გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლუკა, 30 წლის | მე ვთამაშობ

სკოლაში დავიწყე, ვიქნებოდი 15 წლის. მაშინ ახალი შემოსული იყო ინტერნეტ-სივრცეში. არც აკონტროლებდნენ, ელემენტარული, რამდენი წლისაა ადამიანი. პირადობის ნომერს რასაც გინდა ჩაწერდი, არ არსებულ ციფრებს. ლიჟ ბი ციფრების რაოდენობა დამთხვეოდა. ვსო, მეტი არაფერი.

ჩემი კლასელები თამაშობდნენ. თამაში იცოდა მხოლოდ ერთმა. ხუთნი იყვნენ,  კრიბავდნენ თანხას. ერთი თამაშობდა. დანარჩენი უყურებდა და მოგებულ თანხას ინაწილებდნენ. მე არ მათამაშეს. წილში არ შემიყვანეს. დამაინტერესა. ადვილად ვითვისებდი ყველაფერს. ვიფიქრე, შევალ - მეთქი. შევედი. ძმაკაცს დავურეკე, რანაირად დავრეგისტრირდე-მეთქი. პროსტა ინსტრუქციას მიყევიო, თუ გინდა სახელი-გვარი, ყველაფერი მოიტყუეო. 

დავრეგისტრირდი. ჩავრიცხე 2 ლარი. 2 ლარი ისეთი თანხა იყო, 2 ლარი კი არა, 20 თეთრი ღირდა კატლეტი და პური და ჭამდი. 2 ლარი ერთი კვირა მეყოფოდა სკოლაში. ეს ორი ლარი ძლივს მოვაგროვე. ყველა ოჯახს უჭირდა. სულ მშობლებზე ვიყავი, მშობლებს კიდევ არ ქონდათ. 

ვითამაშე. მოვიგე თანხა. კონკრეტულად 120 ლარი. მაშინ ძალიან დიდი ფული. ისე ვიყავი, დაჟე შემეშინდა, ჯერ სახლში რა ვქნა, როგორ ვთქვა, იმხელა თანხა იყო 120 ლარი. ოჯახი ორი - სამი კვირა იცხოვრებდა მაგ თანხით, კომუნალურებიანად. 

მაქედან დაიწყო თამაში. 

სახლში არავის არ მიაქვს ის პირველი ფული. მე როგორც შემეშინდა, ისე ეშინია ყველას - სახლში რომ გაიგონ, რას მეტყვიან. მერე, იმის შემეშინდა, სახლში რომ გაეგოთ, ვეღარ ვითამაშებდი. გულში რომ რაღაცას მალავ, შენი საიდუმლო რომ არის ეგრე მქონდა.

მეგობრებთან დავხარჯე. სხვა გზა არც მქონდა.

დავდიოდი ძიუდოზე, ჭიდაობა მიყვარდა ძალიან. სიტყვაზე, კიმანო იყო საყიდელი, კიმანო მაშინ ღირდა 200-დან 220 ლარამდე. შემეძლო მეყიდა, მაგრამ, არ მყოფნიდა. ან ისევ უნდა გეთამაშა და კიდევ მოგეგო, ან უნდა დაგეხარჯა.

დავხარჯე ეს თანხა, ცოტა დამრჩა, 20 ან 10 ლარი. იმ თანხით უნდა მეთამაშა, თამაში მინდოდა. 

ფულისთვის ხელი რომ არ მომეკიდებინა ან რომ წამეგო, ალბათ თამაშს აღარც გავაგრძელებდი. ახლა ვხვდები ამას, თორემ მაშინ რას ვხვდებოდი.

