ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლიტერატურული კანონიკა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ველი

ნებისმიერი კანონიკა, მათ შორის ლიტერატურული, თავისი არსით ექსკლუზიურია. საკითხავი ლიტერატურის ნებისმიერი ავტორიტეტული სია, სადაც გავაერთიანებთ ნაწარმოებებს, რომლებსაც მივუსადაგებთ ლიტერატურულ მიმართულებებს, ანდა საერთოდაც – მთლიან დარგებს, ვერასდროს იქნება სრულყოფილი, რადგან ყოველთვის მოიძებნება ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც სიაში არ დაგვეტევა, გამოგვრჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უაზროა კანონიკის შედგენის პროცესის კრიტიკა.

ვინ წყვეტს კანონიკას, როგორც ფართო კულტურულ წარმოდგენაში, ასევე ბევრად უფრო პრაქტიკულ, საგანმანათლებლო, დონეზე? ვინ გვეუბნება, რა და როდის წავიკითხოთ და რა კრიტერიუმების მიხედვით გასცემენ ამგვარ რეკომენდაციებს?

კანონიკის დარაჯები ბევრნაირი ფორმით გვევლინებიან: კრიტიკოსები, პროფესორები, ლიტერატურათმცოდნეები, რექტორები, განყოფილებების გამგეები, და რიგითი მასწავლებლები – ასე თუ ისე, ყველანი არიან ჩართულები ამ პროცესში. მათი ლოგიკა ასეთია: აი, სია, რომელიც გამორჩეულად მცოდნე, პრივილეგირებულმა ადამიანებმა შექმნეს; თუ შენც გაეცნობი, შენზეც გადმოვა ექსკლუზიური პრივილეგიურობის გრაცია.

პრივილეგიის ლოგიკის შესანარჩუნებლად კანონიკა ურყევი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ ხდება. კანონიკა ასევე ყოველთვის ცვლადია. ის ერთდროულად მკვდარია და ცოცხალი, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ის თან პერმანენტულობის, ურყეობის განცდას უნდა ქმნიდეს, მაგრამ, ამავდროულად, უნდა შეიცავდეს განვითარების შესაძლებლობასაც. სწორედ ამ ორი განსხვავებული მისიიდან გამომდინარე, კანონიკასთან მიმართებით ძირითადად ორი ბანაკი ყალიბდება: მისი დარაჯები და მისი გამფართოებლები.

ვიქტორიას ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც პოპულარული და გავლენიანი ლიტერატურის ანთოლოგიზება პირველად დაიწყეს, კანონიკის ინჟინრები და დარაჯები ძირითადად თეთრი ბურჟუა კაცები არიან. (შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ კანონიკურ ტექსტებად ძირითადად მკვდარი თეთრი კაცების ნაწარმოებები განიხილება). თუმცა, იმისთვის, რომ დღეს კანონიკის სადარაჯოზე დადგე, აუცილებელი აღარ არის, ზემონახსენებ კატეგორიებს მიეკუთვნებოდე; მთავარია, კონსერვატიული მიდგომა გამოავლინო, რომელიც ცოდნის გარკვეული ტრადიციის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

კანონიკის ურყეობის დამცველებს შესაძლოა გააზრებულიც ჰქონდეთ, რომ მათ მიერ კოდიფიცირებული სიებიდან უამრავი ტექსტი და, შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული მსოფლმხედველობაა გამოტოვებული, მაგრამ მაინც მტკიცედ სჯერათ, რომ მსოფლიო ცივილიზაცია ეყრდნობა სწორედ გარკვეულ ტექსტთა ბუკეტს, რომლებსაც უამრავი თაობა ეცნობა. შესაბამისად, ამ თაობათა ინტელექტუალური თუ ლიტერატურული ნაღვაწი, რომელიც კანონიკასთან ინტერტექსტუალურია, გაუგებარი იქნება ახალი თაობებისთვის, თუ ისინი ამ ურყევ კანონიკას გვერდს აუვლიან. ანუ, პლატონს და შექსპირს ვერასდროს ჩავანაცვლებთ კარიბელ მონათა ზეპირი ისტორიებით, რაც არ უნდა საინტერესო და (ჩვენთვის) ახალი იყოს ეს ტექსტები. თან, ეს ჩანაცვლება პრაქტიკული მოსაზრებებიდანაც ურთულესია – სილაბუსები შეზღუდულია, განსაკუთრებით – სკოლის და ბაკალავრის დონეებზე და მათში ყველაფერს ვერ მოათავსებ.    

მეორე, გამფართოებელთა, ბანაკი, ამ ურყევი კანონიკის ლოგიკას უპირისპირდება. ის კანონიკის ჩარჩოებში ცდილობს სხვა ტექსტებისთვისაც გამონახოს სივრცე. მაგალითად, მასში შეიყვანოს ქალ მწერალთა შემოქმედება, ეთნიკურ უმცირესობათა ტექსტები, ქვიარ ან სხვა სოციალურად მარგინალიზებული ჯგუფების ნაწერი. ბრძოლა სივრცისთვის  სილაბუსების და სტუდენტთა მენტალური სივრცისთვის – პოლიტიკურ  ბრძოლადაც შეგვიძლია აღვიქვათ. გამფართოებლები ამტკიცებენ, რომ აქამდე მარგინალურ ტექსტებს ისეთივე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ცოდნის სივრცეში, როგორიც – მკვდარ თეთრ კაცთა პლეადას. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა (როგორებიც არიან: შელი, ოსტენი, ვულფი, არენდტი, ბატლერი, სპივაკი და ა.შ.), „სხვათა“ ლიტერატურა პერიფერიულია. ცენტრს კი, თითქმის ექსკლუზიურად, თეთრი კაცების მიერ დასავლეთში წარმოებული ცოდნა იკავებს. ეს ცენტრალურობა, თეთრი მამაკაცების ნაღვაწს უნივერსალურობის პრეტენზიას სძენს, მასთან შედარებით კი ყველაფერი „დანარჩენი“  პარტიკულარულად, ლოკალურად განიხილება.

ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ლანდაუ საკითხს ასე აფასებს:

„საფრანგეთის, გერმანიის ან ინგლისის კანონიკური ნამუშევრები გარკვეულ ცენტრად წარმოგვიდგებიან – ცენტრად აღქმის ველისა, ცენტრად ფასეულობებისა, ინტერესისა... არაკანონიკური ნამუშევრები მათ ფონზე კოლონიებს ჰგავს, ანდა – ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი მზერის და, შესაბამისად, გონების მიღმა რჩებიან. ამიტომაც ებრძვიან ფემინისტები კანონიკიდან ქალთა ნაშრომების გამოტოვებას, რადგან მათი გამოტოვებით ქალები უჩინარდებიან“.   

აქვე დავამატებდი, რომ სწორედ ასეთი გაუჩინარება, ქალების არსებობის სრული უგულებელყოფა, გარკვეულ წრეებში და, ხშირად, ნაკითხ ინდივიდებშიც, ქმნის არა მარტო ცრუ წარმოდგენას, რომ ქალი მწერლები არ არსებობენ, არამედ ამყარებს შემზარავ მოსაზრებასაც, რომ წერა ქალთა საქმე არ არის და ამას ისტორიული გამოცდილებაც ადასტურებს; წერა ქალებს ბუნებრივად არ ეხერხებათ.   

გამფართოებელთა ბანაკი პრობლემის გადაწყვეტას მხოლოდ გაფართოების იდეაში არ ხედავს. ზოგიერთი მათგანი ცდილობს, ლიტერატურის იმ ჟანრების ლეგიტიმაციას მიაღწიოს, რომლებშიც ტრადიციულად ქალები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფები აქტიურობდნენ, მაგალითად, ასეთებია ეპისტოლარული და ზეპირი ისტორიების ჟანრები. მათი ლეგიტიმაციით კი ალტერნატიული კანონიკა იქმნება და დავასაც მძაფრს იწვევს: ერთი შეხედვით, ალტერნატიული კანონიკა ქმნის თავისუფლებას, რომ ყურადღება მივაქციოთ მიჩქმალულ ტექსტებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც მხოლოდ მათი ყურადღების მიპყრობას ახერხებს, ვინც ამ იდეას ისედაც მიესალმება და ვინც, მაგალითად, ინტერესით დაესწრებოდა ვიქტორიას ეპოქის ქალი მწერლების კურსს უნივერსიტეტში. გამოდის, რომ, საბოლოო ჯამში, ალტერნატიული კანონიკა თავადაც პერიფერიაზე რჩება, განსაკუთრებით, როდესაც „კლასიკური“ კანონიკისგან განსხვავებით, ის არჩევითია.

ამიტომ, იქნებ, უფრო რადიკალური აზრის განხილვა იყოს უპრიანი? იქნებ, თავად კანონიკის იდეაა პრობლემური, გინდ ფემინისტების იყოს და გინდ – მკვდარი თეთრი კაცების? პრობლემური – იქიდან გამომდინარე, რომ ის მიზნად ისახავს მკითხველების, სტუდენტების აღზრდას, უკეთეს ადამიანად გამოძერწვას, უკეთესი მოქალაქეების გამოყვანას, მათთვის „სწორი“ საკითხავი ტექსტების შედგენით? ასეთია სწორედ მართა ნიუსბაუმის ჰუმანიტარიის დასაცავად შედგენილი ცნობილი თეზა: ჰუმანიტარია სასარგებლოა საზოგადოებისთვის, რადგან ის გვეხმარება მოქალაქეთა ჩამოყალიბებაში.

რეალურია კი საერთოდ ასეთი მიზნის დასახვა?

თუ პირადად მე რამე ვისწავლე ჩემი არცთუ ისე მოკლე სამასწავლებლო კარიერიდან, ისაა, რომ არავითარი კორელაცია არ არსებობს ადამიანის „ხარისხსა“ და მის მიერ წაკითხული წიგნების „ხარისხსა“ და რაოდენობას შორის?!

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს თამამად მივაკუთვნებ გამფართოებელთა ბანაკს, არც მე ვარ მზად კანონიკის იდეის სრული უარყოფისთვის. მეც, როგორც რიგით ლექტორს და მასწავლებელს, ყოველი კურსის სილაბუსის ჩამოყალიბებისას, მიწევს კანონიკასთან დაკავშირებული რთული გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, იმისთვის, რომ რუსული რომანტიზმის კურსის ფარგლებში სტუდენტებს გავაცნო ჩრდილოეთკავკასიელთა პერსპექტივა კავკასიის ომზე, მათ ვაკითხებ მუჰამად ტაჰირ ალ ქარახის რუსული კანონიკისგან სრულიად განსხვავებულად პოეტურ ტექსტს – „დაღესტნურ ხმალთა ნათება შამილის ზოგიერთ ლაშქრობებში“. მაგრამ 14-კვირიან კურსში, რომელშიც ყველაფერი ზუსტად გაწერილია, ვის ვართმევ ალ ქარახისთვის სივრცეს? პუშკინს თუ – ლერმონტოვს? გადაწყვეტილება იოლი არ არის.       

გამფართოებელთა ბანაკის წყალობით, სტანდარტული კანონიკის ცალსახა ავტორიტეტი ნამდვილად შეირყა, მაგრამ ნაცვლად მისი გარდაქმნისა, გაჩნდა უნივერსალური და ალტერნატიული კანონიკის დიქოტომია, რომელიც მაინც პრობლემურია, და მისი მოშლაც, და არა მასთან შეგუება, ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დაგვესახოს.

კანონიკისგან სრულიად გათავისუფლება კი არც ღირს, რადგან კანონიკის გარეშე ლიტერატურაში ისეთი თავისუფლება წარმოიშობა, რაც ყველა ტექსტს უჩინრად აქცევს. ამიტომ მგონია, რომ კანონიკა, როგორც სტრუქტურა, უნდა დარჩეს, ჩვენი საქმე კი მისი მუდმივი და უწყვეტი კირკიტი, დაკითხვაა; საჭიროა თამამად ჩართვა ბრძოლაში იმისთვის, რომ კანონიკაში მარგინალიზებულმა ხმებმაც მოიპოვონ ადგილი, რადგან უცვლელობის ლოგიკა ლიტერატურულ კანონიკაში ინტელექტუალური სიკვდილის თანასწორია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა