გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მაკო, 51 წლის | მე ვთამაშობ

იცი რა დრო იყო? სინათლეები რომ არ არის, უბედური პერიოდია. ივერია იყო ერთადერთი კაზინო. იქ შუქიც იყო, სითბოც. დავიწყეთ სიარული მე და ჩემმა მეგობარმა. გასართობად, რასაც ქვია. მაშინ ფული გვქონდა.

ვიპრანჭებოდით და მივდიოდით. 

მეზობელი შემხვდა სადარბაზოში ერთხელ, სად დადიხარო? 

პონტი არ არის, ვერსად ვერ მიდიხარ, შუქი არ არის, წყალი არ არის. ისეთი კარგი გასართობიაო-მეთქი და წამიყვანე მეცო. მაშინ შვილი ყავდა, ის ბიჭი ეხლა 40 წლის არის, მაშინ 10-ის იყო. არ შემოუშვეს ბავშვი და იჯდა დირექტორის კაბინეტში. წარმოიდგინე. 

ესე დავდიოდით, სიცილ-კისკისში. მაშინ სხვა დრო იყო. ცოტა გოგოები დადიოდნენ. რომ შევდიოდით, გიჟდებოდნენ, შენ კაი ფეხი გაქვსო და ეგრევე უშვებდნენ ას დოლარიანებს. ჩვენთან დაჯექი, არა ჩვენთან დაჯექი. ესე მაიმუნობა - მაიმუნობაში ვერთობოდით. კარგად ვჭამდით, კარგად ვსვამდით. ყველას ვუყვარდით, დაბადების დღეებს გვილოცავდნენ საჩუქრებით. მაშინ კარგი სიტუაცია იყო, ყველას ფული ქონდა. ყველა რომ თავზე გევლება, მართლა რომ ერთობი. 

ხალხიც გაბოროტებული არ იყო, არ უჭირდათ მაშინ.

ჩემი მეზობელიც ძალიან ლამაზი გოგო იყო. მეც, 30 წლის წინ, გამხდარი და კაი ფორმაში ვიყავი. ერთხელ, დაგვპატიჟა ვიღაცამ სადილზე. ვუცნივარ ერთს. დაურეკია მამაჩემისთვის. ვზივართ, ვეწევით. ბავშვები დედაჩემთან მყავს დატოვებული, ვითომ დაბადების დღეზე მივდივარ. , მაშინ სიგარეტსაც ვუმალავდი მამაჩემს. ღამის ორ საათზე მადგება მამაჩემი. ხო კარგად ხარო. მარტო რა გინდათ, ისა, ესა. ძალიან მთხოვა მაშინ, არ ითამაშოო. არ დავუჯერე. 

თავიდან ხუთი წელი ინტენსიურად ვთამაშობდი. მაგრამ, ვმალავდი და შეზღუდული დრო მქონდა, ერთი - ორი საათი. რომ ამიკრძალა, არ მინდოდა უსიამოვნება. ჩუმად შევიპარებოდი, ყოველ დღე, შაბათ - კვირის გარდა. ორი საათი, სანამ ბავშვები ბაღში იყვნენ. ვერც ვასწრებდი. რომ წააგებ, შეიძლება ამოქაჩო, მაგრამ მე დროც არ მქონდა. ამიტომ, ვიყავი წამგებიანი მოთამაშე. 

ჩემს ქმარს ფული აქვს, მამაჩემს ფული აქვს. მე არ ვმუშაობ, დავამთავრე უმაღლესი, მაგრამ არ ვმუშაობ, ბავშვები მყავს. ფული სულ მაქვს, ას დოლარს რომ გიტოვებენ, ხო ხვდები. მაგრამ, მერე აღარ გყოფნის. 

გავბლატავდი და დიდი სტავკებით ვთამაშობდი. თავიდან ვიგებდი ხოლმე, მაგრამ სულ ხომ ვერ მოიგებ. არ ვჩერდებოდი. იცი როგორ იყო? თავიდან თუ ასი დოლარით შევდიოდი, მერე უკვე ორი ათასზე ნაკლებით არ შევიდოდი, უხერხული იყო.

მერე დავიწყე ვალების აღება, ნივთების გაყიდვა. მაშინ ჩვენ დროს, ყველას ქონდა სამკაული. მეც მქონდა. თან არ მიყვარდა არასდროს ოქრო და ბრილიანტი. მივადექი და დავიწყე გაყიდვა. ვერავინ ვერ ხვდებოდა. ჩემი ქმარი კაიფობდა და ვერც მიხვდებოდა. დიდ ძველებურ შკატულკაში მქონდა, კარატზე ნაკლები არცერთი. ცეპები, ბეჭდები. ფასიც არ ვიცოდი. 

სულ პირველად გავყიდე ბრილიანტის ბეჭედი. ჩემი ამხანაგის მამა მოგვეხმარა. ისეთი იყო, ჯიგარი მამები რომ არიან. იმასთან გავამხილეთ. ეხლა რომ ვფიქრობ, ფული ქონდა და ვერ მომცა ის ფული? გვითხრა სად უნდა მივსულიყავით. პლეხანოვზე, რომელიღაც საიუველიროში მივედით. ის კაცი იყო მილიციის უფროსი და გააფრთხილა არ მოატყუო ბავშვებიო. 300 დოლარად გავყიდეთ. 

ჩემი დედამთილის ნაჩუქარი ნივთები, ისე გავყიდე, არც გამიკეთებია. ერთი საყურე იყო, საშინელება, მაგრამ თვითონ თვლიდა, რომ უძვირფასესი იყო. იქ აღმოჩნდა რომ არ იყო ბრილიანტი. იცი როგორ მახსოვს? სახლში მოვედი და ვუყვები. იცით მეთქი, ესე და ესე. გაგიჟდა ეს ქალიც, როგორო. შენ რატომ შეამოწმებინეო. გადაკეთება მომინდა - მეთქი, რას ვეტყოდი. 

მერე კიდევ ბეჭედი, კიდევ საყურე. რაც არ ჩანდა, რომ არ შეემჩნიათ სახლში. ჩუმად, რომ არ დატყობოდა. ბეჭედი არ ჩანს - არ ვიკეთებ, დევს. არ ამოწმებდა არავინ, ეგ რომ ამოვწურე თითქმის ბოლომდე, გადავედი ნივთებზე. ძალიან მწყდება გული.

ძალიან ბევრი ნივთი გავყიდე. ძველებურები, იცი როგორი?  ფაბერჟეც მქონდა. 

ძველებური დოქი მქონდა, 84 პრობით, ძვირიანი. 

ოღონდ ყველა მატყუებდა. მე ხომ არ ვიცოდი ფასები. ცალკე ვცხოვრობდით, ქმრის ოჯახსაც ქონდა და დედაჩემმა მაჩუქა სასწაულები, მაგრამ რა ვიცოდი, რომ ეს არის ხლებნიკოვი ან რაღაცა. მოგვყავდა ერთი ებრაელი კაცი, გათახსირებული, არ მეუბნებოდა რომ ეს იყო უძვირფასესი, საავტორო ნივთები. დედაჩემი ერთხელ რომ მოვიდა ჩემთან, სად არისო, ვაზაზე მკითხა. გავუმხილე და გაგიჟდა, ხუთას დოლარად, როგორო, მომეცი ტელეფონი, ორმაგს მივცემ დააბრუნონო. რეალურად ორმოცდაათი ათასი ღირდა, უნიკალური. 

მომატყუეს ძალიან. 

მშიშარა ვიყავი, ამან დამღუპა. რომ იციან ვინ ხარ, რა ხარ. თან მე რომ ვმალავდი, ვიყავი გამოჭერილი, ასე ვთქვათ.

მერე პროცენტიანი ვალები. რო წავაგებდით გამოვდიოდით, ხო? უცებ ვიღაც ქალი, კაზინოდან რომ იცნობ, გამარჯობით, გეუბნება - მიდევს მე ათასი დოლარი, თუ შეგიძლია მოიტანო ხვალ ან ზეგ, მოგცემ. პასუხობ - კი, მინდა. 

ნასესხებით რომ თამაშობ და რომ ნერვიულობ მერე უფრო აგებ. მეორე დღეს გირეკავს ეს ქალი. ერთ დღეში ხომ ვერ მოასწრებ შოვნას. თვითონ გთავაზობს, დაგიტოვებ და პროცენტით იყოს - თხუთმეტი და ოცი პროცენტით. რა პრობლემაა. ესე დებილურად. აბა არ მიგეტანა. ატყდებოდა რეკვა მშობლებთან. ზოგთან ქმართან, ზოგთან მშობლებთან. 

ერთი ჩემი მეგობრის დედა იყო, თხუთმეტ პროცენტში მოქონდა, ოღონდ რამე უნდა მიგეცა. მქონდა დანა-ჩანგალი, ხლებნიკოვის, უნიკალური დანა-ჩანგალი. იცი როგორ ჭრიდა? კი არ მედო, ვიყენებდი. დედაჩემმა მაჩუქა და ყუთი გადავაგდე მე დეგენერეტმა, რო არ იცი. ყუთიანად ღირდა ოცი, უყუთოდ ათი. ვხმარობდი სამზარეულოში, კარგად ჭრიდა, გესმის, ბასრი იყო. 

ვაბარებდი ამას თხუთმეტ პროცენტში. ჩავაწყობდი ხოლმე ჩანთში, მივცემდით ამ ქალს, წავიდოდა, მომიტანდა ფულს. სამი ათასი იყო სტავკა ამ დანა-ჩანგალში. გავათამაშებდით ამ სამი ათასს. მერე გამოვიტანდი. საბოლოოდ ჩავტოვე. დამიგროვდა პროცენტები, ოთხას ორმოცდაათი უწევდა თვეში. 

მერე დაიწყო დალომბარდება. ზოგს ვტოვებდით, ზოგი გამოგვქონდა. ახალი იყო ლომბარდებიც.  საათს, ბეჭედს, ყველაფერს დებდი. გაძლევდნენ ფულს, ეგრევე მივდიოდით სათამაშოდ. თან ჩვენ მეგობრები ერთად დავდიოდით. ერთი რომ მოიგებდა, გართმევდა მეორე, მერე ის მეორე გაძლევდა ნაწილ-ნაწილ და ვეღარ გამოგქონდა ის ნივთი. საბოლოო ჯამში ყველაფერი იქ რჩებოდა. კაზინოში. მოვიგებდით რომელიმე სამიათასს ხო? ხო შეიძლება გამოხვიდე, გამოიტანო. არა, გართმევდა მეორე. თუ არ მიცემდი, ტყდებოდა პანიკა. მერე დილიდან იწყებდი ჩალიჩს.

ეხლა რომ ვფიქრობ, მომიგვარებდნენ, ჩემი ქმარიც, მამაჩემიც. იქამდე არ მივიდოდი. არ გავყიდდი ნივთებს. მერე ნერვიულობა, ტყუილები. რამდენჯერ დამიფიცია ტყუილად ბავშვები, რო - არა არ ვთამაშობ.

ძველებური ვაზა იყო, საქსი, სასწაული. სოლოლაკში იყო გადამყიდველი, იქ მაქვს დატოვებული. ვწევარ სიცხე მაქვს 39. მირეკავს ეს ქალი, გაიყიდაო, ხუთად ვყიდდი, ორი თუ გაწყობსო. კი-თქო. ვურეკავ ჩემს მეგობარს, ეხლა ვიღებ ორი ათასს და წავიდეთ - მეთქი. ოღონდ როგორ ცუდად ვარ იცი, სიცხიანი. წავედით. პოკერს ვთამაშობ. ეხლა არის ქეშბექი - წაგებულიდან რომ გიბრუნებენ, მაშინ არ იყო.  სულ რომ წავაგე, ვთხოვე, უფროსი ვინც იყო და ხუთასი მომცეს. მიდი აბაო, და ფლეშ როიალი გავხსენი. ერთადერთხელ იყო რომ მოვიგე და ამოვქაჩე. 

სახლივით იყო. ეჩვევი, გენატრება, სულ იქ გინდა. მიჯაჭვული ხარ. საშინელებაა. რამდენი დაიქცა. მეც სახლი დავკარგე. კაზინოს გამო არა, მაგრამ, რომ არ მეთამაშა, ჯობდა. ისეთი ნივთები მაქვს გაყიდული, ათ სახლს ვიყიდიდი. ვალი გვქონდა, ათი მე მქონდა, ათი ჩემს ქმარს. ოცად ჩავდეთ ვაკეში სახლი, ძალიან კარგი ბინა იყო, ის სახლი ღირდა სამასი ათასი. სამოცი პროცენტი იყო წელიწადში, უბედურება. საბოლოო ჯამში, ის სახლი დაიკარგა.

მეგობრებიდან ბევრი დავკარგე. თუ არ დავკარგე, ურთიერთობა შეიცვალა. ბევრი ცუდად მომექცა. 

ჩემი მეგობარი მიფრინავს ერთხელ გერმანიაში, ორი სამი წელია უკვე ვთამაშობ, მაგრამ ცოტა ფულით ვთამაშობ, ვალები არ მაქვს. მირეკავს და ცოტა ფული მიდევს და წამო ვითამაშოთ, იქნებ რამე ვქნათო. მაშინ სამი ათასი ფულია. სამი ათასი დოლარი. წავედით და ეს სამი ათასი წავაგე მე. ოღონდ, ამდენი არასდროს არ წამიგია. კინაღამ გავაფრინე.  მიფრინავს ხვალ. ან რატომ მირეკავ, ან რატომ მაძლევ. რა ვქნათ ეხლა. ღამეა. გამოვედით, 12 საათია.

ხოდა, ავალ დედაშენთანო. ეს გოგო ავიდა დედაჩემთან და ეუბნება, ვალი ქონდა, აწიოკებდნენო და მე გადავუხადეო. დედაჩემი საწყალი გაგიჟდა, როგორო. რა მექნაო, თავს იკლავდა და ავიღე და მივეციო და ეხლა მივდივარ, მჭირდებაო. დედაჩემმა, ისე რომ მამაჩემს არ გაეგო, მოიხსნა საყურე საწყალმა. საყურე ღირდა ათი თუ ოცი და უცებ გაყიდა გადამყიდველთან. სხვათაშორის, კარგად ვიცნობ ვინც იყიდა იმ ქალს, ეხლაც აქვს. სულ მინდა რომ გამოვისყიდო. დედაჩემი გიჟდებოდა იმ საყურეზე. იმის მერე ათასია გაყიდული, მაგრამ იმ საყურეზე მაქვს ეს განცდა. 

მოკლედ, დედაჩემმა ამ გოგოს ბევრი მადლობა უხადა იქით. მიხვდი? 

ვთქვათ, კაზინოში მომცემდა რომელიმე ფულს. მერე უცებ მოვიდოდა ჩემთან. იცოდა რომ, ვთქვათ, საათი ღირს ხუთი ათასი, “გაგიყიდი” და ფულს თვითონ იღებდნენ. ეგეთი რაღაცეები არ უნდა აკეთო. 

იმოქმედა მეგობრობაზე. ფული ააშკარავებს. სამწუხაროდ. 

ეს გოგოც, სულ მისი ვალი მქონდა, ვეუბნებოდი, ისე მიყვარხარ ვგიჟდები, მაგრამ დილას შენ რომ მახსენდები, უკვე ცუდად ვხდები. სულ, სისტემატიურად მქონდა ვალი. მე რომ წავაგებდი იქ, ის სულ იგებდა და მაძლევდა და ყოველ დილას მქონდა იმის ვალი. რომ არ მოეცა ხო ცუდი იქნებოდა, რა პონტია, ღორი. მაძლევდა და მე კიდე მეორე დღეს მქონდა დასაბრუნებელი და აღარ შემეძლო. 

დილიდან ფულზე ჩალიჩობ. როგორც მორფინისტები. 

მე მქონდა სულ ერთი - ორი საათი. ბაღში და სკოლაში რომ წავიყვანდი ბავშვებს. რამდენჯერ შევსულვარ დილის ცხრა საათზე. ორის ნახევრამდე. 

კერძო ბაღში დამყავდა ბავშვები მრგვალ ბაღთან. მაშინ ფილარმონიის ქვემოთ ორი ჯუჯა იყო. წინ კაფე და შიგნით კაზინო. საღამოები და კონცერტებიც ტარდებოდა, გასართობადაც დავდიოდით. არც კამერები იყო, არც არაფერი. ვიღაცას ვიღაცა მოწონდა, კრუპიეებს კლიენტები. ერთხელ ერთ კრუპიეს მეც მოვწონდი და ვითომ კარე მყავდა. ნუ, აი, სოფლის კლუბი რა. 

გასკდა ამ ორი ჯუჯას ამბავი. ყველა გიცნობს სახეზე და თან ისეთი მშობლები გვყავდა. ალბათ უნდა ეთქვათ კიდეც, ძაანაც კაი. ხოდა, მეთქი რა სისულელეა, იქ რო ჩავდივართ კაფეში ვზივართ, კაზინოში რა გვინდა. ჩემი ერთი ამხანაგი დედაჩემს ეუბნებოდა, კროსვორდებს ვავსებთო. რაღა იქ ავსებთ კროსვორდებსო. ცოტა რომ წამოიზარდნენ, ბავშვებიც წაგვიყვანია რამდენჯერ. აჭარული ქონდათ, კაი კაფე იყო, და სანამ ბავშვები კაფეში ჭამდნენ ჩვენ, დედები, იქ შევსულვართ. სახლივით გვქონდა. იცი როგორ? შევდიოდით, ვერთობოდით, ვთამაშობდით. რამხელა ფული შედიოდა იცი ჩვენგან? ყოველ დღე. მეგობრები დავდიოდით ერთად და ხუთივე ვთამაშობდით პოკერს. ერთი დღეა და ოთხნი ვართ, მეხუთე არ არის. მოდის ვიღაც ბიჭი, ცოტა კაიფში, ჩაიწიეთ, გამოიწიეთ. გავხედეთ ამ ბიჭს, არ გვინდა რომ მაგიდაზე ვინმე დაგვიჯდეს, სულ ჩვენ ვზივართ და აწყობილი გვაქვს, ხო ხვდები. დაჟე, კარტს რომ ატრიალებს კრუპიე მაიაკებს გვაძლევს. კაროჩე, არ გვინდა. ვეუბნებით, რომ დაკავებულია, ველოდებით. არაო, უნდა მოვიგოო. ჩაგვწია მოკლედ და ჩვენ ვთამაშობთ 25-50 დოლარიანს. ამაყად ახურდავებს ოც დოლარს, როგორ დავცინეთ იცი? ტიპს ისე გაუტყდა, ხო გვაგინა. ჩვენ როგორ იცი? -  ვაჰაჰაჰა, ოც დოლარს წინ ვერ შეხვალ, მარტო უკანას დებ? იფიქრა ალბათ, ვაი თქვენ პატრონსო. საბოლოო ჯამში, ვინ არის დასაცინი. 

მერე იყო ხელის მაზები, ეგეც გამიმაზია. არ ვიცოდი ფეხბურთი. მე თუ რამე არ ვიცი, არ ვთამაშობ. ეხლა ვგიჟდები ფეხბურთზე, ჩემი ფავორიტები მყავს. მაშინ, ვითომ ძალიან კარგი ბიჭები, ცოლებით რომ იბრიქებიან, მაზაობდნენ, დაჟე გოგოებთან. ჩემმა ამხანაგმა, მოდი დავდოთო, რაღაცა სასწაული თქვა და მე ინტუიტიურად ხუთას დოლარს დავდებ-მეთქი. მოვიგე. ორიათას რაღაცა. ერთხელ მოვიგე. ბევრჯერ არ მითამაშია, მაგრამ მერე ეგრევე თხუთმეტი ათასი წავაგე. წარმოიდგინე, როგორი გადასახდელია თხუთმეტი ათასი. თან ხუთი დღე გვქონდა დრო. თავიდან, ხუთასი, მერე ათასი, მერე აორმაგებ, მსოფლიო ჩემპიონატი იყო. უკვე ბოლოს ნერვი რომ აღარ მქონდა, არიოლ ი რეშკა ხო იცი, მსაჯი რომ აგდებს, მაგაზე დავდე. ვინ დაიწყებს თამაშს, სიტყვაზე რეალი თუ ბარსელონა. 

ძალიან გავმწარდი მაშინ, რაღაცეები გავყიდე, ვისესხე. შევხვდი პეკინზე, ჩავაბარე და დავიფიცე რომ აღარ ვიზამდი. გადის ხანი და სადღაც სუფრაზე ვზივარ და ერთი ბიჭი, ვითომ რომ ისეთი ბიჭია, მეუბნება, ვაიმე როგორ მეცნობიო. ხუთი წელია გასული იმ ამბიდან. მე ვაფშე არა. შენ არ ჩააბარეო. მე უთხარი, ამდენ ხალხში რომ მეუბნები, არ გრცხვენია - მეთქი. ეგეც შეცდომა იყო, არ ჩამებარებინა, მეთქვა ჩემი ძმისთვის ან ჩემი ქმრისთვის. მაგრამ, ვინც მედგა შუაში, ჩემი მეგობარი, იმან გაიგიჟა თავი, არ არსებობს, შენ თუ არა მე უნდა ჩავაბარო მაშინო, როგორ წნეხში გამატარეს იცი? იცი როგორ კაჩაობდა, ვითომ ქურდი იყო, პირველად ხო აიღე და ეხლა უნდა ჩააბაროო. ეხლა რომ ვფიქრობ, ვითომ რომ არ ჩამებარებინა, რა? დაჟე მიფიქრია, თავი ხო არ მოვიკლა, რა ვქნა, ეს ფული რომ ვერ ვიშოვო. ცუდ ფულს რომ წააგებ. 

ყველანაირ ფულს კიდებ ხელს. დრო რომ გინდა დააბრუნო უკან, რომ ფიქრობ - ნეტა ეს არ გამეკეთებინა. 

მერე საერთოდ დავანებე თავი. მივხვდი, რომ ფსიქიკა შემერყა. მეზიზღებოდა. 

გავიდა დრო და მამა გარდამეცვალა.

 ბინა ჩადებულია, ჩემი ქმარიც აღარ მუშაობს, ურთიერთობაც არეული გვაქვს. მამის ამბავი ძალიან განვიცადე, გამომეცალა ყველაფერი, უცებ, ორ კვირაში. დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. ცუდად ვიყავი, წამიყვანა დედაჩემმა ექიმებთან. ვითომ გენიოსმა ექიმებმა დამისვეს არასწორი დიაგნოზი. კიბო გაქვს, ექვს თვეში მოკვდებიო. არ არსებობს - მეთქი, საფრანგეთში წავედი კვლევებზე. სად მიფრინავ, თვითმფრინავში რომ ჩაჯდე, მოკვდებიო, ვერ გადაიტანო - ეს პროფესორი და აკადემიკოსი ექიმები მეუბნებოდნენ. მე ვამბობდი რომ არ მაქვს -მეთქი. არ აღმომაჩნდა. მაგრამ, ეს მაინც დიდი სტრესი იყო ჩემთვის. ამაშიც იმდენი დაიხარჯა, ჩავდეთ აგარაკიც. 

ამის მერე გავაგრძელე თამაში, ერთი წელი ვცხოვრობდი აჭარაში. მამაჩემიც აღარ იყო, რიდიც არ მქონდა არავისი. 

გასართობად, რომ დაგავიწყოს ყველაფერი, საუკეთესოა.

მაშინ ძალიან მომეხმარა თამაში. ყველაზე ცუდად რომ ვიყავი, ვიყავი იქ. ცუდი პერიოდი მქონდა და გადამატანინა.  ვიჯექით, ვმაიმუნობდით, ვსვამდით, ვჭამდით. საღამოობით მუსიკა იყო ხოლმე. და ვაგებდი. მთელი ღამე ვიყავი ხოლმე. უკვე აღარც ვმალავდი. 

თამაში მეგობარი იყო, რომელიც მტერი აღმოჩნდა. ცუდი მეგობარი. დღემდე დამყვება. ეხლაც, აი ფეხბურთზე მიდევს ათი ლარი. ყველა ბეთი მაქვს ტელეფონში. მაგრამ, სისულელეებს აღარ ვაკეთებ. 

კაზინოს ერთ-ერთი მეწილე მაძლევს ერთხელ ათი ათასი დოლარის ფიშკებს. აჰა, აი გჩუქნიო, დაალაგეო, მე რასაც გეტყვი იქ დადეო და შენი იყოსო. არ დავდე, ჩემ ციფრებზე დავდე. ის ტიერზე დებდა, მე ზერო შპილზე დავდე. კაიო, რაც გინდაო. ხუთასიანებით ათი ათასი რამდენია, წარმოიდგინე. რა თქმა უნდა, იქ ჩავარდა, რაზეც არ მედო. ხო ხედავო, არ უნდა ითამაშოო, ხო უნდა მიხვდეო. ეგეც რა არის - არ მიყვარს ეს ციფრი. დადე რა. რაც მეზიზღება არ დავდებ. ტიერის ციფრები არ მიყვარს. მიყვარს 17 და ზეროს ციფრები. ეხლა უკვე შვილიშვილების დაბადების დღეები.

რომ ამბობენ უნდა დაიკეტოს, რატო უნდა დაიკეტოს? მაშინ ახალი იყო. ეხლა უკვე გამოცდილებით მიხვდებიან, რომ უკანასკნელი ფულით არ უნდა შეხვიდე. 

საჭმლის ფული თუ არ გაქვს, არ უნდა შეხვიდე. 

ეს არის გასართობი. 

ის ჩემი მეზობელი, მე რომ წავიყვანე, დღემდე დადის, აქვს მაგის უფლება. ჩანთის ყიდვას, ძვირიანი ჩანთის, რატომაც არა. ეხლაც, რესტორანს მირჩევნია რომ შევიდე და კარგად ვითამაშო. 

საფრანგეთშიც რომ ვიყავი, წავედი. შორს იყო, ორასი ევრო იქით ტაქსით, ორასი ევრო აქეთ. წავედი. ისეთი კრეტინობა იყო, ისე არ მომეწონა, რაღაც კოშმარი, იცი რა საშინელება, ვაფშე არც მომინდა, ისე უგემურად გაკეთებული. აქ სხვა არის. 

საშინელებაა. ვინც ეს მოიგონა…

ჩემი ოცნება არის მილიონი. არასოდეს მე არაფერი ჯეკ პოტი არ დამცემია. დედაჩემს მინდა ის საყურე დავუბრუნო. საზღვარგარეთ სულ ვყიდულობ ხოლმე ლატარეას, სამ ბილეთს მაინც. ხო შეიძლება. ვანაწილებ მერე რას როგორ ვაკეთებ. პირველ რიგში ვყიდულობ ბინას. და ვისაც არ აქვს ჩემს მეგობრებს, ვინც ესე დარჩა ჩემსავით, იმათთვისაც, თუ მყოფნის ვყიდულობ. პირველი ეგ მაქვს. არადა მქონდა ისეთი ბინები და აგარაკები… ათი წელია ნაქირავებში ვარ. მაგრამ ჩვენი ავეჯით ვართ და ამიტომ მგონია რომ ჩემ სახლში ვარ. არ ვუღრმავდები, არ ვიგრუზავ თავს, რაც იყო, იყო. ვერაფერს ვერ იზამ. არ ვიცოდით რას რა მოყვებოდა. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა