მაქს ფრიში - მონტოკი
მთარგმნელი - მაია ფანჯიკიძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
WHAT ARE YOU THINKING ABOUT?
მონტოკი ლონგ-აილენდის უკიდურეს ჩრდილოეთში ერთი პატარა დასახლებაა, ას ათი მილით დაშორებული მანჰეტენისგან. „მონტოკი“ მაქს ფრიშის, ამბობენ, „ყველაზე მოკრძალებული და ორიგინალური“ წიგნია. „ფანტაზიის ნაყოფია ან შორეული მოგონება“ აქ ყოფნა ახალგაზრდა ქალთან ერთად, ორი ადამიანის უცნაური ერთად ყოფნა, თოლია ნავსადგურის თავზე, დიდი თეთრი სატვირთო გემი, ზღვის ჰაერი, გზისპირა ჯაგნარი, ქარი. შორეული მოგონებაა - ფიქრების, შეგრძნებების, სხვა ხმების, სხვა ადგილების - რომის, ბერლინის, ტესინის, ციურიხის. „რა მესაქმება აქ?“ - ფიქრობს. ეს არც ბრეტანია, არც საბერძნეთი. გრძელი მსუბუქი დღეები.
„გარემო ბინძურდება უსარგებლო გრძნობებით - ოდნავ დალპა, რადგან არასოდეს გამომითქვამს ან გულწრფელად არ გამომითქვამს, ცნობიერად არ დავმშვიდობებივარ“. ცნობიერად არ დამშვიდობებია, გულწრფელად არ გამოუთქვამს. აქამდე არა, მაგრამ „ეს გულწრფელი წიგნია, მკითხველო“, ეს გულწრფელი წიგნია. საშინელი წარმოდგენა - შეკრიბო ყველა, ვისაც შენს ცხოვრებაში როლი უთამაშია, ან ოდესმე ითამაშებს - მათი ურთიერთაღქმა, საწინააღმდეგო შეხედულებების ურთიერთგაზიარება. მარიანე, ინგებორგ ბახმანი. ორი გრძელი, მსუბუქი დღე. სანაპიროს ქვიშა, ამოვარდნილი ქარი, წითელი თმა, ცხენის ძუასავით გამონასკვული. ლინი. WHAT ARE YOU THINKING ABOUT?
„მინდა, ამ შაბათ-კვირის აღწერა შევძლო, ოღონდ ისე, რომ არაფერი გამოვიგონო“. წარსულის დღეები. რატომ ეს შაბათ-კვირა? რა შეცდომებს ვუშვებთ ერთად? IT WAS A BEAUTIFUL DAY! რა სწრაფად დგება წარსული.
„ჩემს თავს დავუმალე ჩემი ცხოვრება. რომელიღაც საჯარო სივრცეს ვუხდიდი ხარკს ჩემი ისტორიებით. ამ ისტორიებში გავამჟღავნე თავი, ვიცი, ამოუცნობობამდე შევცვალე. მე არ ვცხოვრობ საკუთარი ისტორიით, მხოლოდ მისი ნაწილებით და მე მისი ლიტერატურად ქცევა მოვახერხე... ისიც კი არ არის მართალი, რომ ჩემს თავს აღვწერდი, არც საკუთარი თავი აღმიწერია არასოდეს. მე მხოლოდ ვუღალატე საკუთარ თავს“. „მონტოკი“ (1975). მანამდე იყო „შტილერი“ (1954), „ჰომო ფაბერი“ (1957), „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ (1964).