გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პატაფიზიკა სცენაზე ბაჩანა ჩაბრაძე წინასიტყვაობა

„პატაფიზიკა სცენაზე“ | მთარგმნელისგან

პატაფიზიკის ფესვები ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ალფრედ ჟარის ჩანაწერებში უნდა ვეძიოთ. დადაიზმის, სიურრეალიზმისა და აბსურდის თეატრის მომავალ ინსპირატორს საკუთარი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი ქალაქ რენის ლიცეუმის ფიზიკის მასწავლებელმა შთააგონა. ალბათ, მაშინ თავად ჟარიც კი ვერ ივარაუდებდა, რომ მასწავლებლისადმი მიძღვნილი ამ საყმაწვილო შარჟის გმირი მოგვიანებით პატაფიზიკის დოქტორ იუბიუდ რეინკარნირდებოდა, უმძლავრეს სატირულ სიმბოლოდ იქცეოდა, უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ და თეატრალურ მიმდინარეობებსა და თეორიებს დაუდებდა სათავეს და ფრანგულ ენაში ახალ ზედსართავსაც დაამკვიდრებდა, "იუბიუურს" – ყოველივე იმას, რაც გროტესკული, აბსურდული, შეუსაბამო, იმპულსური, ბრიყვული, უსამართლო, ოდიოზური და სასტიკია ადამიანის ბუნებაში. ჟარი სწორედ ამას აშარჟებს, და აშარჟებს ძირფესვიანად ახლებურად, ახალი სინამდვილის გამოგონებით და ახალი ესთეტიკის, ახალი ენის შექმნით. იგი უპირისპირდება აზროვნების სწორხაზოვნებას, არსებულ ლიტერატურულ წესრიგს და არღვევს პოლიტკორექტულის საზღვრებს. მაყურებლისთვის დასაწყისშივე ნატყორცნი "ძნეხვი" თავისთავად ამბოხია, რომელიც ახალი, ავანგარდული, ბურლესკური, გაწბილებული, მწარე, მჭრელი, კოროზიული და სასტიკი სიცილის ტალღას აგორებს და მას სცენას ახეთქებს. ეს პატაფიზიკური სიცილია. ეს პატაფიზიკაა სცენაზე.

სწორედ ამ ტალღაში შეცურდებიან მოგვიანებით "პატაფიზიკის კოლეჯის" სატრაპები: რემონ კენო, ბორის ვიანი, მარსელ დიუშანი, ეჟენ იონესკო, სემიუელ ბეკეტი, მაქს ერნსტი, რენე კლერი, ჟოან მირო... სწორედ ამ ტალღაზე ააგებს ანტონენ არტო თავისი "სისასტიკის თეატრისა" და "ტოტალური წარმოდგენის" ფილოსოფიას. მანამდე კი, ჟარი ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტატორია თავის თანამედროვეებთან, ჟიულ ლაფორგთან, ანატოლ ფრანსთან, ჟიულ რენართან, პოლ ფორთან, სტეფან მალარმესა და, რაღა თქმა უნდა, გიიომ აპოლინერთან ერთად, ვისთანაც მას ინტენსიური მიმოწერა და სტილისტურ-იდეური თანხვედრა ჰქონდა. ისინი პატაფიზიკას განიხილავენ, როგორც წარმოსახვითი გამოსავლების, ამოხსნების, პრობლემების გადაჭრის მეცნიერებას, როგორც საწინააღმდეგოთა შესაბამისობას. მათთვის, პატაფიზიკა მეტაფიზიკის მიღმაა.

პატაფიზიკა მეტაფიზიკისთვის არის ის, რაც მეტაფიზიკა არის ფიზიკისთვის. მას, როგორც ეპიფენომენს, უჩვეულო, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი, კერძო, გამონაკლისი გამოჰყავს ავანსცენაზე.

