მაიკლ ონდააჩი - „ინგლისელი პაციენტი“
მთარგმნელი - მარიამ ჩადუნელი
გამომცემლობა „დიოგენე“
„ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩს 1992 წელს ბუკერის პრემია გადაეცა. 2018 წელს ამავე რომანს „ოქროს ბუკერიც“ მიანიჭეს, როგორც საუკეთესოს იმ წიგნებს შორის, რომლებმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბუკერის პრემია დაიმსახურეს. 1996 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა, ენტონი მინგელამ რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო და ეს წიგნიც ამ ფილმმა კიდევ უფრო ცნობილი და პოპულარული გახადა. ჩემი აზრით კი, ფილმი უნდა დაივიწყოთ. საერთოდაც უნდა დაივიწყოთ, იმიტომ კი არა, რომ ცუდია ან კარგი, უბრალოდ, სულ სხვა ამბავს ჰყვება. ან, მოდი, ასე ვიტყვი, მთავარ ამბავს არ გიყვებათ.
არამთავარი ამბავი ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ფლორენციის მახლობლად, სხვადასხვა გარემოებათა გამოისობით, მიტოვებულ და ნახევრად დანგრეულ ვილაში ოთხი ადამიანი ერთმანეთს ხვდება - ინგლისელი პაციენტი, ერთიანად დამწვარი უცნობი კაცი, ჰანა - მისი მომვლელი კანადელი მედდა, სიქჰი ხამსა - პენჯაბელი გამნაღმველი, და კარავაჯო - ქურდი და ცოტა უფრო უფრო მეტიც, სადაზვერვო საქმეებში დახელოვნებული კაცი, ისიც კანადიდან. ბედისწერის თუ ისტორიულ ვითარებათა გამო, ეს ადამიანები ერთად იყრიან თავს და როგორც ხდება ხოლმე, როცა ერთ სივრცეში სხვათაგან განცალკევებით რამდენიმე ადამიანს უწევს ყოფნა, მათ შორისაც ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ეჭვებზე, ცოტა სიყვარულზე დამყნობილი, ცოტა გულწრფელი ურთიერთობა იბმება.
ამ ამბავს მიღმა კი კიდევ ერთი სხვა ამბავია, ჯერ კიდევ ომამდე რომ გადახდენია თავს ინგლისელ პაციენტს, და კიდევ ერთი წიგნიც, - ჰეროდოტეს ძველისძველი თხზულება. „ინგლისელი პაციენტიც“, სინამდვილეში, ჰეროდოტეს ეს ცეცხლგამოვლილი წიგნია, ამ რომანის მთავარ პერსონაჟს, ლასლო ალმაშს, „ინგლისელ პაციენტად“ წოდებულს, ყველგან თან რომ დააქვს - მინაწერებით, ჩანახატებით, ჩაწებებული ფურცლებით, წერილებით, გაზეთებიდან ამონაჭრებით. ოღონდ ვიდრე ამ მთავარ წიგნამდე მიხვალთ, გამოცდილი არქეოლოგივით, ფრთხილად უნდა შემოაცალოთ მას მიწის, ამ ტექსტის შემთხვევაში - დიალოგების, პეიზაჟების, პორტრეტების რამდენიმე ფენა. სხვანაირადაც შევეცდები თქმას - რაც უფრო შემოაძარცვავთ ზედა ფენებს, ეს წიგნი მით უფრო ივსება ფერებითა და სუნთქვით, ანუ ცოცხლდება.
„კაცს ვეება უღელი ედგა, რომელზეც სხვადასხვა სიგრძის ძაფებსა თუ ზონრებზე, ასობით პატარ-პატარა ბოთლი ეკიდა. შუშის წკრიალის სუსტი ხმა, ერთმანეთში არეული ფერები, უცნობის მეფური სვლა და მისი, კონდახივით ხმელი, გარუჯული სახე. სოვდაგარ-დასტაქარი - საცხების, სუნამოებისა და ავგაროზების უსტაბაში...
დამწვარი კაცის გვერდით იჯდა, ფეხისგულები ისე შეეტყუპებინა ერთმანეთისთვის, რომ თასად ეხმარა, ხელებით თავმოუბრუნებლად ირჩევდა საჭირო ბოთლებს, საცობებს კბილებით აძრობდა და ამ უჩვეულო „თასში“ აზავებდა. ჰაერში ზღვის სუნი დატრიალდა, ჟანგის სუნიც, ინდიგოსიც, მელნისაც და კიდევ - მდინარის შლამის, პარაფინისა და ეთერის. ჰაერის ტალღამ ეს ყველაფერი ერთმანეთში არია და თან გაიტაცა. შორიდან ამ სურნელებით დამფრთხალი აქლემების ყროყინი მოისმა. კაცმა ნეკნებზე მომწვანო-მოშავო მალამოს შეზელვა დაუწყო, რომელშიც ყველაფერთან ერთად, იმ ფარშავანგის დანაყული ძვლის ნაფშვენიც ერია, სადღაც აქედან სამხრეთით თუ ჩრდილოეთით რომ დაეცინცლა ვიღაცისთვის - როგორც დამწვრობის უებარი წამალი“ - ეს პატარა ამონარიდი ამ ტექსტიდან, იმ მხარის პორტრეტია და ერთდროულად პეიზაჟიც, ხმაც, ფერიც და სუნიც, რომელშიც ლასლო ალმაშის მოგონებები გადაგიყვანთ.
ადამიანები, რომლებზე მოგონებებსაც ჰეროდოტეს გაქექილი ტომი ინახავს ათასგვარი მინაწერის სახით, ინგლისელი პაციენტის მონათხრობში ცოცხლდებიან - „ჯგუფში, რომელიც „ევროპელ მეუდაბნოეთაგან“ შედგებოდა, რამდენიმე კაცი ვიყავით: ჯონ ბელი, ქემალ ედ დინი, ქვიშის ზღვისკენ მიმავალი სამხრეთის გზის აღმომჩენი ბაგნოლდი, უდაბნოების კვლევის ჟინით შეპყრობილი მედოქსი, ბერმანი...“ თითოეულ მათგანს უკვე გაეთქვა სახელი, როგორც უდაბნოების მკვლევარს. არაერთი ნაშრომი ჰქონდათ დაწერილი „ქვიშის დიუნებისა და ბარხანების აგებულებაზე, ოაზისების გაქრობასა და ხელახლა გაჩენაზე, ქვიშის უსასრულობაში ჩაკარგულ კულტურაზე“. „ომის ჯიუტ აჩრდილს“ ოღონდ ერთბაშად აერია უდაბნოს ისტორიის სამზეოზე გამოტანის მათი ყველა გეგმა და მცდელობა.
ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ამ ჯგუფს, ზერზურად წოდებული დაკარგული ოაზისის ძებნას რომ ეშურება, ახლად შეუღლებული ცოლ-ქმარი - ჯეფრი და ქეთრინ კლიფტონები შეუერთდებიან. „ჯერაც თვალწინ მიდგას, მუდამ - და სულ ადამის თვალით ვუცქერ“, - იტყვის ქეთრინზე ინგლისელი პაციენტი. იხსენებს: „ჰეროდოტეს წიგნში მუდამ რაიმე გეოგრაფიული თავსატეხის გასაღებს დავეძებდი ხოლმე; აი, ქეთრინმა კი იქ საკუთარი სიცოცხლის დასანახი სარკმელი იპოვა“. ერთხელაც, უცებ ქალი მაჯაზე მოკიდებს ხელს და ეტყვის - „სიცოცხლეც რომ შემოგწირო, უარს მეტყვი, არა?“
„მაინც ვინაა ეს კიმი? - ფიქრობდა ხმაურიანი მოსაცდელი დარბაზის კუთხეში ჩაცუცქული და სხვა არაფერი უტრიალებდა გონებაში... უცებ მიხვდა - საცაა რაღაც დიდი თავსატეხის პასუხს მივაგნებო, მაგრამ როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ამ სიმაღლეზე აჭრილი მისი გონება წამსვე ფრთამოტეხილი ჩიტივით დაქანდა დაბლა...“ - აქ შეხვდებით ამ სიტყვებს რადიარდ კიპლინგის წიგნიდან - „კიმი“, და თავად ამ წიგნსაც, იმ მიტოვებულ ვილაში ჰანა ინგლისელ პაციენტს რომ უკითხავს. მაინც ვინაა თავად ეს ინგლისელი პაციენტი, ვინაა ლასლო ალმაში, თავისივე „ვინაობისა და წარმომავლობის ერთხელ და სამუდამოდ წაშლა-გადაშლის საოცარი მოთხოვნილებისთვის“ რომ ვერაფერი მოუხერხებია? იხსენებს: „ოდისევსს მამსგავსებდნენ. სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ. ჩემი ითაკა - უდაბნოა: იგივეა, რაც ვიღაცისთვის - ბავშვობის მდინარე, ან მშობლიური ქალაქი“. ქეთრინსაც, უდაბნო ამ კაცის გამო უყვარდება, რადგან უნდოდა გაეგო, რატომ ერჩივნა მას ყველაფერს ამ ქვიშის ზღვაში განმარტოება.
„უდაბნო ის ადგილია წარსულსა და აწმყოს შორის, სადაც წყალი და დრო ერთნაირად გამჭვირვალეა, გვერდით კი ტურა გყავს, რომელიც ცალი თვალით გარდასულს გასცქერის, მეორეთი კი - ჯერაც გასავლელ გზას. კბილებს შორის წარსულის ნაკუწები ჩარჩენია, ნამცეც-ნამცეც გილაგებს წინ და როცა ერთიანი სურათი ლაგდება, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი უკვე გცოდნია“.
მაგრამ ეს უდაბნო ომს დაუჩეხავს, სხვადასხვა ქვეყნის არმიებს ისე გადაუვლიათ მისი უკიდეგანო ბარხანები, ვერც კი მიმხვდარან, სინამდვილეში სად ყოფილან. მაიკლ ონდააჩის „ინგლისელი პაციენტი“, თავისი არსით, ფიქრებით და სევდითაც, უდაბნოს ხმების და მდუმარების წიგნია, ყველა მოძრაობა სულისა ქვიშის თვალუწვდენელ ზღვას მიემართება. „უდაბნოში მოხვედრილ კაცს შეიძლება სიცარიელე ეკავოს შეტყუპებული ხელისმტევნებით და იცოდეს, რომ სწორედ ის დაარწყულებს წყალზე მეტად“.