინ ვიცით, ვინ ხარ, რა განზრახვით მოდიხარ, თავში რა აზრი გიტრიალებს? - არავინ იცის. უმჯობესია, უკან გაბრუნდე, მშვიდობიანად გაგვეცალო. თუ სახლი არ გაქვს, ახალგაზრდა ხარ, კიდევ მოასწრებ მის აშენებას.
- ხალხნო, დროა, ყველამ იარაღი ავისხათ! მტერი მოსულა, უკვე ქუჩებში დათარეშობს, კარზე მოგვადგა. თავისი ნებით ის არ წავა, ჩვენი სახლების მიტაცება სურს, ჩვენი განდევნა, საკუთარი სამშობლოდან გაძევება, ლტოლვილად ქცევა. ახლა სახლებში გამოკეტვა ვეღარ გვიშველის, ვეღარ დაგვიცავს ვერც კედლები, ვერც რკინის კარი! მტერს იარაღით ხელში დავხვდეთ, სხვა გზა არ არის!
- პატარა ბავშვს ვხედავ, პატარა გოგოს, ხუთი-ექვსი წლის, ან იქნებ შვიდის. ხან კარზე მიკაკუნებს, ხან ფანჯარაში თავს შემოყოფს და მეუბნება:
- დედა, გამიღე კარი, დავბრუნდი. ქუჩაში ბნელა და მეშინია, დედა, სახლში შემომიშვი, გარეთ არ მინდა.
- ნუთუ გავგიჟდი, შევიშალე, მოჩვენებები დამეწო? თან ხმაც რომ გესმის - ეს ხომ სიგიჟის ნიშანია? პატარა გოგო კარს აღებს და სახლში შემოდის...
- დედა, რად წევხარ იატაკზე? ყოველთვის მეუბნებოდი, რომ იატაკზე წოლა არ შეიძლება, რომ გავცივდები. კიდევ საწოლის ქვეშ ძრომას მიკრძალავდი. რატომ წევხარ და ხმას არა მცემ? მე ისევ სახლში ყოფნა მინდა, ჩემი ოთახი მომენატრა, ჩემი თოჯინა. არსად წასვლა მე არ მინდოდა, პირობას გაძლევ, საწოლის ქვეშ აღარასდროს შევძვრები და რასაც მეტყვი, დაგიჯერებ.
- წადი, ვინა ხარ, რა გინდა ჩემგან? რა ხდება ჩემს თავს? სადა ვარ? ვინ ვარ? რა დამემართა?
მხოლოდ მეორე ქორო:
- მგონი წავიდა, უკან მიდის, იქნებ გვეშველა და გადავრჩით? მეგონა, სახლში გვივარდებოდა, მაგრამ გაბრუნდა, მიხვდა, რომ ვერ მოგვატყუებდა და გზას გაუდგა. ახლა უკვე შეგვიძლია მშვიდად დავწვეთ და შუქი ჩავაქროთ. შენ არ მოდიხარ?
- მე არ მოვდივარ? სად უნდა წამოვიდე? საით მიგყავარ? ან ვინ ხარ? სახეზე ვერ გცნობ. არც შენი ხმაა ჩემთვის ნაცნობი. აქ საიდან გაჩნდი? კარი ხომ ჩარაზულია.
- მე ჩემ სახლში ვარ, შენ თვითონ ვინ ხარ? არც მე მეცნობი. აქ რატომ ხარ? ვიცნობთ ერთმანეთს?
- მე შენ არ გიცნობ, ვინ ხარ? სახელი არ გაქვს?
- ჩემი სახელი? მე მქვია... მე მქვია... რა მქვია მე? შენ არ იცი, მე რა მქვია? ვინმემ ხომ არ იცით, რა მქვია? რა დამემართა? მითხარით, ვინ ვარ!
- არა, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ სახელი გაქვს, იმიტომ, რომ მეც მაქვს. მეც ხომ მაქვს სახელი? შენ იცი ჩემი სახელი?
- არა, არ ვიცი. არც შენ არ გახსოვს, რა სახელი გაქვს? იქნებ რამე შეიცვალა და ამიერიდან სახელები აღარ გვერქმევა?
- კი, კი, გაუქმდა სახელები. ახლახან მაგაზე არ იყო დიდი ამბები? გახსოვს, შფოთავდა ხალხი, გარეთ გარბოდა. აღარ იცოდა, ვის რა ერქვა, ერთმანეთისთვის როგორ მიემართა. ყველა გაიქცა, ხედავ ქუჩაში რამდენი დარბის?
- მემგონი, სახელები გაგვექცნენ, მიგვატოვეს. ალბათ როცა გვეძინა, მაშინ გაგვეპარნენ. ახლა აღარავის გვაქვს სახელი, უსახელოდ დავრჩით და აღარ ვიცით, ვინ ვართ. იქნებ ეს ხალხი, ქუჩაში რომ დაეხეტება, გაქცეულ სახელებს ეძებს?
- იქნებ ჩვენც უნდა წავიდეთ, ვნახოთ რა ხდება? ამდენი ხალხი ტყუილად არ გამოვიდოდა ამ დროს ქუჩაში.
- წავიდეთ ჩქარა, ვერ ხედავ, გასაქცევად გვაქვს საქმე. დროზე, ვიჩქაროთ, რაღაც ხდება ქუჩაში, ხალხი მატულობს, ჩვენც წავიდეთ, არ გამოვაკლდეთ, არ დაგვაგვიანდეს.
სცენა 5.
სადღაც ქალაქში
პირველი ქორო: ერთად შევგროვდეთ, ერთმანეთს მაინც ნუ დავკარგავთ,
ვინც არ მიგვიღო არც გაღმა მხარემ, არ მიგვიკარა სამუდამოდ გამგზავრებულნი,
არც სამშობლომ და ოჯახებმა დაბრუნებულებს აღარ გაგვიღო ჩვენ სახლის კარი.
ჩვენთვის მდინარე ლეთეც დაშრა, ჩვენი მეგზურიც დაიკარგა, ქარონი გაქრა, ვერ შევაბიჯეთ აღთქმულ მხარეში, საიქიომ აღარ მიგვიღო, რკინის ჭიშკარი გადარაზა,
გარეთ დაგვტოვა წყურვილისგან ძალმიხდილები.
ჩვენ ვერ დავლიეთ ლეთეს წყალი, არ დაგვიოკდა ჩვენი წყურვილი ცოცხლად ყოფნისა,
არ დაგვავიწყდა, რომ გვქონდა სახლი, ვინ ვიყავით და რა იყო ჩვენი სახელი.
ვერ გავუძელით მონატრებას, უკან დავბრუნდით, დავუბრუნდით ოჯახებს, ყველას, ვინც ცრემლები გამოგვაყოლა.
გვეგონა, გაუხარდებოდათ ჩვენი დანახვა.
მათ არ მიგვიღეს, გამოგვყარეს, ზურგი გვაქციეს.
პირი შეკრეს, - ვერა გცნობთო, ვინ მოგიხმოთო - გვემუქრებოდნენ, გაგვეცალეთო, თორემ განანებთ!
ერთად შევგროვდეთ, ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და მტკიცედ დავდგეთ, ვისი სამშობლო აღარც გაღმაა, აღარც გამოღმა,
ახლა ჩვენ ვართ ერთი სისხლი, ერთი გვარ-ტომი,
ვინც სააქაო დაკარგა და საიქიოს ვეღარ მიაგნო.
- რა ჩოჩქოლია? ამ შუაღამეს ხალხი სახლიდან რატომ გამოდის? საით მირბიან, სად ეჩქარებათ ასე გვიან? ვის გაურბიან, ან ვის მისდევენ? იქნება გული შემოუბრუნდათ და ჩვენ გვეძებენ? ვინ დაიჯერებს, რომ დავავიწყდით და ვეღარ გვიცნეს? აღარც ხუმრობას ეს არ ჰგავდა და არც გონებამახვილ თამაშს.
იქნება მიხვდნენ, დაიჯერეს, რომ მართლა ჩვენ ვართ, არ ვეჩვენებით?
- განა ჩვენც ასე არ გვეგონა? ასე ვიცოდით, რომ წასული უკან არ მოვა, საიქიოს გზა ცალმხრივია. ხომ დავცინებდით, ვინმეს რომ ეთქვა, „ლეთე გადმოღმა გადმოვცურეო, უკან დავბრუნდი“?
ჩვენ პირველებმა გავიარეთ ორჯერ ამ გზაზე, ლეთე თვალითაც არ გვინახავს, არც საიქიო დაგვხვდა ადგილზე. ვინ იცის, იქნებ საიქიოც დაიხურა, მკვდრებით ისე გადაიტვირთა, რომ ადგილები აღარ დარჩა. რა უნდა გვექნა? დამშრალი ლეთეს კალაპოტში ხომ არ ჩავსახლდებოდით? სხვა რა გზა იყო, უკან დავბრუნდით. ახლა ხომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერ გვიცნეს, არ დაიჯერეს, რომ ჩვენ ვიყავით, ალბათ იფიქრეს, გვეჩვენებაო, ან ვიღაცა ბოროტად ხუმრობს. მოდით, მივიდეთ და მოვუყვეთ, რაც თავს გადაგვხდა, მშვიდად ავუხსნათ, რომ მართლა ჩვენ ვართ, არ ვეჩვენებით.
- სხვა რაღა გზა გვაქვს, მივიდეთ, ვცადოთ, ერთად რომ ვეტყვით, იქნებ უკეთ გაგვიგონ და დაიჯერონ. ძნელი იქნება, გაუჭირდებათ დაჯერება, ჩვენ თვითონაც ხომ გვიკვირს, რაც მოხდა. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდით, როცა მდინარე დამშრალი დაგვხვდა. არც საიქიო, მისი ჭიშკარი, არც ვინმე მცველი, ან მსაჯული მისადგომებთან. რას ვიფიქრებდით, როცა მოვკვდით, რომ საიქიო არ იქნებოდა? იქნებ არც არასდროს უარსებია? არც უწინდელი მკვდრები წასულან სადმე და სადაც იყვნენ, იქვე არიან? ჩვენ თუ დავბრუნდით, ისინიც დიდი ხნის წინ დაბრუნდებოდნენ. სიკვდილი სხვაგან წასვლას რატომ ნიშნავს? და თუკი ცოცხლებს შეუძლიათ აქ ცხოვრება, ჩვენ ვინ დაგვიშლის? ვის აქვს უფლება, აგვიკრძალოს ჩვენი აქ ყოფნა?
- მოდით, მივიდეთ, ვნახოთ, რა ხდება, საით გარბიან. ისეთი პირი უჩანს, ყველა ერთად უნდა იკრიბებოდეს. უნდა გავიგოთ, რაზე აქვთ ბჭობა. იქნება მართლა ჩვენი მიღება სურთ, შემორიგება. ან იქნებ რამე მტრულს გეგმავენ, თავიდან როგორ მოგვიცილონ, სამუდამოდ როგორ გაგვყარონ. ვინ იცის, იქნებ ეშინიათ, რომ ჩვენს დანატოვარს, მემკვიდრეობით მათ რომ ერგოთ, უკან მოვითხოვთ?
- ჰოდა ავუხსნათ, რომ არაფერს ჩვენ აღარ ვითხოვთ, არც საჭმელს-სასმელს, არც ტანსაცმელი ჩვენი არ ცვდება. ფული, ქონება - ჩვენთვის აღარაა საჭირო, არცერთ ნივთს ჩვენ არ მოვიხმართ, არაფერში წილი არ გვინდა. მხოლოდ ჩვენს ადგილს ვითხოვთ, რაც ადრე გვქონდა, იმათთან ახლოს ყოფნას, ვინც გვიყვარდა, ვინც ჩვენიანად გვეგულებოდა. მივიდეთ და ავუხსნათ კარგად, რომ არაფერში არ ვეცილებით, მხოლოდ გამოადგებათ, თუკი მათ გვერდით ვიქნებით.
- რამდენი ხალხი შეკრებილა?! მთელი ქალაქი აქ დგას! ასეთი დიდი თავყრილობა არსად მინახავს, ყველა ქუჩა და მოედანი გაივსო. კიდევ კარგი, რომ წამოვედით, ძალიან დიდი ამბავი უნდა იყოს, უკლებლივ ყველა, ვისაც კი ფეხის გადადგმა არ უჭირს, აქაა. ცხადზე ცხადია, დღეს, აქ ჩვენი ბედი სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. დღეს აქ სამყაროს ბედი წყდება, ახალი ხანა იწყება, პირველი დღე საიქიოს და სააქაოს გარეშე! ცოცხალიც, მკვდარიც - ყველა ერთად ვართ!
- ნუ ავჩქარდებით, შეცდომების უფლება არ გვაქვს. ყველა ფუსფუსებს, არავინ დგას ჩუმად, შფოთავენ, კრთიან, მღელვარება ტალღებად მოდის. მათ სახეებზე განგაშია. ახლოს მივიდეთ, ყური დავუგდოთ, გავიგოთ რა სჭირთ. მერე ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ.
მეორე ქორო:
- რა შავ დღეში ვართ? ვინმემ გაგვაგებინეთ, რა ხდება ჩვენს თავს! რატომ არ მახსოვს, ვინ ვარ? ან შენ ვინ ხარ? ან შენ? შენ?
- რატომ აღარ გვაქვს სახელები? მართლა გაუქმდა? თუ გაგვექცნენ? შეიძლება, სახელი მართლა გაგვექცეს? როგორ გავიგოთ?
- თუ სწორად მახსოვს, სახელის წასვლა რაღაცას ნიშნავს.
- მე ვიცი: სიკვდილს! ადამიანი რომ კვდება, პირიდან სახელი ამოსდის და მისგან გარბის.
- შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ მკვდრები ვართ? როდისღა მოვკვდით? რატომ ვერ ვიგრძენით, რომ ვკვდებოდით?
- ვის ამოგივიდათ პირიდან სახელი? თუ ვინმე იტყვის, რომ პირიდან სახელი ამოუვიდა, მაშინ დავიჯერებ, რომ მეც ამომივიდა და ვერ შევამჩნიე. ალბათ, მაგ დროს უკვე მეძინა.
- სახელი არა, მაგრამ მახსოვს, სხვა რამ ამოვიდა პირიდან. შავი ყურძენი იყო, სათითაოდ მახსოვს ყოველი მარცვლის გემო. ჩემი კბილების ღეჭვით მარცვლები კი არ იჭყლიტებოდა, არამედ მთლიანდებოდა და ჩემი პირიდან ყურძნის შავი მტევანი ამოიზარდა, მერე პირიდან მომწყდა და სიბნელეში გაუჩინარდა.
- მერე სადაა ის ყურძენი? რატომ გაქრა? საით წავიდა? შენი სახელი ალბათ ყურძნის მტევანში ჩასახლდა, ახლა მას ჰქვია ის, რაც შენ გერქვა, ახლა ისაა, ვინც შენ იყავი.
- მაშინ მე ვინ ვარ? მე მხოლოდ ჩემი სახელი არ მახსოვს, თორემ ისე მე კვლავაც ის ვარ, ვინც ვიყავი, ყურძნის მტევნად კი არ გადავქცეულვარ.
- რა დროს სახელებია, რამ გაგაგიჟათ? მთელი ღამეა შვილებს დავეძებ, მთელი ქალაქი შემოვირბინე, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი. ყველა, ვისაც კი ვკითხე, ჩემი შვილი ხომ არა ხარ-თქო, არაო, მითხრა. შვილებს ვეღარ ვცნობ, ისიც არ მახსოვს, ზუსტად რამდენი მყავს. ხან ვითვლი და სამი გამოდის, შემდეგ დათვლაზე ოთხი, იმის შემდეგზე ორის მეტი არ მახსენდება. დანარჩენები სად არიან? იქნებ ვინმემ მომტაცა?
- აქ ვინ მოგვიხმო? ვის ველოდებით? რატომ არავინ არ ჩანს, ვინც გვეტყვის, რა ხდება ჩვენს თავს? რატომ ვართ ყველანი ქუჩაში, რატომ ვართ გარეთ? ღამით ხომ სახლში უნდა ვიყოთ, უნდა გვეძინოს? გარეთ ხომ ცივა და საწოლებიც არსადაა.
- მე არსად წავალ, სანამ არ მეტყვით, აქ რატომ ვარ, ვინ მომიყვანა?! მე ჩემი ნებით არ მოვსულვარ, უკვე დაწოლას ვაპირებდი, მაგრამ უეცრად აქ აღმოვჩნდი. ალბათ ვიღაცამ მომიტაცა, თვითონ კი გაქრა, მიმატოვა, ბედის ანაბარა დამტოვა.
- გულში ისრები მერჭობა და სუნთქვა მეკვრის. მკერდზე თითებს რომ ვიდებ, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის და მე ვიცი, რომ ეს სიყვარულს ნიშნავს. მე პაემანზე გამოვედი, შეყვარებული გარეთ მელოდა. მთელი ღამეა დავეძებ და ვერ მიპოვია. ნუთუ არავის დაუნახავს? ყველას სახეზე ვაკვირდები. ამდენი ხალხი ირევა გარეთ, მაგრამ მის სახეს ვერ ვპოულობ... ვერ ვიხსენებ მე მის სახეს. აღარც ის მახსოვს, სად დავუთქვი მე მას შეხვედრა. აქ რომ აღმოვჩნდი, ვერ ვიხსენებ, ვის სანახავად მივდიოდი.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამიერიდან შეყვარებულობას შეყვარებული არ დასჭირდება? ჩვენი ბუნება შეიცვალა, აღარაა საჭირო სხვისი ალერსი. ჩვენი თავი ხომ უფრო მეტად გვეყვარება, ვიდრე სხვა, ვიღაც უცხო, - საკუთარ თავსაც უკეთ გავუგებთ. ამიერიდან მარტო ვიქნებით. აღარც სახელი არ გვექნება, აღარც ოჯახი, არც შინაური, მეგობარი, - ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ყველა, ვინც აქ ვართ, ყველა მარტო ვართ, ყველანი ცალკე და აღარასდროს გავმთლიანდებით.
- მთელი გზა ხელიხელჩაკიდული მოვდივართ და ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ საიდანღაც მეცნობით, მაგრამ ვერ გამიხსენებია. მეზობლები ვართ? მე მგონი სადარბაზოდანაც ერთად გამოვედით, არა?
- მეც ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ზუსტად მეც ვერ ვიხსენებ. რადგან ხელიხელჩაკიდებულები ვდგავართ, უნდა ვიფიქროთ, რომ ნაცნობები ვართ. მეც მახსოვს, სადარბაზოს კარის ჭრიალი. თქვენ ალბათ ახალი გადმოსული ხართ ამ სახლში, არა?
- არა, რას ბრძანებთ, მე სულ მანდ ვცხოვრობ, რაც თავი მახსოვს.
- მითხარით თქვენი მისამართი და გეტყვით, თუ მართლა მეზობლები ვართ.
- ჩემი მისამართი? მე ვცხოვრობ... რა მისამართზე ვცხოვრობ? სადაა ჩემი სახლი? იქნებ თქვენ მითხრათ, თქვენ ხომ იცით, საიდან მოვდივართ?
- მეც ვერ ვიხსენებ, სად ვცხოვრობ, სადა დგას ჩემი სახლი, ან ახლა სად ვართ, რა ქალაქია?
- წავიდეთ სახლებში, დავიშალოთ, აქ რატომ ვდგავართ? გამოვიძინოთ და დასვენებულ გონებაზე იქნებ რამე გაგვახსენდეს. რაც უფრო მეტ ხანს ვიდგებით გარეთ, მით უფრო დავიღლებით და უფრო მეტიც დაგვავიწყდება.
- მეც მინდა სახლში, ფეხზე დგომითაც დავიღალე და თან შემცივდა. თვალებს ძლივს ვიმორჩილებ, რომ არ დავხუჭო და ფეხზე მდგარმა არ დავიძინო. მაგრამ არ ვიცი, საით წავიდე, სადა მაქვს სახლი. მარტო ვცხოვრობ, თუ ოჯახი მყავს, ეგეც არ მახსოვს.
- სახლში, სახლში მინდა! ვინმემ წამიყვანოს სახლში! ვინც აქ შეგვყარა, იმანვე უკან დაგვაბრუნოს. ვიღაცამ განზრახ სახლებიდან გამოგვიტყუა, გზა დაგვავიწყა, რომ სახლებისთვის ვეღარ მიგვეგნო. თვითონ ჩვენს სახლებს დაეუფლა, ჩვენ კი დაგვტოვა უსახლკარონი.
- ამიერიდან აღარც სახლი გვაქვს და აღარც სახელი,
ყველაფერი ჩაბარდა წარსულს, რომელიც ყველას დაგვავიწყდა.
არ გვახსოვს, საიდან წამოვედით, სად გვქონდა სახლი.
ისიც არ ვიცით, გვქონდა სახლი თუ თავიდანვე უსახლკაროდ ვიყავით?
ღია ცის ქვეშ გვეძინა და ცაზე ვარსკვლავებს ვითვლიდით.
იმდენად ბევრი დავითვალეთ, ანგარიში აგვერია, თვლა აღარ შეგვეძლო,
გონება დაგვერღვა, რაც ნასწავლი გვქონდა, ყველაფერი დაგვავიწყდა.
ახლა აქ ვდგავართ და საკუთარი თავი ვეღარ გვიცნია.
სცენა 6.
პირველი ქორო: ნეტა რა ხდება? მთელი სამყარო აირია, ყირაზე დადგა, მკვდარი მკვდარს აღარა ჰგავს, ცოცხალი ცოცხალს. ის, რაც ჩვენ უნდა დაგვმართნოდა, როცა ლეთეს წყალს დავლევდით, ცოცხლებს შეემთხვათ, შვილები მშობლებს ვეღარ ცნობენ, მშობლები შვილებს, აღარ იციან ვინ არიან, სახლი სადა აქვთ. ჩვენ კი თითქოს ცოცხლები ვიყოთ, მეხსიერება არ დაგვიკარგავს, გვახსოვს ცოცხლები ვინ ვიყავით, არ დაგვავიწყდა რაც კი ოდესმე გვისწავლია, გაგვიგონია, ანდა გვინახავს. რაც არ გვახსოვდა, დროსთან ერთად გვავიწყდებოდა, ისიც გაგვახსენდა, დაბადებიდან სიკვდილამდე რაც მომხდარა, რაც წაგვიკითხავს, მოგვისმენია - ყველაფერი გვახსოვს. თუმცა რაღა სიკვდილამდე? - სიკვდილის მერეც არ დაგვიკარგავს მეხსიერება. ახლა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ რა გვჭირს, ან ცოცხლებს, ან მკვდრებს რა დაგვემართა.
- განა რა ძალას შეუძლია, მეხსიერება ერთბაშად ყველა ცოცხალს წაართვას? ასეთი არც სნეულება არსებულა, არც იარაღი გამოგონილა, დავიწყების ძალა რომ ჰქონდეს.
- ასეთი მხოლოდ ლეთეს წყალია!
- კი, მხოლოდ ლეთე დაგავიწყებს, რაც კი გცოდნია. საიქიოში ვერ შეაბიჯებ, თუ გახსოვს, ვინ ხარ. ყველაფერი, რაც სიცოცხლეში გადაგხდენია, ლეთეს წყალს მიაქვს.
- მაგრამ ლეთე ხომ უხილავია ცოცხლებისათვის? ვერცერთ რუკაზე მას ვერ ნახავ და რომ მიაგნო, სააქაო უნდა დატოვო, რაც მხოლოდ მკვდრების ხვედრია.
- თუკი ასეა, ჩვენ რატომ ვერ დავლიეთ ლეთეს წყალი? რიყის ქვის მეტი არაფერი ხეობაში ჩვენ არ გვინახავს, ნაკადულიც კი არსად მოწანწკარებდა. თუ ლეთე დაშრა და მკვდრები დავრჩით უსაიქიოდ, მის წყალს ცოცხლები სადღა დალევდნენ?
- შეიძლება ლეთე აორთქლდა. ისეთი გვალვა იყო, რომ მზემ დააშრო. ვის არ უნახავს ზაფხულობით, გვალვიან წლებში დამშრალი მდინარეები? ლეთეც ხომ მდინარეა, ისიც წყალია და ყველა წყალი სიცხეში შრება. დამშრალი წყალი ორთქლად იქცევა და ღრუბლებს წარმოქმნის. ღრუბლები ქარს მიაქვს და წვიმად ჩამოდის. თუ ლეთე აორთქლდა და ღრუბლებად იქცა, რომლებიც ქარმა სააქაოში გამორეკა და წვიმად მოვიდა, ვინც წვიმის წყალი დალია, ლეთე დალია.
- ვინც არ დალია წვიმის წყალი? ვინც სახლში იყო და არ აწვიმდა? ლეთეს წყალი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მას სვამ, - დასველებისგან მეხსიერება ვერ წაიშლება.
- ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, ლეთეს გაქრობით დაიწყო, საიქიოს ვერ მივაგენით, უკან დავბრუნდით, იმაზე მეტი მეხსიერებით, რაც ცოცხლებს გვქონდა, ცოცხლებს კი ისე წაეშალათ, თითქოს ლეთე გადაეცურათ და უკვე გაღმა ნაპირზე იყვნენ გასული.
- ლეთე მხოლოდ წყალი ხომ არაა, გონებას რომ წმენდს მოგონებებისაგან? ის საზღვარია ამქვეყნიურს და მიღმიურს შორის. ლეთე თუ გაქრა, მაშინ არც საიქიო, არც სააქაო აღარ არსებობს, მთელი სამყარო ყირაზე დადგა, ყველა წესი და კანონი ამოტრიალდა, ახლა მკვდრებსა გვაქვს მეხსიერება, ცოცხლებმა კი დაკარგეს. ამიერიდან ვინც ცოცხალია, ჩვენი სამწყემსი, მოსავლელი იქნება მუდამ.
- ეს ყველაფერი მართალია - სამყაროს შეცვლაც, ჩვენი ახალი მდგომარეობაც, მაგრამ ეს ყველაფერი შედეგებია ლეთეს გაქრობის, მიზეზი სხვაა. რატომ გაქრა ლეთე? რატომ ხდება ის, რაც ხდება? - ვერ გაგვიგია. გვალვა და სიცხე ლეთეს ვერასდროს დააშრობდა, ვერ დაწყდებოდა, როგორც ცოცხლების სასმელი წყალი. მისი გაქრობით მთელი სამყარო დაიშლებოდა. ლეთე არ გაქრა, ლეთე ახლაც მოედინება, მხოლოდ ჩვენ თვალი არ გვყოფნის მის დასანახად.
- რა გზას დავადგეთ? ცოცხალთა შორის არავინაა თავის ჭკუაზე, თვით ორაკულმაც აღარ იცის, ვისი ხმა ესმის. არც სწავლულებს, არც მიწის მზომელს ანდა მერწყულს არ შერჩენიათ მეხსიერება, რამე რომ გვითხრან. ვიღას მივმართოთ? როგორ გავიგოთ, რისი შეცნობაც სწავლულებსაც არ შეუძლიათ?
- ლეთე ვიპოვნოთ? - ის არც ღრუბლებიდან ჩანს, არც ყინულოვან მწვერვალის ქვეშ იღებს სათავეს, არც რომელიმე ხელსაწყოთი იზომება მისი დინება.
- თუ ჩვენი ვარაუდი მართალია, რომ ცოცხლებმა ლეთეს წყალი დალიეს, მაშინ მხოლოდ მათ გაიგეს, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ამ საიდუმლოს შეცნობისთვის დაისაჯნენ და წაეშალათ მეხსიერება.
- ჩვენ არ გვჭირდება დახმარება ჭკუადაკარგულ ცოცხლებისგან. განსჯის უნარი და გონება რადგან შემოგვრჩა, ეს საიდუმლოც ჩვენვე უნდა გამოვიცნოთ. თუ ვთანხმდებით, რომ მეხსიერების წაშლა ყველა ცოცხლისთვის მხოლოდ ლეთეს შეეძლო, მაშინ ცხადია, რომ ყველამ ლეთე დალია. მათ არც მდინარე უნახავთ, არც საბანაოდ შეუცურავთ მის მორევებში. ყველას რომ შესძლებოდა მისი დალევა, ლეთე სასმელი წყლის ონკანებში უნდა წამოსულიყო. წავიდეთ, ვნახოთ, რა წყალი მოჩქეფს ონკანებიდან. მერე გავუყვეთ მილებს წყალსაცავისკენ, იქიდან არხებს და ასე მივალთ მდინარემდეც.
- როგორ გავიგოთ, რომ ონკანებში ლეთეს წყალია? ცოცხლები ხომ ისედაც ჭკუაზე აღარ არიან? მაშინ ჩვენ უნდა დავლიოთ ონკანის წყალი, მაგრამ თუ მართლა ლეთე აღმოჩნდება, ყოველ ჩვენგანს წაეშლება მეხსიერება. ამის უფლება დღეს ჩვენ აღარ გვაქვს, ჩვენც თუ დავკარგეთ მეხსიერება, ვინ უპატრონებს მკვდარსა თუ ცოცხალს? ჩვენღა ვართ, ვისაც შესწევს ძალა და ჭკუა ერჩის, ყირაზე დამდგარ სამყაროში თავის ადგილზე დააბრუნოს, რაც აირია, ჩვენ საიქიო გვაპოვნინოს, ცოცხლებს მიხედოს სააქაოში.
- გამოდის, რომ ვინმემ თავი უნდა გაწიროს. წყალი დალიოს და თუ გონება წაერთვა და დაავიწყდა, რაც კი ახსოვდა, დავრწმუნდებით, რომ ლეთეს წყალია. თუ ასე მოხდა, მაშინღა შევძლებთ, გავიგოთ, რა ხდება ჩვენს თავს. მაგრამ ვინ დათმობს, ვინ გაიმეტებს მეხსიერებას? სხვა რაღა დაგვრჩენია საიქიოსთვის ვერმიგნებულ მკვდრებს?
- მე დავლევ და თუ მართლაც ლეთეს წყალი აღმოჩნდა, თუ წამიშალა მეხსიერება, თუ დამავიწყდა, რაც მინახავს და რაც თავზე გადამხდენია, ჩემთვის ამაზე დიდი შვება სხვა არ იქნება. სასიამოვნო სიცოცხლეში მე არ მქონია, მხოლოდ ტკივილი და გაწბილება მიდევს ხსოვნაში. როგორ არ ვცადე დავიწყება, რა ხერხს არ მივმართე, მაგრამ ამაოდ. ბოლო იმედად დამრჩენოდა იმ ქვეყნად წასვლა, სადაც არავის აღარ ახსოვს, რაც წარსულია. როცა სიკვდილი მოახლოვდა, მისი ოდნავაც არ შემეშინდა, იმდენად დიდი იყო სიხარული ლეთეს დალევის, რომ ყველაფერი სამუდამოდ დამვიწყებოდა. მაგრამ თურმე მკვდარს უარესი ბედი მელოდა: არც საიქიო, არც ლეთეს წყალი, სამაგიეროდ გახსენება ყოველი დღის, ყოველი წამის. მე თვითონ მოვკვდი, მაგრამ ჩემი ტკივილები ცოცხალი დარჩა, ყველა სიმწარე ჩემს ხსოვნაში ერთად გაცოცხლდა და ერთად მტანჯავს. ამიტომ, თუ მართლა ლეთე მოჩქეფს ონკანებიდან, გთხოვთ, მის დალევას ნუღარავინ შემეცილება!
- ნახეთ, დალია, ონკანი გახსნა, წყლის ნაკადს პირი შეუშვირა და ისე დაეწაფა, თითქოს წყურვილი ვერ მოეკლა, მთელი წყალსაცავი სურდა დაეშრო.
- წყალი დალია, მოტრიალდა და ხმას არ იღებს, გაკვირვებული სახით გვაკვირდება ხან ერთს, ხან მეორეს, ხან იქით-აქეთ თვალებს აცეცებს.
- გვითხარი რამე, შემოგყურებთ, ყველა შენ გიცდით!
- მე რატომ მიცდით? წყლის დალევა გსურთ? მობრძანდით, მე უკვე დავლიე წყალი. ახლავე წავალ. თუმცა, არ ვიცი, საით მივდივარ, თუ მოვედი, ანდა აქამდე სად ვიყავი.
- სახელი მაინც გვითხარი შენი?
- ჩემი სახელი?
- ჰო, სახელი, აღარ გახსოვს, რა გქვია?
- თუ სწორად მახსოვს, სახელი არ მაქვს. საერთოდ ვერ ვხვდები, რას მეკითხებით, რა არის სახელი?
- ლეთე! ეს ლეთეს წყალია! ონკანებიდან ლეთე მოედინება! თავიდან, როცა ეჭვი გაგვიჩნდა, ყველაფერი სიგიჟეს ჰგავდა. ახლა ყველაფერი აშკარაა, ყველაფერი ნათელი გახდა: ლეთე არსადაც არ გამქრალა, მან კალაპოტი შეიცვალა, სააქაოში შემოედინა, ყველა ნათესი და ნარგავი დავიწყების წყალმა მორწყა, ყველა ნაყოფში ლეთეს წყალია. ვინც მათ იგემებს, უმალვე ბინდი ჩამოდგება მის გონებაში, მისი ხსოვნიდან ყველა ცოდნა ამოიშლება.
- იქნებ ჩვენც დაგველია ონკანებიდან წამოსული ლეთეს წყალი, რომ უთავბოლო ხეტიალი ჩვენთვისაც მორჩეს. ჩვენც დავისვენებთ და ცოცხლებიც. რა გვჭირს, რა ხდება - აღარცერთს აღარ გვეცოდინება და იქნებ ასე მაინც ვიპოვოთ შვება. რა უნდა ვუყოთ მეხსიერებით გამოტენილ ჩვენს თავებს, როცა ისედაც მკვდრები ვართ და ქვეყნის ბედი აღარ მოგვეკითხება.
- კი, აქამდე ასე იყო: სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილი ლეთეს წყალს სვამდა, რომ წარსულისგან განწმენდილი შესულიყო აღთქმულ მიწაზე და როგორც ახალშობილ ბავშვს, უკან მოხედვა არ სცოდნოდა. როცა შენს უკან დასანახი არაფერია, ან მკვდარი ხარ, ან თოთო ბავშვი. ეს სულ ასე იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის.
- ლეთემ კალაპოტი შეიცვალა, კლდოვანი ჯებირები გაანგრია, სააქაოში შეიჭრა. ლეთე, რომელიც გაღმას და გამოღმას ერთმანეთისგან ყოფდა, მიმართულება შეიცვალა, სხვაგან წავიდა.
ლეთე, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთში აღრევისგან აკავებდა, გვერდზე გადგა.
საზღვარი დაირღვა, აღარ არის იქით და აქეთ.
წყალგამყოფის გარეშე დარჩენილი საიქიო და სააქაო ერთმანეთს შეასკდა, ცოცხალი და მკვდარი ერთმანეთში აირია.
შეჯახება იყო ისეთი მოულოდნელი და ძლიერი, რომ სააქაოდან მთელი წყალი ამოიღვარა და გაქრა.
დაცარიელებულ კალაპოტებსა და წყალსაცავებში ლეთეს ნაკადები ჩაიღვარა.
ახლა ყველგან ლეთეს წყალი დგას, ყველგან ლეთე მოედინება.
ყველა, ვინც ცოცხალია, ლეთეს წყალს სვამს და მეხსიერებას კარგავს.
მხოლოდ მკვდრებს ახსოვთ ყველაფერი,
ვინც საიქიოს ვერ მიაგნო, ლეთეს წყალი ვინც არ დალია.
სცენა 7.
იქვე, ქალაქში
მეორე ქორო: საით მივდივართ? გზა დაგვავიწყდა, დავიკარგეთ ამ ქუჩა-ქუჩა ხეტიალში, უკან ვეღარ გამოგვიგნია. არც წინ ვიცით საითაა და აღარც უკან, რატომ დავდივართ, ან რას ვეძებთ, არავის ახსოვს. მაგრამ რადგანაც დავდივართ და რაღაცას ვეძებთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც დავკარგეთ და ვერ გვიპოვნია.
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. არ ვიცი ვინ ვარ, ალბათ ჩემი ვინაობა დავკარგე და ახლა დავეძებ, მაგრამ არც ის ვიცი, სად ვეძებო, როგორ გავიგო ვინ ვარ. და თუ მეცოდინება, ვინ ვარ, ამითი რამე თუ შეიცვლება.
- რა შეიცვლება, თუ გავიგებთ, ვინ ვიყავით, ან რა გვერქვა? ნუთუ გვგონია, თუ ვინმე გვეტყვის, ეს იყავიო, კვლავაც იგივედ გადავიქცევით? ჩვენ დავიკარგეთ და უკან ვეღარ გამოგვიგნია.
- რატომ დავდივართ ასე ხელიხელჩაკიდულები? რა გვაკავშირებს ერთმანეთთან, რა გვაქვს საერთო? ან სულ ერთმანეთს რატომ დავსდევთ, რად არ ვეშვებით? ხომ არ აჯობებს, დავიშალოთ და ყველამ საკუთარ თავს მოუაროს. როცა ყველა განვცალკევდებით, იქნებ მაშინღა გაგვახსენდეს ვინ ვართ და რა გვჭირს? ასე სულ ერთად ყოფნით ხელს უფრო ვუშლით ერთმანეთს, ვიდრე ვადგებით.
- რომ დავიშალოთ, საით წავიდეთ, სად განვმარტოვდეთ? ქუჩაში ერთმანეთისგან მოშორებით ხომ არ დავდგებით? არავის ახსოვს, სად ცხოვრობდა, სად იყო მისი თავშესაფარი, რას აკეთებდა, მარტო იყო თუ სხვებთან ერთად ბინადრობდა, რა საჭმელს ჭამდა, საკვებს როგორ მოიპოვებდა.
- ჩვენ ყველა რაღაცით ერთმანეთს ვგავართ, ერთნაირად გვაცვია, ერთნაირად ვმეტყველებთ, გვძინავს და გვღვიძავს. ეს ხომ უნდა ნიშნავდეს, რომ რაღაც ერთი სახეობა ვართ?
- კი, ეს ცხადია, ჩვენ ერთი სახეობა ვართ, მაგრამ ჩვენს შორიახლოს ჩვენნაირი არსებები მიდი-მოდიან, თითქოს შორიდან გვაკვირდებიან, გვითვალთვალებენ, ახლოს არასდროს გვეკარებიან. არც ღამით ძინავთ, არც შიმშილი აწუხებთ და არც წყალს სვამენ, არც შარდავენ. ესენი რაღა სახეობაა, თან რომ გვგვანან, თან არ გვგვანან?
- იქნებ ისინი არიან, ვისაც ჩვენ ვეძებთ? ალბათ ისინი ჩვენზე მეტად წინწასული არსებები არიან და ამიტომაც აღარ სჭირდებათ ჭამა და შარდვა. იქნებ რაღაც გვჭირს, დავავადდით და ამიტომაც გვშია და გვძინავს? ან მუდამ წყალს რატომ ვეწაფებით? - სულმოუთქმელად ვსვამთ, თითქოს დაწყდება. არადა წყალი ხომ არ წყდება? ან წყლის დალევა რა საჭიროა, მერე თუ მაინც გარეთ უნდა გადმოიღვაროს? არა, რაღაც გვჭირს და ვერ გაგვიგია. ის ხალხი, რადგან არც წყალს სვამს და არც შივდებათ, ალბათ არა სჭირთ ის სნეულება, რაც შეგვეყარა. მივიდეთ, ვკითხოთ, იქნებ იციან, ვინ ვართ, ან ჩვენს თავს რა ხდება?
- თუ ჩვენზე მეტად წინწასული არსებები არიან, თანაც ჩვენ გვგვანან, ალბათ ისინი უნდა იყვნენ, ვინც სახლებიდან გამოგვიყვანა, ერთად შეგვკრიბა და ქუჩა-ქუჩა დაგვატარებს. თუ ესენი არ არიან, სხვა ვინღა რჩება? სხვა რა ძალაა, ან ვისი ხელი ურევია ამ უსასრულო წინ-და-უკან ხეტიალში?
- იქნებ ჩვენი მეხსიერებაც მათ აბარიათ და გვინახავენ, ისევ უკან რომ დაგვიბრუნონ? ან იქნებ სულაც თვითონ მოგვტაცეს, საკუთარი გამოელიათ და ჩვენ წაგვართვეს, მოიპარეს, როგორც ქურდებმა?
- მოიცა, კარგად დაფიქრება გვმართებს! რამე ცუდს ხომ არ გვიპირებენ? თუ მართლა ჩვენნაირები არიან, რატომ აქამდე არცერთი ახლოს არ გვეკარება? მხოლოდ შორიდან გვიყურებენ, გვითვალთვალებენ, ერთმანეთს ისე ეჩურჩულებიან, მათი ნათქვამი რომ ვერ გავიგოთ. თუ დახმარება შეუძლიათ, რატომ თვითონ არ გვთავაზობენ?
- როგორ გავიგოთ, რა განზრახვა აქვთ, თუ არ მივალთ და ხმას არ გავცემთ? მივიდეთ, ვკითხოთ, რას გავურბივართ? განა ამაზე უარესი, რაც ახლა გვჭირს, რა უნდა გვიქნან?
- უკვე დღეები გავიდა, ჩვენ კი უმიზნოდ ქუჩა-ქუჩა დავეხეტებით. რატომ დავდივართ, ან ერთ ადგილას რატომ ვდგავართ, არავინ ვიცით. რა ხდება ჩვენს თავს, იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს. თუ ვინმე არის, ვისაც ჩვენთვის დახმარება შეეძლებოდა, რატომღა ვითრევთ ფეხს და არ მივმართავთ?
პირველი ქორო: - ყური დავუგდოთ, ჩვენზე ბჭობენ, ჩვენთან მოსვლა სურთ, იქნებ გვითხრანო, ვინ ვართ, რა დაგვემართა, თავგზა რამ აგვირიაო. სასოწარკვეთილები ჩანან, გონება მათი დანისლულა ლეთეს წყლისაგან, მეხსიერება წაიშალა, საკუთარი თავიც ვეღარ უცვნიათ. ზოგი უმწეო ბავშვივით ტირის და ვის მიმართოს, საშველად ვის მოუხმოს, ისიც ვერ გაუხსენებია.
- ახლა ხომ უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ მათ ვერ გვიცნეს, როდესაც კარი მოგვიხურეს, არ მიგვიღეს დაბრუნებულნი. ჩვენ ვერ გავუგეთ ჩვენიანებს, გული გვეტკინა, გვეგონა, ასე მალე დაგვივიწყეს, უკან მიღება ჩვენი სახლში აღარ ისურვეს. ისედაც უკვე მკვდრები რომ არ ვყოფილიყავით, ის დღე მოგვკვლავდა, ასეთ ტკივილს და სასოწარკვეთას ცოცხალის გული ვერ გაუძლებდა. ახლა კი ვიცით, რომ არ უარგვყვეს ჩვენიანებმა, მათი გონება ლეთემ მოწამლა, ჩვენი ხსოვნა და მონატრება ამოუშალა. იქნებ მოვუყვეთ, ავუხსნათ ვინც ვართ, თავს რა გადაგვხვდა, განვუმარტოთ, მათ რა შეემთხვათ, ქვეყანა როგორ აირია, რა დატრიალდა. ვუთხრათ, მოვუყვეთ, რისი თქმაც მაშინ ვერ მოვასწარით, როცა დავტოვეთ ეს ქვეყანა. იქნებ სიყვარულმა და მონატრებამ დაძლიოს ლეთე, დავიწყების ძალა გატეხოს.
- ლეთეს ვერავინ მოერევა, მან გაიმარჯვა, სამყარო გადაატრიალა, გაღმა და გამოღმა აღარაა, საიქიო და სააქაო გააერთიანა, ახალ ქვეყანას თვითონ დაეპატრონა, ყველა სხვა წყალი განდევნა და მათი ადგილი დაიკავა, ყველგან გაბატონდა, ახლა ის მეფობს, ოკეანეებსა და ზღვებში ლეთეს წყალი ბობოქრობს, ყველა მდინარესა და არხში ლეთე მოედინება, ნიადაგშიც ლეთეს ნამია. ვისაც სწყურდება, ლეთეს წყალსა სვამს, ყველა ცოცხალში ლეთეს წყალია.
- დავიწყების ძალას ვერ მოერევა ვერცერთი გრძნობა და არც გონებას შეუძლია მართოს ვნებები, როცა ხელი არ მიუწვდება იმის ცოდნაზე, რაც შენახული ჰქონდა თავში, ხსოვნით დაბმული. ლეთემ გაუქრო ყველა ცოცხალს მეხსიერება, დედებმა აღარ იციან, რომ ძუძუ უნდა აწოვონ ჩვილებს, ფრინველებს აღარ ახსოვთ, საით უნდა გაფრინდნენ, არავის ახსოვს, ვინ ვისი მტერი იყო, ვის ვინ უყვარდა. რაც აღარ ახსოვთ, იმისი აღარც მონატრება შეუძლიათ.
- ქვეყნად ახალი წესებია, ძველმა წყობამ ძალა დაკარგა. ვინც ცოცხალია, საკუთარ თავს ვეღარ მოუვლის, რაც უსწავლია, დავიწყებას წაურთმევია, არავის ახსოვს, ვინ იყო და სად ჰქონდა სახლი, მათი გონება დაცარიელდა, სული კი წუხილით და სევდით გაივსო, ახლა ცოცხლები ბავშვებზე მეტად უმწეონი არიან, ვინც ცოცხალია - ცხოვრებისთვის დაკარგულია!
მხოლოდ მკვდრებს გვახსოვს ყველაფერი, ვინც ვერ დავლიეთ ლეთეს წყალი, მეხსიერება ვისაც შემოგვრჩა. ჩვენს მეტი არავის შეუძლია ცოცხლების მოვლა, ჩვენ უნდა ვმწყემსოთ, ყველაფერი, რაც ცოცხალია ჩვენ უნდა ვმართოთ, ამიერიდან მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენი საზრუნავია.
- ასე გამოდის, ბედმა გვარგუნა არდასვენება. შვება, სიწყნარე - სიკვდილი რითაც გვანუგეშებდა, თურმე სიცრუე და სატყუარა ყოფილა, თუკი სამყაროში, ჭკუა ჩვენღა მოგვეკითხება, ჩვენი საზიდია ყველას ტვირთი, ყველას ჩვენ უნდა მოვუაროთ, ყველა საქმე ჩვენ გვეკისრება. ცოცხლებს მხოლოდ საფლავების მოვლა ევალებოდათ, ერთხელ ან ორჯერ წელიწადში თუ გვიხსენებდნენ, ჩვენ კი დღე და ღამ მათ უნდა ვუდარაჯოთ, როგორც უმწეო ბავშვებს თავზე გადავყვეთ. ასეთი ყოფილა ჩვენი ხვედრი, რომ მკვდრებმა ცოცხლებს ვუპატრონოთ.
- კი, ვუპატრონებთ და მოვუვლით, როგორც აქამდე მოგვივლია. ჩვენი შვილები, ახლობლებია ყველა. მაგრამ რა ვუთხრათ, როგორ ავუხსნათ, რაც ხდება ჩვენს თავს? როგორ უნდა გავაგებინოთ, რომ ახლა მკვდრობა უკეთესია, ვიდრე ცოცხლობა? რომ ცოცხალი უმწეო და ჭკუასუსტია?
- კაი, მოვუვლით და სახლებში მივიყვანთ ყველას, სახელსაც ვეტყვით, ოჯახის წევრებს შევუკრებთ, საჭმელ-სასმელსაც გავუმზადებთ, დავბანთ, სნეულებს ვუმკურნალებთ, რომ მოკვდებიან, მკვდრები დავმარხავთ, ცოცხლებს ისიც კი აღარ ახსოვთ, ყველა ცოცხალი რომ მოკვდავია. რომ მოკვდებიან, ლეთეს მიგნება არ დასჭირდებათ, დასავიწყარი არაფერი აქვთ. აღარც საიქიოს უნდა მიგნება, ახლა ყველგან საიქიოა.
- აი, მოვიდნენ, ახლა დროა ითქვას სიმართლე.
სცენა 8.
მეორე ქორო: ჩვენ აქ მოვედით, რათა გკითხოთ, გზა ხომ არ იცით საითაა? სადღაც აქ იყო, ერთხელ ხომ მაინც გავიარეთ, მაგრამ უკვე წრეებს ვარტყამთ ქალაქს და გზისთვის კი ვერ მიგვიგნია.
ჩვენ სახლებიდან გამოვედით, ერთად შევგროვდით,
ბევრი ვიარეთ ერთად, მაგრამ შემოგვაღამდა და სიბნელეში დავიკარგეთ.
ახლა აქ ვდგავართ და არ ვიცით, საით წავიდეთ.
პირველი ქორო: საბრალო ხალხო, გზას, რომელსაც თქვენ ეძებთ, ვერსად მიაგნებთ,
ვერცერთი გზა ვერ დაგაბრუნებთ უკან იმ ქვეყნად, საიდანაც თქვენ არ წასულხართ,
თავად ქვეყანა წავიდა თქვენგან.
სახლი, რომელშიც ყოფნა მოგენატრათ, არ დაგიკარგავთ,
სახლმა დაგკარგათ, როცა წახვედით, სამუდამოდ მოგიხურათ უკან კარები. თქვენ ერთ დროს სახელიც გერქვათ, ზოგს მშობლებისგან, ზოგს შერქმეული, ზოგი თვითონ ირქმევდა, ასე რომ უკეთ ცნობებოდათ, სხვებში არ არეოდათ. ახლა არც სახელი გაქვთ და არც იცით, ვინ ხართ,
თქვენი სახელი თქვენგან გაიქცა.
ახლა აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ხართ,
ყოფნა რომელსაც სახელი არ აქვს, ყოფნა არაა.
რაც იცოდით და თავში გქონდათ, ყველაფერი წყალმა წაიღო,
მეხსიერება წაგიშალათ დიდმა მდინარემ, ორ ქვეყნად რომ ყოფდა სამყაროს, ცოცხლებს ამ ქვეყნად რომ ეცხოვრათ, მკვდრები იმ ქვეყნად გადასულიყვნენ, თან წყალი უნდა დაელიათ, რათა მდინარის წყალს წაეშალა, რაც მათ ხსოვნაში ინახებოდა,
დავიწყებოდათ, ვინ იყვნენ და რა სახელი ერქვათ, როცა ცოცხლობდნენ, მეხსიერებას იმ ქვეყანაში ვერ შეიტანდნენ, რაც ცოდნა ჰქონდათ, ყველაფერი წყალს უნდა წაეღო.
მაგრამ უეცრად მდინარე, რომელსაც ლეთე ჰქვია, კალაპოტიდან ამოვარდა, გაღმა და გამოღმა ქვეყნებს შორის ზღვარი მოშალა,
სააქაოში შემოიჭრა, მთელი ქვეყანა დატბორა.
სააქაო აღარ არსებობს, ახლა ყველგან საიქიოა.
ახლა ყველგან ლეთეს წყალია, ყველა ლეთეს სვამს, ვინც ცოცხალია,
და ერთი ყლუპი ლეთეს წყალიც საკმარისია, რომ დაგავიწყდეს, რაც კი გახსოვდა.
მეორე ქორო: წყალი დავლიეთ და უფრო მეტი წყალი მოგვწყურდა,
იმდენი წყალი ვსვით, წყალმა წაგვიღო,
თავიდან ფეხებამდე დავსველდით, წყლით გავილუმპეთ,
სისველე მოგვბეზრდა, სიმშრალე მოგვენატრა.
წყლიდან ამოვედით და ხმელეთიც სველი იყო, მიწა ატალახდა და გაგვაჭუჭყიანა,
ისევ წყალი მოვუშვით და ტალახი ჩამოვიბანეთ, დიდხანს ვიბანდით და ბოლოს ტალახი მოგვცილდა,
მერე გასაშრობად მზეზე გამოვედით, მაგრამ მზე არ დაგვხვდა,
ზოგმა მოასწრო დაენახა, როგორ ჩამოეშვა მზე ციდან და დაიკარგა,
ჩვენ გავეკიდეთ და ვერ დავეწიეთ, ყველგან ისეთი სიბნელე იყო, რომ მზეც აღარ ჩანდა,
უკუნ სიბნელეში გზას ვერ მივაგენით და დავიკარგეთ,
ყველაფერი დავკარგეთ, საკუთარმა სახელებმაც კი მიგვატოვეს,
ან იქნებ სიბნელეში დაგვეკარგა.
მერე, სახელები რომ აღარ გვქონდა, აღარავინ იცოდა, ვინ ვინ იყო,
უკან გავბრუნდით, შფოთვით და შიშით სახლებს მივაშურეთ,
სახლებმა ვეღარ გვიცნეს, კარი არ გაგვიღეს, შიგნით არ შეგვიშვეს, ქუჩაში გამოგვყარეს,
მას შემდეგ ქუჩა-ქუჩა დავდივართ და არ ვიცით, რა გზას დავადგეთ.
პირველი ქორო: სახე ტყუილად ჩამოგტირით, ტყუილად შფოთავთ,
თქვენ ცოცხლები ხართ და ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი იცოცხლებთ,
როცა მოკვდებით, ლეთეს პოვნა არ დაგჭირდებათ, - ლეთე თავისი ფეხით გეახლათ,
ლეთეს წყლის დალევა არ დაგჭირდებათ, - თქვენ ლეთეს წყალს სვამთ, როცა გწყურდებათ,
არ დაგჭირდებათ დაივიწყოთ, რა გერქვათ და ვინ იყავით, - ლეთესთვის ყველა სულერთია, საიქიოში ყველა თანასწორია,
თქვენ ცოცხლები ხართ, მაგრამ სააქაო აღარ არსებობს, გააუქმა ლეთემ, დაშალა,
ახლა ყველგან საიქიოა, ყველაფერს ლეთე მართავს, ლეთე განაგებს.
ეს მან ინება, რომ ცოცხლები ხართ, მაგრამ თქვენი ცოდნა დასრულდა,
ვინაობა გაქრა, მეხსიერება წაიშალა,
მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იყავით, მშობელი ვინ გყავდათ, ვის იცნობდით და ვინ გიცნობდათ,
როგორ ცხოვრობდით, სად და ვისთან გეძინათ, - ყველაფერმა აზრი დაკარგა,
ლეთეს წინაშე, ვინც არ უნდა ყოფილიყავი, მაინც არავინ ხარ.
ამიერიდან, ცოცხლებს აღარ ექნებათ მეხსიერება,
რაც მათ იცოდნენ, ყველაფერი მკვდრებს გადაეცათ,
მკვდარი ისაა, ვისაც ყველაფერი ახსოვს, არ ავიწყდება.
მეორე ქორო: ჩვენ ცოცხლები ვართ, ო, სიცოცხლე, როგორ ტკბილია!
მისი სიტკბოა, ერთად რომ გვკრავს და გზაზე გვაყენებს.
გზა უსასრულოდ დაგვატარებს, ის არ მთავრდება, სანამ მასზე დავდივართ და მერე ჩვენსავე ნაფეხურებს უკან მოვყვებით.
საით წავიდეთ, ან რას მივაგნოთ, არავინ ვიცით.
იქნებ ესაა ჩვენი ხვედრი: მთელი სიცოცხლე გზაში ყოფნა და ვერასდროს მისვლა მიზნამდე?
ჩვენ ისიც კი აღარ გვახსოვს, თუკი გვქონდა რამე მიზანი, როცა ქუჩაში გამოვედით?
თუ ის ქვეყანა, ჩვენი სიცოცხლის უფლებით რომ მივეკუთვნოდით, მიწიდან გაქრა,
ლეთემ წაიღო ჩვენი სამშობლო, ჩვენ კი იმქვეყნად გამოგვრიყა, ლტოლვილებად შეგვასახლა საიქიოში,
აღარც გონება შემოგვრჩა და არც რამე გვახსოვს,
რაღა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს, რაღა მიზანი?
პირველი ქორო: მიზანი დიდზე დიადია,
მას ვერ შეიცნობს მეხსიერებადაკარგული ვერც ცოცხალი და
ვეღარც მკვდარი, რომელსაც ლეთეს წყალი არ უგემია და ყველაფერი ახსოვს,
დავიწყების და დაკარგვის ნაცვლად, ყველა ცოცხალის ცოდნა გადასცემია.
ლეთემ გონება გაგისუფთავათ, რაც იცოდით, ყველაფერი წყალმა წაიღო,
ლეთემ სირცხვილი ჩამოგბანათ, სულს აღარ ტანჯავს წარსული, - რაც მოხდა, მოხდა,
რაც ცუდი იყო, დავიწყებას ჩაბარდა და მის შესახებ არავინ იცის,
ახლა თქვენც ისეთივე სუფთები ხართ, როგორც ლეთეს წყალი ანკარა.
ყველა ცოდნამ და სწავლულობამ ფასი დაკარგა,
ჩვენ რაც კი ვიცით, ყველაფერი იყო მანამდე, სანამ სამყაროს ლეთეს დინება ორ ქვეყნად ყოფდა,
მაგრამ მას შემდეგ, რაც ლეთემ ჯებირები გადმოანგრია,
მიმართულება იცვალა და სააქაო დატბორა,
ძველი წესები სამყაროში აღარ წესობენ,
ამიერიდან ცოცხლები მკვდრებთან ერთად იცხოვრებენ საიქიოში,
ამიერიდან ცოცხლებზე მკვდრებმა უნდა იზრუნონ,
ახალ ცხოვრებას შეაგუონ, დააბინაონ, თავი დაბანონ,
ძილისპირულით დააძინონ, მზიან ამინდში გარეთ ატარონ.
განა რაიმე მნიშვნელობა აქვს, აქაურობას რა სახელი ერქმევა?
საიქიოშიც მზე ანათებს, აქაც ისევე თბილა, როგორც სააქაოში,
მხოლოდ სახელი შეიცვალა, დანარჩენი ისეთივეა, როგორიც იყო,
სამაგიეროდ, როცა ცოცხლები მოკვდებიან, აღარსად წასვლა აღარ მოუწევთ, უკვე არიან საიქიოში,
აღარც სიკვდილის შეეშინდებათ, აღარ იქნება განშორება, გლოვა-ტირილი,
სიკვდილიც ისე ეყვარებათ, როგორც სიცოცხლე
და მერე, როცა უკვე როგორც მკვდრები ლეთეს დალევენ,
იქნებ გონებაც დაუბრუნდეთ, გაახსენდეთ, რაც სიცოცხლეში დაავიწყდათ, ლეთეს წყალს გაჰყვა,
და სხვა დანარჩენ მკვდრებთან ერთად, ქვეყანაზე ზრუნვას შეუდგნენ.
მეორე ქორო: თუ ასეთია ჩვენი ხვედრი, მაშინ არაფრის შეგვეშინდება,
აღარც შიმშილის და წყურვილის, საჭმელ-სასმელი მკვდრებს ხომ მაინც აღარ სჭირდებათ,
ამიტომაც ყველაფერი ცოცხლებს დაგვრჩება.
აღარც ხვალინდელ დღის უნდა გვეშინოდეს, თუ არც ხვალინდელი და არც ზეგინდელი ჩვენი საზრუნავი აღარაა,
თავი ფიქრებით არ ავიტკინოთ, მშვიდად შევირგოთ უზრუნველი სიცოცხლის წლები,
საზრუნავი მერეც გვეყოფა, როცა ცოცხლები აღარ ვიქნებით,
თუ სიკვდილთან ერთად მეხსიერებაც დაგვიბრუნდება,
ყველა სევდა და საწუხარი თუ გაგვახსენდა.
ახლა კი, სანამ ცოცხლები ვართ, მადლობის მეტი რაღა გვეთქმის?
პირველი და მეორე ქოროები ერთად:
გახლეჩილი სამყარო დასრულდა, ლეთემ ქვეყანა გაამთლიანა,
ამ- და იმ-ქვეყნად აღარ არსებობს, გაღმა-გამოღმა ერთად არიან.
მკვდრებს წილად ერგოთ ყველაფრის ცოდნა, ცოცხლებს - ნანატრი თავისუფლება.
მკვდრები არ მოკვდნენ, სიკვდილი მხოლოდ მცდარი აზრია,
ამიერიდან არავინ წავა, ვინც წასულა, ისიც ბრუნდება,
წარსული აღარ იარსებებს, მარადიული მხოლოდ აწმყოა!
აწმყოში მკვდრებიც და ცოცხლებიც ერთად არიან.
ჩვენ სიცრუეში გვამყოფებდნენ, აქამდე მხოლოდ ცრურწმენების გვჯეროდა,
ბრმები ვიყავით, ტყუილები სინამდვილე გვეგონა,
ლეთემ თვალები აგვიხილა, ლიბრი მოგვწმინდა,
ახლა საკუთარი თვალით ვხედავთ და ვიცით, რომ
სიცოცხლეც ისეთივე ცრურწმენა იყო, როგორიც სიკვდილი.
სამუდამოდ დაშორებულნი ლეთემ ერთად შეგვყარა,
ვისაც კი ვინმე მონატრებია, ერთმანეთს შეხვდა
და აღარც განშორება აღარ იქნება,
ვინც ერთადაა, სამუდამოდ ერთად დარჩება.
ამიერიდან მთელი ქვეყანა ლეთეს ჭალაა,
აქ მუდამ მზეა, ყველა ბედნიერია.