ალფრედ ჟარის გროტესკული ფარსი "იუბიუ მეფე" პირველად 1896 წელს პარიზში დაიდგა. ავტორი მასში გამოწვევას, აბსურდს, სატირას, შარჟსა და შავ იუმორს ურევს. პიესის ცენტრალური პერსონაჟი, მამა იუბიუ, სიხარბის, ძალადობისა და უგუნურების განსახიერებაა. იგი ანტი-პერსონაჟია, ლაჩარი და უწმაწური, ყოველგვარი თანაგრძნობისგან დაცლილი. ჟარი ზოგადად ტირანს დასცინის. პიესაში უხვადაა ნეოლოგიზმები, ეპენთეზები და სხვა ლინგვისტური ინოვაციები. შესაბამისად, საჭირო გახდა დედნის შესატყვისი ორიგინალური ტერმინების ქართული ვერსიების შექმნა: მაყუთულაყი, მაყუთქვლეფია, სიფათილიყამყამი, ფინონსენსი, ფინანმძღოლი, ფინანსაბარკალი, ბიჭიაყელა, ძნეხვანჯალი... ამასთან, არაერთი პერსონაჟი ატარებს კონკრეტული მნიშვნელობის შემცველ სახელს, რომელთა უბრალოდ ტრანსლიტერირება ნაწარმოებს სიმბოლურ სისავსეს  დაუკარგავდა. შესაბამისად, აქაც საჭირო გახდა მათი არსობრივად გადმოტანა: მეფისწული ხულიგავი, ასისთავი არშია, ან ჯოხილ, სვეტის და ძელარ თახსარები, რომელთა სახელები ჰერალდიკური ემბლემების სახელწოდებებია, ხოლო გვარი, თახსარი, თახსირისა და სარის (იუბიუს რჩეული დასჯის მეთოდიდან: სარზე აცმა) სინთეზია. ჟარი ბევრ ტერმინს რაბლესგან იღებს და თავისებურად ამუშავებს: ფაშაშვი, სტომარქა, ღიპღიპო... ტექსტში ასევე პაროდირებულია შექსპირის ტრაგედიები და გვხვდება მინიშნებები მსოფლიო ლიტერატურისა და თეატრის არაერთ შედევრზე. ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჟარი რაბლეს გროტესკსა და შექსპირის ტრაგიზმს აწყვილებს.

გიიომ აპოლინერის "ტირესიასის ჯიქნების" პრემიერა "იუბიუ მეფის" პრემიერიდან 21 წლის შემდეგ შედგა, 1917 წელს, თუმცა მასში დიდია ჟარის გავლენა აპოლინერზე. აპოლინერი მისგან იღებს კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეას: ფერები, ფორმები, მოძრაობები, ცეკვები, მცირე ხმაურები, რევოლვერი, სენსუალობა, მაყურებელთან გათამაშება, მისი მწყობრიდან გამოყვანა... ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის მიუხედავად, სპექტაკლი სრული ანშლაგით ჩატარდა პარიზის რენე მობელის თეატრში და არნახული აჟიოტაჟიც გამოიწვია. მაყურებელთა ნაწილი უსტვენდა და ყვიროდა, ნაწილი კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. იყო რამდენიმე ინციდენტიც. როგორც აღნიშნავს არაერთი ავტორი და თვითმხილველი, დარბაზში ატეხილი აურზაურის ფონზე, მაყურებლებს რევოლვერით დაემუქრა ფრანგული დადაიზმისა და სიურრეალიზმის კიდევ ერთი ინსპირატორი, ბრეტონისა და აპოლინერის მეგობარი, ჟაკ ვაშე.

აპოლინერის პიესას, ისევე, როგორც ჟარის შემთხვევაში, წინ უძღვის ავტორის წინასიტყვაობა, რომელშიც ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი "სიურრეალისტური". მასშივე გვთავაზობს აპოლინერი სიურრეალიზმის პირველ განსაზღვრებას. ჟარის პოეტურ ენთუზიაზმს, რომელიც "იუბიუ მეფის" ლექსით დასრულებაში გამოიხატა, აპოლინერი კიდევ უფრო ავითარებს: მსახიობებსაც ლექსებს უძღვნის და პიესის ბევრი პასაჟიც ლექსად აქვს დაწერილი. "ტირესიასის ჯიქნების” ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, მოსახლეობის გამრავლებაა, ოღონდ - ფემინისტურ-ანტიმილიტარისტული აკომპანემენტით: ავტორი შთაგონებულია ტირესიასის მითიური პერსონაჟით, რომელიც ქალად გადაიქცევა და შემდეგ - კვლავ მამაკაცად. მხოლოდ, აპოლინერის პერსონაჟი ამას პირიქით აკეთებს, ხოლო მისი ქმარი ერთ დღეში 40 050 ბავშვს აჩენს.


წიგნიდან პატაფიზიკა სცენაზე: ალფრედ ჟარის „იუბიუ მეფე“ და გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნები“, მთარგმნელის კომენტარებით, არილი 2023.

პრემია „გერონტი ქიქოძე 2024“ - ფრანგულენოვანი ნაწარმოების წლის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა