ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

მაია სარიშვილი | 2 ლექსი

***

ვეღარ ვისწავლე

ღიმილის ისე მიმაგრება ლექსებზე,

თითქოს კანალიზაციის მილებს

ბაფთებით ვრთავდე.

მკითხველს კი სიხარული უნდა,

მარტივი ამბები.

უნდათ ვირთხები ჟოლოსფრად გადაიღებო

და მათი ნაკბენები ტყის თაფლით ამოივსო.

უნდათ, სადაც სიგიჟე იკუზება,

აათალო ფერდი

და მოასწორო სათქმელი ასფალტივით.

უნდათ ყეფა კალიებად დაიქუცმაცო

და სხვადასხვა მხარეს აუქშიო,

რომ ვეღარ შეაკოწიწონ და ვეღარ გაიგონ

სინამდვილეში რა თქვი.

უნდათ ფეხზე დამდგარმა წაიკითხო ლექსები,

რომ სიტყვებმა იოლად ამოირბინონ

ტერფებიდან ხორხამდე

და გზის გამრუდება აღარ დასჭირდეთ

მოხრილ მუხლებთან და წელთან.

მერე კი მოვა ფარჩის მშვიდი არაფერი,

გაწვები შენი სკივრის გვერდით,

რომელშიც ნისლი გაქვს გამოკეტილი

შავი დღისთვის,

საშიშად მკაფიო დღისთვის.

რომ ამოუშვა და ჩააყენო

შენსა და ნივთებს შორის,

შენსა და კეთილმოსურნეთა შორის,

შენსა და ბუნებას შორის

და აღარ გეძებონ შვილებმა, რათა

ეგონოთ რომ აქვე ხარ,

რათა ნისლს მიღმა სილუეტით გიცნონ,

და მართლა ეგონოთ რომ აქვე ხარ

და სინამდვილეში არ იყო აქვე.

 

 

 ***

ერთმანეთზე უნდა მიადგათ ყველაფერი:

ყველა ქვეყანა, ყველა ამბავი, ყველა კორპუსი.

მისაწევი ხართ ერთმანეთისკენ.

ნივთებს შორისაც აღარ უნდა დარჩეს ადგილი.

შუალედი სახიფათოა.

იქ იბუდებენ რაღაც ახალი ამბები და მუდამ გაბნევენ.

თქვენ არ გჭირდებათ საიდანღაც გამოგზავნილი ისტორიები.

ყველაფერი ერთმანეთზეა მისადგმელი.

სიტყვებს შორისაც ეს შუალედი უკვე ბუდეა უბედურების.

როგორმე უნდა შემჭიდროვდეთ.

ერთ ორმოში უნდა ჩარგოთ ყველა ხე

და ერთ საძირკველში ჩააშენოთ მთელი ქალაქი.

თქვენს მოკითხვებს შორის მანძილიც კი სახიფათოა.

არ მიატოვოთ ერთმანეთი არასოდეს,

გაერთიანდით.

მე ცალკე მინდა,

მაგრამ ვერსაით რომ ვერ მივდივარ,

ამიტომ, გთხოვთ, გამიწიეთ ანგარიში,

ყველანი უნდა შემჭიდროვდეთ,

შორს რომ აღმოვჩნდე.

 

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა