
მაისი / ივნისი / 2016 / სივრცეები და ადგილები
26.09.2016დღიურს რომ ვწერდე, ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლო ერთი წელი იქნებოდა ჩანაწერები შემდეგზე. სად არის სივრცე იმის სათქმელად, რაზეც ჩვენი საზოგადოება საუბარს გაურბის, ანდა რაზეც ჯერ არ დავფიქრებულვართ. სად არის სივრცე იმისთვის, რომ გავექცეთ სტერეოტიპულ და წესების მოკარნახე კულტურას? ბუნებრივია, რომ მთელი წლის ჩემი შეკითხვების ამ 600 სიტყვაში ჩატევას არც ვცდილობ (გამაფრთხილეს, მხოლოდ 600 სიტყვაო!), სულ სხვა რამის თქმა მინდა.
უახლოესი წარსულის დღეებში, როცა კულტურულ პროცესებს და არტისტულ მოვლენებს ვაკვირდებოდი, იმ ადამიანებს გადავეყარე, ვინც ჩემსავით ეძებენ სივრცეს და ამ სივრცის შესაქმნელად ჯერ ეძებენ ადგილებს. ადგილს დაბინავებისთვის, სხვასთან შესახვედრად, ადგილს გასაჩერებლად, რომ იქიდან ახალი გზები ახალი მეთოდებით დააგონ, უფრო მეტს რომ გაუძლოს ისეთი, უფრო მძლავრი დინამიკისთვის გამძლეს. თუმცა შეიძლება, წინა თვეში სხვა ბევრი რამ ამოძრავებდათ არტისტებს, მაგრამ მე იმას შევხვდი, რასაც ვეძებდი.
ჯერ გარიყულაში წავედი. ფესტივალი გაიხსნა. ამ ფესტივალში მონაწილეობა არასდროს მიმიღია.
არ მიზიდავდა ქალაქიდან სოფლად ჩასვლა და ისევ ქალაქური ყაიდის მოძრაობები, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა არასდროს მონაწილეობდა. ჩვენ მათ ვერ ვხედავდით ხოლმე და ისინი – ჩვენ.
ამის მიუხედავად, საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც ფესტივალის მუდმივი დამფინანსებელია, მას რეგიონულ პროექტად მოიაზრებს და ასე იმშვიდებს თავს. წელს უცნაური რამ მოხდა, არტისტებმა მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ, რომლებმაც წლევანდელი წლის კურატორობა ითავეს და ფესტივალის დევიზად „მომავალი მეხსიერება“ გამოაცხადეს, პრიორიტეტულად იმ პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს, რომლებიც ფესტივალში ადგილობრივების ინტეგრაციას შეძლებდა. ალბათ ამიტომ, ფესტივალის სიმბოლურ გახსნაზე დისკუსია გამართეს რეგიონული კულტურისა და მისი გამოწვევების შესახებ. ახალი თაობის ხელოვანები დასხდნენ და იმაზე იმსჯელეს, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებს შორის კომუნიკაციის შექმნა. არსებულ მცირე გამოცდილებებსაც გადახედეს. ვნახოთ, რა გამოუვათ არტისტებს. შეძლებენ თუ არა შექმნან ხედვა და პროცესი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ერთი პატარა არტისტული ჯგუფის ინტერესებს, არამედ საზოგადოების გარკვეული ნაწილისაც. ამგვარი პროცესის წამოწყების ინიციატორები სხვა არც არავინ მაგონდება, გასული საუკუნის 80-იანელების გარდა, რომლებმაც კავშირის დაშლასა და მისგან გამოსვლის მოძრაობაში თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

თუკი გარიყულა უკვე მრავალი წლის სივრცეა, რომლის ახალი შინაარსით დატვირთვა გვსურს, თბილისში იმავე ამოცანის მიღწევას სულ სხვა მეთოდით ვცდილობთ. ეს მეთოდი ახალი ანდა დავიწყებული ადგილების „გახსნაა“. ერთგვარი ალტერნატივები და თავისუფალი სივრცეები არსებულ ურბანულ გარემოსა და მყარ სისტემებში. გასული თვის ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა „ფაბრიკაა“.
ეგნატე ნინოშვილის N8-ში ჯერჯერობით თანამედროვე მუსიკის მოყვარულებისა და სტენსილით გატაცებული ადამიანების თავშეყრის ადგილია. სივრცე ორდღიანი კონცერტებითა და შეხვედრებით გაიხსნა. თუმცა მხოლოდ ამ შინაარსით არ დარჩება. „ფაბრიკა“ სინამდვილეში ბიზნესპროექტია. თავის დროზე ძველი ტექსტილის ქარხნის შენობა-ტერიტორიას „აჭარა ჯგუფი“ 400-ადგილიან ჰოსტელად აქცევს. ეს იქნება ტრადიციული და კლასიკური სასტუმროს ალტერნატივა მათთვის, ვინც ახალგაზრდაა და ვისაც კულტურული ტურიზმი უფრო ხიბლავს, თან ჯიბეშიც ცოტა ფული ექნება. თანაც მოგზაურობა ურთიერთობებს ნიშნავს. რა იქნება მერე? დარჩება თუ არა ჰოსტელის სივრცეში ექსპერიმენტული არტის და ხელოვანებისთვის თავისუფალი დინამიკის ადგილი, ამას მხოლოდ შემდეგ ვნახავთ, ფაქტია, რომ პროექტის ავტორები სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს. თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის განვითარება ამ პროექტის მთავარი მიზანი და ამოცანა არ არის, მაგრამ მთავარ ამოცანას მორგებული პარალელური სურვილებია.

ცეკვა თავისუფლებისთვის, სხვეულის გათავისუფლებისთვის ან, თუნდაც, სხეულით გათავისუფლებისთვის – თავისუფლად შეიძლება „მოდერნ დენსის“ პირველადი, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ამოცანების ასე მოკლედ დახასიათება. ცეკვის სისტემა, რომელსაც მოდერნი დაარქვეს, საფუძველია იმ თანამედროვე ქორეოგრაფიისა, რომელსაც დროს, ადგილს და ყურადღებას უთმობენ მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანაში არსებული თანამედროვე ცეკვის ფესტივალები. „თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისი“ კი ფესტივალია, რომელსაც აქვს ამბიცია, კავკასიის რეგიონში ცეკვის პროცესების ეპიცენტრად იქცეს. ფესტივალი, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო დონორები ჰყავს, წელს სამი დღე მასპინძლობდა მაყურებელს და მეც მათ შორის.
ევორას თანამედროვე ცეკვის დასი პორტუგალიიდან, ამავე ქვეყნის ერთი რეგიონის, ალენტეჟანუს ფოლკლორულ სიმღერებზე აგებული დადგმაა. ამ მხარეში ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ, თუმცა განსხვავებული მრწამსის ადამიანების თანაცხოვრებას არ აღიარებენ. კულტურული ტრადიციებიც განსხვავებული აქვთ. ერთი შეხედვით რომანტიკული და სენტიმენტალური დადგმა, სინამდვილეში, იმ კონფლიქტზე გახლდათ, რომელშიც იბადებიან ადამიანები.
მეორე წარმოდგენა უკვე ისრაელის დასს – ვერტიგოს ეკუთვნოდა. დახვეწილი, განათლებული და გამოცდილი დასი ნათელი შედეგია ისრაელის კულტურის პოლიტიკისა, რომელსაც ამოცანად აქვს დასახული თანამედროვე ხელოვნების მიღწევების ადგილზე განვითარება და მასში მაქსიმალური ინვესტიციის ჩადება. ისრაელი მდიდარია ქორეოგრაფიული დასებით, რომლებიც ექსპერიმენტებს ახდენენ. ეს პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლოვანი ტრადიცია არ აქვთ. ისრაელი მაგალითია იმისა, რომ სტრატეგიული გეგმით შესაძლებელია ხელოვნებაში მიაღწიო ისეთ ხარისხს, რომელიც არ აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ტრადიციებით სიამაყე უალტერნატივოა. ასეთია, მაგალითად, საქართველო, სადაც სასცენო ხელოვნების ტრადიციები სერიოზულ კონფრონტაციაში მოდის ამჟამინდელობასთან.

ფოტო: მაკა გოგალაძე
ფესტივალის მესამე დღე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეძღვნებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ქორეოგრაფიული ენა საბჭოთა გამოცდილებებს ამუშავებს. დასამახსოვრებელი იყო მხოლოდ დრო. დიდხანს გაგრძელებული სამი საათი, რომლის გაძლებაც გამიჭირდა. სასიამოვნო იყო მხოლოდ ქართველი ავტორის, ირაკლი შენგელიას მიერ დაახლოებით 10 წლის წინ დადგმულის გადამეორება-მოგონება. დავიწყებული წარსულის მოგონება ხანდახან არის სასიამოვნო, თუ აკომპანიმენტს ალფრედ შნიტკესა და არვო პიარტის მუსიკა წარმოადგენს. დადგმა „ზიგზაგ პლუსი“ თავის დროზე იყო კარგი მცდელობაცა და ჩვენთვის ექსპერიმენტიც. მაგრამ ჩვენს არტისტულ სივრცეში ექსპერიმენტების ერთჯერადობა თითქმის არასდროს იქცევა ხოლმე პროცესად და სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში, ყველა ექსპერიმენტის აზრი და მნიშვნელობა ქრება.
ხანდახან მგონია, რომ თბილისი გამქრალი ექსპერიმენტების და ახალ-ახალი მცდელობების ადგილია. სადაც ყოველთვის ყველაფერი იწყება, მაგრამ დღეგრძელობა არ გააჩნია. რატომ? ამაზე უკვე რომელიმე სხვა 600 სიტყვაში ვილაპარაკოთ.