მერე სისტემატიური სახე მიიღო. გრძელდებოდა და გრძელდებოდა. უკვე ვაცდენდით გაკვეთილებს, აღარ გვაინტერესებდა. როცა სათამაშო თანხა გვქონდა, ვაცდენდით. ფულს ოჯახიდან გვაძლევდნენ. მეც ხო მატანდნენ და თუ არ მეყოფოდა, სხვებსაც ხო ატანდნენ სკოლაში. ლარი მე რომ მოვიკლო და ლარი შენ, არცერთს არაფერს არ დაგვაკლებს. დაგვაკლებს რას, უნდა გვეჭამა საჭმელი და არ შევჭამდით საჭმელს, ეგ იყო რა. მივიდოდით სახლში, მშობლები უეჭველი გვაჭმევდნენ. 

მშობლები მუშაობდნენ, 4-5 საათზე მოდიოდნენ. დილას 9-ზე იწყება სკოლა, 1-2 -ზე თავისუფლები ვიყავით. სახლი იქვე იყო, ჩემი სახლის ჭიშკრიდან ორ ნაბიჯში იყო სკოლა. 

10 წელი დავდიოდი ძიუდოზე. ძიუდო არასდროს არ გამიცდენია. მერჩივნა სკოლა გამეცდინა, ვიდრე ძიუდო. ერთი ოჯახი ვიყავით. სკოლა არ იყო ასეთი ოჯახი. თავი დავანებე, საშუალება არ იყო. ფასიანი არ იყო, მაგრამ იქ კიმანო, იქ სბორები. სბორებზე 500 ლარამდე გინდოდა, ეგეც არ იყო. უმაღლესშიც არ მინდოდა ჩაბარება. აზრი არა აქვს - მეთქი, დედა, სად უნდა ჩავაბარო, რაღაცა სხვა ვნახოთ-მეთქი. მერე ჯარში გამიწვიეს და წავედი. 1 წელი იქ ვიყავი. ჯარი კარგიაო, მოსმენილი მქონდა, ფილმებიდანაც, ჯარი კარგიაო - მახსოვდა და წავედი. ჯარიდან რომ ჩამოვედი, ძიუდო ვეღარ გავაგრძელე. იქ წონა მომემატა, იქ ერთი წელი გამიცდა. 2 დღე გაცდენაც ცუდი იყო და მითუმეტეს, 1 წელი. 

მე ზესტაფონელი ვარ. იქ არაფერი არ არის, მარტო ფეროა. პროფესია უნდა ისწავლო ვთქვათ,  მშენებლობის თემა, შიდა რემონტი და ვსო. მეტი არაფერი არ არის. 

მამაჩემი იყო ოქრომჭედელი. 90-იანებში ისეთი გაჭირვება იყო, ოქროც კაპიკები ღირდა და ისიც არავის არ უნდოდა. ერთი პერიოდი, გაყიდა ნივთები და წავიდა რუსეთში. ხელობა იცოდა, გალესვა და რაღაცეები. მერე ცოტა უკვე რომ მოვიდა შუქი და ცოტა რომ დალაგდა, ვინც მოძრაობდა, იშოვა ფული. დაუბრუნდა თავის საქმეს. მერე გადაწყდა, რომ მეც მესწავლა ეს საქმე. კი, მინდოდა, მუღამები მქონდა, რაღაცა რომ გამეკეთებინა. ცეპებს მაწყობინებდა ბავშვობაში და მომწონდა. მუღამში შევდიოდი, რომ მეუბნებოდა გაჩერედი, არ შეიძლება მეტი შენი თვალებისთვისო, ვერ ვჩერდებოდი. 

სკოლა იყო თბილისში. დედაჩემი ჩადიოდა, ცეპებს უკვეთავდა ხოლმე და იკითხა, ჩემი შვილი გაიზარდა, მირჩიეთ სასწავლებელიო. ერთი ნოდარი იყო და იმასთან დავიწყე სწავლა. 

დიდ ქალაქში გადმოვედი და უფრო მეტი პრობლემა დამემატა. დავიწყე სწავლა. თან დიდი ვარ უკვე, ვფიქრობ, რომ არ ვანერვიულო მშობლები. გამომიჭირეს, “ვივუსიდან” და მიკროსაფინანსოებიდან მქონდა თანხები გამოტანილი. ყოფილა დღეები 4-ჯერ გამომიტანია და ოთხივეჯერ დამიფარავს. ვფარავდი, სათამაშო პრასვეტი რომ მქონოდა. მერე შავ სიაში მოვხვდი. გამომიჭირა დედაჩემმა. აზრი აღარ ქონდა მოტყუებას და აღარც დავუმალე.  ერთხელ გადამიხადეს. მერე კიდევ დამიგროვდა. მეორედ არ გადამიხადეს, მაგრამ მეორედ ეს მთავრობა რომ მოვიდა, მთავრობამ ჩამომაწერა. ერთი მაინც დამიტოვეს. არ ვიხდი ზაკაზად. 300 ლარია თავი - ბოლო. 

თვეში ორჯერ შეიძლება მომეგო. ძირითადად ვაგებდი. თანხებიც ისე გაუფასურდა, აღარ ვაქცევდი მოგება-წაგებას, ლიჟ ბი მეთამაშა, რაც დიდ ხანს ვითამაშებდი, ეგ მომწონდა.  ვიღლებოდი და ეს დაღლა მსიამოვნებდა. 10-11-ზე მივიდოდი სახლში და დილის 6-მდე ვთამაშობდი, ვათენებდი ღამეებს.

ჩემი მშობლები მიგზავნიდნენ ქირას, ჭამა - სმას, ყველაფერს. იარაღები და ქლიბები და რაღაცეები ხო ჭირდება ჩვენს საქმეს.  

ძმაკაცმა სპარში მიგვიღებენო. ავტყდით ერთ დღეს, წავედით ხუთივე, დავწერეთ ერთი ქსივა და ხუთივე მიგვიღეს. მეთქი, აქ გიჟები არიან, ამდენი უცოდინარი ადამიანი რად უნდათ. თანხა იყო 280 ლარიდან 320 ლარამდე, კონსულტანტის ხელფასი. მე ვიფიქრე, ერთი - ორი თვე გავჩერდები, რაღაცეებში წამეხმარება, რაღაცეებს ვიყიდი-თქო. ჯერ გაფორმებულიც არ ვიყავი, თავიდან ერთი კვირა ისე უნდა გევლო. მენეჯერი მეუბნება მესამე დღეს, დაბარებული ხარ მთავარ ოფისშიო. რატო-მეთქი? არ მეუბნება. ჯერ ხო ერთი კვირით ვარ, გამოსაცდელზე. თან ვფიქრობ ისედაც, ხო არ დავანებო თავი, გავქაჩავ თუ არა. მივედი მეორე დილას. 

შევედი ოთახში და კაცი მეუბნება მე მოსამართლე ვარო ამ კომპანიისო, თან ვიდეოთვალსაც ვუყურებო და პროკურორიც ვარო. დაფაზე ეწერა “20 ლარის მოპარვა” ჩემ ობიექტზე. მივხვდი რაშიც იყო საქმე. მითხრა, შენ გაქვს 20 ლარი მოპარულიო. კამერა მანახე, ვიცი რომ ჩემი მოპარულია, მაგრამ მაინც მანახე-მეთქი. სანამ მანახებ მეთქი კამერას, მე გეტყვი რაც მოხდა მაგ კამერაში და იმასაც გეტყვი, სადაც გამითიშავ კამერას-მეთქი.

ეხლა რა მოხდა.  იქ მოლარე ვინც იყო, იმან მომცა 20 ლარი, ხურდები მომიტანეო. ვკიდებ ამ 20 ლარიანს ხელს, ხურდები აღარ იყო კასაში და უნდა მიმეტანა. რა თქმა უნდა, მე ვინ მომცემს სეიფის გასაღებს უნდა მიმეტანა მენეჯერისთვის და ის მომცემდა ხურდებს. შევდივარ ოთახში, ვიხედები აქეთაც და იქითაც. გამოვდივარ უკან, იმიტომ რომ არ დამხვდა, გვიან მოვიდა იმ დღეს. ფულს ვიდებ ფორმის ჯიბეში. შეცდომა ის მომივიდა, რომ კასაში კი არ დავაბრუნე ეს ფული, ჯიბეში ჩავიდე და რომ მოვიდა მერე მივეცი. 

კაი მეთქი, ბაზარი არ არის, დავწერ მაგას რომ მე ავიღე. დავწვი უკვე რო აზრი აქვს საუბარს. ეს კაცი მეკითხებოდა, ვისთან გატეხე თანხაო. მე ვუთხარი, არ გვინდა ეგ საუბარი, მე დავწერ ჩემს თავზე მეთქი. არც ციხის მეშინია და არაფერი. თან ვიცი, რომ ამ 20 ლარზე არავინ დამიჭერს. თვითონაც ეცინებოდა და მეც მეცინებოდა. რა გაცინებსო და რაფერც შენ იცინიხარ, ისე ვიცინივარ მეც - თქო. ამაზე გიჟდებოდა. თან პახმელიაზე იყო. 

დავწერ-მეთქი, დავწერე. მე, ამა და ამან მოვიპარე 20 ლარი. 

კაიო, ამ დროს თურმე დაბარებული ყავს ის ბიჭიც, ვინც მომცა ეს ფული. ის რომ შემოვიდა, მე გამიყვანა.

ეს ბიჭი ერთადერთხელ ვნახე სმენაში და იმ სმენაში მოხდა ეს ამბავი. იმ ბიჭმა მე როცა მნახა, აქ კამერები ვიცი სადაც აყენია და სიგარეტი შოკოლადი თუ გინდა, გეტყვი როგორ აიღოო და გასწვალიო. არც სიგარეტს ვეწეოდი მაშინ. არ მინდა - მეთქი, ჯერ ერთი დღის მისული ვარ, ან რა ვიცი ეს ბიჭი ვინ არის. არ მინდა- მეთქი. რატო მეუბნება ახალ გაცნობილს ამ ყველაფერს.

5 წუთში მეძახის, გამოდი, შენი ძმაკაცი ნახე რას წერსო. ჩემი ძმაკაცი არ არის, ვინ არის აზრზე არ ვარ-მეთქი. ამ ბიჭს ფურცელი გავსებული აქვს. ჩემი სახელი და გვარი ჩაწერა. რას თამაშობდა ეს ბიჭი დაწერეო - ჩემზე ეუბნება. გარეთ ითამაშა, წააგო და ყოველ დღე კასიდან მაღებინებდა 5-5 ლარსო. ყოველ დღე რომ დავთვალოთ, 20 ლარი 4 დღე გამოვა, ხო? სულ ორი დღის მისული ვარ. ანუ, 15 ლარიც არ გამოდის, თან სმენაში იყო ერთხელ.

იქ თურმე ჯიბეში თანხის ჩადება არ შეიძლება. მე არ უნდა ჩამედო ჯიბეში ის ფული. კამერაში სულ ჩანს, და ისე უნდა გეკავოს, რომ ხედავდეს კამერა.

მაგრად ავიჭერი, შენ უეჭველი გნახავ - მეთქი. ციხეზე გამიშვა ფაქტიურად. ვნახე მერე. ამ ბიჭზე თუ არ დაწერ ამას და ამას, ამოგალპობ ციხეშიო, ვიცი რაც გაქვს განაკეთებიო - ემუქრებოდა თურმე. მე რაღას მწირავდი - მეთქი. მე უკვე დაწერილი მქონდა, მე დაჯარიმებული ვიქნებოდი, შენ რატო დაწერე, შენ დაწერილს კიდევ შეიძლება უარესი მოყოლოდა-მეთქი. არაფერი, დავშორდით. მე ქუჩის ბიჭი არ ვარ რომ რამე დამეშავებინა. 

ორივემ გადავიხადეთ ჯარიმა. ბუღალტერია გვყავს და გადაითვლიან, 20 ლარად რამდენს იშოვიდნენო. რა უნდა აშოვნიო მაგ ოც ლარს. მაგრამ, რასაც უნდათ იმას წერენ. მე დამიწერეს 280 ლარი ჯარიმა და იმას 700 ლარამდე.

მერე რომ ვისწავლე ხელობა, ნელ-ნელა დავიწყე მუშაობა. ყველა ვერცხლით იწყებს. ეგრევე რომ ოქრო მოგცენ, ვერ გააკეთებ. თუ გააკეთებ, დანაკარგი გაქვს ბევრი, 1 გრამი რომ დაკარგო, უკვე 100 ლარია. შკურკა ხო ჭირდება და შკურკა კარგავს, სულ ჰაერში მიდის ხოლმე. ტელფონი რომ მიდევს მაღლა, სულ დამტვერილი არის ხოლმე. ესე იკარგება.

ვერცხლზე ვმუშაობდი კაი ხანი. ჯიბის ფული რომ ჯიბის ფულია, ეგეც მიჭირდა. დიდ დროსაც ვუნდებოდი. ერთი ცეპის მოქსოვა 10 ლარი ჯდებოდა. 2 ლარს ვუმატებდი, სხვები 8 ლარს იღებდნენ. ვცდილობდი, სხვანაირად გამეპრიალებინა, რამე ლამაზი გამეკეთებინა, განსხვავებული რომ ყოფილიყო. ზოგი რომ გარეცხავდა ჟელეში ვსო. დღემდე ცეპებს ვაკეთებ. ეხლა ოქროზე ვარ. ღმერთის წყალობით კარგად ვარ. ვინც მასწავლა ის მეუბნება - სუფთა ხელი შეინარჩუნე და კარგად აკეთებო.


რასაც ვშოულობდი, ვაგებდი. საჭმელს ვიკლებდი. ყოფილა მთელი კვირა ჩაიზე გადამიტანია. ჩაი ძალიან მიყვარს ბავშვობიდან, სკოლაში არ წავიდოდი, სანამ ჩაის არ დავლევდი. რამდენჯერ მიტირია, არაფერი არ მინდოდა, ან სად იყო მაშინ კარაქი, ლიჟ ბი ჩაი დამელია, ეგრევე ვწყნარდებოდი.

ერთი კვირა გამიტარებია ჩაიზე და პურზე. თან ვალები მქონდა. ერთი კვირა უნდა მემუშავა რომ ვალი გამესტუმრებინა. მერე კიდევ ერთი კვირა, რომ რამე დამრჩენოდა ჩემთვის.

ჭკუიდან გაგიჟება ვიცოდი და რაც მქონდა ყველაფერს ვაგებდი. ხო შეიძლება 1000 ლარიდან 100 ლარი წამეგო, არა, სულ მთლიანად უნდა ჩამერიცხა. საქმის ფულსაც ვაგებდი ხოლმე.

მარტო ფულს კი არა, ცხოვრებას გართმევს. ურთიერთობას, სიყვარულს, ყველაფერს გართმევს. 

შენ გულში ქრება სიყვარული. ავტომატურად ქრება.

ადამიანებს ვკარგავდი უკვე, მეგობრებს, მშობლებს. ეხლა რომ ვურეკავ დედაჩემს, მთვრალზე ვეუბნები ხოლმე რომ მიყვარხარ. დედაჩემი ბოლომდე სულ მედგა გვერდში. მაგრძნობინებდა სიყვარულს, რომ სიყვარული უფრო ჯობია ვიდრე თამაში. როგორც ბავშვი იზრდება, მეც ნელ-ნელა გავიზარდე და მივედი იქამდე, რომ უნდა დაანებო კაცმა თავი. 

დავანებე. დავიბლოკე თავი ყველგან. ეხლა მაგალითად, სამი - ოთხი თვეა გულთან საერთოდ არ ურტყამს. რაღაც მომენტში შეიძლება დამარტყას, მაგრამ არც ვითამაშებ. 

ღამე ძილი მაქვს არეული. ეხლაც მაწუხებს. ღამე უძილობა კი არა, სიზმრებს ვეღარ ვნახულობ და მაგაზე უფრო ვნერვიულობ. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა