ლევანი, 46 წლის | მე ვთამაშობ
ქვეყანა რომ დაინგრა, კომუნიზმი რომ გადაშენდა და დამოუკიდებლობა რომ მივიღეთ, ახალგაზრდა ვიყავი - ასაკში, როცა გართობა გინდა. ბრახ და ყველაფერი მოკვდა საქართველოში. დარჩა მარტო ბირჟა, გართობის ერთადერთი საშუალება. ჯოკრის თამაშით დავიწყე და პირველ კურსზე ინსტიტუტში უკვე ფულზე ვთამაშობდი. სამედიცინოზე ვსწავლობდი. ჯოკერს მოყვა ხელზე გამაზვა, ტოტალიზატორი, ამასობაში აჭარაც გაიხსნა. 21 წლის რომ გავხდი შევედი აჭარაში. იქ მოვიწამლე, იქ დაიწყო ყველაფერი.
ძმაკაცთან ვიყავით, ტელევიზორს ვუყურებდით და ტელევიზორში აჩვენეს კაზინო. ავდექით, ჩავიცვით და ჩავედით აჭარაში. მაშინ რაც გარეთ არ იყო, ის იყო კაზინოში. სასმელი უფასო იყო, შუქი იყო, სითბო იყო, სიგრილეც იყო, რაც გინდოდა ყველაფერი იყო. ფული იყო და თამაში იყო, რაც მთავარია.
რულეტკით დავიწყე. მერე უკვე ყველაფერს ვთამაშობდი, აბსოლუტურად ყველაფერს.
მიზანი თამაშს არა აქვს. შანსი არაა, მიზანს მიაღწიო და გაჩერდე. მილიონიც რომ მომეგო, მაინც ვითამაშებდი.
ორივე გაზამასკებს, მოგებაც გაზამასკებს და წაგებაც გაზამასკებს.
როგორი ჭაა იცი? ძირი არა აქვს. სანამ ბოლომდე არ ჩავარდები, ვერ შეეშვები.
შეიძლება ათასში ერთხელ გაგიმართლოს, მაგრამ ბოლოს მაინც წაგებული რჩები.
ჯამში მე წავაგე ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ფული იყო.
ყოველ დღე იწყებოდა ფულზე ფიქრით, მთავრდებოდა ფულზე ფიქრით. როცა თამაშობ, ვერაფერზე ვერ ფიქრობ, არაფერი აღარ გაწუხებს. ფული სახლიდან მქონდა. როცა აღარ მქონდა, ვსესხულობდი. როცა ვეღარ ვსესხულობდი, სახლიდან ვიპარავდი ნივთებს. ქურდობა და ტყუილი თამაშის შემადგენელი ნაწილია. არა აქვს მნიშვნელობა ვის მოპარავ, მთავარია მოიპარო და სათამაშო ფული გქონდეს ჯიბეში.
პირველად მშრალ ხიდზე გავყიდე ფაბერჟეს კოვზები, ერთ დოლარად გრამი. 10 000 დოლარის გავყიდე 1000 დოლარად. ეგეთი რამდენი იყო, ღმერთმა იცის. ვერცხლი რომ გამოილია, მერე ოქროს მივადექი. სახლში გვიან გაიგეს. ჩემი უკან მობრუნება უკვე ძნელი იყო. ოქროულობა რომ დაიკარგა, მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.
ოქროულობაც დამთავრდა და ბინის ჯერი დადგა. ვალები დამიგროვდა, 17 000 დოლარი მქონდა ვალი. მამაჩემი დამიდგა გვერდში, ბახტრიონზე გვქონდა სახლი, 18 000 დოლარად გავყიდეთ და გავისტუმრეთ ყველაფერი.
მეორე სახლი ვერაზე გვქონდა. იქ კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს, ინვესტორები მოვიდნენ. ქეშად მოგვცეს 100 000 დოლარი და ორი 150 კვადრატულიანი ბინა ამიშენეს. ესეც, ყველაფერი წავიდა იქით, ნელ-ნელა.
ჩემი ძმაკაცის ახლობელი ქალი იყო, ფულს აპროცენტებდა. პროცენტიანი ვალი ავიღე. 38 000 დოლარი. 2 თვეში დაგიბრუნებ - მეთქი, მაგრამ გაიწელა 8 თვე. თვეში 3800 დოლარს მარტო პროცენტს ვიხდიდი, ძირს არაფერი აკლდებოდა. ავედი, ავედი და ბოლოს 70 000 დოლარი დავუბრუნე.
215 000 დოლარად გავყიდე მარტო ჰაერი, აშენებულიც არ იყო. ოჯახისთვის რაღაცეები ვიყიდე, დანარჩენი წავიდა. მეორე ბინა გავყიდე 150 000-ად, იქიდან 70 000-ად ბინა ვიყიდე, დანარჩენი ისევ წავიდა.
ოცდაორი წელი ისე ვითამაშე, არცერთი მევალე არ დამრჩენია გაუსტუმრებელი.
თამაშში გავიწყდება მოგებაც, წაგებაც, ვალიც. მთავარია თამაშში იყო. თამაში როგორც დამთავრდება, ეგეთ ხასიათზე ხარ, მაგარი დაზამასკებული, ან მოგებული. მაგრამ, რომ არ მთავრდება? თუ მოიგე, ისე ხარჯავ ფულს, აზრი არა აქვს. რამდენი უნდა მომეგო, რომ ვალები გამესტუმრებინა. ნახევარ მილიონ დოლარს მე არავინ მომაგებინებდა და ათიათასები და ოციათასები ბევრჯერ მომიგია, მაგრამ მაქსიმუმ ორი ათასი დოლარი შემერგო. დანარჩენი მიდიოდა იგივე წრეზე.
თხუთმეტი წელი სასწრაფოს ექიმად ვმუშაობდი. დილას რომ ვიღვიძებდი, მივდიოდი და მეორე ათ საათამდე მორიგე ვიყავი. მანდაც ვახერხებდი თამაშს. ტელეფონითაც, ოფისში კომპიუტერიდანაც. სამსახურშიც ვალები, 100-200 ლარი, მეტს იქ ვერავინ ვერ გასესხებდა და პატარა თემებს ვაყომარებდი უპრობლემოდ.
მარტო ფულზე ვფიქრობდი.
წამალდამოკიდებულიც ვიყავი, ბევრჯერ თავი ლომკაში დამიტოვებია და იმ ფულით წავსულვარ და მითამაშია. თამაშს ბევრად უფრო მეტი ლომკა ქონდა, დამიჯერე.
ამასობაში, ცოლიც მოვიყვანე. მშობლები კავთისხევში გადავიდნენ, მე ჯიქიაზე ვიქირავე სახლი. არაფერი არ მიშლიდა ხელს რომ კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ ჭკუა არ მეყო. უკვე ისე მქონდა შეტოპილი, შანსი აღარ მქონდა.
რომ დავოჯახდი, მამაჩემმა 35 000 დოლარი დამისვა ანგარიშზე. ერთი წლის ბინის ქირა გადავიხადე 4000 დოლარი, სახლისთვის რაღაცეები ვიყიდეთ და დანარჩენი წავიდა. წავიდა რა, ვითომ ბიზნესი დავიწყე. მოვიგონე, რომ საახალწლოდ კანფეტები შევუკვეთე და გადამაგდეს. სულ ტყუილები და სულ ნერვიულობა. ყველა ტყუილი მაწუხებდა, ყველა. უცხოს ვატყუებდი 100 ლარის გამო თუ ახლობელს 10 000 დოლარის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა.
საბოლოოდ მე და ჩემი მეუღლე გავცილდით ერთმანეთს. ჩვენს ოჯახს შანსი არ ქონდა.
ერთმანეთი პირველი კურსიდან გვიყვარდა. კარგი გოგო იყო, მომეწონა, იმასაც მოვეწონე. მაგრამ, მოიტაცეს და გათხოვდა. სასწრაფოში რომ დავიწყე მუშაობა, იქ შევხვდი. უფროსი ექიმი იყო, ერთად დავდიოდით მისამართებზე. ქმარს გაცილებულა, 11 წლის შვილი ყავდა. იცოდა, წამალზეც იცოდა და თამაშზეც იცოდა, მაგრამ, ვერ წარმოედგინა, ასეთი გარეკილი თუ მქონდა. სხვასთან ხო არ იხატები ბოლომდე. მითუმეტეს, თამაშს და წამალს მალავ. კოლბაში ვიჯექი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, ვერც გამოვდიოდი ამ კოლბიდან.
დილით წამალი უნდა გამეკეთებინა, მერე კაზინოში მივდიოდი. საღამოს ჩემი ცოლი რომ მოდიოდა სამსახურიდან, ვხვდებოდი დამჯერი ბიჭივით სახლში. მაგრამ, ჩემს გულში და ჩემს ტვინში რა ხდებოდა… დღისით ვთამაშობდი, ღამე მარტო არ ვტოვებდი ცოლს.
მობეზრდა. ოქრო დალომბარდებული, გამოტანილი, მეორე დღეს ისევ დალომბარდებული. სულ ვალები. ჯობდა წასულიყვნენ, ვიდრე ჩემს შვილს ამისთვის ეყურებინა. ერთხელ მითხრა, წავალო და ეგრევე ვუთხარი, წადი - მეთქი. აზრი არ ქონდა. ვის უნდა ცოლის და შვილის გაშვება, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. გავუშვი. ამერიკაში წავიდა, ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდება. გარდატეხის ასაკშია, ჩემთან ურთიერთობის დიდი სურვილი არ აქვს, მეც არ ვაძალებ.
წაგებას ვერ გრძნობ იმ მომენტამდე, სანამ ბოლო თეთრი გაქვს ჯიბეში, სანამ სულ მარტო არ დარჩები. ტაქსის ფულიც რომ არა გაქვს და სახლამდე ფეხით რომ გიწევს მისვლა, მთელი გზა ფიქრობ, რა სისულელე გააკეთე. მეორე დღე რომ თენდება, იგივე სისულელეს აკეთებ.
მომავალზე არ ფიქრობ, შანსი არ არის. დღევანდელი დღე მქონდა დაკარგული. დღევანდელი დღე რო არაა ადამიანისთვის, არც გუშინ არასდროს არ შემობრუნდება და არც ხვალ არასდროს არ დადგება. დღევანდელი დღეა მნიშვნელოვანი, დღეს უნდა გადადგა ნაბიჯი. ვერ წარმომედგინა, რომ აქედან რამე სხვა ამომიყვანდა გარდა დიდი მოგებისა. ეგეთი მოგება არ არსებობს. მილიონი რომ მილიონია, იმასაც წააგებ და იგივე წრეზე წახვალ.
წამალი რვა წლის წინ გადავაგდე ჩემით, უპრობლემოდ. თამაშზე ვიჭიდავე, ბევრი ვიჭიდავე, მაგრამ ახლა მაგარი როჟა ვარ. ხასიათიც გამომისწორდა, ნერვებიც. მთავარია, უიმედობაში არ ჩავარდე. თუ უიმედობაში ჩავარდი, თავის მოკვლით მთავრდება. წარმოიდგინე, არაფრის იმედი არ გაქვს, ვერავისგან ვერ ელოდები ვერაფერს, ყველასთან უკვე ნაჭამი გაქვს და მისასვლელი პირი არავისთან არ დაგრჩა. არც ოჯახეთან, არც ძმაკაცებთან. უიმედობაში თუ ჩავარდი, ყველა ვარიანტში თავს იკლავ.
მე გამიმართლა, მე რაღაცის იმედი სულ მქონდა.
ეგ იყო ყველაფერი.